გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.09.2018
საქმის ნომერი
330310018002365767
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1819-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ხაჟომია

 

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - დ----- ა-----–--–-–---–ი

წარმომადგენელი - მ--- გ-----–-–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ-------- ფ----------ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროთ დ----- ა-----–--–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2011 წლის 20 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. კერძოდ, 2011 წლის 20 მაისს დაახლოებით 09:15 საათზე თ.ს.ლ. საავტომობილო გზის 48 კმ-ზე ცალმხრივად მოძრაობისთვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „ტოიოტა L----“ სახელმწიფო ნომრით S---201, რომელსაც მართავდა მძღოლი თ---------- მ------–---–ი. ეს უკანასკნელი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მოძრაობდა მარცხენა სავალ ზოლში, რა დროსაც უკნიდან წამოეწია ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ დაუდგენელ სატვირთო ავტომობილს, რომელიც საავტომობილო გზის მარჯვენა სავალ ზოლში მოძრაობდა. როდესაც თ---------- მ------–---–ი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მიუახლოვდა სატვირთო ავტომობილს დაახლოებით 20–30 მეტრში აღნიშნულმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მარცხნივ მოხვევის მაჩვენებლის ჩართვის გარეშე დაიწყო მარჯვენა სავალი ზოლიდან მარცხენა სავალ ზოლში გადასვლა თავის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებაზე გასწრების მიზნით. სატვირთო ავტომანქანის ზოლიდან ზოლში გადასვლის დაწყებისთანავე თ---------- მ------–---–მა დაიწყო მოძრაობის შენელება დამუხრუჭებით, მაგრამ აღმოჩნდა სატვირთო ავტომობილის მისაბმელის გვერდზე მარცხენა უკანა საბურავთან. რის გამოც იძულებული გახდა დამუხრუჭებულ მდგომარეობით გადასულიყო საავტომობილო გზის მარცხენა გვერდულზე სადაც ვეღარ დაიმორჩილა საჭე გადავარდა გზიდან და შეეჯახა საქარე ზოლში მდგარ ხეებს. საგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ავტომობილის მგზავრმა დ----- ა-----–--–-–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2011 წლის 13 ივნისის დადგენილება (ს.ფ.18-19);

- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 6 სექტემბრის №13/57842 წერილი (ს.ფ.102);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს №1 სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №144/ა ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.124-129).

 

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს №1 სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 25 მაისის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ავტომობილის („ტოიოტა L----“, სახელმწიფო ნომრით S---201) საჭით მართვის მექანიზმი, სავალი და სამუხრუჭე სისტემა შემთხვევამდე იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს №1 სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 25 მაისის №148/ა ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.113-116).

 

4.3. 2011 წლის 13 ივნისის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი დ----- ა-----–--–-–---–ი. დადგენილებას დ----- ა-----–--–-–---–ი გაეცნო 2011 წლის პირველ ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 13 ივნისის დადგენილება (ს.ფ.18-19).

 

4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის №622/31 ექსპერტის დასკვნის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - ხერხემლის დახურული ტრავმა, D10 მალის დამსხვრეული მოტეხილობა, ქვედა პარაპლეგია. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №622/31 ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.120-123).

 

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს №1 სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ავტომობილის („ტოიოტა L---“ სახელმწიფო ნომრით S---201) მძღოლის თ---------- მ------–---–ის ქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება, ამასთან, მას არ შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს №1 სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №144/ა ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.124-129).

 

4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2012 წლის 28 მარტის №40---- ბრძანების საფუძველზე დ----- ა-----–--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან და შს ორგანოებიდან 2012 წლის 26 მარტიდან. ბრძანების საფუძველი გახდა სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემული დაავადების მოწმობა №1, 26.03.2012წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2012 წლის 28 მარტის №40---- ბრძანება (ს.ფ.29).

 

4.7. დ----- ა-----–--–-–---–ი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან იღებს სახელმწიფო კომპენსაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, მკვეთრად გამოხატული შშმპ სტატუსით თვეში 475 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 იანვრის №04-11/218 წერილი (ს.ფ.27).

 

4.8. 2018 წლის 24 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის დიაგნოზად განისაზღვრა - მძიმე ტრავმისშემდგომი მდგომარეობა. Th10 ლამინექტომია, დეკომპრესია, ტრანსპედიკულარული ფიქსაცია, ქვედა პარაპლეგია, პარაანესთეზია. S40 G82.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.28).

 

4.9. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 6 სექტემბრის წერილის თანახმად, სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური, ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. 2012 წლის 13 სექტემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლის - თ---------- მ------–---–ის ქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, შესაბამისად, მისი თავიდან აცილება თ---------- მ------–---–ს არ შეეძლო. აღნიშულიდან გამომდინარე, მითითებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 2016 წლის 6 სექტემბერს, საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამასთან, მოცემული წერილით განიმარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2012 წლის 2 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 6 სექტემბრის №13/57842 წერილი (ს.ფ.102).

 

4.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის წერილის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ ეტაპზე ჩატარებულია ყველა ძირითადი საგამოძიებო მოქმედება და მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის №MIA71800402269 წერილი (ს.ფ.34).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.

 

მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე არასათანადო და არაეფექტური გამოძიების განხორციელების მოტივით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი დამოუკიდებლად არ ითვალისწინებს პირის უფლებას გამოძიების ჩატარების თაობაზე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეულ პირს უფლება აქვს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენისას მიმართოს შესაბამის ორგანოებს, მოითხოვოს მისი უფლებების დაცვა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ მოხდეს შესაბამისი გამოძიების წარმოება. სასამართლო მიუთითებს, რომ პირის ძირითადი უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული დარღვევების პრევენციის, ჩახშობისა და დასჯის მიზნით განხორციელებულ პროცესებთან, ქმედითი გამოძიების ჩატარებასთან, რაც მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, დროულად და ეფექტურად მოახდინოს საქმის გარემოებების დადგენა, მათი სრულყოფილად გამოკვლევა და სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, შეექმნას განწყობა, რომ კანონი მის მიმართ არ არის გამოყენებული სამართლიანად და ადეკვატურად და ქმნის დაუცველობის განცდას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ ჩატარდა ან ჩატარდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამდენად, აღნიშნული უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და არ შეიძლება შეფასდეს კონკრეტული პირის სუბიექტური მოსაზრებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ხოლო მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2----–-–----------------- საათზე თსლ საავტომობილო გზის 48-ე კილომეტრის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომობილის მგზავრი დ----- ა-----–--–-–---–ი. საგამოძიებო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური, ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და დადგინდა, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლის - თ---------- მ------–---–ის ქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, შესაბამისად, მისი თავიდან აცილება თ---------- მ------–---–ს არ შეეძლო. აღნიშულიდან გამომდინარე, მითითებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის წერილის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდება პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციული სასამართლო ვერ შეაფასებს ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კანონიერებას, რისი დადგენის გარეშეც ვერ იმსჯელებს ზიანის ანაზღაურებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებელი სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ზიანის მიმყენებელ ქმედებად ასახელებს პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა ქმედებებს საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, რომელთა კანონიერებასაც სასამართლო ვერ შეაფასებს განსახილველი დავის ფარგლებში. გამოძიების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტების უკანონობა შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი წესით _ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების დაცვით. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია საპროცესო მოქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს განსახილველი დავის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლზომიერების შეფასებას, რაც არ თავსდება ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებაში.

 

ამგვარად, საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდება წინამდებარე დავის ფარგლებში. სარჩელს არ ერთვის მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეს ევალებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობა _ ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დგინდება, რის გამოც არ არსებობს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

6.2. სასამართლო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს, რომ გამოძიების არასათანადოდ და არაეფექტურად წარმართვის გამო ვერ გაიხსნა დანაშაული და ვერ დადგინდა დამნაშავე, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მიემართა სასამართლოსთვის სამოქალაქო სარჩელით და მოეთხოვა გზაზე უსაფრთხოების წესების დამრღვევი პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრება. დღემდე იმის გამო არის უნარშეზღუდულთა ეტლს მიჯაჭვული და განიცდის როგორც ფიზიკურ, ისე _ სულიერ ტკივილს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ არ განხორციელდა ყველა სათანადო ქმედება და არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 5).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.

 

ამგვარად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება ვერ იქნება უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არაეფექტური გამოძიების წარმართვასთან, თუნდაც ასეთი გარემოება იყოს დადასტურებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო, მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოეწვია.

 

სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობაზე მოსარჩელე არ მიუთითებს. თუმცა, მისი წარმომადგენლის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალეული პირის დადგენა მას შესაძლებლობას მისცემდა, სამოქალაქო წესით მოეთხოვა ბრალეული პირისგან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სარჩელში საუბარია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა ბრალეულობაზე არა დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანებაში, არამედ _ მისთვის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვაში. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არასათანადო გამოძიებამ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გულგრილმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მისი ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობა და გატეხა მორალურად. სასამართლო განმარტავს, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებულის უფლების დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს უფლებათა ჩამონათვალს, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-4 წინადადების თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. გამოძიების ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებული დაზარალებულის უფლებების ხელყოფა არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი დამატებით ამყარებს სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი ელემენტის - ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა. არ დადასტურდა ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს _ მოსარჩელისათვის მიყენებულ მორალურ ზიანს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ----- ა-----–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია