გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2019
საქმის ნომერი
190310018002673206
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-318-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.01.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–-

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე - სს ქ. რუსთავის ც--------–----- საავადმყოფო,წარმომადგენელი - დ----- ღ-----–---–-,დ----- გ------ე,მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,წარმომადგენელი - თ------- ბ---–---–ი, პ----- ც------–--ე,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების, 6 620,99 ლარის ანაზღაურებას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ პაციენტი მ------- ი---------- მოსარჩელის კლინიკაში მკურნალობდა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინტრავენტრიკულური, სუნთქვის მწვავე უკამრისობის დიაგნოზებით. პაციენტი გარდაიცვალა 2017 წლის 26 ოქტომბერს 20:20 საათზე, თუმცა სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში მექანიკური შეცდომის გამო გამოსავალში მიეთითა ,,დაუსრულებელი მკურნალობა", ეს ხარვეზი აღმოჩენილი იქნა მალევე, რის შემდგომაც მითითებული იქნა კომენტარის ველში. სამედიცინო დახმარების ეპიზოდი დასრულდა 2017 წლის 26 ოქტომბერს. რის შემდგომაც მოსარჩელემ კანონის შესაბამისად ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს წარუდგინა დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელის 2018 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ მონიტორის კომენტარის საფუძველზე სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტის საფუძველზე (შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს) განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოუვიდა მექანიკური შეცდომა, რაც მალევე 12 წუთში გამოასწორა კომენტარების ველში განხორციელებული ჩანაწერით. პრაქტიკულად სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გაკეთებული კომენტარებით ირკვეოდა, რომ გამოსავალი იყო ლეტალური, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სააგენტოს, ვინაიდან შეტყობინებაში დაფიქსირებული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. სხვა არასწორი მონაცემი, რომელიც არსებითად არ ცვლის შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცემულობას და ანაზღაურების პირობებს, განიხილება ხარვეზად, ამგვარი ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 26 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა გასაჩივრებული, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მხოლოდ პაციენტ მ------- ი----------ს მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფლების საფუძველი. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შემთხვევის დასრულების შემდგომ მონაცემების შეცვლა შეუძლებელია, კომენტარი დაფიქსირებულ გამოსავალს ვერ ცვლის, ანაზღაურება ხდება შემთხვევის დასრულებისას. ამასთან, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის გამოყენება შეუძლებელია ვინაიდან დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია შემთხვევის დასრულებამდე არსებულ ხარვეზი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ------- ი---------- 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქალაქ რუსთავის ც--------–---- საავადმყოფოში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, I61;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს. ფ. 1-11);

- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 61-68);

- სამედიცინო დახმარების საფინანსო ანგარიში (ს. ფ. 13-16);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 17);

 

3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს.ფ. 1-11);

- წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 61-68);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 19-20);

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ გამოსავლის ველში დაფიქსირებულია ,,დაუსრულებელი მკურნალობა", სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება (ს. ფ. 21-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მ------- ი----------ს მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილში მიღებულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსარჩელის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში კომენტარების ველში განხორციელებული ჩანაწერი წარმოადგენს პაციენტ მ------- ი----------ს მკურნალობის ხარჯის ანაზღაურების საფუძველს. კერძოდ, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 12 წუთში გაკეთებული კომენტარით ირკვევა, რომ გამოსავალი იყო ლეტალური, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სააგენტოს მიერ, რადგანაც შეტყობინებაში დაფიქსირებული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ქალაქ რუსთავის ც--------–----- ს---------------" წარმომადგენლის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების, 6 620,99 ლარის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ მ------- ი---------- 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქალაქ რუსთავის ც--------–---- საავადმყოფოში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტაცერებრული სისხლჩაქცევა, I61;

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის ველში დაფიქსირებულია ,,დაუსრულებელი მკურნალობა", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

მითითებული დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს; ამავე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, კი წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელეთათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------- ი----------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 26 ოქტომბერს 20:20 საათზე მიეთითა დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე), ხოლო შეტყობინების დასრულებლად მიეთითა 2017 წლის 27 ოქტომბერი 12:02 საათი, 15:36 საათი; (ს. ფ. 25) მ------- ი----------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:14 საათზე კომენტარის ველში მიეთითა, რომ შემთხვევის დახურვისას მოხდა შეცდომა პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად გამოსავალი უნდა იყოს ,,ლეტალური". (ს. ფ. 27)

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- ი----------ს სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას ადგილი არ აქვს შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზის, მისი დაზუსტების, ჩარევის და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობას, აღნიშნულს ასევე ადასტურებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებაც, რომელმაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას.

 

სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილების მიღების საფუძველთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განმახორციელებელმა მიწოდებული ინფორმაცია მიიჩნია შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობაში, მიუხედავად იმისა, რომ 12 წუთში კომენტარის ველში მიმწოდებლის მიერ მიეთითა შესაბამისი გამოსავალი, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილის შესახებ.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება;

 

დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პროგრამის განმახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლია როგორც შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას, საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ისე, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისას ან ანაზღაურებაზე უარის თქმის ეტაპზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას, შემთხვევის დასრულების შემდგომ მონაცემების შეცვლის შეუძლებლობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ნორმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ არსებობს. ამასთან, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში მექანიკური შეცდომის გამო გამოსავალში მიეთითა ,,დაუსრულებელი მკურნალობა". კომენტარის ველში დაუყოვნებლივ მიეთითა - ,,პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისად გამოსავალი უნდა იყოს ,,ლეტალური". ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის 10-ე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 10%-ით.

 

დადგენილების №1 დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 დღისა.

 

იმ პირობებეში, როდესაც განმახორციელებელმა მ------- ი----------ს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას მიიჩნია, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა მიწოდებული ინფორმაციის შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან დაუმთხვევლობის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას განმახორციელებელს მიმწოდებლის მიერ უკვე ეცნობა უსწორობის შესახებ, რომელიც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ არცერთ გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის კონკრეტულად იმ გარემოების შესახებ თუ რა გახდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, რადგან ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტლება უკანონოდ იქნა ცნობილი, მოპასუხეს უნდა დაევალოს პაციენტ მ------- ი----------ს მკურნალობის მიზნით, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,რუსთავის ც--------–----- ს---------------" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მრტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (მ------- ი----------ს მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და დაევალოს მოპასუხეს პაციენტ მ------- ი----------სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება;

 

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მ------- იუსობოვის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

2. მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე -სს რუსთავის ც--------–----- ს--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–-