გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - და---------–------ე.
წარმომადგენელი - ნი-----–--–--–---–ი.
მოპასუხე - შპს „ი---------“
წარმომადგენელი - ნა------------–---–ი.
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ-------------, ბი------, ფართით 51,56 კვ. მეტრი, ს/კ 0-.1-.1-.---.0--.0-.0-.0--, რომელიც ირიცხება შპს ,,ი---------ს“ საკუთრებაში, აღიარებულ იქნეს და---------–------ის საკუთრებად.
სარჩელის თანახმად, 20---–-–---------–--ს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით შპს ,,ი----------“ ვალდებულება აიღო აეშენებინა და მოსარჩელისათვის გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს №-, ფართით 56,18 კვ.მ. დღეის მდგომარეობით კორპუსი დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, რადგანაც შპს ,,ი----------“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები სრულად. მოსარჩელე, სხვა პირებთან ერთად, რომლებსაც შეძენილი ქონდათ ფართები მშენებარე სახლში, იძულებული გახდა კორპუსში შეეყვანა კომუნიკაციები. დღეის მდგომარეობით იგი აღრიცხულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ასევე სრულად აქვს შესრულებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება, თუმცა ფართის რეგისტრაციას ვერ ახდენს, ვინაიდან ბინას დადებული აქვს ყადაღა კომპანიის ვალდებულებების გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ი----------“ შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა შესაგებელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ კომპანია სრულად ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 20---–-–---------–--ს შპს ,,ინფ-----სა“ და და---------–------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართი მდებარე: ქ. თბილისი, მი---------ს №-, მე-7 სართული, ბინის საერთო ფართი 56,18 კვ. მეტრი, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 34269 აშშ დოლარით, რომელიც სრულად იქნა გადახდილი და---------–------ის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 21-25);
- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 29-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. დადგენილია, რომ და---------–------ე, რეგისტრირებულია მომავალ მესაკუთრედ შპს ,,ი---------ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს ქუჩა №-, ბი------, სა-------–---- ფართი 51,56 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.---.0--.0-.0-.0--. უფლების რეგისტრაციის თარიღი - 20-3 წლის 7 დეკემბერი, უფლების დამდგენი დოკუმენტი - შპს ,,ი---------’’-ს 2----–-–------------–ის კრების ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);
3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია სამი სააღსრულებო საქმე, კერძოდ: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–----------------ს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმე A--------- სადაც კრედიტორს წარმოადგენს ზა------------–---–ი, ხოლო მოვალე არის შპს ,,ი---------’’ ; ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–-------------ოს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმე A--------- სადაც კრედიტორს წარმოადგენს ლე-–--–----–---–-ძე, ხოლო მოვალე არის შპს ,,ი---------’’ და გ) მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 20---–-–----------------ს გაცემული №2------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმე A--------, სადაც კრედიტორს წარმოადგენს მა------------–---–ი, ხოლო მოვალე არის შპს ,,ი---------’’.
დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–---------------ის №A-------- მიმართვის საფუძველზე, შპს ,,ი---------’’-ს კუთვნილ უძრავ ნივთს მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს ქუჩა №-, ბი------, საკადასტრო კოდი 0-.1-.1-.---.0--.0-.0-.0--, დადებული აქვს ყადაღა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------ის №----6 მიმართვა (ს.ფ. 28);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 33-34);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1-1-ე,180-ე, მუხლები;
- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი.
მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის მიერ მიღწეული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. 20---–-–---------–--ს მოსარჩელესა და შპს ,,ინფ-----ს“ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ი----------“ ვალდებულება აიღო აეშენებინა და მოსარჩელისათვის გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს №-, ფართით 56,18 კვ. მეტრი, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა 34 269 აშშ დოლარი, რაც ამჟამად სრულად არის დაფარული. შპს ,,ი----------“ კი ვერ მოახერხა მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ბინის საკუთრებაში გადაცემა. შესაბამისად მოპასუხემ მის მიერ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.
6.2. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომავალ მესაკუთრეს წარმოადგენს და---------–------ე. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ასევე ანგარიშებზე რეგისტრირებულმა ყადაღამ.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო შპს ''ინფ-----ს'' შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს და მეორეს მხრივ სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აქვს უფლება მიიღოს შეძენილი უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეცეს საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 754 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე და---------–------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა შპს ,,ინფ-----ს“ (ს/კ 2--------) უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს ქუჩა №-, ბ------, ფართით 51.56 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.---.0--.0-.0-.0--, გასხვისება და უფლებრივად (მათ შორის იპოთეკით) დატვირთვა.
გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 49-ე, 243-244-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. და---------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. და---------–------ე (პ/ნ 0---------2) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მი---------ს №-, ბი------, ფართით 51,56 კვ. მეტრი (ს/კ 0-.1-.1-.---.0--.0-.0-.0--), მესაკუთრედ.
3. და---------–------ეს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2754 (ორი ათას შვიდას ორმოცდათოთხმეტი) ლარი (გადახდის თარიღი 20-8 წლის 8 ნოემბერი, საგადასახდო დავალება №0, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი ნი-----–--–--–---–ი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე გენადი მაკარიძე