გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210117002201017
№2/1170-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თი----------”
წარმომადგენელი - სა-–-------–----–---–ი
მოპასუხეები: ფა-----------------ი, ნა-----------ი (არ გამოცხადნენ)
წარმომადგენელი - ნა----–-------------ე
მოპასუხეები: ნა---------------ი, ვი-----------------–---ი (არ გამოცხადნენ)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ფა-----------------ის, ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ 17 029,98 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 000 ლარი, პროცენტი - 1536,14 ლარი, ჯარიმა - 2461,43 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 32,41 ლარი.
1.2. მოპასუხეების ფა-----------------ის, ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ დავალიანების ძირ თანხაზე - 13 000 ლარზე, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 03 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19%-ის სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად 205,83 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხეების ფა-----------------ის, ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ დავალიანების ძირ თანხაზე - 13 000 ლარზე, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 03 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 130 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა;
1.4. დაკისრებული თანხიდან თავდები პირების ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეული თავდებისათვის ცალ-ცალკე განისაზღვროს 21000 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 18 ნოემბერს, სს ,,თი----------ა“ და ფა-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ.
2015 წლის 18 ნოემბერს, სს ,,თი----------ა” და ფა-----------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ნა---------------თან, ნა-----------თან და ვი-----------------–---თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 21000 ლარით.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა 2017 წლის მაისის თვეში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მოპასუხეთა დავალიანება სს ,,თი----------ს” მიმართ შეადგენს 17 029,98 ლარს საიდანაც ძირითადი თანხაა 13 000 ლარი, პროცენტი - 1536,14 ლარი, ჯარიმა - 2461,43 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 32,41 ლარი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნა-----------ის პოზიცია
მოპასუხე ნა-----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან არ იცის ქართული ენა, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულების შინაარსი ვერ გაიგო და არც უთარგმნიათ მისთვის გასაგებ ენაზე. მოპასუხის მითითებით, მას რომ სცოდნოდა ხელშეკრულების ასეთი კაბალური პირობების შესახებ, იგი ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 112-121).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნა-----------ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მხარი დაუჭირა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ პოზიციას (იხ. 17.05.2018 წლის და 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმები).
2.2. მოპასუხე ფა-----------------ის პოზიცია
მოპასუხე ფა-----------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი ს.ფ. 190-198).
2018 წლის 17 მაისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ფა-----------------ის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის 13000 ლარის დაკისრების ნაწილში. მანვე განმარტა, რომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, რადგან არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა დაეკისროს მისი გადახდა (იხ. 17.05.2018 წლის და 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმები).
2.3. მოპასუხეების ნა---------------ისა და ვი-----------------–---ის პოზიცია
მოპასუხეებს ნა---------------სა და ვი-----------------–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ისინი ასევე არ გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომაზე, შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია მათი პოზიცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 თებერვალს, სს ,,თი----------ა“ და ფა-----------------ს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 18 ნოემბერს, სს ,,თი----------ა“ და ფა-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 თებერვლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0119,3220525,001 (ს.ფ. 19-27);
- 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 31-34);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 35-36).
3.1.2. 2015 წლის 18 ნოემბერს, სს ,,თი----------ა” და ფა-----------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ნა---------------თან, ნა-----------თან და ვი-----------------–---თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 21000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებების განცხადებები და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 37-51);
3.1.3. 2017 წლის მაისის თვიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რის გამოც წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 52-53);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54).
3.1.4. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 239-246).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეების ფა-----------------ის, ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 17 029,98 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 000 ლარი, პროცენტი - 1536,14 ლარი, ჯარიმა - 2461,43 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 32,41 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნა-----------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, ვინაიდან, იგი არ გაცნობია თავდებობის ხელშეკრულებას ენის არ ცოდნის გამო, ხოლო ბანკს მისთვის თარჯიმანი არ დაუნიშნავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხე ნა-----------ის განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, ნა-----------ის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც თავდების განცხადებაზე, ისე თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხის მიერ შესრულებულია ხელმოწერა, ხოლო ხელმოწერის ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,თი----------ს” სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,თი----------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ სს ,,თი----------ა” და ფა-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 000 ლარის ოდენობით, მხარეთა მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი წლიური - 19%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია და მოპასუხეებიც სადავოდ არ ხდიან ვალდებულების დარღვევის ფაქტს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ სესხის ძირითადი თანხის 13 000 ლარის დავალება, პროცენტი - 1536,14 ლარი, ხოლო დაზღვევის თანხა - 32,41 ლარი. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეთათვის სესხის ძირ თანხაზე წლიური 19% სარგებლის დაკისრებას, დავალიანების ცნობის გაცემიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან, საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ 2017 წლის 03 ნოემბერს გასცა ცნობა დავალიანების შესახებ, ხოლო იმავე წლის 05 დეკემბერს სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ვადის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევისა და დარიცხული სარგებლის 1536,14 ლარის, ასევე სესხის ძირი თანხის წლიური 19%, დავალიანების ცნობის გაცემიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.
6.2. მხარეთა შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარჩელე მოითხოვს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს 2461,43 ლარის და ასევე დავალიანების ძირ თანხაზე - 13 000 ლარზე, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 03 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1%-ის გადახდის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 130 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მოთხოვნილი თანხის 40%-მდე და ნაცვლად 2461,43 ლარისა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 984,57 ლარის გადახდა, ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლო ყოველდღიური 1%, უნდა შემცირდეს ათჯერ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 13000 ლარის 0,1%-ის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ სს ,,თი----------ა” და ფა-----------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 18 ნოემბერს, ნა---------------თან, ნა-----------თან და ვი-----------------–---თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 21000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 21000 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ფა-----------------მა ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე მისთვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში (13000 ლარის ნაწილში, რომელიც შეადგენს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 50%-ს). შესაბამისად, ამ ნაწილში ის თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თი----------ს” მიერ სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 823,20 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე 50 ლარი. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სულ დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 94% (25963/27439,98). შესაბამისად, იმ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, არ ექვემდებარება ანაზღაურებას და დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 773,80 ლარს (823,20 ლარის 94%). ამასთან, ვინაიდან, მოპასუხე ფა-----------------მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, რაც შეადგენს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 50%-ს, ამ ნაწილში იგი უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 823,80 (773,80+50) ლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხე ფა-----------------ის სოლიდარული ვალდებულების ზღვრულ თანხად უნდა განისაზღვროს 386,90 ლარი (773,80 ლარის 50%).
7.2. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 500 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი იქნა 20 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნა---------------ს (პ/ნ 120010086--) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: გა---------------------------–-----------ა, ს/კ 81.19.01.1--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე მოპასუხე ვი-----------------–---ს (პ/ნ 120010804--) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: გა---------------------------–-----------ა, მე-3 ქუჩა N44, ს/კ 81.19.03.1--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ნა---------------სა და ვი-----------------–---ს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,თი----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა:
2.1. სესხის ძირითადი თანხა - 13 000 ლარი;
2.2. დარიცხული სარგებელი - 1536,14 ლარი,;
2.3. პირგასამტეხლო - 984,57 ლარი;
2.4. დაზღვევა - 32,41 ლარი.
3. მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 13000 ლარზე წლიური 19%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 205,83 ლარს, 2017 წლის 03 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
4. მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 13000 ლარზე 0,1%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13 ლარს, 2017 წლის 03 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.
5. დაკისრებული თანხიდან თავდები პირების - ნა---------------ის, ნა-----------ისა და ვი-----------------–---ის სოლიდარული პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად ცალ-ცალკე განისაზღვროს 21000 ლარი.
6. მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ დაეკისროთ 823,80 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, საიდანაც მოპასუხე ფა-----------------ის სოლიდარული ვალდებულების ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 386,90 ლარი.
7. მოპასუხეებს ფა-----------------ს, ნა---------------ს, ნა-----------სა და ვი-----------------–---ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ და 500 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ია ლაბაძე