გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2/1121-18
130210018002668843
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
11 იანვარი, 2019 წელი ქ. ხ-–----ი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - ზ---------–-–--ლი
წარმომადგენელი - მ--------ძე;
მოპასუხე - შპს ''ჩ----------------------------------------ფი''
წარმომადგენლები - ო-–----------–-ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ”ჩ----------------------------------------ფს" მოსარჩელე ზ---------–-–--ლის სასარგებლოდ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის სახით) დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 42 748 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ”ჩ----------------------------------------ფს" მოსარჩელე ზ---------–-–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი თანხა - 1000 ლარი.
1.3. მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფს” მოსარჩელე ზ---------–-–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 1886 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და ადვოკატის მომსახურებისათვის - 300 ლარის გადახდა.
1.4. სასამაღთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის მიხედვით, ზ---------–-–--ლს ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–----ში გააჩნია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, 254,8 კვ.მ.ფართის, მიწის ნაკვეთთან ერთად, დაზუსტებული ფართობით 887 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 6--0--6--3--- სახლი აშენებულია 1970-იან წლებში, არის ორსართულიანი, ორივე სართულს შემოვლებული აქვს ანტისეისმური სარტყელი. ეზოს შემოვლებული აქვს რკინა-ბეტონის ღობე. სახლი გაშენებულია დახრილ რელიეფზე.
2012 წლის აგვისტო-სექტემბრიდან სოფელ ქ--–----ში შპს "ჩ----------------------------------------ფი"-ს მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად, მას შემდეგ, რაც გვირაბში წარმოებულ აფეთქებებს მიეცა ინტენსიური ხასიათი, სოფელში არამარტო გვირაბის პერიმეტრზე, არამედ მისგან 200-300 მეტრ მანძილზე მდებარე სახლებიც კი დაზიანდა. მოსარჩელის სახლი კი, რომელიც ფაქტობრივად გვირაბის თავზე მდებარეობს, 2013 წლის 15 აპრილს, გვირაბის ჩანგრევის შედეგად ისე დაზიანდა, რომ როგორც სახლი, ისე მასში მცხოვრებლები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. სახლმა მიწასთან ერთად დაიწია სიღრმისკენ. მეწყერული პროცესების გამო დეფორმაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ რკინის ღობემ ტალღისებური ფორმა მიიღო, დაზიანდა სახლის საძირკველი, საყრდენი კედლები, ეზოში დასხმული ბეტონი დასკდა, მიწას ნაპრალები გაუჩნდა. ადგილზე მისულმა პასუხისმგებელმა პირებმა გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები კი ჩაატარეს, მაგრამ შესაბამისი კომპენსაციის გაცემის თაობაზე დაზარალებულ მოსახლეობაზე მათ მიერ მიცემული დაპირება დაპირებად დარჩა, რის გამოც ზ---------–-–--ლი იძულებული გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ედავა სასარჩელო წარმოების წესით.
მოსარჩელემ ქონების შესაფასებლად მიმართა კერძო აუდიტს, რომელმაც ადგილზე შეისწავლა სახლზე არსებული დაზიანებები. აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, საკურორტო კომერციული დანიშნულების გათვალისწინებით ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 26 000 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 62 847 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---------–-–--ლი პირვანდელი სარჩელით ზიანის ანაზღაურების სახით სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვდა მოპასუხეზე.
მას შემდეგ, რაც მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით გაუქმდა ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 203-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოადგინა ინდ/მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ შედგენილი 2018 წლის მეორე კვარტლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით მოსარჩელის სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩასატარებლად, დამატებით აუცილებელია შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე მოეწყოს რკინა-ბეტონის ფილა და შენობის გარე პერიმეტრის +5,30 მ. ნიშნულზე - ფოლადის სარტყელი, რომელთა ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 26 541,90 ლარი. შესაბამისად მოსარჩელე მხარემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა (შეამცირა სარჩელი) და მისი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შესახებ 2017 და 2018 წლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 42 748 ლარის დაკისრება.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფის" წარმომადგენლმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული, საქმეში არსებული 2017 წლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაბამისად, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება 16 207.52 ლარის ნაწილში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ ასახავს რეალობას, რადგან ორივე ხარჯთაღრიცხვის რამდენიმე პუნქტი (მაგ, 1,5 პუნქტი და სხვ.) მოიცავს ერთსა და იმავე თანხებს. 2018 წლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში გარკვევით არ არის აღნიშნული თუ რომელი მიწის მოჭრაზე და რკინა-ბეტონის მოწყობაზეა საუბარი. ამ და საპაექრო სიტყვაში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხემ ეჭვსქვეშ დააყენა რა მოსარჩელის მიერ სასამართლო-სხდომაზე წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის სისწორე, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება პირვანდელი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომლის მიხედვით ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის ხარჯმა შეადგინა 16 207.52 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფი" ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენებოდა, მიწისქვეშა აფეთქებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები..
3.1.3 ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ზაურ გელაშვილის, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიური- გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად და სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნა.
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ზაურ გელაშვილის, საცხოვრებელი სახლი საჭიროებს 16 207.52 ლარის ღირებულების აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს.
3.2.2. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ზაურ გელაშვილის, საცხოვრებელი სახლი საჭიროებს 42 748 ლარის ღირებულების აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის ხარჯების შესახებ ინდმეწარმე "ზ-------------–-ძის" მიერ 2017 წლის და 2018 წელს შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (ს.ფ.126-141).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ---------–-–--ლის დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფის" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიდგა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებდა მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება, გვირაბის ჩამონგრევა და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, რაც დადასტურებულია სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს" საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით. ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შესახებ, სამშენებლო რესურსების ფასების გათვალისწინებით 2017 წლის პირველი კვარტლის და 2018 წლის მეორე კვარტლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, მხარეთა ახსნა განმარტებებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.
ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ გაცემული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების შესახებ, 2017 წლის პირველი კვარტლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიდა მოპირკეთების, რეაბილიტაცია-გამაგრების და საძირკვლის ფუძე-გრუნტების აღდგენა-გაძლიერების ღირებულებამ შეადგინა 16 207.52 ლარი, ხოლო მის მიერვე გაცემული 2018 წლის მეორე კვარტლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით და მოცემული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შემდგენი პირის, მოწმის სახით დაკითხული მიხეილ ბირკაძის ჩვენებით დადგენილია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში შენობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო,შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შენარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ, პირველი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით დადგენილი სამუშაოების ღირებულების, გარდა დამატებით შეადგინა 26 541,90 ლარი. მანვე აჩვენა, რომ შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე საჭიროა მოეწყოს რკინა-ბეტონის ფილა და შენობას გარე პერიმეტრზე +5,30 მ. ნიშნულზე გაკეთდეს ფოლადის სარტყელი. მოწმემ დაადასტურა პროექტში მოცემული რკ/ბეტონის ფილის და ფოლადის სარტყელის მოწყობისათვის საჭირო მასალების სპეციფიკაციის და შესაბამისი ნახაზების სისწორე, რომ მათ მიერ შედგენილი 2017 წლის და 2018 წლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი კი არ ემთხვევა ან ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს, რამეთუ პირველი მათგანი ასახავს შენობის შიდა მოპირკეთების რეაბილიტაცია-გამაგრების და საძირკვლის ფუძე გრუნტების გამაგრების სამუშაოებს, ხოლო 2018 წლის დოკუმენტაცია- შენობის შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის და გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის სამუშაოებს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად და საველე საკვლევაძიებო მასალების საფუძველზე.
2018 წლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტთან დაკავშირებით სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოტივაციას იმის შესახებ რომ იგი არასწორია, რომ ზოგ ნაწილში ემთხვევა ამავე საქმეზე 2017 წელში გაცემულ სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს და სხვ. რადგან აღნიშნულის სამტკიცებლად მხარეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, წარმოადგინა დამატებითი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი და მისივე შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხა აღნიშნული დოკუმენტის შემდგენი პირი. აღნიშნულის უარსაყოფად მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ , საქმე Nას-1206-1166-2016).
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა სუბიექტი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურტებულად მიიჩნევს ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების არსებობას. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული ბზარების გახსნილობა პროგრესირებს, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე განვითარებული დაზიანებები მე-3 ხარისხისაა, ბზარების გახსნილობის მიხედვით შენობის შემდგომი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველია და აუცილებელია საცხოვრებელ სახლზე ჩატარდეს აღდგენა- გაძლერებითი სამუშაოები, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნა. ს.ფ.17-22).
დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია შპს "ჩ----------------------------------------ფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებული აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება.
დადგენილია, რომ ზ---------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ღირებულებამ - 2017 წლის პირველი კვარტლის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც მოიცავს შენობის შიდამოპირკეთების, რეაბილიტაცია-გამაგრების და საძირკვლის ფუძე-გრუნტების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს, შეადგინა 16 207.52 ლარი, ხოლო 2018 წლის მეორე კვარტლის (დამატებითი) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე შენობის მთელ შიდა ფართზე და გარე პერიმეტრზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის და შენობის გარე პერიმეტრზე ფოლადის სარტყელის მოწყობის ღირებულებამ შეადგინა 26 541,90 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 42 749.42 ლარს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ზიანის ფაქტი და შპს "ჩ----------------------------------------ფის" ბრალი მიყენებულ ზიანში. მოპასუხემ მართალია ნაწილობრივ ცნო სარჩელი მაგრამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მისი პოზიციის სისწორე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფს'' მოსარჩელე ზ---------–-–--ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი 42 748 ლარის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობლივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი, ხოლო სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე შპს ”ჩ----------------------------------------ფს" მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისათვის გადახდილი თანხა - 1000 ლარი. მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1886 ლარი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ---------–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ”ჩ----------------------------------------ფს" მოსარჩელე ზაურ გელაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხის 42 748 (ორმოცდაორი ათას შვიდასორმოცდარვა)ლარის გადახდა და საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებისათვის გაწეული 1000 (ათასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფს” მოსარჩელე ზაურ გელაშვილის, სასარგებლოდ დაეკისროს 1886 (ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე შპს "ჩ----------------------------------------ფს” მოსარჩელე ზაურ გელაშვილის, სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი)ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ზ---------–-–--ლის მოთხოვნა ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი