გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
010210117001962311
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001962311

2-2101/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.12.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: მ----- ფ---------ე

წარმომადგენელი: ვ--–----------------ე

მოპასუხე: ნ--- დ-------ე

წარმომადგენელი: დ--–-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ----- ფ---------ემ სარჩელი აღძრა ნ--- დ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 125 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მ----- ფ---------ე და ნ--- დ-------ეები არიან თანაკლასელები. ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 125 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ სესხად მიღებული თანხა მ----- ფ---------ეს არ დაუბრუნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ნ--- დ-------ე სარჩელს სცნობს სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ნ--- დ-------ემ მ----- ფ---------ისაგან ისესხა 125 000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- ხელწერილი. ს.ფ.19

3.1.2. სესხად მიღებული თანხა ნ--- დ-------ემ მ----- ფ---------ეს არ დაუბრუნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ მ----- ფ---------ესა და ნ--- დ-------ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ ხელწერილით დაადასტურა, რომ მ----- ფ---------ისაგან ნასესხები აქვს 125 000 აშშ დოლარი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი შეთანხმებული პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ნ--- დ-------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ნ--- დ-------ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 125 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ნ--- დ-------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სრულად სცნო. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 3000 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

7.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რისთვისაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს 50 ლარი. დასახელებული საპროცესო ხარჯი მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს.

 

7.3. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 2000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულის, მის მომზადებაში დახარჯული რესურსის, პროცესების ოდენობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ნაწილობრივად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ნ--- დ-------ის 100 %-იან წილს შპს ,,ბა---------------ეში“. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ----- ფ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნ--- დ-------ეს, მ----- ფ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 125 000 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის თანხა 50 ლარი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე