გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
330210017001845447
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე №2/7265-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - სს ,,მ---------------ი"

წარმომადგენელი - ე---------- ქ---------

მოპასუხე - ა-–---------- ნ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–---------- ნ--------ეს მოსარჩელე სს ,,მ---------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს დავალიანება - ძირი თანხა 4853.04 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის 21 ოქტომბერს სს „მ---------------სა“ და ა-–---------- ნ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის მოცულობა - 5300 აშშ დოლარი; სესხის ვადა - 12 თვე, ყოველთვიური პროცენტის მოცულობა სესხის თანხაზე - 4,7%, სესხის გაცემის საკომისიო 106 აშშ დოლარი, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისი - მიმდინარე თვის პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი. სესხის მთლიანი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემიდან 12 თვის ვადაში. ყოველთვიური შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი გადააცილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მხარის განმარტებით, მოპასუხემ აითვისა სესხის სრული მოცულობა და ახორციელებდა შენატანებსაც, რითაც დაფარა სესხის ძირი თანხის ნაწილიც, თუმცა მისი შენატენებით ძირითადად მხოლოდ პროცენტები იფარებოდა. ბოლო შენატანი მოპასუხემ განახორციელა 2016 წლის 31 აგვისტოს.

 

სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს დარჩენილ ძირ თანხას 4853.04 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხე მხარეზე (იხ. სარჩელი და სასასმართლო სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში მოითხოვა მოსარჩელე სს ,,მ---------------ი“-ს სარჩელის არ დაკმაყოფილება.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა დაგირავებული ნივთის ღირებულება (იხ. სესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2013 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხე ა-–---------- ნ--------ესა და ს----------------------------------–-- მ---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N----, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5300 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვიური 4.7% საპროცენტო განაკვეთით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - B--------.

 

გირავნობის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, თუ გირაოს რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ ფარავს დავალიანებას „მოგირავნე“ უფელბამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა დამგირავებლის საკუთრებაში არსებული სხვა აქტივებიდან.

 

6.5. პუნქტის მიხედვით კი, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი გირავნობის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გაწვდება გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება N----- (ს.ფ. 15-16)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 17)

- გირავნობის ხელშეკრულება ა315/1 (ს.ფ 107-110)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

 

4.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება.

 

2015 წლის 16 ივლისის წერილით სს ,,მ---------------მა“ აცნობა ა-–---------- ნ--------ეს, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება 2015 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 7952.15 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5300 აშშ დოლარი, პროცენტი - 1253.04 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1399.11 აშშ დოლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 16 ივლისის მოთხოვნა/შეტყობინება (ს.ფ. 113-114)

 

4.3. 2016 წლის 18 იანვარს სს ,,მ---------------მა“ მიმართა შ------------------------------ და მოითხოვა გირავნობის მოწმობის გაცემა ა-–---------- ნ--------ის კუთვნილ ავტომანქანაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,მ---------------ი“-ს 2016 წლის 18 იანვრის წერილები და გზავნილები(ს.ფ. 117-118)

- საჯარო შეტყობინება გაზეთის მეშვეობით (6-8 ნოემბერი, 2015 წელი, გაზეთი „ს----------------“) (ს.ფ. 119-120)

 

4.4. სს ,,მ---------------ი“-ს მიერ განხორციელდა დაგირავებული ავტომანქანის, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი: B--------, გამოშვების წელი: 2---, სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, საიდენტიფიკაციო N:W----------------, სახელმწიფო ნომერი: G-----, რეალიზაცია.

 

ავტომანქანა 2016 წლის აგვისტოს თვეში გაიყიდა 1018.53 აშშ დოლარად, რითიც დაიფარა ძირითადი თანხის ნაწილი და პროცენტი სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმები)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18-20)

- ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 21)

 

4.5. 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, ა-–---------- ნ--------ის დავალიანება სს ,,მ---------------ი“-ს მიმართ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს ძირ თანხას 4853.04 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 21)

 

4.6. მოპასუხემ სადავოდ გახადა ავტომანქანის ღირებულება და მიუთითა, რომ გირავნობის საგანი ბევრად მაღალი ღირებულების იყო და მას სრულად უნდა დაეფარა არსებული დავალიანება.

 

ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუკი მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გირავნობის ნივთის იმ ოდენობით ღირებულება, რასაც უთითებს მოპასუხე მხარე, შესაბამისად, ამ უკანასკნელის პოზიციას ნივთის ღირებულებასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 278-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხე ა-–---------- ნ--------ეს და სს ,,მ---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N----, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 5300 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვიური 4.7% საპროცენტო განაკვეთით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - B--------.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი წესის თანახმად, გირავნობის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოგირავნის უფლება იურიდიული ბუნებით აქცესორული ხასიათისაა და მისი განხორციელება უწინარესად დამოკიდებულია ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის დანაწესით, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში გირავნობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება პირდაპირ არ დაფარავდა მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4853.04 აშშ დოლარის ოდენობით ძირი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ,,მ---------------ი“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 392.30 ლარის ოდენობით, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 392.30 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,მ---------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე ა-–---------- ნ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ა-–---------- ნ--------ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს ,,მ---------------ი“-ს (ს/ნ N2--------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2013 წლის 21 ოქტომბრის N---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი ძირი თანხის 4853.04 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა.

 

2. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 392,30 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ა-–---------- ნ--------ეს მოსარჩელე სს ,,მ---------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 392,30 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე