გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
010210018002453635
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002453635

N2-2086/18

გადაწყვეტილება

18 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -მირანდა თურმანიძე

მოსარჩელე - ი.მ თე-------ზ ტა---ე

წარმომადგენელი-ნუ--ი თე---ე

მოპასუხე - შპს „პლ---ა მე---------ი“

წარმომადგენელი - ალ---------ე მა--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე ი.მ თე-------ზ ტა---ის სასარგებლოდ, მოპასუხე შპს „პლ---ა მე---------ზე“ 6378.3 ლარის დაკისრება

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2015 წლის 1 ივნისს, მოსარჩელესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოსარჩელე უწევდა კომპანიას სარეცხის რეცხვის მომსახურებას. იმავე წლის ნოემბერში, შპს „პლ---ა ფი-----ის“ მართვა დაიწყო შპს „პლ---ა მე---------მა“. ამ უკანასკნელმა დაიკავა შპს „პლ---ა ფი-----ის“ სამეწარმეო ფართი, იგივე თანამშრომლებით. მოსარჩელეს განუმარტეს, რომ შეცვლილი ვითარება ხელს არ შეუშლიდა ნარდობის ხელშეკრულებაზე და მომსახურების გაწევა უნდა გაგრძელებულიყო ჩევეულ რეჟიმში. 2015 წლის 12 ნოემბრის ორმხრივი შეთანხმებით შპს „პლ---ა ფი-----სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შემკვეთის დავალიანება შეადგენდა 10378 ლარს. მოპასუხემ მხოლოდ 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით დაფარა დავალიანების ნაწილი - 4000 ლარი. 2017 წლის მაისში კი უარი განუცხადა დარჩენილი დავალიანების გადახდაზე იმ მოტივით, რომ შპს „პლ---აფი-----ი“ გაკოტრებულად გამოცხადდა სასამართლოს მიერ.

სარჩელის თანახმად, შპს „პლ---ა ფი-----ის“ შეცვლა შპს „პლ---ა მე---------ით“ მოხდა ფორმალურად, რადგან მათი დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები (მამა-შვილი) და ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ შპს „პლ---ა ფი-----ს“ ჩაანაცვლებდა შპს „პლ---ა მე---------ი“ და ეს უკანასკნელი შეასრულებდა თავდაპირველი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მოპასუხე ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2015 წლის ივნისს მოსარჩელესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 13 ნოემბერს იგივე მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და შპს „პლ---ა მე---------ს“ შორის. მოპასუხეს მოსარჩელის და შპს „პლ---ა ფი-----ის“ წინაშე არ უკისრია შპს "პლ---ა ფი-----თან" გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. მოპასუხე ახორციელებდა მიმდინარე დავალიანების გადახდას, ამასთან შპს „პლ---ა ფი-----თან“ არსებული სასესხო ვალდებულების ფარგლებში, უნაზღაურებდა ამ უკანასკნელს დავალიანებას მოსარჩელისათვის თანხის ჩარიცხვის გზით, რაზედაც მიუთითებს საგადახდო დავალებების შინაარსი.

ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივიგარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 1 ივნისს, შპს „პლ---ა ფი-----სა“ და ი.მ თერიმუ--აზ ტა---ეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე უნდა მიეწოდებინა შპს „პლ---ა ფი-----ისთვის“ სარეცხის რეცხვის მომსახურება.

2015 წლის 12 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 12 ნოემბრიდან.

2015 წლის 13 ნოემბერს, იგივე შინაარსის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „პლ---ა მე---------სა“ და ი.მ თე-------ზ ტა---ეს შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნარდობის ხელშეკრულება 01/06/2015წ (16-18)

-ნარდობის ხელშეკრულება 13/11/2015წ. (ს.ფ.19-20)

-შეთანხმება (ს.ფ. 18)

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ, შპს „პლ---ა ფი-----ის“ საქმის წარმოება და კომპანია გამოცხადდა გაკოტრებულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განჩინება (ს.ფ. 34-36)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გარკვეულ გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. რაც გულისხმობს შემთხვევას, რომლის დროსაც გარკვეული ფაქტების დადასტურების მტკიცება მხოლოდ კონკრეტული მტკიცებულებებით შეიძლება, მტკიცების ტვირთის გადანაწილების გარეშე. ეს შემთხვევები, როგორც წესი, გათვალისწინებულია კონკრეტული სამართალურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებში, რომლითაც დადგენილია აღნიშნული მტკიცებულების სახეც.

მოცემულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ იკისრა შპს „პლ---ა ფი-----თან“ გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სწორედ, ასეთ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, მოპასუხის მიერ ი.მ თე-------ზ ტა---ესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების დადასტურება.

3.2.2. 2015 წლის 18 ნოემბერს, შპს „პლ---ა ფი-----სა“ და ი.მ თე-------ზ ტა---ეს შორის გაფორმდა შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ გაწეული მომსახურების დავალიანების ოდენობასა და დაფარვის გრაფიკზე. კერძოდ, გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „პლ---ა ფი-----ი“ ადასტურებს 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით მენარდის წინაშე არსებული დავალიანების ოდენობას, 14378.30 ლარის ოდენობით. მხარეები თანხმდებიან, რომ აღიარებულ დავალიანებას შემკვეთი გადაიხდის ეტაპობრივად, ოთხი თვის განმავლობაში. 2016 წლის 5 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად შპს „პლ---ა ფი-----ის“ დავალიანება ი.მ. თე-------ზ ტა---ის მიმართ შეადგენს 10378.3 ლარს.

2015 წლის 11 ნოემბრის N103/15 წერილით, შპს „პლ---ა მე---------მა“ მიმართა შპს „პლ---ა ფი-----ის“ დირექტორს კომპანიებს შორის არსებული დავალიანების ფარგლებში, ი.მ თე-------ზ ტა---ესათვის გადაერიცხა 5800 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 აპრილის N 10/16 წერილით - 2000 ლარი.

თანხების ჩარიცხვა მოხდა ეტაპობრივად, საბანკო ჩარიცხვების გზით: 2015 წლის 22 დეკემბერს, 2016 წლის 11 იანვარს, 2016 წლის 18 იანვარს და 2016 წლის 1 თებერვალს (გადახდის დანიშნულებაში მითითებულია:თანახმად წერილისა-103/15).

2016 წლის 16 მარტს და 31 აგვისტოს, შპს „პლ---ა მე---------მა“ მიმართა მოსარჩელეს, რათა კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხები ჩაეთვალა შპს „პლ---ა ფი-----ის“ დავალიანების დასაფარად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თანხების ჩარიცხვით მოპასუხე მხარემ დაადასტურა, მოსარჩელის მიმართ, შპს „პლ---ა ფი-----ის“ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის აღება. არც ერთი მითითებული დოკუმენტი არ შეიცავს ასეთ დათქმას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხებით, კომპანია ახორციელებდა შპს „პლ---ა ფი-----ის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, რასაც ადასტურებს 2015 წლის 11 ნოემბრის N103/15 წერილის შინაარსიც.

მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი.მ თე-------ზ ტა---ესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულება შპს „პლ---ა მე---------ს“ არ აუღია და შპს „პლ---ა მე---------ის“ მიერ ი.მ თე-------ზ ტა---ისათვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს შპს „პლ---ა ფი-----ის“ მიმართ, ამ კომპანიის ვალდებულების დაფარვას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შეთანხმება დავალიანების შესახებ (ს.ფ. 22)

-წერილი N103/15, 11/11/2015 (ს.ფ.

-შედარების აქტი 05/02/2016წ. (ს.ფ. 27)

-საგადახდო დავალებები (ს.ფ. 23-26)

-წერილი N75/16, 16/03/2016წ (ს.ფ. 29)

-წერილი N149/16 31/08/2016წ. (ს.ფ.28)

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოთხოვნის სახე და ფარგლები. აღნიშნული პრინციპი სრულიად გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის საზღვრებში ან თავად განავითაროს სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ №ას-1023-2018 30/11/18 წ.).

6.2. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულებით-სამართლებრივი დავა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმება, რომლის ძალითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შპს „პლ---ა ფი-----ზე“ რიცხული დავალიანება.

ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და განსაზღვროს მათი უფლება-ვალდებულებათა ფარგლები.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ, 328-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ხოლო 341-ე მუხლით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა დამყარებულია კერძო ავტონომიის პრინციპზე, ხელშეკრულების დადებისას აუცილებელია ყველა მის არსებით პუნქტზე შეთანხმება, ე.ი. ნების გამოვლენის ნამდვილობა კონტრაჰენტი მხარეების მიერ, ხელშეკრულება იდება მხოლოდ საამისოდ კანონით გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ვალის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმა.

უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).

ვალის აღიარება თავისი შინაარსით დამოუკიდებელია მხარეთა შორის მანამდე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან და წარმოადგენს მოვალის დამოუკიდებელ შეპირებას კრედიტორის მიმართ, მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის უფლების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვალის აღიარების ამ ფორმით, კრედიტორი იძენს ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას. ეს მოთხოვნა ანაცვლებს თავდაპირველ ვალდებულებას. ვალის აღიარების ამ ფორმის შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს აღარ წარმოადგენს რის საფუძველზე დაიდო ვალის აღიარება. მთავარია, აღიარება დადებული იყო მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე.

სასამართლო, საქმეში დადგენილად მიჩნეული უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დამყარდა მხოლოდ 2015 წლის 13 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე და 2015 წლის 1 ივნისს, მოსარჩელესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ვალდებულება მოპასუხე მხარეს არ უღიარებია, საამისოდ დადგენილი წერილობითი ფორმით.

6.3. ასევე, საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა ვალის გადაკისრების სამართლებრივი რეგულაციიდან გამომდინარე. სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ნორმა არეგულირებს „გარიგების საფუძველზე მოვალის ცვლილებას ვალდებულების იდენტურობის პირობის დაცვით“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, გვ 191). მართალია, ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს წერილობით ფორმას, თუმცა, გარიგების დადებაზე მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა უნდა დგინდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით.

მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „პლ---ა მე---------მა“ თავის თავზე აიღო შპს „პლ---ა ფი-----ის“ ვალდებულების შესრულება, რაზედაც მხარეებს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. შესაბამისად, თითოეული მხარე, რომელიც მტკიცების ტვირთის მატარებელია, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მხარეთა ახსნა-განმარტება, გარეგების ნამდვილობის დადასტურებისათვის, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიზიაროს სასამართლომ, თუ საცილოობისას, იგი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს იმ გადახდებზე, რომელიც შპს „პლ---ა მე---------მა“ განახორციელა მოსარჩელის ანგარიშზე. მისი პოზიციით, სწორედ ეს გადახდები ადასტურებს მხარის მიერ ვალზე პასუხისმგებლობის აღების ფაქტს. მოპასუხე, არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ აღნიშნული გადახდები განახორციელა შპს „პლ---ა ფი-----თან“ არსებული ვალდებულების გაქვითვის მიზნით და უთითებს წერილებზე, რომელთა საფუძველზე განახორციელა გადარიცხვები.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საცილოდ არ გაუხდია შპს „პლ---ა ფი-----სა“ და შპს „პლ---ა მე---------ს“ შორის დავალიანების არსებობის ფაქტი. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ არც მითითებული წერილების და არც საგადახდო დავალებების შინაარსიდან არ გამომდინარეობს შპს „პლ---ა მე---------ის“ მიერ შპს „პლ---ა ფი-----ზე“ რიცხული ვალის აღების გარემოება. შპს „პლ---ა ფი-----თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობათა შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხესთან, 2016 წლის 12 ნოემბერს, გააფორმა დამოუკიდებელი ნარდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ, როგორც დამოუკიდებელმა სამეწარმეო სუბიექტმა განაგრძო ოპერირება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა იგივე ფართში, იგივე მომსახურების გაწევის მიზნით და იგივე პირობებით. მითითებული ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას ან პირობას, იმ დროისათვის უკვე შეწყვეტილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი.მ თე-------ზ ტა---ესა და შპს „პლ---ა ფი-----ს“ შორის არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულება შპს „პლ---ა მე---------ს“ არ აუღია და შპს „პლ---ა მე---------ის“ მიერ ი.მ თე-------ზ ტა---ისათვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს შპს „პლ---ა ფი-----ის“ მიმართ, ამ კომპანიის ვალდებულების დაფარვას. მხარეთა მიერ ვალის გადაკისრებაზე ნების გამოვლენის დადასტურებისათვის მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება. შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 191.34 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ი/მ თე-------ზ ტა---ის სარჩელი მოპასუხე შპს „პლ---ა მე---------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე