გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3686-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - დ---------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს თბ--–-----------------------------–-----------–------------------------ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ბაკალავრის T--------6 დიპლომის (სარეგისტრაციო N1-----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დ---------------ე ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 1999 წელს. დ---------------ის ნიშნების ფურცელის მიხედვით 2005 წელს დ---------------ე მესამე კურსიდან გარიცხულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიდან.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პ------ შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის თავჯდომარის მიმართვები (ს.ფ. 21 და ს.ფ. 22);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართვა (ს.ფ.26).
- დ---------------ის ნიშნების ფურცელი (ს. ფ. 25)
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ 2010 წლის 24 თებერვალს თბ--–-----------------------------–-----------–------------------------ის რექტორს გაუგზავნა შსს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების ,,სამართალმცოდნეობის'' სპეციალობის მე-3 კურსის ყოფილი მსმენელის დ---------------ის სასწავლო პ------ი საქმე სასწავლო ბარათთან ერთად. თბ--–---------------------------–------------------------ის რექტორის 2010 წლის 26 თებერვლის N12 ბრძანებით დ---------------ე ჩაირიცხა თბ--–---------------------------–------------------------ის მესამე კურსზე. თბსსუ-ის შინაგანაწესის შესაბამისად, დ. გ--------თან გაფორმდა ხელშეკრულება, დ. გ--------ეს მიეცა განსხვავებულ და დამატებით სასწავლო კურსებში თბსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტების აღებისა და აღნიშნულ დისციპლინათა მიმდინარე და შემდეგ სემესტრებში გავლის უფლება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბ--–---------------------------–------------------------ის რექტორის 2010 წლის 26 თებერვლის N12 ბრძანება (ს.ფ.27)
- თბ--–---------------------------–------------------------ის ცნობა (ს. ფ. 28)
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2010 წლის 24 თებერვლის N40/2/439 წერილი (ს.ფ.26)
4.3. თბ--–----------------------------–------------------------ის 2018 წლის 5 ივნისის ცნობის თანახმად, და-------------ზე 2010-2011წლებში ნამდვილად სწავლობდა თბსსსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. დ. გვ--------ე თბსსუ-ის ბაკალავრიატის სამართლის ფაკულტეტის(სპეციალობა-სამართალმცოდნეობა) III კურსზე დადგენილი წესისამებრ ჩაირიცხა პ------ი საქმის შესწავლის, მიერ შსს-ის აკადემიაში გავლილი სასწავლო პროგრამის თბსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და მიღწეული შედეგების შეფასების შესაბამისად, შიდა გამოცდის საფუძველზე. ამავდროულად, დ. გ--------ეს მიეცა განსხვავებულ დისციპლინებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტების აღების უფლება VI-VII სემესტრებში. დ. გ--------ე 2011 წელს საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვებულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად დაგროვილი 240 კრედიტისა და მიღწეული შეფასებების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბ--–----------------------------–------------------------ის 2018 წლის 5 ივნისის ცნობა N--------18 (ს.ფ. 28)
4.4. თბ--–----------------------------–------------------------ის საკვალიფიკაციო დარგობრივი კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმიN1, 25.06.2011წ.) დ---------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომი N TI-0----- (სარეგისტრაციო ნომერი: 1511/011).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბ--–---------------------------–------------------------ის ცნობა (ს.ფ. 28);
- დ---------------ის დიპლომი (ს. ფ. 15).
4.5. 2018 წლის 19 აპრილს დ---------------ემ N439956 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2011 წელს შპს თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული ბაკალავრის N TI-0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ---------------ის განცხადება (ს. ფ. 54-55);
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აპრილის N MES 18 00453052 სამსახურებრივი ბარათი (ს. ფ. 60-61);
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 66-70).
4.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილებით დ---------------ეს უარი ეთქვა 2011 წელს შპს თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული ბაკალავრის N TI-0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 66-70).
4.7 დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დ---------------ე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა პოზიციაზე:
1) 05.03.1998 წ. - 04.04.1998წ. -ქ. თბილისის გლდანის რაიონის შს დაცვის პოლიციის განყოფილება;
2) 04.04.1998 წ. -30.04.2001 წ.- ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის დაცვის პოლიციის სამმართველო;
3) 30.04.2001 წ. - 12.08.2004 წ. - ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველო;
4) 12.08.2004 წ. დათხოვნილ იქნა საქ. შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 65-ე მუხლის "გ" პუნქტით (შტატების შემცირება);
5) 06.01.2005 წ. - 17.05.2005 წ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
6) 17.05.2005 წ. - 10.07.2006 წ. - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის შს სამმართველო;
7) 10.07.2006 წ. - 18.12.2006 წ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
8) 18.12.2006 წ. - დათხოვნილ იქნა "საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 67-ე მუხლით (პ------ი პატაკით)
9) 14.03.2007 წ. - 17.03.2010 წ. შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო;
10) 17.03.2010 წ. - დათხოვნილ იქნა "საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ " დებულების 67-ე მუხლის "ზ" პუნქტით (პ------ი პატაკით);
11) 10.04.2013 წ. - 01.12.2014 წ. - შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
12) 01.12.2014 წ. - დათხოვნილ იქნა შს სამინისტროდან " საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" წესის 45-ე მუხლით (დათხოვნა სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებიტ);
13) 18.06.2018 წ. - დღემდე - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
დ---------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს შემდეგი სპეციალური წოდებები:1 05.03.1998 წ. - "პოლიციის უმცროსი სერჟანტი", 22.02.2000 წ. - "პოლიციის უმცროსი სერჟანტი", 29.08.2005 წ. - (09.08.2005 წლიდან) - "პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი", 14.03.2007 წ. - "პოლიციის ლეიტენანტი", 02.09.2008 წ. (ვადაზე ადრე) "პოლიციის უფროსი ლეიტენანტი", 10.04.2013 წ. "პოლიციის უფროსი ლეიტენანტი", 25.09.2014 წ. "პოლიციის კაპიტანი".
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 27 სექტემბრის N MIA 7------------ ცნობა (ს.ფ. 94-95)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 'ვ' ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის 'ო' ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია; განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებას“, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. კერძოდ, მითითებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს დ---------------ემ N439956 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2011 წელს შპს თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული ბაკალავრის N TI-0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილებით დ---------------ეს უარი ეთქვა 2011 წელს შპს თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული ბაკალავრის N TI-0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
7.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო ამავე აქტის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტების გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. კანონი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით დ---------------ეს უარი ეთქვა შპს თბ--–----------------------------–------------------------ში მიღებული განათლების ფაქტის (ნამდვილობის) დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ 2010 წელს დ---------------ე შპს თბ--–-----------------------------–-----------–------------------------ში არ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.
სასამართლო მოიხმობს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომისა და შესაბამისი ცნობის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების დადასტურებაზე უარი (რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამორიცხავს ობიექტურად მიღებული განათლების გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის) სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების დაუდასტურებლობას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს დ---------------ე, რომელსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია. მან მიმართა კონკრეტულ სასწავლებელს, რომელმაც ნება დართო, რომ სწავლა გაეგრძელებინა მესამე კურსიდან და შემდგომში აღნიშნულმა სასწავლო დაწესებულებამ გასცა კიდეც დ---------------ის მიერ მიღებული ბაკალავრის განათლების დამადასტურებელი დიპლომი. დ---------------ე მოქმედებდა იმ შინაგანი რწმენით, რომ კანონის შესაბამისად იღებდა ბაკალავრის განათლებას და იხდიდა დადგენილ თანხას აღნიშნული საგანმანათლებლო კურსის გავლისათვის. ამასთანავე, სწორედ თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა იგი საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს მიღებული განათლება. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების შედეგების სტაბილურობას და მიღებული დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა საქმიანობას. დ---------------ე თბ--–---------------------------–------------------------ის მიერ გაცემული და სადაოდ ქცეული დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას საჯარო მოხელის არაერთ პოზიციაზე და როგორც ირკვევა, იგი ყოველთვის ავლენდა სათანადო უნარ-ჩვევებს, ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ დ---------------ის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- აქტის თანახმად, უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ასეთ პირობებში დ---------------ისათვის დიპლომის ნამდვილობის დადსტურებაზე უარი უთანაბრდება მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაუქმებას, რაც პირის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოების - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების დადასტურების გარეშე დაუშვებელია.
7.7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ მოპასუხეს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამგვარად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, პროფესიული განვითარება და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბ--–-----------------------------–-----------–------------------------ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ბაკალავრის T--------6 დიპლომის (სარეგისტრაციო N1-----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 მაისის N M---------------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს თბ--–-----------------------------–-----------–------------------------ის მიერ დ---------------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის T--------6 დიპლომის (სარეგისტრაციო N1-----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის - დ---------------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი