გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/12554-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ა-–------------------–-ვა
წარმომადგენელი - ა-----–--–--------ძე
მოპასუხე - თ---------ძე
წარმომადგენელი - ე------------ძე
დავის საგანი - საზოგადოების წილის შესყიდვის თაობაზე ოფციური უფლების გამოყენება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა-–------------------–-ვას საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ს---------–---ა’’-ში (ს/ნ 4-------) თ---------ძის სახელზე რიცხული 18%-ის ოდენობის წილი და დასახელებული წილი მისი ღირებულების - 54 000 ლარის თ---------ძისთვის გადახდისთანავე დარეგისტრირდეს ა-–------------------–-ვას სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა-–------------------–-ვა 2013 წლიდან იყო შპს ,,ს---------–---ას’’ დირექტორი და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 2016 წლის 04 მარტს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ა-–------------------–-ვა გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან. საზოგადოების პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღეს საკუთარი ინიციატივით, ა-–------------------–-ვას გაფრთხილების გარეშე და მისთვის გათავისუფლების მიზეზების შეუტყობინებლად.
შპს ,,ს---------–---ას’’ დამფუძნებელ პარტნიორებს და კომპანიის დირექტორს, ა-–------------------–-ვას შორის 2013 წლის 1 მაისს გაფორმდა მართვის ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდა, რომ ა-–------------------–-ვა უფლებამოსილია - 2018 წლის 1 მაისამდე ი-----–---------ისგან, რომლის უფლებამოცვლეც დღეს თ---------ძეა, გამოისყიდოს კომპანიის წილი მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით. გამოსყიდვა შეიძლება მოხდეს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, ა-–------------------–-ვას სურვილისამებრ.
წილის 1%-ის გამოსასყიდი ფასი განისაზღვრა 3000 ლარით. აღნიშნული ფასი ფიქსირებულია და არ შეიცვლება კომპანიის საწესდებო კაპიტალის ან/და კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების ცვლილების მიუხედავად. საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (რასაც ადგილი ჰქონდა), დირექტორს რჩება წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლება 2018 წლის 1 მაისამდე.
თავდაპირველად ა-–------------------–-ვამ გამოხატა შპს ,,ს---------–---ა’’-ს 2%-ის შესყიდვის ნება, რის თაობაზეც წერილობით მიმართა ი-----–---------ეს, მაგრამ მის მოთხოვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედება - წილის შეთანხმებულ ფასად დათმობა - არ მოჰყოლია. ა-–------------------–-ვა იძულებული გახდა 2016 წლის 1 ივნისს სარჩელით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და მოეთხოვა ოფციური უფლების რეალიზება. საქმე ამჟამადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაშია. საქმის წარმოების პროცესში, 2018 წლის 13 თებერვალს, ი-----–---------ემ გააფორმა ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმადაც მის სახელზე რიცხული 35%-იანი წილი შპს ,,ს---------–---აში’’, მათ შორის ის 20%-იანი წილი, რომლის გამოსყიდვის უფლებაც გააჩნია ა-–------------------–-ვას 432 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა თ---------ძეს.
2018 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების პირველ პუნქტის თანახმად, თ---------ძეზე გადავიდა ყველა უფლება-მოვალეობა იმ მოცულობით და ფარგლებით, რაც გადაცემულ წილს საზოგადოებაში გააჩნია. აქედან გამომდინარე, თ---------ძეზე გადავიდა ა-–------------------–-ვასთვის წილის გადაცემის ვალდებულებაც 2013 წლის 1 მაისის მართვის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით თ---------ძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ცნობილი იქნა ი-----–---------ის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---------ძის მიერ ი-----–---------ისგან წილის შეძენით მასზე გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც ი-----–---------ეს, როგორც შპს ,,ს---------–---ა’’-ს 35%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორს გააჩნდა და მათ შორის ა-–------------------–-ვასთვის წილის 2013 წლის 1 მაისის მართვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით გადაცემის ვალდებულებაც.
ა-–------------------–-ვამ წერილობით მიმართა თ---------ძეს და მოითხოვა მანამდე გამოთხოვილი 2%-ის გარდა, მისთვის შპს ,,ს---------–---ა’’-ს 18%-ის ოდენობის წილის გადაცემაც (შეთანხმებული პირობებით), რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომაც, ა-–------------------–-ვა იძულებულია საკუთარი ოფციური უფლების რეალიზება (გამოისყიდოს შპს ,,ს---------–---ა’’-ს 18 % წილი, 1%-ის ღირებულება 3000 ლარი) მოახდინოს სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-17, 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 13:07:12, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა-–------------------–-ვას დროს კომპანიას დაედო ვალები და დღესაც ცდილობენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დარჩა მოსარჩელის მმართველობის პერიოდიდან. 2018 წლის 1 მაისამდე კომპანიის დირექტორი ა-–------------------–-ვა უფლებამოსილია ი-----–---------ისგან (უფლებამონაცვლე თ---------ძე) გამოისყიდოს კომპანიის წილი მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით, არასწორია, რადგან ა-–------------------–-ვას ასეთი უფლებამოსილება ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის იქნებოდა კომპანიის დირექტორი და არა მაშინ, როცა უკვე განთავისუფლებული იყო დირექტორის თანამდებობიდან. ოფციის გამოყენება ამ ხელშეკრულების თანახმად დამოკიდებულია თვით მოსარჩელის იმ პერიოდისთვის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდთან, ხოლო ის ფაქტი, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ა-–------------------–-ვა არ იყო თანამდებობაზე, მხარეთა მიერ სადავო არ არის. ამასთან, სადავოდ არის გამხდარი ი-----–---------ის უფლებამონაცვლედ თ---------ძის ცნობის საკითხი და დავა დამთავრებული არ არის. მოპასუხის განმარტებით, მასზე გადავიდა მხოლოდ ის ვალდებულებები, რომელიც ასახული იყო სამეწარმეო რეესტრში და რომლის შესახებ მას შეიძლება სცოდნოდა.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი 120-143; 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 13:11:45, მოპასუხის ახსნა-განმარტება).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 აპრილის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, ა-–------------------–-ვა წარმოადგენს შპს ,,ს---------–---ა’’-ს დირექტორს.
ამავე ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს---------–---ას’’ მესაკუთრეები არიან ი-----–---------ე - 35 %-იანი წილი, გ---------–---–ი-0.5 %-იანი წილი, ლ-----------–--–--ლი-5.5 %-იანი წილი, დ-----------------ძე-2.00%-იანი წილი, გ-------–-------–--–---–ი 7,5%-იანი წილი, ზ------------ძე-1,5 %-იანი წილი და კ----------–-ძე-48.00 %-იანი წილი.
ხოლო, 2018 წლის 21 მარტის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, შპს ,,ს---------–---ას’’ დირექტორი არის დ-----------------ძე. შპს ,,ს---------–---ას’’ მესაკუთრეები არიან გ---------–---–ი-0.5%-იანი წილი, ლ-----------–--–--ლი-5.5 %-იანი წილი, დ-----------------ძე-2.00 %-იანი წილი, გ-------–-------–--–---–ი 7,5%-იანი წილი, ზ------------ძე-1,5 %-იანი წილი, კ----------–-ძე-48.00 %-იანი წილი და თ---------ძე - 35.00 %-იანი წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრდან (ს.ფ. 24-26, 31-33).
3.1.2. 2013 წლის 1 მაისს შპს ,,ს---------–---ას’’ დამფუძნებელ პარტნიორებს: ი-----–---------ეს, ზ------------ძეს, ლ-----------–--–--ლს, დ-----------------ძეს, გ-------–-------–--–---–ს, გ---------–---–ს და შპს ,,ს---------–---ას’’ დირექტორს ა-–------------------–-ვას შორის დაიდო მართვის ხელშეკრულება, რომლის მე-5 პუნქტის 5.1 პუნქტის თანახმად კომპანიის დირექტორი უფლებამოსილია 2018 წლის 1 მაისამდე ი-----–---------ისგან გამოისყიდოს კომპანიის წილი მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით. გამოსყიდვა შეიძლება მოხდეს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, დირექტორის სურვილისამებრ.
ამავე მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად კომპანიის 1% წილის გამოსასყიდი ფასი შეადგენს 3000 ლარს. აღნიშნული ფასი ფიქსირებულია და არ შეიცვლება კომპანიის საწესდებო კაპიტალის ან/და კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების ცვლილების მიუხედავად.
ამავე მუხლის 5.3 პუნქტის თანახმად წილის დამთმობი პარტნიორი ვალდებულია დირექტორის მხრიდან წერილობით გაკეთებული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის მანძილზე უზრუნველყოს დირექტორისთვის მოთხოვნილი ოდენობის წილის დათმობა, ხოლო დირექტორი თავის მხრიდან ვალდებულია წილის დამთმობ პარტნიორს დაუყოვნებლივ გადაუხადოს მის მიერ გამოსყიდული კომპანიის წილის დადგენილი საფასური, რის შემდგომაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შევა შესაბამისი ცვლილებები კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში.
5.4 პუნქტის თამახმად წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ხელშეკრულების ხელმომწერი თითოეული დამფუძნებელი პარტნიორი იძლევა თანხმობას, რომ დირექტორის მხრიდან წილის გამოსყიდვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ისინი უარს იტყვიან კომპანიის წესდების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უპირატესი შესყიდვის უფლებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მართვის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.1.3. შპს ,,ს---------–---ას’’ 2016 წლის 04 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები: ი-----–---------ე, გ---------–---–ი, ლ-----------–--–--ლი, დ-----------------ძე და კ----------–-ძე, შპს ,,ს---------–---ა’’ დირექტორი ა-–------------------–-ვა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნული კრების ოქმის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირების უფლებამოსილება მიენიჭა დ-----------------ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 27-30).
3.1.4. 2018 წლის 13 თებერვლის წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად და შპს ,,ს---------–---ა’’-ს პარტნიორთა თანხმობით, ი-----–---------ემ შპს ,,ს---------–---ა’’-ში თავისი 35 %-იანი წილი 432 000 ლარად გადასცა თ---------ძეს. ამასთან განისაზღვრა, რომ თ---------ძეზე გადავიდოდა ყველა უფლება-მოვალეობა იმ მოცულობით და ფარგლებით, რაც გადაცემულ წილს საზოგადოებაში გააჩნდა. აღნიშნული ხელშეკრულების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში რეგისტრაციის უფლებამოსილება მიენიჭა გ-----------–-----იას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-37);
- შპს ,,ს---------–---ა’’-ს პარტნიორთა კრების №1 ოქმი (ს.ფ. 47-51).
3.1.4. ა-–------------------–-ვამ წერილობით მიმართა ი-----–---------ეს და თავდაპირველად გამოხატა შპს ,,ს---------–---ა’’-ს 2 %-ის წილის შესყიდვის ნება, რომელზედაც რეაგირება არ მომხდარა ი-----–---------ის მხრიდან, რის გამოც ა-–------------------–-ვამ 2016 წლის 1 ივნისს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული 2 %-ის ოდენობის წილის საკუთრებაში გადაცემა და დასახელებული წილის მისი ღირებულების 6000 ლარის ი-----–---------ისთვის გადახდისთანავე ა-–------------------–-ვას სახელზე რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
აღნიშნულის შემდგომ, ა-–------------------–-ვამ მიმართა თ---------ძეს და მოითხოვა 18 %-ის ოდენობით წილის გამოსყიდვა. რადგან 1%-ის გამოსაყიდი ფასი შეადგენდა ხელშეკრულებით 3000 ლარს, კომპანიის 18 %-ის წილის შესყიდვის ფასი განსაზღვრა 54000 ლარით, არც აღნიშნულ წერილს მოჰყოლია შედეგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ. 38-39).
- განჩინება (ს.ფ.42-44).
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით თ---------ძე ცნობილი იქნა ი-----–---------ის უფლებამონაცვლედ. ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 42-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
დადგენილია, რომ 2013 წლის 01 მაისის მართვის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორს რჩება ხელშეკრულების მე-5 მუხლით მინიჭებული წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლება ამავე მე-5 მუხლით დადგენილი ვადის ამოწურვამდე. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად საზოგადოების დირექტორის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორი კარგავს ხელშეკრულების მე-5 მუხლით მინიჭებული წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლებას. ამდენად, წილის გამოსყიდვის უფლებამოსილება ა-–------------------–-ვას უნარჩუნდებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი აღარ იქნებოდა საზოგადოების დირექტორი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, მოპასუხეს კი აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არა რის წარმოდგენილი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 102-ე, 316-317-ე, 361-ე მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------------–-ვა 2016 წლის 04 მარტამდე იყო შპს ,,ს---------–---ას’’ დირექტორი. მასთან ურთიერთობა დარეგულირდა 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული მართვის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით დირექტორმა - ა-–------------------–-ვამ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და მაქსიმალური ძალისხმევით წარემართა კომპანიის საქმიანობა, ხოლო თავის მხრივ დამფუძნებელმა პარტნიორებმა აიღეს ვალდებულება მოსარჩელისთვის კომპანიის სასარგებლოდ გაწეული შრომისთვის მიეცათ ანაზღაურება ხელფასის სახით და დამტებითი ბონუსები. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელეს მიეცა უფლებამოსილება, რომ მოპასუხისგან გამოესყიდა კომპანიის წილი მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით და 1%-იანი წილის თანხა განისაზღვრა 3000 ლარით. ამავე ხელშეკრულებით, აღნიშნული ფასი ფიქსირებულია და არ შეიცვლება კომპანიის საწესდებო კაპიტალის ან/და კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების ცვლილების მიუხედავად.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 04 მარტს შედგა შპს ,,ს---------–---ა’’-ს პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები: ი-----–---------ე, გ---------–---–ი, ლ-----------–--–--ლი, დ-----------------ძე და კ----------–-ძე. აღნიშნულ სხდომაზე საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით შპს ,,ს---------–---ა’’-ს დირექტორი ა-–------------------–-ვა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნული კრების ოქმის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირების უფლებამოსილება მიენიჭა დ-----------------ძეს, რაც მან განახორციელა კიდეც.
2013 წლის 1 მაისის მართვის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად საზოგადოების დირექტორის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორი კარგავს ხელშეკრულების მე-5 მუხლით მინიჭებული წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლებას. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორს რჩება ხელშეკრულების მე-5 მუხლით მინიჭებული წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლება ამავე მე-5 მუხლით დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
ვინაიდან, წარმოდგენილი 2016 წლის 04 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად 2013 წლის 1 მაისის მართვის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით, ა-–------------------–-ვას შეუნარჩუნდა აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლით მინიჭებული 20%-იანი წილის ფიქსირებულ ფასად (1% - 3000 ლარი) გამოსყიდვის უფლება ამავე მე-5 მუხლით დადგენილი ვადის (2018 წლის 1 მაისამდე) ამოწურვამდე.
სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–------------------–-ვა არაა უფლებამოსილი ი-----–---------ისგან (უფლებამონაცვლე თ---------ძე) გამოისყიდოს კომპანიის წილი მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით 2018 წლის 1 მაისამდე, რადგან მას ასეთი უფლებამოსილება ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის იქნებოდა კომპანიის დირექტორი და არა მაშინ, როცა უკვე განთავისუფლებული იყო აღნიშნული თანამდებობიდან.
აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს რადგან 2013 წლის 1 მაისის მართვის ხელშეკრულების 2.2. პუნქტში პირდაპირ არის დარეგულირებული საზოგადოების პარტნიორების ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორისთვის მინიჭებული წილის ფიქსირებულ ფასად გამოსყიდვის უფლების არსებობა დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
6.3. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. ამავე კანონის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 1 მაისის მხარეთა შორის გაფორმებული მართვის ხელშერულების 5.4 პუნქტის თამახმად წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ხელშეკრულების ხელმომწერი თითოეული დამფუძნებელი პარტნიორი იძლევა თანხმობას, რომ დირექტორის მხრიდან წილის გამოსყიდვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ისინი უარს იტყვიან კომპანიის წესდების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უპირატესი შესყიდვის უფლებაზე.
ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ წილის დამთმობი პარტნიორი ვალდებულია დირექტორის მხრიდან წერილობით გაკეთებული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის მანძილზე უზრუნველყოს დირექტორისთვის მოთხოვნილი ოდენობის წილის დათმობა, ხოლო დირექტორი თავის მხრიდან ვალდებულია წილის დამთმობ პარტნიორს დაუყოვნებლივ გადაუხადოს მის მიერ გამოსყიდული კომპანიის წილის დადგენილი საფასური, რის შემდგომაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შევა შესაბამისი ცვლილებები კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ა-–------------------–-ვამ წერილობით მიმართა ი-----–---------ეს და თავდაპირველად გამოხატა შპს ,,ს---------–---ა’’-ს 2%-ის წილის შესყიდვის ნება, რომელზედაც რეაგირება არ მომხდარა ი-----–---------ის მხრიდან, რის გამოც ა-–------------------–-ვამ 2016 წლის 1 ივნისს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული 2%-ის ოდენობის წილის საკუთრებაში გადაცემა და დასახელებული წილის მისი ღირებულების 6000 ლარის ი-----–---------ისთვის გადახდისთანავე ა-–------------------–-ვას სახელზე რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. შემდგომ ა-–------------------–-ვამ მიმართა თ---------ძეს და მოითხოვა 18%-ის ოდენობით წილის გამოსყიდვა. რადგან 1%-ის გამოსაყიდი ფასი შეადგენდა ხელშეკრულებით 3000 ლარს, კომპანიის 18 %-ის წილის შესყიდვის ფასი განსაზღვრა 54000 ლარით, არც აღნიშნულ წერილს მოჰყოლია შედეგი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
კერძოსამართლებრივი დავის წარმოშობის შემთხვევაში, სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ...მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოთხოვნა საზოგადოების წილის შესყიდვის შესახებ ოფციური უფლების გამოყენების თაობაზე დააფუძნა მხარეთა შორის გაფორმებულ მართვის ხელშეკრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება თ---------ძის უფლებამონაცვლეობის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით (საქმე N2/1-----16, მოსარჩელე ა-–------------------–-ვა, მოპასუხეები - შპს ,,ს---------–---ა'' და ი-----–---------ე) ა-–------------------–-ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თ---------ძე ცნობილი იქნა ი-----–---------ის უფლებამონაცვლედ. ამასთან, 2018 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, ი-----–---------ემ გაყიდა, ხოლო თ---------ძემ იყიდა 35%-იანი წილი შპს ,,ს---------–---აში'' 432 000 ლარად. ამავე ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, შემძენზე გადავიდა ყველა უფლება-მოვალეობა იმ მოცულობითა და ფარგლებით, რაც გადაცემულ წილს საზოგადოებაში გააჩნდა. 2013 წლის 1 მაისის ხელშეკრულების მიხედვით, კი ა-–------------------–-ვას გააჩნდა 20%-იანი წილის გამოსყიდვის უფლება.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–------------------–-ვა არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისმე-6 პუნქტით დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისის ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საზოგადოების დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე წესდებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ამ დავის ფარგლებში განსახილველი საკითხი არ არის და შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ განსახილველ დავაში, შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით,რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1670 ლარის ოდენობით (1620 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე) და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–------------------–-ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ა-–------------------–-ვას საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ს---------–---აში’’ (ს/ნ 4-------) თ---------ძის სახელზე რიცხული 18%-ის ოდენობის წილი და დასახელებული წილი მისი ღირებულების - 54 000 ლარის თ---------ძისთვის გადახდისთანავე დარეგისტრირდეს ა-–------------------–-ვას სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
2. მოპასუხე თ---------ძეს ა-–------------------–-ვას სასარგებლოდ დაეკისროს 1670 ლარის გადახდა (1620 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე) მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე