გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20496-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს „I------------------ი“
წარმომადგენელი - ბ--------------ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს „კ----------–----------------“
წარმომადგენელი - ლა–----------–-ძე
დავის საგანი - (თავდაპირველი სარჩელით) თანხის დაკისრება, (შეგებებული სარჩელით) ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი სარჩელით)
1.1. შპს „კ----------–----------------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1929 ლარის გადახდა.
1.2. შპს „კ----------–----------------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების ხარჯის - 291 ლარის ანაზღაურება.
სარჩელს საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები უდევს: შპს „კ----------–----------------ს“ საქართველოს ფილიალსა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს G-- მოწყობილობების მონტაჟი დამკვეთის სატრანსპორტო საშუალებებზე, განახორციელოს მათი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება, უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს ამ ტექნიკის მონიტორინგი. მოპასუხეს არ გადაუხდია 2017 წლის მაისის და ივნისის თვის მომსახურების საფასური ჯამში 1929 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა გადახდილი აქვს.
3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)
3.1 შპს „I------------------ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 24 449,04 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 27 ივლისს შპს „I------------------ს“ და „კ----------–----------------ს“ შორის გაფორმდა G-- სისტემის ინსტალაციისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალებებზე დაემონტაჟებინა მოწყობილობები და უზრუნველეყო ამ მოწყობილობების გამართული ფუნქციონირება. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეისყიდა 24 449,04 ლარის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ დაამონტაჟა მოსარჩელის ავტომანქანებზე. 2017 წლის 21 ივნისს მოპასუხემ შეწყვიტა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და უნებართვოდ მოხსნა მოწყობილობები ავტომანქანებიდან იმ მიზეზით, რომ შეამოწმებდა და ისევ დაამონტაჟებდა დაუზიანებელ მოწყობილობებს, ხოლო დაზიანებულებს შეაკეთებდა ან გამოცვლიდა და უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს აღარ დაუმონტაჟებია აპარატურა, არც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უცნობებიათ და არც მოსარჩელის მიერ შეძენილი 24 449,04 ლარის აპარატურა დაუბრუნებიათ. მოსარჩელემ ახალი ხელშეკრულება გააფორმა სხვა პირთან და ხელმეორედ შეიძინა მოწყობილობები.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ფაქტებს ამახინჯებს. მოპასუხემ დაუბრუნა შეძენილი აპარატურა. მოსარჩელეს არ მიუმართავს არც ერთი ინსტიტუციისათვის უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის მიზნით. მოსარჩელე თავს არიდებდა პრობლემის მოგვარებას, რის გამოც მოპასუხე უსასყიდლოდ ინახავდა მოწყობილობის ნაწილს. მესამე პირთან დადებულ ხელშეკრულებას არავითარი კავშირი არ აქვს დავასთან.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2017 წლის 1 მარტს შპს „I------------------ს“ (შემსრულებელი) და „კ----------–----------------ს“ საქართველოს ფილიალს (დამკვეთი) შორის დაიდო ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამკვეთმა შემსრულებლისგან შეიძინა G-- მოწყობილობები. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დაემონტაჟებინა აპარატურა დამკვეთის ავტომანქანებზე, განეხორციელებინა მათი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება, უწყვეტ რეჟიმში განეხორციელებინა ამ ტექნიკის მონიტორინგი.
დამკვეთმა იკისრა ვალდებულება, შემსრულებლისათვის აენაზღაურებინა მოწყობილობების ღირებულება და მომსახურების საფასური ხელშეკრულების დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 01.03.2017 წლის ხელშეკრულება.
5.1.2 2016 წლის 27 ივლისს შპს „I------------------ს“ (შემსრულებელი) და „კ----------–----------------ს“ საქართველოს ფილიალს (დამკვეთი) შორის დაიდო ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამკვეთმა შემსრულებლისგან შეიძინა G-- მოწყობილობები. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დაემონტაჟებინა აპარატურა დამკვეთის ავტომანქანებზე, განეხორციელებინა მათი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება, უწყვეტ რეჟიმში განეხორციელებინა ამ ტექნიკის მონიტორინგი.
ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტის თანახმად G-- აღჭურვილობასა და სერვერს შორის კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი ვალდებულია, აღადგინოს კავშირი დამკვეთის მიერ წერილობით შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში დამკვეთის თანდასწრებით. აღნიშნული პერიოდი გრძელდება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული პერიოდით.
2.1.2 პუნქტის თანახმად საგარანტიო პერიოდში (რომელიც უდრის ხელშეკრულების მოქმედების ვადას), შემსრულებელი ვალდებულია სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით შეამოწმოს, გაასწოროს ან საჭირო ნაწილების გამოცვალოს და 24 საათის ვადაში უზრუნველყოს სისტემის ფუნქციონირების გასწორება.
2.1.6 პუნქტის თანახმად, თუ კონტრაქტორი ვერ მოახერხებს აღჭურვილობასა და სერვერს შორის კავშირის აღდგენას, კლიენტი უფლებამოსილია, აღ აუნაზღაუროს მომსახურების საფასური მიმდინარე თვეს კონკრეტულ ავტოტრანსპორტზე.
ხელშეკრულება დაიდო 3 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 26.07.2016 წლის ხელშეკრულება.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1 დამკვეთს არ გადაუხდია 01.03.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაისის და ივნისის თვის გადასახადები, სულ 1929 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან), ხოლო მოპასუხეს, რომელიც მიუთითებს, რომ ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს, ეკისრება შესაბამისი გარემოებების დამტკიცების ვალდებულება.
მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების საკითხის შეფასებისას შესრულების მტკიცების ტვირთი არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის ძალითაც ეკისრება მოვალეს, რომელმაც სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. სუსგ ას-1437-1357-2017) .
განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა სარწმუნო მტკიცებულებით, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანება აანაზღაურა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2017 წლის მაისსა და ივნისში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მოპასუხემ მიიღო. საქმეში წარმოდგენილია დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა თანახმადაც 2017 წლის მაისსა და ივნისში მოპასუხემ ქო----–-----------–--------ში მიიღო 1101 და 1539 ლარის G-- მომსახურება.
მოპასუხემ წარმოადგინა 1101 და 1539 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ქვითრების დანიშნულებაში მითითებულია მომსახურების საფასური, თუმცა არ არის დაზუსტებული, რომელი თვის საფასურს ეხება გადახდა. თანხაა გადახდილია 04.09.2017 წელს და 08.09.2017 წელს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მომსახურების საფასური იყო ერთი და იგივე ყოველ თვეში. მოპასუხე ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, 2018 წლის 1 მარტამდე და თანხა უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება სწორედ სადავო დავალიანების გადახდა.
5.2.2 შემსრულებელმა დაარღვია 27.07.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დამკვეთმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება დამკვეთმა შეიძინა განმეორებით სხვა პირისაგან.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, ხელშეკრულების დარღვევამ გამოიწვია გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა.
სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.
დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთ ვალდებული იყო, სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით შეემოწმებინა, გაასწორებინა ან საჭირო ნაწილების გამოეცვალა და 24 საათის ვადაში უზრუნველეყო სისტემის ფუნქციონირების გასწორება.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შემსრულებელმა 2017 წლის ივნისში მოხსნა დამკვეთის ავტომანქანებზე დამონტაჟებული G-- მოწყობილობები მათი შემოწმების, დაზიანებული აპარატურის შეკეთება/შეცვლის მიზნით.
შემსრულებლის (მოპასუხე) მითითებით, აპარატურის მოხსნა შეთანხმებული იყო დამკვეთთან (შეგებებული სარჩელის ავტორი, მოსარჩელე), თუმცა შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე არ ადასტურებს, რომ ეს საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 25 სექტემბრის წერილი, რომელიც ეხება 27.07.2016 წლის ხელშეკრულებას. წერილით დამკვეთი შემსრულებელს სთხოვს, დაუყოვნებლივ დააბრუნოს უნებართვოდ მოხსნილი მოწყობილობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2017 წლის 28 სექტემბრის წერილით შემსრულებელმა დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 ივნისს მოხსნა აპარატურა. წერილში ასევე მოცემულია დეტალური ინფორმაცია დაზიანების შესახებ და შემკვეთი გამოთქვამს მზაობას, დააბრუნოს მოწყობილობები. შემკვეთი ასევე აღნიშნავს, რომ აპარატურის მოხსნა შეუთანხმებლად არ მომხდარა. 2017 წლის 29 სექტემბრის წერილით დამკვეთმა კვლავ მიუთითა, რომ მოწყობილობების დემონტაჟი მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე მოხდა. აპარატურა მოიხსნა 2017 წლის 21 ივნისს, ხოლო შეტყობინება დამკვეთს გაეგზავნა 2017 წლის 23 ივლისს. ამავე წერილით დამკვეთი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
მოპასუხე სასამართლო სხდომაზე განმარტავდა, რომ დამკვეთის თანამშრომლები თავად აზიანებდნენ აპარატურას განზრახ, რათა კონტროლი ვერ განხორციელებულიყო. საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქმეში არც იმის დამდასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ ავტომანქანიდან მოხსნილი აპარატურა დაზიანებული იყო და კონკრეტულად რა ხასიათის იყო ეს დაზიანებები. სასამართლო ამ გარემოებების დასადასტურებლად მხედველობაში ვერ მიიღებს მოპასუხის წერილებს (04.10.2017 წლის წერილი და 28.09.2017 წლის წერილი), ვინაიდან მოსარჩელე საპასუხო წერილებით მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში კი, ამ წერილებს იგივე საპროცესო მნიშვნელობა აქვს, რაც მხარის ახსნა-განმარტებას. მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია, თუ მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება ან სადავოდ საერთოდ არ ხდის ამ გარემოებას.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის ივნისიდან სასამართლოში დავის დაწყებამდე შემსრულებელს აპარატურა არ დაუბრუნებია დამკვეთისათვის და აღარც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება გაუწევია.
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება, რომელიც დადებულა შპს „G-------------------------სა“ (შემსრულებელი) და „კ----------–----------------ს“ საქართველოს ფილიალს შორის. დამკვეთმა შემსრულებლისგან შეიძინა G-- მოწყობილობები. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დაემონტაჟებინა აპარატურა დამკვეთის ავტომანქანებზე, განეხორციელებინა მათი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება, უწყვეტ რეჟიმში განეხორციელებინა ამ ტექნიკის მონიტორინგი. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებას თან ერთვის ფასების ცხრილი და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, საიდანაც ირკვევა, რომ დამკვეთმა შემსრულებლისგან G-- მოწყობილობები მიიღო. მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ მესამე პირს 24 449,04 ლარი გადაუხადა (ანგარიშფაქტურებში ნაკლები თანხაა მითითებული), მაგრამ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამკვეთმა ორჯერ უშედეგოდ გააფრთხილა შემსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის თაობაზე. მას შემდეგ, რაც შემსრულებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დამკვეთმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე ცალმხრივად და იგივე პროდუქცია განმეორებით შეიძინა მესამე პირისგან. მან ასევე შეიძინა შესაბამისი მომსახურება მესამე პირისგან.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 340-ე, 629-ე, 361-ე, 405-ე, 407-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან, ხოლო 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ შპს „I------------------ს“ (შემსრულებელი) და „კ----------–----------------ს“ საქართველოს ფილიალს (დამკვეთი) შორის დაიდო ორი (01.03.2017 წლის და 27.07.2016 წლის) ერთნაირი შინაარსის შერეული ხელშეკრულება - ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამკვეთმა შემსრულებლისგან შეიძინა G-- მოწყობილობები. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დაემონტაჟებინა აპარატურა დამკვეთის ავტომანქანებზე, განეხორციელებინა მათი პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურება, უწყვეტ რეჟიმში განეხორციელებინა ამ ტექნიკის მონიტორინგი.
დადგენილია, რომ შემკვეთმა 01.03.2017 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო დამკვეთს არ გადაუხდია 2017 წლის მაისისა და ივნისის თვის მომსახურების საფასური, შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი ვალდებულების შესრულება - ნარდობის საზღაურის ანაზღაურება.
8.2. დამკვეთი ითხოვს მეორე - 27.07.2016 წლის ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ შემსრულებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დამკვეთთან შეუთანხმებლად მოხსნა ავტომანქანებიდან მოწყობილობები, ხელშეკრულებით დადგენილ 24-საათიან ვადაში ვერ უზრუნველყო სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენა. მოხსნილი აპარატურა არ დაუბრუნებია დამკვეთისათვის. დადგენილია ასევე, რომ დამკვეთმა ორჯერ გააფრთხილა შემსრულებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დარღვეულია ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნა - შემსრულებელმა არ უზრუნველყო სანავიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება, ხელშეკრულების შესაბამისად, არ შეუკეთებია ან შეუცვლია დაზიანებული მოწყობილობები, უფრო მეტიც, დამკვეთთან შეუთანხმებლად მოხსნა ავტომანქანებიდან აპარატურა და გაფრთხილების მიუხედავად, ნასყიდობის საგანი დამკვეთისათვის არ დაუბრუნებია.
ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნის დარღვევა წარმოშობს მეორად მოთხოვნებს, ამასთან სავალდებულო წინაპირობაა ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადის დაწესება.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ნათელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის (გაფრთხილების) ვალდებულების დარღვევა კრედიტორს შემდგომში ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას უკარგავს.
განსახილველ შემთხვევაში დამკვეთმა ორჯერ გააფრთხილა შემსრულებელი და ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა, შესაბამისად, მან 405-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა, შემსრულებელმა კი კვლავ არ შეასრულა ვალდებულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დამკვეთი უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულებაზე უარი ეთქვა. ხელშეკრულებაზე უარის თქმა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მეორე მხარის წინაშე ხორციელდება და, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, კონტრაჰენტს უნდა მიუვიდეს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სარჩელის აღძვრამდე დამკვეთმა შემსრულებელს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ აცნობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთმა იგივე პროდუქცია და თანმხლები მომსახურება მესამე პირისგან შეიძინა, ხოლო სარჩელით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის წარდგენით მხარემ ხელშეკრულება შეწყვეტა.
სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, დამკვეთმა ერთხელ შეძენილი აპარატურა და მომსახურება განმეორებით შეიძინა მესამე პირისგან.
რომ არა შემსრულებლის მიერ ვალდებულების დარღვევა, დამკვეთს არ მოუწევდა განმეორებით შეეძინა ერთხელ უკვე ნაყიდი საქონელი, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, შემსრულებლისგან მოითხოვოს მეორედ გადახდილი ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება.
დამკვეთის მოთხოვნის უფლებაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ შეგებებული სარჩელის აღძვრის შემდეგ შემსრულებელმა ნაყიდი აპარატურა ფოსტით გაუგზავნა დამკვეთს და ამჟამად დამკვეთთან იმყოფება. დამკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა და იგივე შინაარსის ხელშეკრულება მესამე პირთან დადო, შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. გარდა ამისა, სადავო არ არის, რომ აპარატურა, რომელიც მანქანებიდან მოიხსნა, დაზიანებული იყო. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ იმავე მდგომარეობაში მყოფი მოწყობილობები უბრალოდ ყუთით გაუგზავნა დამკვეთს, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ ნიშნავს.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი, შესაბამისად, მხარეებმა ერთმანეთს უნდა აუნაზღაურონ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ძირითად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით, შპს „I------------------ს“ შპს „კ----------–----------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 684 ლარის ანაზღაურება.
ძირითადი სარჩელით მხარე ასევე ითხოვს გამარტივებული წარმოების ხარჯის ანაზღაურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარისათვის უკვე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ მხარემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შესაბამისი ხარჯი გასწია, ამდენად, სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „I------------------ის“ სარჩელი შპს „კ----------–----------------ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „კ----------–----------------ს“ შპს „I------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მომსახურების საფასურის - 1929 ლარის გადახდა;
3. შპს „კ----------–----------------ს“ შეგებებული სარჩელი შპს „I------------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „I------------------ს“ შპს „კ----------–----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 24 449,04 ლარის ანაზღაურება;
5. შპს „I------------------ს“ შპს „კ----------–----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 684 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია