განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
010100115001079321
დავის ტიპი
214 5 ა
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100115001079321

საქმე N1-1050/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------

ადვოკატები - ნ--------------–--------------------

 

ბრალდებული: თ---------------

მამის სახელი: შ--–--

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 16.06.1-----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ქ----------------------------–---------------------––---------–---------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ---------------მ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დოკუმენტის მოტყუებითი გამოყენებით და საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 25 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირმა თ---------------მ, როგორც შპს „კაფკას-ტურ.გ-- “ დირექტორმა, 2015 წლის 16 ივნისს განახორციელა ირანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის (სპორტული ფეხსაცმელები) გაფორმება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, რა დროსაც დეკლარაციაში განზრახ შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოს მის მიერ შემოტანილი იყო მხოლოდ 12 992 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, ნაცვლად 14 909 ცალი სპორტული ფეხსაცმლისა, ხოლო დანარჩენი 1 917 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის ღირებულება შეადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას - 60 193.8 ლარს, დამალა და არ მიუთითა დეკლარაციაში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოვლენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ ოფიცრების მიერ.

 

თ---------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემოსავლების სამსახურის წერილი N21-10-18/6476 და თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის N006146 ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები და თანდართული დოკუმენტები), მოწმეების - ი------------------------------------–--–------–-------------------------------------------–------ ჩვენებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ავტომანქანის და მასზე განთავსებული საქონლის დათავლიერების ოქმი და დათვალიერებული საქონელი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------- დამნაშავე უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, ჩადენილი არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამავდროულად, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობა წარმოადგენს, რომელსაც ბრალდებულის ნასამართლობა აფუძნებს. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს თ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და თვლის, რომ თ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი მინიმალური ვადით.

 

2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გასულია და ეს გარემოება გამორიცხავს ახალი დანაშაულისათვის თ---------------- მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ,,ასეთი მიდგომა უეჭველად გამოიწვევს აშკარა შეუსაბამობას სისხლის სამართალში მოქმედ პროპორციულობის პრინციპთან და ყოვლად გაუმართლებელ უსამართლობას დასჯადობაში, რადგან მსგავს შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ წესსა და კანონზომიერებაზე, არამედ - სრულიად სხვადასხვა შემთხვევით გარემოებაზე, მაგალითად: ახალი დანაშაულის საქმეზე რამდენად სწრაფად დამთავრდება გამოძიება და გადაეცემა საქმე სასამართლოს განსახილველად; თავის მხრივ, სასამართლო რამდენად დროულად დაიწყებს საქმის არსებით განხილვას, გამომდინარე მისი დატვირთულობიდან; რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოში, გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ. ასეთ პირობებში კი არც ასეთი შემთხვევა იქნება გამორიცხული: გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულს, მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, როდესაც ეს ვადა, მართალია, მინიმალური იყო, მაგრამ ახალი დანაშაულის გამო მისი ბრალდების საქმეზე საპროცესო წარმოება სწრაფად დასრულდა მის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის უფრო მკაცრი წესით, ვიდრე იმ პირს, ვინც პირობით მსჯავრდებული იყო უფრო მძიმე, განზრახი დანაშაულისათვის და მისი გამოსაცდელი ვადაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო, მაგრამ ზემოაღნიშნულ შემთხვევით გარემოებებზე დამოკიდებულებით, თუკი ამ უკანასკნელის მიმართ ახალი დანაშაულის საქმეზე საპროცესო წარმოება მეტისმეტად გაჭიანურდა და ამის შედეგად გამოსაცდელი ვადა ამოიწურა განაჩენის გამოტანამდე, მაშინ შეუძლებელი გახდება მისთვის სასჯელის შეფარდება განაჩენთა ერთობლიობის წესით. სასჯელის დანიშვნის პრაქტიკაში ამგვარი არათანაბარი მიდგომა და ამით განპირობებული აშკარა უსამართლობის შესაძლებლობა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–4 ნაწილით (როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება) და ასევე საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდებისას სასჯელი უნდა დადგინდეს განაჩენთა ერთობლიობის წესით'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №419აპ-17; ასევე №349აპ-17).

 

ამდენად, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე თ---------------- მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელში - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, ჩაითვალა თ---------------- დაკავებაში ყოფნის დრო - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2013 წლის 25 დეკემბრამდე, რის გამოც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეადგენს - 2 წელს, 11 თვეს და 27 დღეს).

 

2.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს: თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა ან გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუ ეს კანონში მითითებული არალეგალური ხერხებით ხდება და აღნიშნული დიდი ოდენობით ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავ ნივთს შეეხება და საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან და ეკონომიკურ საზღვარზე მათი გადატან-გადმოტანის სპეციალური წესებია დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის საგანს განუბაჟებელი საქონელი, კერძოდ, 1917 ცალი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგენს.

 

სასამართლო თვლის, რომ თ---------------ს საქართველოს სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და განუბაჟებელი საქონელი, კერძოდ, 1917 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 60 193.8 ლარს, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თ---------------- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით თ---------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

4. თ---------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 06 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

 

5. თ---------------ს საქართველოს სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და სატვირთო მანქანაზე არსებული განუბაჟებელი საქონელი, კერძოდ, 1917 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 60 193.8 ლარს, გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

6. მსჯავრდებული თ--------------- დაკავებისთანავე მოთავსებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, თ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ მალხაზ კ-------- (პ/ნ 61001005601), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება (ზონა - ბათუმი 05, სექტორი -36, კვარტალი 26, ნაკვეთი -190, საკადასტრო კოდი - N05.36.26.190) - 150. 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

8. ნივთმტკიცებები - სატვირთო ავტომანქანა და მასში არსებული განბაჟებული საქონელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

11. მსჯავრდებულ თ---------------- მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი