გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19235-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - რე--ზ ხა--–--–--ე, ნა---ა მუ--–--ე
წარმომადგენელი - დე--- მჭ----–-–---–-
მოპასუხე - რუ------ნ კი---–-–---–ი
წარმომადგენელი - ლა----ა ზა-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ს მოსარჩელეეების რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სასარგებლოდ 3 400 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელეები რე--ზ ხა--–--–--ე და ნა---ა მუ--–--ე არიან მეუღლეები. 2017 წლის 25 სექტემბერს ნა---ა ხა--–--–--ემ მეუღლეთა საერთო ქონება - 4 000 ევრო გადაურიცხა მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ს. რუ------ნ კი---–-–---– მოსარჩელე რე--ზ ხა--–--–--ეს და მის შვილს მი---ლ ხა--–--–--ეს უნდა დახმარებოდა შვ------–ი დასაქმებაში. მოპასუხის და მისი თანამზრახველების დაპირების გამო, მოსარჩელე რე--ზ ხა--–--–--ე და მისი შვილი 2017 წლის 23 სექტემბერს ჩაფრინდნენ შვ------–ი, თუმცა აღმოჩნდნენ მოტყუებულები და მიტოვებულები, ვინაიდან მათ არავინ დახვედრიათ ადგილზე. შესაბამისად, არავინ იყო მათ დასაქმებაზე პასუხისმგებელიც. სატელეფონო კავშირის შემდეგ რუ------ნ კი---–-–---–მა მოითხოვა მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა რათა მომხდარიყო დასაქმება. სწორედ ამ მიზნით იქნა მოპასუხისთვის გადახდილი 4 000 ევრო.
მოსარჩელე რე--ზ ხა--–--–--ე და მისი შვილი - მი---ლ ხა--–--–--ე გახდნენ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის მსხვერპლი, რომელი ჯგუფის წევრსაც წარმოადგენდა ასევე მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ი და რომელმაც უსაფუძვლოდ მიითვისა მოსარჩელეთა კუთვნილი თანხა. მოპასუხე მოსარჩელეებს დაჰპირდა ფაქტობრივად შუამავლობას შვედეთის რესპუბლიკაში და სამსახურში მოწყობაში. აღნიშნული დაპირება, რომ ტყუილი აღმოჩნდა ცხადი გახდა შვ------–ი ჩასვლისთანავე, ვინაიდან მოსარჩელეს და მის შვილს იქ არავინ დახვდა. მათ მიერ იქნა გაღებული სასტუმროს კვების, ბილეთების და სხვა დამატებითი ხარჯები. რამდენიმე დღიანი უსაფუძვლო დაპირებების შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ვერ დასაქმდებოდნენ, მოსარჩელე და მისი შვილი ჩაბარდნენ შვედეთის საემიგრაციო სამსახურს, დაახლოებით რვა თვის შემდეგ კი დაბრუნდნენ საქართველოში.
მოსარჩელეებმა მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვეს თანხის გადახდა, თუმცა მისგან მიიღეს მხოლოდ 600 ევრო. მოპასუხე არ არის თანახმა დაუბრუნოს მოსარჩელეებს გადახდილი დარჩენილი თანხა 3 400 ევრო. მოსარჩელეთა ხარჯი არის უფრო მეტი ვიდრე 3 400 ევრო, ვინაიდან მათ გაიღეს შვ------–ი გაფრენის, სასტუმროში დარჩენის, კვების, გადაადგილების და სხვა აუცილებელი ხარჯები, რომელთა თაობაზეც მათ წარდგენილი აქვთ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 25 სექტემბერს მას დაუკავშირდა ვინმე ნა---ა მუ--–--ე, რომელთანაც მანამდე კონტაქტი არ ჰქონია და უთხრა, რომ მას მისი საკონტაქტო ნომერი მისცა ლე-–- კო---–---მ და მისივე თხოვნით დაურიცხა მას ანგარიშზე თანხა. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს თანხა იყო რე--ზ ხა--–--–--ის და მისი შვილის - მი---ლ ხა--–--–--ის დასაქმებისთვის. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა გადასცა თა---------–---–---–ს და ლი----------–-–---–ს. იგი არ იცნობს მოსარჩელეებს და შესაბამისად არ მიუცია მათთვის შვ------–ი დასაქმების პირობა, ვინაიდან მათ შორის არ ყოფილა ამის თაობაზე რაიმე სახის მოლაპარაკება. მისთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მი---ლ ხა--–--–--ე დასაქმდა შვ------–ი. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პრეტენზია მის მიმართ, ვინაიდან მათ შორის არ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რე--ზ ხა--–--–--ემ, სოციალურ ქსელში „facebook”-ში განთავსებული განცხადებით შეიტყო შვედეთის სამეფოში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით ის ოჯახის წევრებთან ერთად დაუკავშირდა განცხადების ავტორს და ხელშეკრულების არსებითი პირობების შესათანხმებლად ჩავიდა ქ. ქუთაისში. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ შვ------–ი ლეგალურად დასაქმების მიზნით რე--ზ ხა--–--–--ე გაემგზავრებოდა შვილთან, მი---ლ ხა--–--–--ესთან ერთად, რის სანაცვლოდაც დასაქმების მსურველ პირებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებული გასამრჯელო დასაქმების უზრუნველყოფისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.2. 2017 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელე რე--ზ ხა--–--–--ემ, მი---ლ ხა--–--–--ესთან ერთად გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და ჩავიდა შვედეთის სამეფოში იქ შემდგომი დასაქმების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
- პასპორტის ასლები (ს.ფ.19-21).
3.1.3. რე--ზ ხა--–--–--ისა და მი---ლ ხა--–--–--ის შვედეთის სამეფოში ჩასვლის შემდგომ, დასაქმებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს ნაწილი 4000 ევროს ოდენობით რე--ზ ხა--–--–--ის მეუღლემ, ნა---ა მუ--–--ემ ჩარიცხა მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ის ანგარიშზე. თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2017 წლის 25 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.17);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.18).
3.1.4. რე--ზ ხა--–--–--ე და ვერც მისი შვილი მი---ლ ხა--–--–--ე ვერ დასაქმდნენ შვედეთის სამეფოში. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ის მიერ მოსარჩელეებისთვის დაბრუნებულია 2017 წლის 25 სექტემბერს ნა---ა მუ--–--ის მიერ ჩარიცხული 4 000 ევროდან 600 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთერთშეჯერების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რუ------ნ კი---–-–---–ი არის ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომლის საქმიანობის შედეგად მოსარჩელეებს შეექმნათ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ცრუ მოლოდინი.
მითითებულ დადგენილ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტება ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ამასთან როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის განმარტება თანაბარი იურიდული ძალის მქონეა და თანაბრად უნდა შეფასდეს სარწმუნოობის თვალსაზრისით. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას კი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სხვა მტკიცებულებებზე დარყდნობით უნდა დადგინდეს.
განსახილველ შემთხვევაში, რუ------ნ კი---–-–---–ის მოპასუხედ დასახელების საფუძველი გახდა დასაქმებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს მის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი. ასევე დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობის შემდგომ მოსარჩელეების რუ------ნ კი---–-–---–თან მუდმივი კომუნიკაცია, რასაც არც მოპასუხე უარყოფს. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა შეუქმნეს მოსარჩელეებს იმის რწმენა, რომ რუ------ნ კი---–-–---–ი შედეგზე პასუხისმგებელი პირია. თავის მხრივ, რუ------ნ კი---–-–---–ი მიუთითებს, რომ მან მხოლოდ ე.წ. „გამტარის“ როლი შეასრულა. კერძოდ მისივე განმარტებით, შვ------–ი დასაქმების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბანკთან არსებული პრობლემების გამო არ სურდა მოსარჩელეებისაგან თანხის მიღება თავის საბანკო ანგარიშის გამოყენებით და ამიტომ სთხოვა მოპასუხეს მისი ანგარიშის გამოყენება, რაზეც იგი დასთანხმდა. რუ------ნ კი---–-–---–ი ასევე განმარტავს, რომ მიღებული თანხები გადაურიცხა სხვა პირებს, მათ შორის, ნო-----------–იას (ს.ფ. 86-87). ასევე ის აპელირებს წარმოდგენილ მიმოწერაზე (ს.ფ.79-85) და სატელეფონო ჩანაწერზე (ს.ფ.90).
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თანმიმდევრულად იმსჯელოს მოპასუხის ყველა არგუმენტზე. უპირველს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შედეგად უდავოდ დასტურდება, რომ რუ------ნ კი---–-–---–მა მიიღო გარკვეული გასამრჯელო დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე პირებისათვის გაწეული დახმარებისათვის. შესაძლებელია მისი მონაწილეობა მხოლოდ თანხის ანგარიშზე მიღებითა და სხვებისათვის გადაცემით შემოიფარგლა, მაგრამ სასამართლოს შეფასებით თუნდაც ეს გარემოებაც საკმარისია იმისათვის, რომ რუ------ნ კი---–-–---–ი საზღვარგარეთ დასაქმების ორგანიზატორთა ჯგუფის წევრად მივიჩნიოთ, ვინაიდან მას გააჩნდა კონკრეტული მოქმედებების შესრულების ვალდებულება. მეტიც, მოწმეთა დაკითხვის შედეგად უდავოა, რომ რუ------ნ კი---–-–---–ი სწორედ ის პირია, რომლის მეშვეობით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს და ჩამოაყალიბეს საზღვარგარეთ დასაქმების ზოგადი კონცეფცია. საგულისხმოა, ისიც, რომ დასაქმების ჩაშლის შემდეგ, რუ------ნ კი---–-–---–ი პირადად ზრუნავდა საზღვარგარეთ გამგზავრებული პირების უკან დაბრუნებაზე და რამდენიმეს თავად დაუბრუნა კიდევაც გასამრჯელოს სახით მიღებული თანხები, რაც ასევე დამატებით არგუმენტია მისი პასუხისმგებელ პირად მიჩნევისათვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს რეგრესულ მოთხოვნას დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ რუ------ნ კი---–-–---–ისათვის თანხის ჩარიცხვით და მოპასუხის მიერ ამ თანხების მიღებით, მოსარჩელეებს შეექმნათ ობიექტური მოლოდინი იმისა, რომ მას ხელეწიფებოდა მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგის დადგომა.
რუ------ნ კი---–-–---–ის მიერ წარმოდგენილ მიმოწერასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტავს, რომ იგი არ არის სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლო მას ვერ მიანიჭებს მტკიცებულების ძალას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მტკიცებულების მოპოვება ხომ არ ეწინააღმდეგება რაიმე კანონს. მტკიცებულების სახით მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია მისი საუბარი მესამე პირებთან - ლე-–- კო---–---სთან და თა---------–---–---–თან. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სატელეფონო საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ განმარტებას: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მე-20 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია სამართლებრივი სიკეთე - კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.
იმის მიხედვით, თუ პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. ინტიმური სფერო აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. სხვა შემთხვევის ამსახველი კერძო საუბრებისას კი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე უფრო მაღლა დგას. შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან ,,თვითდახმარებასთან მიახლოვებულ’’ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულებების შექმნა დასაშვებია. თუმცა აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (იხ. სუსგ საქმე №ას-155-1101-2014).
რაც შეეხება დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლოს მოსაზრებით მოწმეთა ჩვენებები არათუ გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ დასაქმებაში მონაწილე პირები მოქმედებდნენ მოპასუხესთან ერთად საერთო შეთანხმების საფუძველზე. წარმოდგენილი ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხე და დაკითხულ მოწმეთა უმეტესობა, ერთობლივად ახორციელებდნენ უცხო ქვეყანაში გამგზავრებისა და დასაქმებისათვის ორგანიზაციულ საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ.86-87);
- მიმოწერა (ს.ფ.79-85);
- სატელეფონო ჩანაწერი (ს.ფ.90);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.2. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის შვედეთის სახელმწიფოში დასაქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ პირობა, რომლითაც ერთი პირი იღებს ვალდებულებას მეორე პირი დაასაქმოს უცხო სახელმწიფოში ვერ განიხილება ნებაზე დაფუძნებულ პირობად, ვინაიდან პირობის შესრულება და შედეგის დადგომის უზრუნველყოფა არ გამომდინარეობს კონტრაგენტი მხარის შესაძლებლობიდან. შესაბამისად, აღნიშნული პირობა იმთავითვე წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო პირობას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ სხვა პირებთან ერთობლიობაში მოქმედებით შექმნა მოსარჩელისთვის შედეგის დადგომის ცრუ მოლოდინი, აღნიშნული შეთანხმება კი თავისი მართლსაწინააღმდეგო პირობიდან გამომდინარე იმთავითვე მოიცავდა მოსარჩელეთათის ზიანის მიყენების განზრახვას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობაა ბრალი, რომელიც გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, და თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმებას და უცხო სახელმწიფოში დასაქმების პირობას სასამართლო აფასებს სწორედ მართლსაწინააღმდეგო პირობად, ამასთან, იკვეთება მოპასუხის ბრალეული ქმედება გამოხატული განზრახვის ფორმით, ვინაიდან, მისთვის იმთავითვე, მოლაპარაკებების დროსაც და თანხის მიღებისთანავე, ცნობილი ოყო რომ მას არ შეეძლო უზრუნველყო მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგის დადგომა - შვ------–ი დასაქმება. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს შეფასებით მიუთითებს გენერალური დელიქტური პაუსიხმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობაზე, რის საფუძველზეც, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 290.91 ლარი (ს.ფ.36). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მას უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლისთვის აღნიშნული ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ.35) და მათ შორის დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ.31-34). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 388.29 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სარჩელი რუ------ნ კი---–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
1.1. რუ------ნ კი---–-–---–ს მოსარჩელეების რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 400 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;
2. მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ს მოსარჩელეების რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 290.91 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე რუ------ნ კი---–-–---–ს მოსარჩელეების რე--ზ ხა--–--–--ის და ნა---ა მუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 388.29 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია