გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/3682-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - რ----–-–----–---–ი
წარმომადგენელი - მ----------–-–--ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ც------------ე
მესამე პირი (16.2) - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–ი, მ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.2. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით შესაგებელი რ----–-–----–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №0--------- წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დაერეგისტრირებინა ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებული 450,3 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებულ 450,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 450.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 12, 2009 წლის 10 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №0--------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 137);
- ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 04 ნოემბრის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 135-136);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ (ტომი 1, ს.ფ. 141)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 10.11.2009 (ტომი 1, ს.ფ. 142-143).
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2011 წლის 09 თებერვლის ცნობა-დახასიათების თანახმად, თბილისში, 2-------–--------------–---------------ში მდებარე 1069 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ვ----–-------------ი, საიდანაც 600 კვ.მ. აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1963 წლიდან, ხოლო 469 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1988 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2011 წლის 09 თებერვლის ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 16).
4.1.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, I--------–--------------–-----------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 24 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ----–---------------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 889.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 12, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №2 საერთო ფართით 68.82 კვ.მ., №4 და №5 საერთო ფართით 123.35 კვ.მ., სხვა ფართი: ნაგებობა №1, №3, №6.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.02.2011 (ტომი 1, ს.ფ. 184).
4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 მარტის №8------------07 გადაწყვეტილებით, ვ----–---------------ის 2011 წლის 02 მარტის №8----------- განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, I--------–--------------–-----------------ში მდებარე 889 კვ.მ. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: №0---------------) დაიყო 2 ნაწილად, კერძოდ, 487 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №0--------------- და 402 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ----–---------------ის 2011 წლის 02 მარტის №8----------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 181-182);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 მარტის №8------------07 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ (ტომი 1, ს.ფ. 198);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.03.2011 (ტომი 1, ს.ფ. 199-200);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.03.2011 (ტომი 1, ს.ფ. 202-203).
4.1.5. 2011 წლის 17 მარტს რ----–--–----–---–სა და ვ----–---------------ს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ----–--–----–---–მა შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, I--------–--------------–----------------, ს/კ: №0---------------.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 მარტის №8------------03 გადაწყვეტილებით. ქ. თბილისში, I--------–--------------–-----------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 402.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №2, №3, შეობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 123.35 კვ.მ., სხვა ფართი №1, დარეგისტრირდა რ----–-–----–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 17 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 208-209);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 მარტის №8------------03 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ (ტომი 1, ს.ფ. 212);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.03.2011 (ტომი 1, ს.ფ. 213-214).
4.1.6. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 03 აპრილის №0-------- წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განეხორციელებინა ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, წარდგენილი დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დაერეგისტრირებინა ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა №1 ფართით - 30,58 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 450.00კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 30.58 კვ.მ. 2012 წლის 05 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 03 აპრილის №0-------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 147);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ (ტომი 1, ს.ფ. 151);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.04.2012 (ტომი 1, ს.ფ. 152-153).
4.1.7. 2016 წლის 22 აგვისტოს რ----–-–----–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ნა----–--------------–------------------. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ცნობა-დახასიათება, ამონაწერი სჯარო რეესტრიდან და ტექბიუროს ნახაზები.
4.1.8. 2016 წლის 25 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №2----- წერილით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომლითაც აცნობა რ----–-–----–---–ის 2016 წლის 22 აგვისტოს განცხადების შინაარსი და განუმარტა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №0---------------, მესაკუთრე: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი). ამავე წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლება ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და შესაბამისად, განეხილათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხი.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის №0-------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველმა კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი: №0---------------) კორექტირება.
4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის №8------------08 გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის №0-------- წერილის საფუძველზე რ----–--–----–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ----–-–----–---–ის 2016 წლის 22 აგვისტოს №8----------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 155-156);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს №2----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 173);
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 14 დეკემბრის №0-------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 178);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის №8------------08 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 180).
4.1.10. საქმეში წარმოდგენილია ვ----–---------------ის მინდობილი პირის - ა-–-----------–--ის 2016 წლის 08 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, საიდ მითითებულია, რომ მან როგორც ვ----–---------------ის წარმომადგენელმა მოახდინა ვ----–---------------ის სახელზე ტექაღრიცხვის ბიუროში აღრიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, 2-------–--------------–---------------, საკადასტრო კოდი: №0---------------) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, საიდანაც ნაწილი მიყიდა რ----–--–----–---–ს. ამავე განცხადებაში ა-–-----------–--ე განმარტავს, რომ ვ----–---------------ის სახელზე ტექაღრიცხვის ბიუროს მონაცემების საფუძველზე, თბილისში, 2-------–--------------–---------------, ირიცხებოდა 1069 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც 600 კვ.მ. აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით 1963 წლიდან, ხოლო დანარჩენი 469 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1988 წლიდან. 2011 წელს, როდესაც ის აღნიშნულ უძრავ ქონებას არეგისტრირებდა საჯარო რეესტრში, აღმოჩნდა, რომ ვ----–---------------ის საკუთრებიდან 1069 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, შესაძლებელი გადა მხოლოდ ნაწილის - 889 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების დარეგისტრირება, ვინაიდან დანარჩენი 180 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოხვედრილი იყო თვითმმართველის მიერ 2009 წელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (საკადასტრო კოდი: №0---------------). ა-–-----------–--ე ასევე მიუთითებს, რომ რ----–--–----–---–მა გადაიხადა არა მარტო 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: №0---------------), არამედ 180 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება სრულად, ვინაიდან იგი 2002 წლიდან სრულად ფლობდა 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. რ----–--–----–---–ი დღემდე ფაქტიურად ფლობს ერთიან ღობეში მოქცეულ 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებული აქვს მეურნეობა, მსხმოიარე ხეხილის ბაღი და ვაზი. შესაბამისად, ა-–-----------–--ე ადასტურებს, რომ მან, როგორც ვ----–---------------ის მინდობილმა პირმა, რ----–--–----–---–ს 2011 წლის 17 მარტს მიჰყიდა 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რომ რ----–--–----–---–მა თავის სახელზე მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია თვითმმართველის საკუთრების საზღვრებში მოქცეულ 180 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–-----------–--ის 2016 წლის 08 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 163-165).
4.1.11. სს ,,თელასის“ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიის და კომუნალური გადასახადების სხვა ქვითრების თანახმად, რ----–--–----–---–ი, ქ. თბილისში, 2-------–--------------–----------------ში აბონენტად რეგისტრირებულია 2002 წლიდან და იხდის კომუნალურ გადასახადებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის’’ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორია (ტომი 2, ს.ფ. 32-48);
- სს ,,თელასის’’ და ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კომუნალური გადასახადების ქვითრები (ტომი 2, ს.ფ. 51-54).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----–-–----–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 და 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამდენად, რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
7.3. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ნათელია, რომ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისეთი მიწა, რომელიც სხვა პირის კერძო საკუთრებაში იმყოფება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად ირკვევა, რომ თბილისში, 2-------–--------------–---------------ში მდებარე 1069 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ვ----–-------------ი, საიდანაც 600 კვ.მ. მასზე აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1963 წლიდან, ხოლო 469 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1988 წლიდან, თუმცა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2011 წლის 24 თებერვლიდან ვ----–---------------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ 889 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: №0---------------, რომელიც მოგვიანებით დაიყო 2 ნაწილად, კერძოდ, 487 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №0--------------- და 402 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №0---------------. ამასთან, 2011 წლის 17 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვ----–---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: №0---------------, ფართი: 402.00კვ.მ.) მესაკუთრე გახდა რ----–-–----–---–ი.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ოქტომბრის №0--------- წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა მიმართვა, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დაერეგისტრირებინა ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებული 450,3 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით კი, თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებულ 450,3 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 03 აპრილის №0-------- წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, წარდგენილი დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დაერეგისტრირებინა ქ. თბილისში, კ-------------- მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №1 ფართით - 30,58 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილებით კი, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ცვლილება/დაზუსტება.
7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე პირველადი რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სააღრიცხვო ბარათებთან და ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებასთან და ეს მაშინ როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულების საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაეცა არქივის სახით, რაც შესაძლებლობას აძლევდა მოპასუხე მხარეს თვითმმართველის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს გადაემოწმებინა არქივში დაცული მონაცემები და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მითითებული ნორმის თანახმად, იმისათვის რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სადავო აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა, მნიშვნელოვანია არსებობდეს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოპასუხის მოსაზრებით, რ----–--–----–---–ს სადავო აქტის მიმართ არ გააჩნია, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებით მან შეიძინა მხოლოდ 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რადგან საქმეში წარმოდგენილია ვ----–---------------ის რწმუნებულის ა-–-----------–--ის (რომელსაც მარწმუნებლისაგან განუსაზღვრელი ვადით დავალებული აქვს მართოს და განაგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ.თბილისი, მეორე ნავთლუღის დას. ქ.5, სახლი N4), დადოს კანონოთ ნებადართული გარიგება, საჭიროების შემთხვევაში გაყიდოს გააჩუქოს და ა.შ.) ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (08.08.2016წ.), სადაც იგი ადასტურებს, რომ რ----–--–----–---–მა გადაიხადა არა მხოლოდ 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: №0---------------), არამედ 180 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება სრულად. იგი 2002 წლიდან სრულად ფლობდა 582 კვ.მ. და დღემდე ფაქტიურად ფლობს ერთიან ღობეში მოქცეულ 582 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებული აქვს მეურნეობა, მსხმოიარე ხეხილი, ბაღი და ვაზი. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2011 წლის 11 თებერვლის რწმუნებულება გაცემული იქნა ჯერ კიდევ მანამ, სანამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვ----–-------------ის სახელზე დარეგისტრირდებოდა 889 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც ეჭვქვეშ ვერ დააყენებს იმ ფაქტს, რომ მინდობილობაში მინიჭებული უფლაბამოსილებების განხორციელების შესაძლებლობა ა-–-----------–იძეს მიენიჭა სრულ 1069 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და არა მხოლოდ რეესტრში რეგისტრირებულ 889 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რის გამოც მისი განცხადება რ----–--–----–---–ის მიერ სადავო ფართის შესყიდვის, ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით ვ----–---------------ის პოზიციად უნდა ჩაითვალოს.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს №2----- მიმართვაც, რომლითაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ რ----–--–----–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №0---------------). დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლება ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და შესაბამისად, განეხილათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხი, რის პასუხადაც ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველმა კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი: №0---------------) კორექტირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რადგან ერთის მხრივ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად დასტურდება რ----–-–----–---–ის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება ზედდებაშია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომელიც უარს აცხადებს კორექტირებაზე, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე, დაკმაყოფილდა, მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება, გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობაც სახეზეა, ვინაიდან ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა სწორედ 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე რ----–-–----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----–-–----–---–ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ნოემბრის №8------------03 და 2012 წლის 05 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ და მოპასუხეს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რ----–-–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი