გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310016001500550
№3/1805-2016
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - რ------------ე (დასწრების გარეშე)
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ----------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო აქტებს და აღნიშნავს, რომ ავტომობილი, რომელიც გადამოწმებული იქნა საგადასახადო თანამშრომლების მიერ წარმოადგენდა შპს ,,ნაბეღლავის’’ დისტრიბუციის მანქანას, რომელთაგან მოსარჩელემ შეიძინა 50 ლიტრი წყალი, აღნიშნული სჭირდებოდა პირადი საჭიროებისათვის და არა სარეალიზაციოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ივლისს (07:00:00 საათი) გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები Nელ 0247425107, რომლის თანახმად, გამყიდველია კ-----------–-–---–ი; მყიდველი - რ------------ე; საქონლის დასახელება - ნაბეღლავი პეტი 1ლტ; ნაბეღლავი პეტი 0,5ლტ. და წყაროს წყალი ბახმარო პეტი 10 ლტ; სატრანსპორტო საშუალების სახ. ნომერი - II 758 LL; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ჩოხატაური, სოფელი ფარცხმა; ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ლანჩხუთი; მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა - 67.85 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადები (იხ. ს.ფ. 46).
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N172897 ოქმი.
აღნიშნული ოქმის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისს 10:57 წუთზე საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ წ----------–აში გადამოწმდა ავტომობილი II 758 LL, რა დროსაც დადგინდა, რომ რ------------ე (პ/ნ 26001033472) ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადოს გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რითაც დაირღვა სსკ-ის 66-ე მუხლი, რაც იწვევს დაჯარიმებას სკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმის სახით 500 ლარის ოდენობით.
2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისს 10:57 სთ-ზე. ოზურგეთის რაიონის სოფელ წ----------–აში, მონიტორინგის სამმართველოს განყოფილების ოფიცრის მიერ, მონიტორინგის მიზნით სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL, რომლითაც ხორციელდებოდა ი.მ კ-----------–-–---–ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი (მინერალური წყლების) ტრანსპორტირება, საიდანაც ტრანსპორტირების ტიპის საქონლის ზედანადებით N0247425107 საქონელი მიეწოდა ფ/პ რ------------ეს (პ/ნ 26001033472). დისტრიბუტორის სიტყვიერი განმარტებით ფ.პ რ------------ეს აქვს სავაჭრო ობიექტი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის გადამოწმებით დადგინდა, რომ რ------------ის სახელზე გამოწერილი იყო სულ 5 ერთეული სასაქონლო ზედნადები ჯამური ღირებულებით 192.5 ლარის საქონელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რევაზე კვაჭაძის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N 172897 და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 273-ე მუხლით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 5 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმი (იხ. ს.ფ. 12).
- 2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. 41-42);
3.1.3. 2016 წლის 28 ივლისის N96823-21-12 წერილის თანახმად დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით რ------------ე, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად 2016 წლის 6 ივლისს. ამავე წერილის თანახმად, შემდგენი ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 5 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამოწმებისას დადგინა, რომ ფ.პ. რ------------ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ასევე, ფ.პ. რ------------ის მიმართ ფიქსირდება მსგავსი ტიპის საქონელზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერის სხვა ფაქტებიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 28 ივლისის N96823-21-12 წერილი (იხ. ს.ფ. 43-44);
3.1.4. დადგენილია, რომ რ------------ემ 2016 წლის 5 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 აგვისტოს N22734 ბრძანებით - ფ/პ რ------------ე (პ/ნ 26001033472) 2016 წლის 19 ივლისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2016 წლის 05 ივლისს, დილის საათებში, გააჩერეს ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეკითხვაზე, მძღოლი ფრიდონ ქათამაძემ განაცხადა, რომ პირველად მიაქვს ტვირთი ამ მისამართზე და არ იცის რა მიზნით არის ნაყიდი. ამავე ავტომანქანაში მყოფი სხვა პიროვნება, სატელეფონო საუბრით არკვევს (სხვა პირთან, რომლის სახელი და გვარი დაუდგენელია), რომ რევაზ კვაჭაძეს აქვს მაღაზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 13-14).
- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება (იხ. ს.ფ. 15-16).
- CD დისკზე წარმოდგენილი ვიდე-მასალა;
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 7 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება, რის საფუძველზეც, რ------------ის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N054-854 შეტყობინება (იხ. ს.ფ. 17).
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება რევაზ კვაჭიძეს ჩაბარდა პირადად 2016 წლის 14 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოსტო გზავნილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-1635-1589(კ-08)).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ რ------------ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთან მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა იმ საფუძვლით, რომ მან დაარღვია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი (273-ე მუხლი).
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ რ------------ის მიერ შეძენილი საქონელი - წყალი განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის და არა პირადი საჭიროებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც რ------------ე ითხოვს 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობას უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანება; ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებს“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისის N172897 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება და 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კონკრეტული პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც სამართალდარღვევა, უპირველესად უნდა დადგინდეს ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელება და შემდგომ მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 5 ივლისს, რ------------ის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N172897. ოქმში აღინიშნა, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 5 ივლისს გადამოწმდა ა/მანქანა სახ. ნომრით II 758 LL, რა დროსაც დადგინდა, რომ რ------------ე ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც სანქცირებადია სსკ-ს 273-ე მუხლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.
საგადასახადო კანონმდებლობა განმარტავს ეკონომიკური საქმიანობის ცნებას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.
როგორც უკვე აღინიშნა, საგადასახადო კოდექსით პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო ასევე, მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებს“ აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;
სადავო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით II 758 LL. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა, დარღვევის გამოვლენის მიზნით, საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია: 1. სასაქონლო ზედნადები - 0247425107, რომელიც გაწერილია რ------------ის სახელზე, საქონლის დასახელება: ნაბეღლავი პეტი 1ლტ; ნაბეღლავი პეტი 0,5ლტ და წყაროს წყალი ბახმარო პეტი 10 ლტ. 2. სატელეფონო საუბრით (არაიდენტიფიცირებულ პიროვნებისგან) მიღებული ინფორმაცია და 3. ელექტრონულად გადამოწმებული ზედნადებში მითითებული საქონლის საერთო ღირებულება 67,85 ლარის ოდენობით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ რ------------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დაფიქსირების (აღმოჩენის) გზით, არამედ გამოვლინდა ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადები, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებული იყო მოსარჩელე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციის შემდეგ მოსარჩელე ახორციელებდა თუ არა აღნიშნული საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას თუ შეძენის მიზანს წარმოადგენდა პირადი საჭიროება. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადგენა-გამოკვლევის გარეშე მიიჩნიეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს რ------------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს. მრავალი სასაქონლო ზედნადების გამოწერაც კი არ ადასტურებს შემსყიდველი პირის მიერ შემდგომში მის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებას, ხოლო მხოლოდ მესამე პირის განმარტება აღნიშნულზე არ უნდა დაედოს საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემას, რომელიც ასახვას ჰპოვებს კონკრეტული პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე. საგულისხმოა, რომ სასაქონლო ზედნადებში, რომელიც გამოწერილ იქნა კახი მეგრელიშვილის მიერ, დაფიქსირებული იყო ტრანსპორტირების დასრულების მისამართიც, კერძოდ: ლანჩხუთი. კონტროლის განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანოს შეეძლო გადაემოწმებინა აღნიშნულ მისამართზე რ------------ე ახორციელებდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და კონკრეტული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ჩაეთვალა სამართალდარღვევა გამოვლენილად და შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენა გამყარებული იქნებოდა სათანადოდ მოპოვებული მტკიცებულებებით, რაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ არ განხორციელებულა. სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მიაჩნია მხოლოდ მოსაზრებად, რომელიც არ არის გამყარებული არავითარი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე მითითებით, რომ რ------------ე 22016 წლის 6 ივლისიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად, სასამართლო ამ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქმედებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კვალიფიცირებული იყო საგადასახადო სამართალდარღვევად, ადგილი ჰქონდა 2016 წლის 05 ივლისს. შესაბამისად ის ფაქტი, რომ რ------------ე მეორე დღეს - 06 ივლისს, საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, აპრიორი არ ქმნის მის მხრიდან წინა პერიოდში რაიმე სახის უკანონობის ჩადენის პრეზუმფციას, თუ აღნიშნული მოსაზრება ფაქტების შესწავლის გარეშე და არასაკმარის მტკიცებულებებს ეყრდნობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაცია - საქონლის შესყიდვის ფაქტი და შემდგომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ საქონლის შესყიდვისა და მის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას და არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება გააქარწყლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც გააჩნია.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი; ვ) შეფარდებული სანქციის სახე ან/და ოდენობა; ზ) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ, ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, დამსწრეთა არარსებობის შემთხვევაში. ამდენად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს ნაწილს წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის შინაარსი არ წარმოადგენს მარტოოდენ გამოყენებული ნორმის დეფინიციის მითითებას სამართალდარღვევის ოქმში, არამედ იგი გულისხმობს კონკრეტული ქმედების აღწერას, რაც შეფასებულ იქნა სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში ოქმში მიეთითა ორი სახის გარემოება, კერძოდ 1) უფლებამოსილი პირებმა გადამოწმებული იქნა კონკრეტული ავტომანქანა და 2) დადგინდა, რომ რ------------ე ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. მოცემული ჩანაწერით არ დგინდება თუ რა სახის ეკონომიკურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი, როდის რა ვითარებაში განხორციელდა იგი და სხვა მახასიათებლები, რაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის არის დამახასიათებელი. მარტოოდენ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე მითითება არ გადმოსცემს სამართალდარღვევის შინაარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულ იქნა ოქმის შევსების კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმა წარმოადგენს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის Nბს-205-203 (კ-14) საქმეზე გაკეთებულ განმარტებას - ,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება, შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურა განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისათვის თუ მოგების მიღების მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, რათა გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არ მქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება-გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი და მეთოდები მმართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისათვის“.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს სადავო აქტი გამოცემული აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად ადგილი აქვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინებას ბათილად ცნობას, სასამართლო აღნიშნავს, შემდეგს:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანხმად, სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე რ------------ის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება რევაზ კვაჭიძეს ჩაბარდა პირადად - 2016 წლის 14 ივლისს, შესაბამისად სასამართლოში სარჩელის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში (ქუთაისის საქალაქო სასამართლოში) შემოტანილია 2016 წლის 12 სექტემბერს (იხ. სარჩელი), ანუ გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული აქტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალურ წესს, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ რ------------ის სარჩელი - 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში არის დაუშვებელი, რის გამოც ამ ნაწილში მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 262-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 5 ივლისის №172897 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება.
3. რ------------ის სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 შეტყობინება, შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს რ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი