გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117002191877
საქმე №2/914-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.01.2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამარლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: სს მი----------------------------–--------------–ი”
წარმომადგენელი: მა---------------ი;
მოპასუხეები: ად--–-------------ი და ელ---------------ი;
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 24 ნოემბერს ად--–-------------ს (პ/ნ3----------) და ელ---------------ს (პ/ნ3----------) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ნივთის, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი დ------------ საკადასტრო კოდი: 55.05.52.0-- და აღდგეს ად--–-------------ის საკუთრების უფლება ამ ნივთზე.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელეს წარმომადგენელმა სარჩელით და სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს სს მი----------------------------–--------------–ს“ და მო-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა კრედიტი 15 000 ლარის ოდენობით. სარგებლის ოდენობა განისაზღვრა წლიური 23%, სესხის ვადა 24 თვე. მოვალის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 20 ოქტომბერს და სესხზე არ გახორციელებულა არცერთი გადახდა. 20.11.2017 წლის მდგომარეობით მო-------------------ის დავალიანება სს მი---------------–-ს“ მიმართ ამ კონკრეტულ სესხზე შეადგენს 20 652.83 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 15000 ლარი, პროცენტი 5 309.26 ლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) 343.57 ლარი.
2016 წლის 21 ნოემბერს სს მი---------------–-ა“ და ად--–-------------ს შორის, ასევე სს მი---------------–-ა“ და მა-----------------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე თავდებებმა იკისრეს ვალდებულება მო-------------------თან ერთად სოლიდარულად აგონ პასუხი სს მი---------------–-“ და მო-------------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავა განსახილველად გადაეცემა ,,დავების განმხილველ ცენტრს“, სწორედ ამიტომ 2017 წლის 22 ნოემბერს სარჩელი შეტანილ იქნა ზემოაღნიშნულ არბიტრაჟში და მოითხოვეს თანხის დაკირება. საარბიტრაჟო სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ვინაიდან მოვალეები თავს არიდებდნენ ვალდებულების შესრულებას, სს მი----------------------------–--------------–ის“ საარბიტრაჟო სარჩელის უზურნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნილ იქნა ყადაღა სოლიდარული თავდების ად--–-------------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი დ------------ საკადასტრო კოდი: N55.05.52.0--. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2017 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა სს მი---------------–-ს“ მოთხოვნა და ყადაღა დაედო ად--–-------------ის კუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოსარჩელეს 24.11.2017 წელს, ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მხრიდან ამონაწერის განახლების შემდეგ - 17.11.2017 წლიდან ყადაღის რეგისტრაციამდე - 27.11.2017 წლის შუალედში, კერძოდ, 2017 წლის 24 ნოემბერს ად--–-------------მა კუთვნილი უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დაჩქარებული წესით გადააფორმა შვილის - ელ---------------ის სახელზე. რის გამოც საჯარო რეესტრში ვერ იქნა დარეგისტრირებული ყადაღა. რის გამოც სს მი---------------–-ა“ დაკარგა ერთადერთი საშუალება, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოპასუხემ, ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულება, რომლის მიზანიც არ იყო რეალურად საკუთრების უფლების გადაცემა. მითუმეტეს, რომ ჩუქების ხელშეკრულება ფორმდება უმოკლეს ვადაში იმ დღიდან, რაც მოპასუხე მხარეს მიეცა გაფრთხილება და დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მისი მიზანი იყო, რომ ამ გზით თავიდან აეცილებინა სს მი----------------------------–--------------–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ ეს ადგილი მას აქვს ნაყიდი სახლის ასაშენებლად და დიდი ხანი ფიქრობდა მის შვილზე გადაფორმებას, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან იგი წასული იყო მთაში. ელ---------------ი მხოლოდ ერთი დღით ჩამოვიდა მთიდან და მეორე დღით ისევ უნდა წასულიყო, რის გამოც მოხდა დაჩქარებული წესით მხარებს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა, მან ბანკში გადაიხადა 6 500 ლარი, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი სალაროს ორდერებით.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 21 ნოემბერს სს მი----------------------------–--------------–ს“ და მო-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა კრედიტი 15000 ლარის ოდენობით. სარგებლის ოდენობა განისაზღვრა წლიური 23%, სესხის ვადა 24 თვე. მოვალის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 20 ოქტომბერს და სესხზე არ გახორციელებულა არცერთი გადახდა. 20.11.2017 წლის მდგომარეობით მო-------------------ის დავალიანება სს მი---------------–-ს“ მიმართ ამ კონკრეტულ სესხზე შეადგენს 20 652.83 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 15 000 ლარი, პროცენტი 5309.26 ლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) 343.57 ლარი.
2016 წლის 21 ნოემბერს სს მი---------------–-ა“ და ად--–-------------ს შორის, ასევე სს მი---------------–-ა“ და მა-----------------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე თავდებებმა იკისრეს ვალდებულება მო-------------------თან ერთად სოლიდარულად აგონ პასუხი სს მი---------------–-“ და მო-------------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები;
- თავდებობის ხელშეკრულება
3.2. 2017 წლის 20 ნოემბერს სს მი---------------–-ა“ სარჩელი შეიტანა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში და 2017 წლის 21 ნოემბრის ,,დავების განმხილველი ცენტრის“ N73---- დადგენილებით მიღებულ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი. 2017 წლის 22 ნოემბერს სს მი----------------------------–--------------–მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის განცხადება და ყადაღა დაედო ად--–-------------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი დ------------ საკადასტრო კოდი: N55.05.52.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრის დადგენილება N73----.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება;
3.3. 2017 წლის 24 ნოემბრამდე ად--–-------------ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში საჯარო რეესტრში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი დ----------- (საკადასტრო კოდი: 55.05.52.0--). აღნიშნული უძრავი ქონება ად--–-------------ის მიერ გაჩუქებული იქნა ელ---------------ზე 2017 წლის 24 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი:24/11/2017, განცხადების რეგისტრაცია №8-----------------------) და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ამჟამად აღრიცხულია მისი შვილი ელ---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- ჩუქების ხელშეკრულება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.4 ად--–-------------ი და ელ---------------ი არიან მამა-შვილი და აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ად--–-------------მა სასამართლო სხდომაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.5. სალარო შემოსავლის ორდერის N27------ თანხმად, ირკვევა, რომ ად--–-------------ს სს მი---------------–-ს ანგარიშზე 2017 წლის 28 დეკემბერს შეტანილი აქვს 1500 ლარი, სალარო შემოსავლის ორდერის N26------ თანახმად, 2017 წლის 01 დეკემბერს შეტანილი აქვს - 4600 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 ივნისს 400 ლარი გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სალაროს შემოსავლის ორდერები;
- ქვითარი სწრაფი გადახდის აპარატიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს წარმოადგენს ად--–-------------ის საკუთრებაში უძრავი ქონების დაბრუნება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 50–ე, 524-ე, 56–ე, 976-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ად--–-------------ს და ელ---------------ს შორის 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოდგენდა მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად მიჩნევის საფუძველია.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება არ წარმოადგენდა ელ---------------ის ნამდვილი ნებას. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ მამა-შვილს და მოპასუხეებს შორის სადაო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იქნა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ბანკმა მოითხოვა თანხის გადახდა სოლიდარული მევალეებისაგან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს დაკმაყოფილებულ იქნა სს მი---------------–-ს“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რითაც ყადაღა დაედო ად--–-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგების დადების მიზანი იყო ად--–-------------ს აერიდებინა პასუხისმგებლობა, რაც მას ეკისრებოდა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმიდან იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა “ურთიერთშეთანხმება”, “ გარიგება ” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან დაკავშირებულ/არსებულ ურთიერთობასთან, მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადაო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.
როგორც აღინიშნა, გარიგების მონაწილე მხარეები წარმოადგენენ მამა-შვილს. და მოპასუხეებს შორის სადაო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იქნა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ბანკმა მოითხოვა თანხის გადახდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ უახლოეს ნათესავებს, ჩუქების ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა შესაძლოა მართლაც ახლო ნათესავის ინტერესების უზრუნველყოფაზე ზრუნვითაც ყოფილიყო განპირობებული. თუმცა ყველა ზ/აღნიშნული დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ამ გარიგების დადებით, ფაქტობრივად სადავო უძრავ ქონებაზე ად--–-------------ი შეეცადა თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, რაც არსებობს მასსა, როგორც სოლიდარულ თავდებს და მოსარჩელე სს მი---------------–-“ შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა მოცემულ შემთხვევაში ნორმის შეფარდებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ად--–-------------ის ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგებების ბათილობის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სწორედ ად--–-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების დაბრუნებას/აღრიცხვას.
რამდენადაც ად--–-------------ს და ელ---------------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, შესაბამისად, ად--–-------------ი ცნობილი უნდა იქნეს შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს.ფ. 55), ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი (ს.ფ. 55). რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისრებათ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 53–ე, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს მი----------------------------–--------------–ის“ სარჩელი მოპასუხეების - ად--–-------------ის და ელ---------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ად--–-------------ს და ელ---------------ს შორის 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ად--–-------------ის საკუთრებაში გადავიდა უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი დ----------- (საკადასტრო კოდი: 55.05.52.0--). აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს ად--–-------------ს და აღირიცხოს მის საკუთრებაში.
3. მოპასუხეებს- ად--–-------------ს და ელ---------------ს მოსარჩელე სს მი----------------------------–--------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 (ას ოცი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის, სულ 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ. #7-ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.N15) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე