გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17901-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს ''ო---------ი'';
წარმომადგენელი - ზ-------–----–-----ი;
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - შპს ''ს----------–-------–------–-ა'';
წარმომადგენელი - თ--------------–----;
სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება;
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2016 წლის 20 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება 0.02 პროცენტამდე 73220.02 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ''ს----------–-------–------–-ასთან'' 2016 წლის 20 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------- ხელშეკრულების თანახმად, შპს ''ო---------მა'' განახორციელა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მაგისტრალური არხის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. შპს ''ო---------ის'' მიერ სამუშაოები სრულად დასრულდა 2018 წლის 20 აპრილს. შპს ''რე--–----------ს'' მიერ გაცემული დასკვნით და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1833065.35 ლარი. 2018 წლის 20 აპრილის N9 მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის შეუსრულებელმა ვალდებულებამ შეადგინა 3551.67 ლარი, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე სარჩელით ითხოვს დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას 0.02%-მდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კარგად იცნობდა ხელშეკრულების პირობებს, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მათ მიერ არ შესრულდა ვადაში. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. შპს ''ო---------ისათვის'' შპს ''მე-–------–-ის'' სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------- ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 73 260.51 ლარის და მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის - 5211.58 ლარის, სულ - 78 472.09 ლარის გადახდის დაკისრება.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა 59 დღის დაგვიანებით 2018 წლის 20 აპრილს. ხელშეკრულების მე-11 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2018 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო მან აღნიშნული ვალდებულება შეასრულა 2018 წლის 20 აპრილს, 59 დღის დაგვიანებით. თითოეულ დღეზე მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%, რაც შეადგენს 1298.90 ლარს. ხოლო 59 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო, შესაბამისად შეადგენს 76635.10 ლარს. საიდანაც, 3374.59 ლარით დაიფარა შპს ''ო---------ისთვის'' შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხა და დარჩენილია 73 260.51 ლარი. მოსარჩელის მითითებით შპს ''ორ--------სთვის'' გაცემული საავანსო თანხიდან შპს ''ს----------–-------–------–-ის'' მიერ გამოსაქვითია - 5211.58 ლარი.
შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს საერთო ჯამში მოპასუხისათვის - 78 472.09 ლარის გადახდის დაკისრებას.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
4.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო საავანსო თანხის სახით - 1837 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამასთან განმარტმა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით სამოქალაქო კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა შემცირდეს 0.02%-მდე და უნდა იქნეს დაანგარიშებული შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. შესაბამისი გადაანგარიშებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 73260.51 ლარის ნაცვლად უნდა განისაზღვროს - 42.62 ლარით.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. შპს ''ს----------–-------–------–-ამ'' გამოაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მაგისტრალური არხის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ზემოაღნიშნული სამუშაოები 1 857 773.81 ლარად.
5.1.2. შპს ''ს----------–-------–------–-ას'' და შპს ''ო---------ს'' შორის 2016 წლის 20 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1-------. ხელშკრულების საგანს წარმოადგენდა - მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მაგისტრალური არხის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 857 773.81 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების დაფინანსების წყარო იყო სახელმწიფო ბიუჯეტი.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაესრულებინა 19 თვის განმავლობაში - 2018 წლის 20 თებერვლამდე.
5.1.3. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა 59 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 20 აპრილს.
5.1.4. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 3 551.67 ლარი, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია.
5.1.5. დადგენილია, რომ შპს ''ს----------–-------–------–-ას'' პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა - 76 635.10 ლარი.
5.1.6. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს ''ო---------ის'' მიერ მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის ოდენობა შეადგენს - 5211.58 ლარს.
5.1.7. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ერთობლიობაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა - 76 635.10 ლარს, მოცემული თანხიდან მოპასუხე მხარემ შპს ''ს----------–-------–------–-ამ'' 3 374.59 ლარით დაფარა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხა (ანუ 3 374.59 ლარი არ გადასცა მოსარჩელე მხარეს შპს ''ო---------ს'' შესრულებული სამუშაოების ანგარიშში) და პირგასამტეხლოს ოდენობად მიუთითა და მოითხოვა 73 260.51 ლარი, როგორც დარჩენილი გადასახდელი პირგასამტეხლო (76 635.10 - 3 374.59=73 260.51 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-27);
- მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N9 (ს.ფ. 143).
- 2018 წლის 14 მაისის დასრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 144-145).
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელი და შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს "ო---------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სამუშაოების ვადების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად - 76 635.10 ლარისა უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით. ასევე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შპს "ს----------–-------–------–-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს "ო---------ს" მოსარჩელე შპს "ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს "ო---------ისათვის" გაცემული საავანსო თანხის - 1837 ლარის გადახდა.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე, 417-ე-420-ე, 629-ე მუხლებით.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა - 2016 წლის 20 ივნისიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ''ო---------ის'' შპს ''ს----------–-------–------–-ის'' წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც შპს ''ს----------–-------–------–-ის'' დაანგარიშების მიხედვით დაკავებული 3374.59 ლარის გამოკლებით შეადგენს - 73 260.51 ლარს.
შეთანხმებების მიხედვით კი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ''ო---------მა'' ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შეუსრულებელი ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.
პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა 59 დღით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. დადგენილია რომ 2018 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 3 551.67 ლარი, რაც მთლიანი სამუშაოების 0.19%-ია.
დადგენილია, რომ შპს ''ს----------–-------–------–-ას'' პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა - 76 635.10 ლარი.
დადგენილია, რომ შპს ''ო---------ის'' მიერ მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის ოდენობა შეადგენს - 5211.58 ლარს.
დადგენილია, რომ ერთობლიობაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა - 76 635.10 ლარს, მოცემული თანხიდან მოპასუხე მხარემ 3374.59 ლარით დაფარა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხა, შესაბამისად, 3374.59 ლარი არ გადასცა შპს ''ო---------ს'' შესრულებული სამუშაოების ანგარიშში, ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში და პირგასამტეხლოს ოდენობად მიუთითა და მოითხოვა უკვე დარჩენილი 73 260.51 ლარი (76 635.10 - 3 374.59=73 260.51 ლარი).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 1 833 065.35 ლარს პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 3551.67 ლარს.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრულია, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსრულებელი მოცულობის მხედველობაში მიღებით, 59 დღის ვადის გადაცილებისათვის მხარის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეამციროს, დაადგინოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში კანონშესაბამისი და მართლზომიერი პირგასამტეხლოს ოდენობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, მოპასუხე შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მიერ მოსარჩელის შპს "ო---------ის" მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად - 76 635.10 ლარისა უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
რამდენადაც, შპს ''ო---------ის'' მიერ მიღებული საავანსო თანხიდან გამოსაქვითი თანხის ოდენობა შეადგენს - 5211.58 ლარს, ხოლო მოპასუხე შპს ''ს----------–-------–------–-ას'' უკვე მიღებული და დაკავებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი 3374.59 ლარი, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელი აღნიშნულ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე შპს "ო---------ს" მოსარჩელე შპს "ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს "ო---------ისათვის" გაცემული საავანსო თანხის - 1837 ლარის გადახდა (5211.58 ლარს - 3374.59 ლარი = 1837 ლარს). ამდენად, სახეზეა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. შპს ''ო---------ის'' მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 2199.54 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა..” ვინაიდან, ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მხარეს შპს "ს----------–-------–------–-ას" მოსარჩელე შპს "ო---------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2199.54 ლარის ანაზღაურება.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მოპასუხე სარჩელს ცნობს მთავარ სხდომამდე, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი 1837 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ო---------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ''ს----------–-------–------–-ას'' მიერ მოსარჩელის შპს "ო---------ის" მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად - 76 635.10 ლარისა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
2.1. მოპასუხე მხარეს შპს "ს----------–-------–------–-ას" მოსარჩელე შპს "ო---------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2199.54 ლარის ანაზღაურება.
3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შპს "ს----------–-------–------–-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. მოპასუხე მხარეს შპს "ო---------ს" მოსარჩელე შპს "ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს შპს "ო---------ისათვის" გაცემული საავანსო თანხის - 1837 ლარის გადახდა.
3.2. შპს "ს----------–-------–------–-ას" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟიდან - 2354.16 ლარიდან - 55 ლარი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი