განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/570-18 (№041110518001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.01.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ზ---- ჭ---–-----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული - მ------ ჯ------
მამის სახელი: ი---–-----ი
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ხ-------ის ქ. N50/45
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ. თ------–---–ის ქ. N223/45, ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. N40გ/65
ადვოკატი - პ---–- კ------ე
კანონიერი წარმომადგენელი - ნ----- მ--–----
სხდომის სახე - დახურული
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ------ ჯ------მ ჩაიდინა:
- ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 მაისს, ღამით, დაახლოებით 03 საათზე, ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N42-ის წინამდებარედ, მ------ ჯ------ 12 წლის დ------ ლ-----–---–თან ერთად, ლითონის მოგრძო ზომის ნაჭრით, ცდილობდა შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში უკანონო შეღწევის გზით, ფულადი თანხის 490 ლარისა და 50 თეთრის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნენ პოლიციის მუშაკების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 06 ივლისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------ ჯ------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქმის არსებითი განხილვის დროს მ------ ჯ------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------ ჯ------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების დ----- პ-----ის, ბ---- ჯ--–--ის, დ------ ლ-----–---–ის და დ----- მ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; პირადი ჩხრეკის ოქმით; სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; დაქტილოსკოპიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებით; შპს ,,დიარექტ დებიტ ჯორჯიას“ მომართვებით, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ------ ჯ------მ ჩაიდინა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 11 იანვარს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ჯ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლითაც ირკვევა, რომ „არასრულწლოვანი მ------ ჯ------ ცხოვრობს ქუთაისი კონსტანტინე გამსახურდიას ქN15-ში არსებულ საცხოვრებელში დედასთან - ნ----- მ--–----სთან და ძმასთან - ლ---- კ-----ესთან ერთად. არასრულწლოვნის მამა გარდაცვლილია, ხოლო უფროსი ძმა იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და იხდიან ყოველთვიურად თანხას 200 ლარის ოდენობით. ფართი არის ძველი გარემონტებული, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უზრუნველყოფილია ოჯახის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით, უსაფრთხოა არასრულწლოვნის ზრდისა და განვითარებისათვის. ოჯახი ფლობს საკუთრებაში ბინას ქუთაისში, რომელიც გადასცა ადგილობრივმა მერიამ, თუმცა აღნიშნული ფართიდან გადმოვიდნენ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ ყოველთვიურად თანხას ორასი ლარის ოდენობით, მარჩენალდაკარგულის პენსიას იღებს მ------, თვეში ასი ლარის ოდენობით. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. არასრულწლოვანი არის სავალდებული სკოლის ასაკის, თუმცა არ იღებს განათლებას. მ------ ჯ------ს აქვს ცხრა კლასის განათლება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცხრა წლის განმავლობაში სწავლობდა სამ სკოლაში. თავდაპირველად სწავლა დაიწყო ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში, შემდეგ ადგილმდებარეობის ცვლილების გამო გადავიდა ვანის საჯარო სკოლაში და ბოლოს მეშვიდე კლასიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის N31-ე საჯარო სკოლაში. წარსულში მ------ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში დადიოდა ფეხბურთის წრეზე და დედის გადმოცემით, ტრამვის გამო შეწყვიტა თამაში. ამჟამად არ არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში და არ გამოხატავს ინტერესს. მ------ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს სწავლა ან მუშაობა. აქვს მიმღებლობა კრიმინალური სუბკულტურის მიმართ, აქვს თავისი გზა და გეგმავს საზღვარგარეთ წასვლას, რომ იქ ჩაერთოს ანტისოციალურ ქმედებებში. თუმცა, ქალბატონი ნ----- სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის გეგმავს მ------ს პროფესიული განათლების სფეროში ჩართვას, რაზედაც აქვს თანხმობა არასრულწლოვნის მხრიდან, ასევე გეგმავს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას შვილებთან ერთად, სადაც აქვს იმედი, რომ მ------ იმუშავებს მასთან ერთად. შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ არასრულწლოვანს აქვს ძალადობრივი ქმედების განხორციელების გამოცდილება. მ------ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის გამოყენება, თუმცა მის ცხოვრებაში იყო შემთხვევები რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შერაცხყოფა სხვას. არარსულწლოვანი სოციალურ მუშაკთან აგრესიულად საუბრობდა სამართადამცავი ორგანოს წარმოამდგენლების მიმართ და საუბრისას აღნიშნავდა, რომ თუ ოდესმე მიეცემა შესაძლებლობა აუცილებლად მიმართავს ფიზიკურ ძალადობას მათ მიმართ. საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმოამადგენლებს მის მიმართ არ განუხორციელებიათ ფიზიკური ძალადობა, თუმცა სხვების მიმართ გამოირჩევიან უარყოფითი დამოკიდებულებით, რაც მიუღებელია მისთვის. აღნიშნული გარემოების გათვალისიწნებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მ------ ჯ------ს გარკვეულ სიტუაციაში უჭირს საკუთარი თავის კონტროლი, რაც შეიძლება მოვიაზროთ როგორც რისკ ფაქტორი. შეფასების საფუძველზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მ------ ჯ------ს არ აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი დედასთან და ქალბატონი ნ----- არ წარმოადგენს ძლიერ თანადგომის ქსელს მისთვის. ქლაბატონი ნ-----ს უჭირს გაიაზროს შვილის წინაშე არსებული სირთულეები, საჭიროებები და განახორციელოს მ------ს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი ქმედება. მ------ ჯ------ს ჰყავს ანტისოციალური ქმედების განმახორციელებელი თანატოლები, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები იმყოფებიან კანონთან კონფლიქტში. არასრულწლოვნის მამა მკვლელობის მუხლით იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა. ამჟამად პატიმრობაში იმყოფება მ------ს უფროსი ძმა და მამინაცვალი. არასრულწლოვნის დაინტერესება ანტისოციალური ქმედებებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ოჯახის წევრების ანტისოციალურ ქმედებებს. შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ მ------ ჯ------ს წარსულში აქვს აზარტული თამაშების თამაშის გამოცდილება. არასრულწლოვნის გადმოცემით, ამჟამად შეწყვიტა თამაში, რადგან გაიაზრა მისი უარყოფითი შედეგები. ასევე ვლინდება მარიხუანას მომხარების ფაქტები, აღნიშნულზე თავად ისაუბრა ბრალდებულმა. ამჟამად მ------ მოიხმარს თამბაქოს. შეფასების საფუძველზე არ ვლინდება არასრულწლოვნის სასარგებლო ინტერესის არსებობა. საუბრისას აღნიშნავს, რომ ძირითად დროს ატარებს მეგობრებთან და გვიან ღამით ბრუნდება სახლში. მოზარდის შეფასების შედეგად გამოკვეთილი რისკის, საჭიროებებისა და დამცავი ფაქტორების შეჯამების შედეგად იკვეთება, რომ უპირველესად მიზანშეწონილია არასრულწლოვანის ფსიქოსოციალური დახმარება, მისი ფსიქოლოგის სერვისში გადამისამართება. მოზარდს ესაჭიროება დანაშაულის მორალური და სამართლებრივი მხარეების შესახებ არგუმენტაცია, პროსოციალური ნორმებისა და სოციალური უნარების განვითარებაში დახმარება. მნიშვნელოვანია განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაო მომავლის დაგეგმვის მიზნით, რომელიც ბრალდებულს დაეხმარება სამომავლო მიზნების იდენტიფიცირებაში, მომავლის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბების, მოტივაციის ამაღლების და ცხოვრების ალტერნატიული გზების დასახვაში. შეფასებისას გამოიკვეთა მოზარდის დიდი ოდენობით თავისუფალი დრო, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვანი არ არის ჩართული ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია განხორციელდეს მ------ ჯ------სთან მუშაობა, რათა მოხდეს განმეორებითი დანაშაულის განხორციელების რისკების შემცირება და პოზიტიური ქცევის დასწავლა. შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნის დედა ფლობს მშობლის მწირ უნარ-ჩვევებს, არ აქვს მ------სთან მჭიდრო ემოციური კავშირი და შვილისთვის არ წარმოადგენს ავტორიტეტს. აღნიშნულის გათვალისწინებით რეკომენდირებულია მშობლის კონსულტირება, ოჯახთან მუშაობა პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევებზე“.
სასამართლო ასევე ითვალისწინიებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს - დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან პოლიციელებმა წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, ასევე ბრალდებულის ასაკს ქმედების ჩადენის დროს(14 წლის არასრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს - ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას სახელმწიფოსგან. პირველად არის სამართალში; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ჯ------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ჯ------ს ზემოაღნიშნული მუხლით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს შინაპატიმრობა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ მ------ ჯ------ს მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არის 14 წლის არასრულწლოვანი და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მ------ ჯ------ს მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის შინაპატიმრობის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ჯ------ს მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ჯ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2. 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, მ------ ჯ------ს მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 11 იანვრიდან.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, მ------ ჯ------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე მ------ ჯ------ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. მ------ ჯ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლითონის მოგრძო ზომის ნაჭერი; სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან აღებული ხელის კვალი; მ------ ჯ------ს და დ------ი ლ-----–---–ის ხელის ნიმუშები გადატანილი დაქტილობარათზე; სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან აღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, მ------ ჯ------ს ნერწყვის ნიმუში; დ------ი ლ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
4.2. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
4.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე