გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
611210118002684664
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210118002684664

N2/477-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.01.2018 წელი ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელეები - ზ--–----- გ---------ი, ე------ გ----------,წარმომადგენელი - გ------- ო-----,მოპასუხე - ვ----- ა-–---------ი,წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი,მოპასუხე - თ----–- გ----------,დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

2018 წლის 19 ოქტომბერს ზ--–----- გ---------მა და ე------ გ----------მ სარჩელით მომართეს მ--------–ის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების თ----–- გ----------ს და ვ----- ა-–---------ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ზ--–----- გ---------ი არის მოპასუხე თ----–- გ----------ს ყოფილი მეუღლე, რომელსაც ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული #2------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დაკისრებული აქვს თანხის გადახდა მეორე მოპასუხე ვ----- ა-–---------ის სასარგებლოდ. აღნიშნულ ვალთან დაკავშირებით 2018 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლში, სადაც თ. გ---------- პერიოდულად რჩება სტუმრის სტატუსით, აღმასრულებელმა დააყადაღა ზ. გ---------ის საკუთრებაში არსებული დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი ვერცხლისფერი შავი კანტით, ტელევიზორის მაგიდა დინამიკებით და ორგანყოფილებიანი მაცივარი ,,ტოშიბას" ფირმის ვერცხლისფერი შავი კანტით, ასევე ზ. გ---------ის შვილის მეუღლის - ე------ გ----------ს საკუთრებაში არსებული სარეცხი მანქანა ,,ბეკო"-ს ფირმის, სამზარეულოს კომპლექტი კაკაოსფერი 10 ნაჭრად, რბილი სამეული ბორდოსფერი და საძინებელი კომპლექტი (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) ყავისფერ ფერში. ზ. გ---------მა მითითებული ნივთები შეუძინა შვილსა და რძალს, რაც შეეხება ე. გ----------ს საკუთრებაში არსებულ ნივთებს, ეს ნივთები არის მისი მზითვი, რომელიც აჩუქეს მისმა მშობლებმა, როდესაც ის დაოჯახდა ზ. გ---------ის შვილზე. მოპასუხე თ----–- გ---------- რეგისტრირებულია წ--–-აში, სოფელ ჩ---–---ში. ის პერიოდულად რჩება თავისი ყოფილი მეუღლის სახლში, შვილთან და შვილიშვილებთან სტუმრად, მაგრამ ამ მისამართზე მას ქონება არ გააჩნია, გარდა პირადი მოხმარების ტანისამოსისა და ჰიგიენური ნივთებისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ყადაღისაგან მათი კუთვნილი ქონების - 1. ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი ვერცხლისფერი შავი კანტით, 2. ტელევიზორის მაგიდა დინამიკებით, 3. ორგანყოფილებიანი ,,ტოშიბას" ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი შავი კანტით, 4. ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანა, 5. სამზარეულოს კომპლექტი, 6. რბილი სამეული და 7. საძინებელი კომპლექტი, ყადაღისაგან გათავისუფლება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა რამდენჯერმა შეცვალა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ზ. გ---------ის მიერ შეძენილი ნივთების მესაკუთრეს, თუმცა საბოლოოდ მიუთითა, რომ ვინაიდან ისინი შეიძინა ზ. გ---------მა, ის არის მესაკუთრეც, თუმცა ნივთებით ასევე სარგებლობენ მისი შვილი და რძალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე თ----–- გ----------ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები და ცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე ვ----- ა-–---------ი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი მითითებით, აღმასრულებელმა კანონიერად დააყადაღა სადავო ნივთები, მოსარჩელეები კი, რომლებიც არიან მოვალის მეუღლე და რძალი, ცდილობენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლას. როგორც კი დაიწყო აღსრულების პროცესი, თ----–- და ზ--–----- გ---------ები ფორმალურად განქორწინდნენ, მაშინ, როდესაც დღემდე ერთად ცხოვრობენ და ეწევიან ერთობლივ მეურნეობას. ზ. გ---------ის მიერ სადავო ნივთები შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და განქორწინება ვერ გახდება მათი ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა შესაგებელს, მიუთითა, რომ მოწმეთა ჩვენება წინააღმდეგობრივია და, შესაბამისად, სადავო გარემოებებს ვერ ადასტურებს, და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ----–- გ----------ს ვ----- ა-–---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი იძულებითი აღსრულების მიზნით 2018 წლის 23 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს. ფ. 134-143);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება (ს. ფ. 144-155);

- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 24).

 

3.1.2. ვინაიდან თ. გ----------მ ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილება, 2018 წლის 18 სექტემბერს შედგა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. სამზარეულოს კომპლექტს (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად), 2. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხ მანქანას, 4. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორს (ვერცხლისფერი შავი კანტით), 5. ტელევიზორის დასადგამ მაგიდას დინამიკებით, 6. რბილ სამეულს (ბორდოსფერი) და 7. საძინებლის კომპლექტს (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით), მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

აღნიშნულ ნივთებზე აუქციონი დანიშნული არ არის.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს. ფ. 20-21);

- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს. ფ. 25-29);

- აღმასრულებლის 2018 წლის 12 ოქტომბრის წერილი (ს. ფ. 38).

 

3.1.3. ზ--–----- გ---------ი და თ----–- გ---------- 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 25 სექტემბერს მათი ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5; 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:21:42-12:21:47);

- განქორწინების მოწმობა (ს. ფ. 128).

 

3.1.4. ზ--–----- გ---------ი და თ----–- გ---------- თავდაპირველად ცხოვრობდნენ წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---–---ში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. მ--------–ში. უძრავ ქონებაზე, რომელშიც განთავსებულია სადავო ნივთები, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წლის 28 იანვარს.

როგორც ზ--–----- გ---------ი, ისე თ----–- გ---------- დღემდე რეგისტრირებული არიან წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---–---ში.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5; 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:22:35-12:23:15; 12:23:17-12:23:26);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 22-23);

- ზ. გ---------ის პირადობის მოწმობის ასლი (ს. ფ. 47);

- საინფორმაციო ბარათები (ს. ფ. 129-132).

 

3.1.5. 2014 წლის 16 აპრილს ზ--–----- გ---------მა ი/მ ე-–--- ა--------ისგან განვადებით შეიძინა ტელევიზორი, ხოლო 2015 წლის პირველ აპრილს, ასევე განვადებით შეიძინა ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი შპს ,---–-------------ში.

მხარეები სადავო არ ხდიან, რომ ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით შეძენილია ზ. გ---------ის მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს.

მტკიცებულებები:

- განვადების განაცხადი, თანხმობა მონაცემთა გადამოწმებაზე, საკრედიტო ხელშეკრულება (ს. ფ. 39-45);

- შპს ,---–-------------ს ცნობა (ს. ფ. 46-48);

- განვადების განაცხადი, თანხმობა მონაცემთა გადამოწმებაზე, საკრედიტო ხელშეკრულება (ს. ფ. 49-55);

- ი/მ ე-–--- ა--------ის ცნობა (ს. ფ. 56-58).

 

3.1.6. ზ--–----- გ---------ისა და თ----–- გ----------ს შვილმა და ე------ გ----------მ ოჯახი შექმნეს 2010 წელს.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:26:00- 12:26:21);

- კომპაქტ-დისკი (ს. ფ. 133).

 

3.1.7. მოპასუხე თ----–- გ----------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი.

მტკიცებულება:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:54:12-13:54:16 სთ.).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რბილი სამეული (ბორდოსფერი) და საძინებელი კომპლექტი (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) წარმოადგენს ე------ გ----------ს მშობლების საჩუქარს მის მიმართ დაქორწინებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლოს მითითებული გარემოება დადგენილად მიჩანია მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებით, მოპასუხე თ----–- გ----------ს ახსნა-განმარტებით, მოწმეების - ი-----– გ--------ის, ს----- ა--------ს და ს-----–--- ა--------ს ჩვენებების, ასევე წარმოდგენილ სიდი დისკზე ასახული ინფორმაციის საფუძველზე.

მოწმე ი-----–ი გ--------ი არის მოსარჩელე ე------ გ----------ს მამა, რომელმაც მიიტანა მისი და დედის ნაჩუქარი ზემოთ მითითებული ნივთები ზ. გ---------ის სახლში. როგორც მოწმე ი. გ--------ის, ისე ზ. გ---------ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები მოიტანეს ერთად, ქორწილამდე დაახლოებით 10-15 დღით ადრე, როგორც ეს ტრადიციით არის მიღებული. ხოლო მოწმეებმა ს-----–--- და ს----- აბდუევებმა, რომლებიც დედა-შვილი და მოსარჩელეთა მეზობლები არიან, ჩვენებაში მიუთითეს, რომ ქორწილის შემდეგ, მათი ტრადიციისამებრ, იკრიბებიან მეზობელი ქალები, მათ უმასპინძლდებიან ახლადდაოჯახებულების ოჯახში და ათვალიერებენ რძლის მიერ ,,მზითვის" სახით მოტანილ ნივთებს. ასე მოხდა საბინა გ----------ს დაქორწინების შემთხვევაშიც. მათთვის მზითვის სახით ნაჩვენებ ნივთებს შორის ორივე მოწმემ დაასახელა რბილი სამეული და საძინებელი კომპლექტი. ასევე მხარეთა და მოწმეთა განმარტებით, როდესაც ქალიშვილი თხოვდება, მიღებულია, რომ მისმა მშობლებმა ავეჯით უნდა მოუწყონ ერთი ოთახი.

ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები თანამიმდევრული და ურთიერთშესაბამისია.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სიდი დისკზე არსებულ ქორწილის ვიდეო-ჩანაწერზე. მასზე აღბეჭდილია ორი მონაკვეთი. პირველი გადაღებულია 2010 წლის 13 ოქტომბერს და მასზე აღბეჭდილია ავტომანქანის საზიმოდ მორთვის პროცესი. აქვე უწყვეტ კარგად საგანგებოდ და დეტალურად აღბეჭდილია საზეიმოდ მორთული და შემკული საძინებლის ავეჯი და რბილი სამეული. შემდგომი კადრები უკვე დღეისათვის არსებულ ვითარებას ასახავს, კერძოდ, იმავე ნივთებს, განთავსებულს ჯ. გ---------ის სახლში.

მეორე მონაკვეთში ასახულია 2010 წლის 15 ოქტომბრის მოვლენები, კერძოდ, ნეფე-პატარძალი შედის გ---------ების საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ ლოცავენ ოჯახის წევრები. ისინი სხდებიან ბორდოსფერ რბილ სამეულზე, რომელიც წინა ჩანაწერში ასახულის ანალოგიურია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ამ ნივთებთან დაკავშირებით, სხვაგვარად არავითარი ახსნა მათ საქორწინო ვიდეოზე საგანგებოდ აღბეჭდვას, არ აქვს და ასეთი არც მოპასუხეს შემოუთავაზებია.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მოსარჩელე ე------ გ---------ის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5);

- მოსარჩელე ზ--–----- გ---------ის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:26:32-12:27:27 ; 12:27:30-12:28:04, 13:41-11-13:42:42);

- მოწმე ი-----–ი გ--------ის ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:57:02-13:11:02);

- მოწმე ს----- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:27:49-13:40:07);

- მოწმე ს-----–--- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:13:24-13:24:35);

- სიდი დისკი (ს. ფ. 133).

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სამზარეულოს კომპლექტი (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანა ასევე ე. გ----------ს საკუთრებაა.

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეებმა იგივე მტკიცებულებები წარმოადგინეს, რაც მითითებულია გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში. თუმცა ამ შემთხვევაში მოწმეთა და მოსარჩელე ზ. გ---------ის ჩვენებებში ასახული ინფორმაცია განსხვავდება. კერძოდ, ზ. გ---------მა და ი. გ--------მა სხვადასხვა ინფორმაცია მიწოდეს სასამართლოს იმის თაობაზე, თუ როგორ დამზადდა სამზარეულო, როდის და ვინ აიღო მისი ზომები, როდის და ვინ მოიტანა ეს ნივთები. ასევე შეუსაბამოა ამ ნივთების მოტანასთან დაკავშირებული მოწმე ს----- ა--------ს განმარტებები. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. რაც შეეხება ვიდეო-ჩანაწერს, მასზე სამზარეულოს ავეჯი და სარეცხი მანქანა ასახულია მხოლოდ საქმის განხილვის პერიოდში არსებული მდგომარეობით. შესაბამისად, ვერც აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ეს ნივთები ს. ა--------ს 2010 წელს აჩუქეს მისმა მშობლებმა.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მოსარჩელე ე------ გ---------ის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5);

- მოსარჩელე ზ--–----- გ---------ის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:31:00-12:31:55 სთ.);

- მოწმე ი-----–ი გ--------ის ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:57:02-13:11:02);

- მოწმე ს----- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:27:49-13:40:07);

- მოწმე ს-----–--- ა--------ს ჩვენება (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 13:13:24-13:24:35)

- სიდი დისკი (ს. ფ. 133).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 1158-ე, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 28-ე, 32-ე და მე-40 მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, თ. გ----------ს მიერ სარჩელის ცნობას, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

 

6.2. სადავო მოძრავი ნივთები - ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი (ვერცხლისფერი შავი კანტით), დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით) და ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით წარმოადგენს მოსარჩელე ზ--–----- გ---------ისა და მოპასუხე თ----–- გ----------ს თანასაკუთრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ზ. გ---------ის მიერ შეძენილი ნივთების მესაკუთრეს, თუმცა საბოლოოდ მიუთითა, რომ ვინაიდან ისინი შეიძინა ზ. გ---------მა, ის არის მესაკუთრეც, თუმცა ნივთებით ასევე სარგებლობენ მისი შვილი და რძალი. შესაბამისად, სასამართლო აღარ ამოწმებს ზ. გ---------ის, როგორც მოსარჩელის სათანადოობას, საქართველოს სკ-ის 349-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ მათთზე საკუთრების უფლების განკარვა არ დასტურდება საქმის მასალებითაც.

ამასთან, უდავოდ არის დადგენილი, რომ ეს ნივთები შეძენილია ზ. გ---------ისა და თ. გ----------ს რეგისტრირებული ქორწინების და თანაცხოვრების დროს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

ამგვარად, კანონი ადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის პრეზუმფციას, კერძოდ, რომ თუ ქონება შეძენილია მეუღლეთა მიერ რეგისტრირებული ქორწინების დროს, მასზე ორივეს თანაბარი უფლება აქვს, ანუ ორივე თანამესაკუთრედ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ ვისი სახსრებით მოხდა ამ ქონების შეძენა და ვის სახელზეა ის საკუთრების უფლებით აღრიცხული.

საგამონაკლისო შემთხვევები მოცემულია ამავე კოდექსის 1161-ე მუხლსა და 1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილებში. კერძოდ, ეს შემთხვევებია: ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით (1161–ე მუხლი); სასამართლოს ასევე შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, თუ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ (1168-ე მუხლის მე-2–3 ნაწილები).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ. გ---------ი და თ. გ---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 1987 წლიდან 2018 წლის 25 სექტემბრამდე. დადგენილია ასევე, რომ სადავო მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს. ამასთან, არ დასტურდება 1161-ე მუხლსა და 1168-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა და ამაზე არც მხარეები მიუთითებენ.

რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ დღეისათვის ქორწინება შეწყვეტილია და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, აღნიშნული არ წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები - ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი (ვერცხლისფერი შავი კანტით), დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით) და ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, შესაბამისად, მოპასუხე თ. გ----------ს კუთვნილი წილი შეადგენს 1/2-ს, მოსარჩელეს კი ეკუთვნის აღნიშნული ნივთების 1/2 იდეალური წილი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სადავო გამხდარ იმ ფაქტობრივ გარემოებას, აგრძელებენ თუ არა ზ. გ---------ი და თ. გ---------- თანაცხოვრებას და ხომ არ არის განქორწინება ფიქციური, სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ გარემოებაზე არ მსჯელობს, ვინაიდან იგი საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო ნივთები ყადაღისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ მოსარჩელე, ანუ მესამე პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე, დაამტკიცებს, რომ ის ამ ნივთების მესაკუთრეა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ. გ---------მა დაამტკიცა თავისი საკუთრების უფლება მის მიერ სადავოდ გამხდარი ნივთების მხოლოდ 1/2 წილზე, ხოლო მოსარჩელე ე. გ----------მ - სადავო ნივთების ნაწილზე: რბილი სამეულსა (ბორდოსფერი) და საძინებელ კომპლექტზე (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით). გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს ნივთების ის ნაწილი, რომლებზეც დადასტურდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა .

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად. ამასთან, მოპასუხე თ. გ----------მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი, რაც მისთვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის განახევრების საფუძველია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის დავით გოგინაშვილის მიერ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №2------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთების: 1. სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად), 2. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივრის (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანის, 4. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორის (ვერცხლისფერი შავი კანტით), 5. ტელევიზორის დასადგამი მაგიდის დინამიკებით, 6. რბილი სამეულის (ბორდოსფერი) და 7. საძინებელი კომპლექტის (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) რეალიზაცია.

ვინაიდან მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილდაზე ნაწილობრივ უარი ეთქვათ, ამ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ზ--–----- გ---------ის სარჩელი თ----–- გ----------ს და ვ----- ა-–---------ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღმასრულებელ დავით გოგინაშვილის მიერ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №2------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთების: 1. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი, 2. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ტელევიზორის დასადგამი მაგიდა დინამიკებით, ½ წილი გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

3. ე------ გ----------ს სარჩელი თ----–- გ----------ს და ვ----- ა-–---------ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

4. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღმასრულებელ დავით გოგინაშვილის მიერ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №2------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები: 1. რბილი სამეული (ბორდოსფერი) და 2. საძინებელი კომპლექტი (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

5. ე------ გ----------ს უარი ეთქვას სამზარეულოს კომპლექტის (კაკაოსფერი, 10 ნაჭრად) და ,,ბეკო"-ს ფირმის სარეცხი მანქანის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.

 

6. გაუქმდეს მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის დავით გოგინაშვილის მიერ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს №2------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაყადაღებული ნივთების: 1. ,,ტოშიბას" ფირმის ორგანყოფილებიანი მაცივარი, 2. დიდი ზომის ,,ჰისენსის" ფირმის ტელევიზორი (ვერცხლისფერი შავი კანტით), 3. ტელევიზორის დასადგამი მაგიდის დინამიკებით, ½ წილის, და რბილი სამეულის (ბორდოსფერი) და საძინებელი კომპლექტის (საწოლი, ტანსაცმელის კარადა, ორი ტუმბო, ტრილიაჟი სარკით) რეალიზაციის შეჩერების ნაწილში.

 

7. ვ----- ა-–---------ს ზ--–----- გ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 37,5 ლარის ოდენობით.

 

8. თ----–- გ----------ს ზ--–----- გ---------ის სასარგებლოდ ვ----- ა-–---------თან სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 18,75 ლარის ოდენობით.

 

9. ვ----- ა-–---------ს ე------ გ----------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 48 ლარის ოდენობით.

 

10. თ----–- გ----------ს ე------ გ----------ს სასარგებლოდ ვ----- ა-–---------თან სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 24 ლარის ოდენობით.

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მ--------–ის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი