გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
330210018002568359
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე – სს ,,თ------------”

წარმომადგენელი – ქე-----------------ე

მოპასუხე – გ------- ს--–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------- ს--–------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 8 813.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 4 227.27 ლარი, პროცენტი 2085.97 ლარი, პირგასამტეხლო - 2 500 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 4500 ლარი, კრედიტის ვადა - 5-------- მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცი-ლებისთვის - 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის დავალიანების - 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. საკომისიო კრედიტის გაცემაზე - 100 ლარი, კრედიტის დაფარვის გრაფიკი: კრედიტის დაფარვა განხორ-ციელდეს თანაბარწილად ისე რომ თვეში გადასახდელი ძირითადი თანხის ნაწილისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამმა ყოველთვიურად შეადგინოს ერთი და იგივე თანხა. კრედიტის დაფარვა ყოველი თვის 15 რიცხვში საოპერაციო დღის დასრულებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8 813.24 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 4 227.27 ლარი, პროცენტი - 2085.97 ლარი, პირგასამტეხლო 2 500 ლარი. სარჩელს თან ერთვის მოპასუხის გადახდების ისტორია საიდანაც ირკვევა, რომ თანხა მოპასუხეზე გაიცა 20---–-–---------------ს. ხელშეკრულების თანახმად იგი ახორციელებდა გადახდებს, ბოლო გადახდა განხორციელდა 2--- წლის მაისის თვეში, რის შემდეგაც აღარ ფიქსირდება თანხის შეტანა. ყველა დარღვევაზე მოპასუხეს ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა, 11----2--- წლის მდგომარეობით კი დავალიანება შეადგენს თანხის ძირის, პროცენტის, პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში 8 813.24 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. გ------- ს--–------ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. ამასთან, მხარის მითითებით სარჩელი ხანდაზმულია. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, კერძოდ, 2--- წლის 1-------- შემდეგ გადახდებს ახორციელებდა კეთილი ნების საფუძველზე. თუმცა, 2--- წლის მაისში მკვეთრად გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად, უარი განცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 4 500 ლარი, კრედიტის ვადა 5-------- მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცი-ლებისთვის დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 18 -23);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, დანართი (ს.ფ. 16 - 17);

- ამონაწერი მოპასუხე ნა------–-------ს ანგარიშიდან (ს.ფ. 19-22);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სს ,,თ----------ი“-ს მიმართ გ------- ს--–------ის დავალიანება შეადგენს სესხის ძირი თანხა 4 227.27 ლარი, პროცენტი 2085.97 ლარი, შემცირებული პირგა-სამტეხლო 100 ლარი.

 

3.2.2. სს „თ----------ი“-ს მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეზე გაიცა კრედიტის თანხა 4 500 ლარის ოდენობით, 2--- წლის 5----------, 26%-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღზე 0.5% -ის ოდენობით.

 

მოპასუხის მტკიცებით, სარჩელი ხანდაზმულია და ამ საფუძვლით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მისი განმარტებით, ვალდებულების შესრულების მიზნით, ბოლო გადახდა განახორციელა 2--- წელს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ გადახდის გრაფიკს, სადაც დაფიქსირებულია ბოლო გადახდა 2-----2--- წელს აღნიშნული თანხები მან ნებაყოფლობით შეიტანა და არა აღნიშნული სესხის დაფარვის მიზნით, თუმცა, მოპასუხემ ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

 

მოპასუხის პოზიციის საპირისპიროდ, მოსარჩელემ წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სადაც დაფიქსირებულია, რომ მოპასუხემ 2-----2--- წელს შეიტანა 49 ლარი და აღნიშნული სრულად წარიმართა პროცენტის დასაფარად. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (--.------------5.2---) მოპასუხის მიერ განხორციელებულია ერთი გახდა (17.0--2---) 500 ლარის ოდენობის და ასევე ხელშეკრულების დასრულების შემდეგ 29.1--2--- წლიდან 2-.0-.2--- წლამდე ყოველთვიურად საშუალოდ 50 ლარის ოდენობით, შესაბამისად, გადახდებს შორის სამწლიანი დაშორება არ ფიქსირდება, რაც ხანდაზმულობის გასვლის ფაქტს გამორიცხავს.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა სს ,,თ----------ის“ მიერ 2--- წლის 12 ი--–--- წელს გაცემული ცნობა, სადაც ცალსახად მითითებულია დავალიანების ოდენობა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სარჩელის ხანდაზმულობა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ 2--- წლის 2----------- განხორციელებული გადახდები მიმართული იყო სწორედ მოცემული დავის ფარგლებში არსებული სახელშეკრულებო ურთიერ-თობიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 26);

- სს ,,თ----------ის“ 7---/2--- წლის ცნობა (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე. 130-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთი-ერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრუ-ლების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------- ს--–------ეს, მან ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკებით დასტურდება მოპასუხის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებელს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვე-ვაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხე-დავად მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული ოდენობის მოთხოვნისა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდე-ბულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამ-ტეხლო, კერძოდ, 2--- წლის 0------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2 500 ლარიდან 100 ლარამდე.

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზ-მულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავ-ლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 20---–-–---------------ს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განახორციელა 2--- წლის 2------- წელს. სს ,,თ----------მა“ სასამართლოს სარჩელით მომართა 20---–-–---------–--ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შემთხვევაში, სარჩელი არ ითვლება ხანდაზმულად, ვინაიდან, საქმეში არსებული თანხების დაფარვის გრაფიკების თანახმად, ბოლო გადახდიდან სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე არ არის გასული სამი წელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ----------ი“-ს მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახ-დისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 6 413.24 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 193 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. დარჩენილი თანხა რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

გ------- ს--–------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6 413.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 4 227.27 ლარი, პროცენტი - 2085.97 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი;

2. გ------- ს--–------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 264.40 ლარიდან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 193 ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე