გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210117002234126
N2/1253-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“
წარმომადგენელი - თა-----------ი
მოპასუხეები: ქა------------ი, ვა--------------ი
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქა------------ისა და ვა--------------ისათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 18 421,26 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 12000 ლარი, სარგებელი - 6003,13 ლარი, დაზღვევის თანხა - 408 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10,13 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-20, 15.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 28 ივლისს, მოსარჩელესა და ელ-----------------–--ვს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 12000 ლარი, 24 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით სარგებლის ოდენობა შეადგენს საერთო ჯამში 60003,13 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 408 ლარს. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხება 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 5 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.
სს ,,კრ----------სა“ და ელ-----------------–--ვს შორის გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ილ-------–---თან, ბადრი სისაურთან, ვა--------------თან, ქა------------თან და ელ----------------–--ვთან, რომლითაც თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 18 500 ლარს.
სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მსესხებელთან გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს და სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი შენატანი არ განუხორციელებია და უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 02 ივნისის შემდგომ. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.
2017 წლის 21 ივნისს, მოსარჩელემ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ქა------------მა და ვა--------------მა წარადგინეს პროტესტი, 2017 წლის 12 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ქა------------ისა და ვა--------------ის მიმართ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცა ელ-----------------–--ვის, ილ-------–---ისა და ელ----------------–--ვას მიმართ. ამასთან, რესპოდენტებისათვის დაკისრებული თანხა დღეის მდგომარეობით, ამოღებული არ არის.
დღეის მდგომარეობით, მოპასუხეების ქა------------ისა და ვა--------------ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 18 421,26 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 12000 ლარი, სარგებელი - 6003,13 ლარი, დაზღვევის თანხა - 408 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10,13 ლარი.
მოსარჩელემ 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ შპს "მი----------------------------–-----------" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად შეცვლილი აქვს დასახელებაც და მოსარჩელის დასახელება არის სს "კრ----------ი", სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-20).
2.1. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა განმარტებით, მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების პირობები, არ ფლობენ ქართულ ენას, თარჯიმანი არ ესწრებოდა და რაზე მოაწერინეს ხელი მათთვის უცნობია. მოპასუხეთა მითითებით, არ ეთანხმებიან დავალიანების ოდენობას, მითუმეტეს, რომ აღნიშნული სესხი აიღო ელ-----------------–--ვმა და მანვე უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები (იხ. შესაგებელი ს.ფ. 126-133).
2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ თავდებობის ვალდებულება არ უკისრიათ, მხოლოდ მოწმის სახით მონაწილეობდნენ ხელშეკრულების დადების დროს, თარჯიმანი არ იღებდა მონაწილეობას და არავის არ განუმარტავს მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რომ მათ ეკისრებოდათ დავალიანების დაფარვა (იხ. 15.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 28 ივლისს, შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ელ-----------------–--ვს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 12000 ლარი, 24 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 2.72%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
3.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხება 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 5 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
3.1.3. სესხის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 25-52).
3.1.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
3.1.5. შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ელ-----------------–--ვს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ილ-------–---თან, ბადრი სისაურთან, ვა--------------თან, ქა------------თან და ელ----------------–--ვთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 53-62);
3.1.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 53-62);
3.1.7. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებების ქა------------ისა და ვა--------------ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 18 500 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 57-60);
3.1.8. მოვალეები უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან 2017 წლის 02 ივნისის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 64-75);
- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 63);
3.1.9. 2017 წლის 21 ივნისს, სს ,,კრ----------მა“ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსესხებლის ელ-----------------–--ვისა და თავდები პირების ილ-------–---ის, ბა---------------ს, ვა--------------ის, ქა------------ისა და ელ----------------–--ვას მიმართ.
მოპასუხეებმა ქა------------მა და ვა--------------მა წარადგინეს პროტესტი, რის გამოც, 2017 წლის 12 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, ქა------------ისა და ვა--------------ის მიმართ.
2017 წლის 25 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცა ელ-----------------–--ვის, ილ-------–---ის, ბა---------------სა და ელ----------------–--ვას მიმართ და მათ დაეკისრათ 18671.26 ლარის გადახდა. რესპოდენტებისათვის დაკისრებული თანხა დღეის მდგომარეობით, გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 81-86);
- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 87-88, 90-91);
- წერილობითი პროტესტი (ს.ფ. 89, 92);
- გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 93);
- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 97);
- წერილი სააღსრულებო ბიუროდან (ს.ფ. 101).
3.1.10. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–-----------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 98-99).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 28 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეების ქა------------ისა და ვა--------------ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 18 421,26 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 12000 ლარი, სარგებელი - 6003,13 ლარი, დაზღვევის თანხა - 408 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10,13 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების ქა------------ისა და ვა--------------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ არ უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, ვინაიდან წარმოადგენდნენ მხოლოდ მოწმეებს, რის გამოც მათთვის უცნობი იყო, რომ ხელი მოაწერეს თავდებობის ხელშეკრულებას. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით მოპასუხეთა განმარტებას, რომ ისინი არ გაცნობიან თავდებობის ხელშეკრულებებს ენის არ ცოდნის გამო, ხოლო ბანკს მათთვის თარჯიმანი არ დაუნიშნავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეების ქა------------ისა და ვა--------------ის განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, ქა------------ისა და ვა--------------ის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც თავდებების განცხადებაზე, ისე თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-896-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისს ელ-----------------–--ვმა შპს ,,მი----------------------------–-----------სგან” ისესხა 12 000 ლარი, ყოველთვიური 2,72%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 02 ივნისიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ელ-----------------–--ვის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლის და ჯარიმის თანხის დაკისრების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ქა------------მა და ვა--------------მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 18 500 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებს სრულად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 552,63 ლარისა და უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სარეგისტრაციოდ გადახდილი იქნა 100 ლარი, ხოლო ყადაღის რეგისტრაციისათვის 50 ლარი, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის - 11 ლარი, ხოლო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის - 21 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 182 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ვა--------------ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი აკაურთა, ს/კ 80.10.63.1--) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვა--------------ს ქა------------თან ერთად სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების გადახდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ქა------------სა და ვა--------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 28 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 18 421,26 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12 000 ლარი, სარგებელი - 6003,13 ლარი, დაზღვევა - 408 ლარი, ხოლო ჯარიმა - 10,13 ლარი.
3. მოპასუხეებს ქა------------სა და ვა--------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 602,63 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს ქა------------სა და ვა--------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 182 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე