გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002382605
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17853-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - თ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–--–-------ძე

მოპასუხე - რ------------------–აძე

მოპასუხეების წარმომადგენელი - თ-----------------ია

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხე რ------------------–აძის უკანონო მფლობელობიდან თ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩიხი გ---------, №1/11, №3, №4, №5 (ნაკვეთი №39/41), ს/კ 0---------------------- და თ---------------–---–ს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 29 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი 14:36:22).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე თ---------------–---–მა 2006 წელს შეიძინა 24 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩიხი გ---------, №1/11, №3, №4, №5 (ნაკვეთი №39/41), ს/კ 0----------------------. 2008 წელს კი აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაარეგისტრირა საჯარო რესტრში. 2008 წელს ქონება 50 ლარად მიაქირავა მოპასუხე რ------------------–აძეს და მფლობელობაში გადასცა უძრავი ქონება, თუმცა მოპასუხეს არცერთი თვის ქირა არ გადაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა და უძრავი ქონების გამოთავისუფლება, მაგრამ რ------------------–აძე არც ქირას იხდის და არც საკუთრებას ათავისუფლებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. რ------------------–აძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2001 წლის 23 თებერვალს სადავო ფართის იმდროინდელი მესაკუთრის, ვ---------------–---–ის შვილიშვილმა, ზ---------------–--ემ, რომელიც არის მოპასუხის შვილი და მოსარჩელის ყოფილი მეუღლე, ვ----------------–---–-სგან ისესხა 1000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოდის სანაცვლოდ საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, გ. ა------ს ჩიხი, №5-ში მდებარე 24 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცა ვ----------------–---–ს, მაგრამ ნოტარიულად შეცდომით გაფორმდა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად. ხელშეკრულების თანახმად სესხის გადახდისთანავე უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების მესაკუთრისთვის დაბრუნება. 2006 წლის 13 მარტამდე დაბრუნებული იქნა სესხი ვ---------------–---–ისთვის, რის შემდგომაც ვ----------------–---–- ვალდებული იყო ბინა დაებრუნებინა ვ---------------–---–ისთვის, რაც ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. თავად მოპასუხე რ------------------–აძესაც პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის, არ იმყოფებოდა საქართველოში და ვერ ახერხებდა ქვეყანაში დაბრუნებას. ოჯახის ზრდასრული წევრებიდან საქართველოში ფაქტობრივად იმყოფებოდა მოპასუხის შვილის ფაქტობრივი მეუღლე და შვილიშვილის დედა თ---------------–---–ი, რომელსაც მოპასუხემ შესთავაზა დროებით გადაეფორმებინა ბინა ვა------–---–--გან და რ------------------–აძის დაბრუნების შემდგომ ის გადაიფორმებდა. სწორედ ამ გარემოებებში მოხდა 2006 წლის 13 მარტს ვ----------------–---–ს და თ---------------–---–ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. რ------------------–აძის საქართველოში დაბრუნების შემდგომ თ---------------–---–მა უარი განაცხადა უძრავი ქონების მისთვის გადაფორმებაზე.

 

2011 წელს რ------------------–აძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 23 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. ასევე მოითხოვა 2006 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ 2001 წლის 23 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ხოლო 2006 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოიწვევდა აღნიშნულ გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობდა უძრავი ქონების მესაკუთრედ ვახტანგ ვა------–---–-- აღიარებას და შესაბამისად აღნიშნული მდგომარეობა ვერ დააკმაყოფილებდა რ------------------–აძის იურიდიულ ინტერესს - ვ---------------–---–ის საკუთრების უფლების აღდგენას. მითითებული დავის დასრულების შემდეგ თ---------------–---–მა არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა მორიგების და ფართის გაყოფის თაობაზე, მაგრამ რეალურად აღნიშნული დღმდე არ განუხორციელებია. მართალია ქირავნობის ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა თ---------------–---–თან, მაგრამ ეს საბუთი მოსარჩელეს სჭირდებოდა გარკვეულ უწყებებში წარსადგენად, რათა ეჩვენებინა, რომ გააჩნდა შემოსავალი. რეალურად მას ქირა არასოდეს მოუთხოვია და არც მოპასუხეს გადაუხდია.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 37-47, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმი 14:40:22).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ---------------–---–ის საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე - - ქ. თბილისი, ჩიხი გ---------, №1/11, №3, №4, №5 (ნაკვეთი №39/41), ს/კ 0----------------------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 2013.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი 39/40; 01.18.03.0--.0--, შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9. ფართი 24.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება საქმე №2/8----14, დამოწმების თარიღი: 29/03/2016, თბილისის საქალაქო სასამართლო; ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2006 წლის 13 მარტს, დამოწმებული ნოტარიუსის მ. ჩოფიკაშვილის მიერ რეესტრით №1-671.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).

-ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ვ----------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე თ---------------–---–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 110-120).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელე თ---------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მათ შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხეს თანხა არცერთხელ არ გადაუხდია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე,183-ე, 312-ე, 558-3, 561-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

მოწმე თ------–-------–--ე - განმარტავს, რომ არის მოსარჩელე თ---------------–---–ის და. 2011 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში დასთან ერთად. მანამდე ცხოვრობდა ცალკე. თ---------------–---–მა დაახლოებით 2006 წელს 10000 ლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რისთვისაც თ------–-------–--ემ დას ასესხა 1500 აშშ დოლარი. შესაბამისად, დაწვრილებით იცის საქმის ვითარება. როდესაც თ---------------–---–მა შეიძინა სადავო ბინა, მოპასუხე რ------------------–აძეს ჰქონდა მძაფრი რეაქცია და მას შემდეგ მხარეებს შორის არის დაძაბული ვითარება. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მოპასუხე მივიდა მოსარჩელესთან და სთხოვა, რომ ბინაში შეეშვა ქირით, რისი წინააღმდეგიც იყო მოწმე, რადგან მიაჩნდა, რომ რ------------------–აძე ამ ფაქტს სათავისოდ გამოიყენებდა და სასამართლოს მიმართავდა, თუმცა თ---------------–---–მა დას არ დაუჯერა და დედამთილი შეუშვა თავის საცხოვრებელ ბინაში ქირით. რ------------------–აძემ საკუთარი ნივთები შეიტანა ბინაში, შემდგომ კარი დაკეტა და თავად რუსეთში გაემგზავრა. სადავო ბინას ძალიან ბევრი პრობლემა უკავშირდებოდა, ამხანაგობის თავჯდომარეს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში, აღნიშნული დავისთვის თანხა როგორც ამხანაგობის წევრმა თ---------------–---–მაც გადაიხადა. მან ასევე გაიღო ხარჯი ბინაში რემონტის ჩასატარებლად. ყვოველგვარი ხარჯი, რაც სადავო ბინასთან იყო დაკავშირებული გაიღო თ---------------–---–მა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია ყველა მეზობელი. რ------------------–აძე მხოლოდ ქონებას იყო დაპატრონებული ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

მოწმე ი-------–------–ი - განმარტავს, რომ დაბადებიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, გ. ა------ს ჩიხი N5-ში და არის მოპასუხე რ------------------–აძის კარის მეზობელი. სადავო ბინა ეკუთვნოდა მოპასუხის მამას. რ------------------–აძე დაიბადა სადავო ბინაში.მოსარჩელე თ---------------–---–ი გაიცნო დაახლოებით 2007 წელს, როდესაც ამხანაგობის თავჯდომარეს სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, მაშინ გაიცნო, როგორც ბინის მესაკუთრე და ძალიან გაუკვირდა. სასამართლოში მიმდინარეობდა საუბარი ბინის გადაფორმების შესახებ და იქ მიიღო ინფორმაცია. მისთვის ცნობილია, რომ რ------------------–აძემ გადმოაგზავნა საზღვარგარეთიდან მინდობილობა და მინდობილმა პირმა ბინა გადაუფორმა თ---------------–---–ს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მათ შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ქირის თანხა მოპასუხეს არცერთხელ არ გადაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის მიხედვით, რომლის თანახმად გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. ამავე კოდექსის, კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით კი პატივსადებია მიზეზია თუ გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რადგან მას ამ კუთხით რაიმე არსებითი შედავება არ წარუდგენია, მიუთითა მხოლოდ ის, რომ მხარეთა შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ქირის გადახდას არ ითვალისწინებდა, აღნიშნული ხელშეკრულება მოსარჩელეს მხოლოდ შემოსავლის არსებობის დასტურად სჭირდებოდა. ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებას ფლობს არაკეთილსინდისიერად, ნდობის ბოროტად გამოყენებით. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ------------------–აძის სარჩელი მოპასუხე თ---------------–---–ის, ვ----------------–---–-ს და ამხანაგობა ,,ა------ს ჩიხის’’ წევრების მიმართ, რომლითაც ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2006 წლის 13 მარტს ვ----------------–---–სა და თ---------------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ------------------–აძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა ვ----------------–---–-ს სარჩელი თ---------------–---–ის წინააღმდეგ 2006 წლის 3 მარტს თ---------------–---–სა და ვ----------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე ვ----------------–---–-ს კანონიერი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ დღეის მდგომარეობით უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის აღარ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის თანახმად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად დამქირავებლის მხრიდან ქირავნობის საგნის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა გამქირავებლისათვის არ მომხდარა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს, რაც უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით, ვინაიდან გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ საქმეზე შეადგენს - 60 ლარს, შესაბამისად, თ---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულება და ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურებისთვის გათვალისწინებულია - 1000 ლარის გადახდა. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

 

განსახილველი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა/ხელშეშლის აღკვეთაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს - 160 ლარს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, რ------------------–აძეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ 160 ლარის ანაზღაურება, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხე რ------------------–აძის უკანონო მფლობელობიდან თ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩიხი გ---------, №1/11, №3, №4, №5 (ნაკვეთი №39/41), ს/კ 0---------------------- და თ---------------–---–ს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

2. მოპასუხე რ------------------–აძეს დაეკისროს - 60 (სამოცი) ლარის გადახდა თ---------------–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. მოპასუხე რ------------------–აძეს დაეკისროს მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ -160 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

4. მოსარჩელე თ---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი-----–--–-------ძის (0----------) მიერ სს ,,თიბისი ბანკში'' 2018 წლის 23 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან - ზედემტად გადახდილი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №0);

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე