გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
010210017001923388
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001923388

2-1624/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21/11/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - შპს ,,ე----------------------ი“

წარმომადგენელი - ს---–--------–-------–---–------------------

მოპასუხე - სს ,,ა-------------- ა-----“, ი---- გ--------------ი

წარმომადგენელი - დ-----–-----------------------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს ,,ე----------------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს: - სს ,,ა---------------------“-ს, შპს ,,ე----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდის იჯარის ქირის გადახდა დღგ-ს ჩათვლით 48 321 ლარის ოდენობით. - სს ,,ა-------------- ა-----“-ს, 2017 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს ,,ე----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დღგ-ს ჩათვლით 59 ლარის გადახდა. - ი---- გ--------------ს, 2017 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს ,,ე----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დღგ-ს ჩათვლით 118 ლარის გადახდა. - ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ა-------------- ა-----“-ს და ი---- გ--------------ს შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმებული გარიგება ქვის სამსხრევი დანადგარის ,,K----------------”-ის და მუხლეხებიანი საცერის -,,F--------------5“-ის ნასყიდობის თაობაზე და მისი გაბათილების შემდეგ ტექნიკა აღირიცხოს სს ,,ა---------------------“-ს საკუთრებად. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: შპს ,,ე----------------------ს“ საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, დაბა ხ--–--------ის ტერიტორიაზე. 2016 წლის ივლისის თვეში სს ,,ა---------------------“-ს და შპს ,,ე----------------------ს“ შორის გაფორმდა მიბარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ა---------------------“-ს მოსარჩელის ტერიტორიაზე უნდა განეთავსებინა შემდეგი ტექნიკური საშუალებები: - გრეიდერი - K--------------------; - მისაბმელი - K------------------; - მუხლეხებიანი საცერი - F--------------5 - ქვის სამსხვრევი დანადგარი - ,,K----------------”. ტექნიკირი საშუალებების განთავსების სანაცვლოდ სს ,,ა---------------------“, შპს ,,ე----------------------ისათვის“ უნდა გადაეხადა საზრაური, კერძოდ გრეიდერის და მისაბმელის შენახვისა და დგომისათვის დღეში 25 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მუხლეხებიანი საცერის და ქვის სამსხვრევი დანადგარისათვის დღეში 50 ლარი (დღგ-ს გარეშე). შეთანხმებისამებრ სს ,,ა-------------- ა-----“-მა კუთვნილი ტექნკური საშუალებები 2016 წლის 23 ივლისს, 24 ივლისს და 3 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთიდან გადმოზიდა ქ. ბათუმში. გრეიდერი და მისაბმელი გააჩერა მოსარჩელის მფლობელბაში არსებულ, დაბა მახინჯაურში საკადასტრო კოდით 05.32.08.886 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში, ხოლო მუხლუხებიანი საცერი და ქვის სამსხვრევი დანადგარი განათავსა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მისამართზე დაბა ხ--–--------ში. სს ,,ა---------------------“-მა ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და შენახვის საზღაური არ გადაიხადა. 2017 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 40 950 ლარს. 2017 წლის 1 მაისიდან მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა. სს ,,ა---------------------“-მა მუხლუხებიანი საცერი და ქვის სამსხვრევი დანადგარი გაასხვისა ი---- გ--------------ზე, რის გამოც 2017 წლის 1 მაისიდან დღეში 100 ლარის გადახდა ეკუთვნის ი---- გ--------------ს, ხოლო 50 ლარის გადახდა ეკუთვნის სს ,,ა---------------------“. გარდა აღნიშნულისა შპს ,,ე----------------------ი“ ამტკიცებს, რომ მუხლუხებიანი საცერი და ქვის სამსხვრევი დანადგარი ი---- გ--------------ის სახელზე აღირიცხა ბათილი გარიგების საფუძველზე. იმისათვის, რომ სს ,,ა---------------------“-მა თავი დააღწიოს შპს ,,ე----------------------ის“ მოთხოვნას და კუთვნილი იჯარის ქირა არ გადაიხადოს, მუხლუხებიანი საცერი და ქვის სამსხვრევი დანადგარი ფორმალურად გაასხვისა ისაკ გ--------------ზე. მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარიგება მოჩვენებითი გარიგებაა. სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა, ქონება ისევ სს ,,ა---------------------“-ს საკუთრებაა.

1.1. მოპასუხის პოზიცია:

სს ,,ა-------------- ა-----“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან კუთვნილი 4 ერთეული ტექნიკა გააჩერა შპს ,,ე----------------------ის“ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ მათი გაჩერების მიზანი არ იყო ქირის სანაცვლოდ ტექნიკის გაჩერება და შენახვა. მხარეები საზრაურიან მიბარებაზე არ შეთანხმებულან. ისინი შეთანხმდენ ერთობლივ საქმიანობაზე და სწორედ ერთობლივი საქმიანობის მიზნით ჩამოიყვანა სამტრედიის რაიონიდან ბათუმში ტექნიკა. შესაბამისად მას მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა გადასახდელი არ აქვს. სწორედ ამიტომაც მას არ ჭირდებოდა ფორმალურად ტექნიკის ი---- გ--------------ზე გადაფორმება. მიაჩნია რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. შეგებებული სარჩელი:

სს ,,ა---------------------“ შეგებებული სარჩელით მოითხოვს შპს ,,ე----------------------ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 ევროს გადახდა.

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის ივლისში სს ,,ა---------------------“-მა და შპს ,,ე----------------------მა“ დადეს იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ა-------------- ა-----“-მა შპს ,,ე----------------------ს“ იჯარით გადასცა გრეიდერი - K--------------------, მისაბმელი - K------------------, მუხლეხებიანი საცერი - F--------------5 და ქვის სამსხვრევი დანადგარი - ,,K----------------”. სანაცვლოდ შპს ,,ე----------------------ს“ იჯარის ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 3000 ევრო. მოპასუხემ იჯარის ქირა არ გადაიხადა. მოითხოვს ათი თვის ქირის სახით 30 000 ევროს დაკისრებას.

 

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

შპს ,,ე----------------------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებების იჯარიაზე მხარეები არ შეთანხმებულან. მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ იგი დაკავშირებულია მხოლოდ შპს ,,ე----------------------ის“ მიწის ნაკვეთის იჯარის სარგებლობასთან. მიაჩნია რომ სარჩელი უსაფუძვოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შპს ,,ე----------------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 2015 წლის 27 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან ტ.1. ს.ფ. 6-7

 

3.1.2. უცხოური საწარმო სს ,,ა---------------------“ სა---------–--------–---–- სამეწარმეო რეესრში რეგისტრირებული იქნა 2012 წლის 25 აპრილს. მისი ერთერთი დირექტორია ი---- გ--------------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან ტ.1. ს.ფ. 8-9

 

3.1.3. შპს ,,ე----------------------ს“ საკუთრებაში აქვს 8000 კკვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი ბათუმი, დაბა ხ--–--------ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 10-11.

 

3.1.4. შპს ,,ე----------------------მა“ 2016 წლის 29 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით მიიღო ქ. ბათუმში მახვილაურის დასახლებში მდებარე 1802 კვ.მ. 2002 კვ.მ. და 1802 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იჯარის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 12-15

 

3.1.5. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ 2017 წლის 2 მაისის მდგომარეობით სს ,,ა---------------------“ საკუთრებაში გააჩნდა:

- გრეიდერი - K--------------------;

- მისაბმელი - K------------------;

- მუხლეხებიანი საცერი - F--------------5;

- ქვის სამსხვრევი დანადგარი - ,,K----------------”.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- მომსახურების სააგენტოს ცნობა. ტ.1. ს.ფ.21-22

 

3.1.6. გრეიდერი - K--------------------, მისაბმელი - K------------------, მუხლეხებიანი საცერი - F--------------5 და ქვის სამსხვრევი დანადგარი ,,K----------------” სს ,,ა---------------------“ განთავსებული ჰქონდა სამტრედიაში. 2016 წლის 23 ივლისს, 24 ივლისს და 3 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთიდან გადმოზიდა ქ. ბათუმში. გადმოზიდული ტექნიკა გააჩერა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.7. ასევე უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის რომ 2017 წლის 1 მაისიდან ქვის სამსხრევი დანადგარი ,,K----------------”-ის და მუხლეხებიანი საცერი -,, F--------------5“-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი---- გ--------------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

რეგისტრაციის მოწმობა.ტ. 1. ს.ფ. 151-152

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებია:

- სს ,,ა---------------------“ კუთვნილი ტექნიკური საშუალებების შპს ,,ე----------------------ის“ კუთვნილ ნაკვეთში ქირის სანაცვლოდ მიბარების ფაქტი;

- შპს ,,ე----------------------ის“ მიერ, სს ,,ა---------------------“-ის კუთვნილი ტექნიკური საშუალებების დაქირავება.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული გარიგების შინაარსის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც სს ,,ა---------------------“-ის კუთვნილი ტექნიკური საშუალებების შპს ,,ე----------------------ის“ კუთვნილ ნაკვეთში ქირის გადახდის პირობით გაჩერების ფაქტის მტკიცების ტვირთი, შპს ,,ე----------------------ს“ უნდა დაეკისროს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ სს ,,ა---------------------“-თან გააჩნდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სს ,,ა---------------------“-მა მის კუთვნილ ნაკვეთში გააჩერა ტექნიკური საშუალებები და ამისათვის მას უნდა გადაეხადა ქირა. ქირის გადახდაზე შეთანხმებას მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და ის ამ აქტის მტკიცებისაგან თავისუფლდება. ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი ეკისრება შპს ,,ე----------------------ს“. ამ გარემოების დადგენა შესაძლებელია ხელშეკრულებით, ხელწერილით, ქირის გადახდის მტკიცებულებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რაც დაადასტურებს ტექნიკური საშუალებების სასყიდელის სანაცვლოდ მიბარებას.

 

3.2.5. სს ,,ა---------------------“-ს ეკისრება დაამტკიცოს, რომ მან ტექნიკური საშუალებები იჯარით გადასცა შპს ,,ე----------------------ს“ და სანაცვლოდ ყოველთვიურად უნდა მიეღო 3000 ევრო. ანუ უნდა დაამტკიცოს, რომ მოწინააღმდეგე მხრეს ტექნიკური საშუალებები გადასცა იჯარით. ამ გარემოების დადგენა შესაძლებელია ხელშეკრულებით, ხელწერილით, ქირის გადახდის მტკიცებულეით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით რაც დაადასტურებს მხარეთა შორის იჯარის პირობებზე შეთანხმებას.

 

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.7. ამდენად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით დასადგენია ერთი ძირითადი საკითხი - რაზე შეთანხმდენ მხარეები. უდაო ფაქტია, რომ სს ,,ა---------------------“-მა კუთვნილი ტექნიკური საშუალებები სამტრედიიდან გადმოზიდა ქ. ბათუმში და გააჩერა შპს ,,ე----------------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთში, მაგრამ გასარკვევია რა დაგეგმეს მხარეებმა, რა საკითხებზე შეთანხმდენ და როგორ უნდა გაგრძეკებულიყო მათი ურთიერთობა. მათი შეთანხების შინაარსის მიხედვით უნდა დადგინდეს ესაა იჯარა, ერთობლივი საქმიანობა, მიბარება, თუ რომელიმე სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. საქმეში მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მტკიცებულებათა არარსებობა. მხარეებმა საქმეში ვერ წარმოადგინეს ნების გამოვლენის კონკრეტული მტკიცებულებები, რის გამოც მხარეთა ურთიერთობის შეფასება გართულდა. მათი განმარტებები კატეგორიულად გამორიცხავს ერთმანეთის არგუმენტებს და არაა კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული.

 

3.2.8. შპს ,,ე----------------------ს“ არ აქვს მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ტექნიკური საშუალებების ქირის სანაცვლოდ გაჩერება. თავის მხრივ სს ,,ა---------------------“-ს არ აქვს მტკიცებულება მასზედ, რომ მან ტექნიკური საშუალებები მიაქირავა შპს ,,ე----------------------ს“ და ქირის სახით უნდა მიეღო თვეში 3000 ევრო. მხარეები ამ ორი ფაქტის არსებობას ამტკიცებენ მხოლოდ თავიანთი ზეპირი განმარტებებით. მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ მიბარებაზე და იჯარაზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებებაა. მასზე შეთანხმება უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილ მოწმის ჩვენებას, აუდიტის დასკვნას და სასაქონლო ზედნადებებსაც. ზოგადად სასაქონლო ზედნადებები და სხვა მტკიცებულებაც შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად,ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა იჯარის ან მიბარების ხელშეკრულების დადების დადგენისათვის. მოწმის ჩვენება, აუდიტის დასკვნა და სასაქონლო ზედნადები ის წერილობითი მტკიცებულებებია, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ გაწეული მომსახურება, მიბარების პერიოდი, იჯარის ღირებულება და სხვა საკითხები, მაგრამ კონკრეტულად წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ წარმოადგენს იჯარის ან მიბარების ამსახველს. ისინი არ შეიცავენ ინფორმაციას მხარეთა შეთანხების შესახებ. იდეის დონეზე შეიძლება ვარაუდები ჩამოვაყალიბოთ და ვთქვათ, რომ რადგანაც სს ,,ა---------------------“-მა ტექნიკური საშუალება გადმოზიდა ქ. ბათუმში და განათავსა შპს ,,ე----------------------ის“ ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ტექნუკური საშუალებები ქირის გადახდის სანაცვლოდ შეინახა შპს ,,ე----------------------ის“ ტერიტორიაზე. თუმცა ასეთივე ვარაუდის დონეზე შეიძლება მოვიფიქროთ სხვა ჰიპოთეზაც, მათ შორის სს ,,ა---------------------“-ის განმარტება მასზედ, რომ მან ტექნიკური საშუალებები სამტრედიიდან ბათუმში გადმოზიდა იმისათვის, რომ თვეში 3000 ევროდ მიექირავებინა შპს ,,ე----------------------ისათვის“. ასეთვივე ვარაუდი შეიძლება გამოითქვას ერთობლივ საქმიანობაზეც. თუმცა ასეთი თეორიული შესაძლებლობები მხოლოდ ვარაუდებია და ამ ვარაუდებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ააგებს. ფაქტებზე დავის დროს აუცილებელია მხარემ წარმოადგინოს მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება და ამ გზით გააბათილოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. სწორედ ამას მოითხოვს ფაქტების შეჯიბრებითობის გზით მტკიცების პრინციპი. საქმეები განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპით. ანუ მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულეებით ფაქტების დადგენაში. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დგინდებოდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. თუ ასეთი რამ ვერ დადგინდა, მაშინ უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის ზიდვა. მათ ვერ დაამტკიცეს იმ ფაქტების არსებობა, რაც მიუთითეს სარჩელში და შეგებებულ სარჩელში. ამის ერთერთი მიზეზია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისას რისკების დაუზღვევლობა. მხარეები ვალდებულონი იყვენ გარიგების დადებისას გამოვლენილი ნება და მისი შინაარსი გაემყარებინათ კონკრეტული მტკიცებულებებით. ასეთი მოქმედება გამომდინარეობს არა მხოლოდ მტკიცების პრობლემის დაძლევის პრინციპიდან, არამედ სამეწარმეო საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვის აუცილებლობიდანაც. მხარეები სამეწარმეო სუბიექტები არიან და მათი ვალდებულებაა საგადასახადო ანგარიშსწორებისათვის სათანადო საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება. გარდა ამისა წინდახედულობაც მოითხოვს, რომ მხარეთა შეთანხმება და მისი შინაარსი მოწესრიგდეს დოკუმენტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში აღრიცხვის და დოკუმენტის წარმოების დაუცველობა მას აყენებს მტკიცების პრობლემის წინაშე. ანუ თავად ქმნის სარისკო გარემოებას: - ტექნიკირ საშუალებას ქირით გადასცემს მეორე პირს, ან ქირის მიღების სანაცვლოდ თავის ტერიტორიაზე ისე განათავსებს ტექნიკურ საშუალებებს, რომ არ ქმნის შესაბამის მტკიცებულებას. ასეთ სიტუაციაში რისკებზე პასუხისმგებელია ის, ვინც თავი ჩაიგდო საფრთხეში და გასწია მტკიცების რისკი. წინამდებარე შემთხვევაში კი ასეთი სუბიექტია ორივე მხარე. თუ მხარეებმა გარიგება დადეს ტექნიკური საშუალებების იჯარაზე, ან მიბარებაზე, მაშინ მათ ამის მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ. მათ ასეთი მტკიცებულება არ აქვთ. აქვთ მხოლოდ ზეპირი განმარტება და მოწმის ჩვენება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ იჯარა და მიბარება მხოლოდ ზეპირი განმატებით არ უნდა დამტკიცდეს. ამისათვის უფრო მყარი მტკიცებულებაა საჭირო.

 

3.2.10. ამდენად მტკიცებულებათა ანალიზით ვერ დადგინდა, რომ სს ,,ა---------------------“-მა ტექნიკური საშუალებები მიაქირავა შპს ,,ე----------------------ს“ და ქირის სახით უნდა მიეღო თვეში 3000 ევრო.

3.2.14. ასევე ვერ დადგინდა, რომ სს ,,ა---------------------“-მა ტექნიკური საშუალებები შპს ,,ე----------------------ის“ ტერიტორიაზე გააჩერა ქირის გადახდის სანაცვლოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების სედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

_ საქართველოს კონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

შპს ,,ე----------------------ი“ ამტკიცებს, რომ სს ,,ა---------------------“ და ი---- გ--------------ს მიბარების ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ ტექნიკური საშუალებების შენახვის საზღაურის გადახდის მოვალეობა. თავის მხრივ სს ,,ა---------------------“ ამტკიცებს, რომ შპს ,,ე----------------------ი“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალეა გადაუხადოს ტექნიკური საშუალებების იჯარის ქირა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ადგილი აქვს ნივთის სასყიდელით მიბარებას, ან იჯარას, მაშინ შემნახველს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის შენახვის საზღაურის გადახდა. ასეთივე პრინციპია იჯარის დროსაც. მოიჯარემ მეიჯარეს უნდა გადაუხადოს შეთანხმებული ქირა. თუ ამ ვალდებულებას არ ასრულებს მოიჯარე, ან მიმბარებელი, მაშინ მათი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით შემნახველისა და მეიჯარის უფლებების დარღვევად. როგორც შემნახველს, ისე მეიჯარეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს იჯარის ან შენახვის საზღაურის იმ პირობების შესაბამისად გადახდა, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. როგორც ძირითადი სარჩელის მოსარჩელე, ისე შეგებებული სარჩელის მოსარჩელეც, მიუთითებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე, შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა და იგი უნდა დარეგულირდეს ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების მეშვეობით.

 

6.3. შპს ,,ე----------------------ი“ ამტკიცებს, რომ სს ,,ა---------------------“-თან აკავშირებს მიბარების ხელშეკრულება, ანუ ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობას. დასახელებული ნორმით ,,მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი“. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მხარეები შეთანხმებული იყვენ მის კუთვნილ ტერიტორიაზე საზღაურის გადახდის პირობით შეენახა სს ,,ა---------------------“-ის კუთვნილი:

- გრეიდერი - K--------------------;

- მისაბმელი - K------------------;

- მუხლეხებიანი საცერი - F--------------5;

- ქვის სამსხვრევი დანადგარი - ,,K----------------”.

 

მან შასრულა ნაკისრი მოვალეობა და დასახელებული ტექნიკური საშუალებები შეინახა. მოპასუხეს მისთვის უნდა გადაეხადა საზღაური, რასაც არ უხდის. მისი მიზანია მოპასუხემ გადაუხადოს საზღაური. მისი მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სკ-ის 764-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ: ,,1. მიბარება უსასყიდლოა,თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.

2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული,მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას ჩვეულებრივი საზღაური“.

 

6.4. თავის მხრივ სს ,,ა---------------------“-ის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქ. სკ.-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლები. დასახელებული ნორმით: ,,იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც“.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის მიბარების და იჯარის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შემდეგ. საზღაურის სანაცვლოდ ნივთის მიბარების შემდეგ შემნახველს უჩნდება მოთხოვნის უფლება მიმბარებელს მოსთხოვოს საზღაურის გადახდა. თავის მხრივ მიმბარებელს გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - გადაიხადოს შენახვის საზღაური. შპს ,,ე----------------------ი“, მხოლოდ ნივთების საზღაურის პირობით შენახვის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას მოპასუხეს მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება.

ანალოგიური წესია იჯარის შემთხვევაშიც. იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოიჯარე შეიძენს მოთხოვნის უფლებას, კერძოდ მეიჯარისაგან მოითხოვოს იჯარის საგნის გადაცემა. იჯარის საგნის გადაცემის შემდეგ, მეიჯარე იძენს უფლებას მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ მოითხოვოს იჯარის ქირის გადახდა. იჯარის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როცა ხელშეკრულების დადებას უნდა მოჰყვეს იჯარის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ქირის გადახდა. იჯარის ხელშეკრულებაში თითოეული მხარე მოვალეა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ იჯარის საგანი გადასცეს და შემდეგ მოიჯარემ იჯარის ქირა მეიჯარეს გადაუხადოს დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მხარეებს უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. თუ მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში არიან, მაშინ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ კუთვნილი მოვალეობის აუცილებელი შესრულება (საქ. სკ-ის 361-ე მუხლი).

 

6.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნვთების მიბარების ხელშეკრულება. ასევე არ დადგინდა იჯარის ხელშეკრულების დადება. მართალია დადგინდა, რომ სს ,,ა---------------------“-მა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე განათავსა გრეიდერი - ,,K--------------------“, მისაბმელი - ,,K------------------“, მუხლეხებიანი საცერი - ,,F--------------5“ და ქვის სამსხვრევი დანადგარი - ,,K----------------”, მაგრამ არ დადგინდა, რომ ეს იყო საზღაურიანი მიბარება. ასევე არ დადგინდა, რომ ეს იყო იჯარის ხელშეკრულების მიზანი. თავისი შინაარსით ტექნიკური საშუალებების განთავსება ახლოს დგას როგორც მიბარების, ისე იჯარის, ან/და ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებასთან, მაგრამ მათ ურთიერთობას კვალიფიკაცია ვერ მიენიჭა მტკიცებულებათა არარსებობის გამო. ასეთ სიტუაციაში სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 102-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებმა თვითონ უნდა წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებენ, რომ ადგილი აქვს სასყიდელიან მიბარებას ან იჯარას. ასეთი ფაქტი, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარჩელებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება, რის გამოც თანხების დაკისრებასთან დაკავშირებით, რგორც ძირითადი სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე----------------------ის“ სარჩელი ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ა-------------- ა-----“-ს და ი---- გ--------------ს შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმებული გარიგება ქვის სამსხრევი დანადგარის ,,K----------------”-ის და მუხლეხებიანი საცერის -,,F--------------5“-ის ნასყიდობის თაობაზე და მისი გაბათილების შემდეგ ტექნიკა აღირიცხოს სს ,,ა---------------------“-ს საკუთრებად, მთლიანად დამოკიდებულია შპს ,,ე----------------------ის“ იმ სასარჩელო მოთხოვნებზე, რომლითაც მოთხოვნილია თანხების გადახდა. ამ ნაწილში სარჩელს არ აქვს იურიდიული ინტერესი. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, ამ ტიპის სარჩელებზე ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს.

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი), ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის ქვის სამსხრევი დანადგარის ,,K----------------”-ის და მუხლეხებიანი საცერის -,,F--------------5“-ის საკუთრების უფლება დაუბრუნდეს სს ,,ა-------------- ა-----“-ს. მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო აღიარებს, რომ ამ ქონებაზე დადებული გარიგება ბათილია და იგი დაუბრუნდება თავდაპირველ მესაკუთრეს, მაშინ ამ ქონებაზე გამოიყენებს გირავნობის უფლებას და მისი მეშვეობით დაიკმაყოფილებს თანხობრივ მოთხოვნას. სასამართლო ადასტურებს მოსარჩელის მსჯელობის რეალურობას, მაგრამ მისი ინტერესი მხოლოდ მაშინ იქნებოდა ნამდვილი თუ დაამტკიცებდა, რომ სს ,,ა-------------- ა-----“-ს მასზე გადასახდელი აქვს შენახვის საზღაური. საქმის განხილვით არ დადგინდა, რომ სს ,,ა-------------- ა-----“-ს მასზე გადასახდელი აქვს შენახვის საზღაური. სწორედ ამის გამო მოსარჩელისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს ამ ნაწილში დადებული გარიგება ნამდვილია თუ ბათილი. მისი გაბათილებით მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესი ვერ მიიღწევა და მისი გაბათილებით მოსარჩელის რომელიმე უფლება ვერ აღსდგება. სწორედ ამიტომაც წინამდებარე აღიარებით სასარჩელო მოთხოვნას არ აქვს იურიდიული ინტერესი.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახ. ბაჟის ოდენობა გაიანგარიშება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 1450 ლარს. შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 2431.98 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეებს. ორივე მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმის მასალებით დგინება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სს ‘’ა---------------------“-ს სა---------–--------–---–-ს (ს/კ 4--------) საკუთრებაში რიცხული ქონებას:

- სახელმწიფო ნომერი - C--------------–---------------------, გამოშვების წელი - 1973, ვინ.შასი - 3-----------------------------------

- სახელმწიფო ნომერი - R--------------–----------5--, გამოშვების წელი - 1992, ვინ.შასი - V----------------, ტექ.პასპ.-A--------

- ქვის სამსხვრევ დანადგარს K----------------.

- დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებები სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გაჩერებული იქნას ნებისმიერ ისეთ დაცულ ადგილას, სადაც გარანტირებული იქნება მათი უსაფრთხოება.

- მოპასუხეს აეკრძალა ქვის სამსხვრევ დანადგარის K---------------- მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გატანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო ი---- გ--------------ის საკუთრებაში რიცხული ქვის სამსხვრევ დანადგარს K----------------. ი---- გ--------------ს და სს ‘’ა--------------------- საქართველოს ფილიალს’’ (ს/კ 4--------) აეკრძალათ ყადღადადებული ქვის სამსხვრევი დანადგარის K-----------------ის გაყვანა მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორიიდან მდებარე დაბა ხ--–--------ში (ს/კ 05.35.28.3--).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით ი---- გ-------------- განცხადება დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი---- გ-------------- მიერ სასამართლო დეპოზიტზე განათავსებულ 48 321 ლარს (გადახდის თარიღი - 23/06/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, მიმღები - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, სალარო შემოსავლების ორდერი - 1657750555). დეპოზიტზე გათვასებული 48 321 ლარის დაყადაღების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შეიცვალა სხვა ტიპის უზრუნველყოფის ღონისძიებით და ამ მიზნით ყადაღისაგან გათავისუფლდა სს ‘’ა--------------------- -ს სა---------–--------–---–-ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაში რიცხული შემდეგი ქონება:

- სახელმწიფო ნომერი - C--------------–---------------------, გამოშვების წელი - 1973, ვინ.შასი - 3-----------------------------------

- სახელმწიფო ნომერი - R--------------–----------5--, გამოშვების წელი - 1992, ვინ.შასი - V----------------, ტექ.პასპ.-A--------

- ქვის სამსხვრევ დანადგარს K----------------.

- მოპასუხე გათავისუფლდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ქვის სამსხვრევ დანადგარი K---------------- გატანის აკრძალვისაგან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ‘’ე----------------------ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება გაუქმდა შემდეგი ქონების ყადაღისა და აკრძალვებისაგან გათავისუფლების ნაწილში.

- სახელმწიფო ნომერი - C-----, მოდელი - M-----------------, გამოშვების წელი - 1973, ვინ.შასი - 3-----------------------------------

- სახელმწიფო ნომერი - R------ მოდელი - M-----.5--, გამოშვების წელი - 1992, ვინ.შასი - V----------------, ტექ.პასპ.-A--------

- ქვის სამსხვრევ დანადგარის K-----------------ის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ყადაღა დაედო ი---- გ--------------ის (დაბადებული - 04/08/1955 წელს) საკუთრებაში რიცხულ ქვის სამსხვრევ დანადგარს K----------------.

 

ამდენად ი---- გ--------------ისა და სს ‘’ა--------------------- -ს სა---------–--------–---–-ს’’ კუთვნილი ტექნიკური საშუალებები დაყადაღებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის, 25 მაისის, 12 ივლისის, 18 სექტემბრისა და 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებებით. ვინაიდან დავა დასრულდა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ასევე უნდა გადაწყდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხიც. სასამართლო ხელმძღვანელობს საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით, რომლის მიხედვითაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ე----------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სს ,,ა---------------------.“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. ძირითად და შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის, 25 მაისის, 12 ივლისის, 18 სექტემბრის და 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდეს და ყადაღისა და სხვა ტიპის შეზღუდვებისაგან გათავისუფლდეს:

- ქვის სამსხვრევი დანადგარი ,,K----------------“;

- სახელმწიფო ნომერი - C-----, მოდელი - ,,M-----------------“, გამოშვების წელი - 1973, ვინ.შასი - 3-----------------------------------

- სახელმწიფო ნომერი - R------ მოდელი - ,,M-----.5--“, გამოშვების წელი - 1992, ვინ.შასი - V----------------, ტექ.პასპ.-A--------

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე