განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
190100118002540525
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-489-18

(№021310318001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი: დავით მუხიაშვილი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: ნიკოლოზი ზალიაშვილი, დაბადებული 14.12.1977 წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 36001035268, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი თოხლიაური.

 

ადვოკატი - ლევან ჯავახაძე

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 30 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფლის ხევის აგარაკზე, ნიკოლოზ ზალიაშვილი და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი მაისურაძესა და თინათინ მათიკოშვილს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და ქარქაშიანი დანის დემონსტრირებით, მოითხოვეს ფულადი თანხა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. დაზარალებულის გიორგი მაისურაძის ჩვენების მიხედვით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იგი იცნობს ბრალდებულს ნიკოლოზ ზალიაშვილს, ის არის მეუღლის თინათინ მათიკოშვილის ძმის სიძე. თავად ცხოვრობს მარტყოფის ტერიტორიაზე სოფელ სააკაძესთან ახლოს, რომელსაც „მარტყოფის დაჩებს“ ეძახიან. მას აქვს სამსართულიანი სახლი, რომელთანაც მიდის ორი გზა, ქვემოდან და ზემოდან. მისი კუთვნილი ტერიტორია შემოღობილია. სახლში ცხოვრობენ თავად გიორგი მაისურაძე და მისი მეუღლე თინა მათიკოშვილი. სახლის გარშემო არავინ ცხოვრობს, ერთადერთი მეზობელია (გელაშვილები) მისი სახლიდან დაახლოებით 60-70 მეტრში. სახლი მდებარეობს დაღმართზე და ერთი მხრიდან სამივე სართული ჩანს, ხოლო მეორე მხრიდან ორი. 2017 წლის 30 მარტს იგი მეორე სართულზე იყო წამოწოლილი მისაღებ ოთახში, რომელსაც შესასვლელი აქვს შუა ადგილას. ოთახში დგას ერთი საწოლი და ორი დივანი, ორი ტელევიზორი და ორი მაგიდა. დაახლოებით 22:00 საათზე აღნიშნულ ოთახში იმყოფებოდნენ თავად და მისი მეუღლე, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა. თავად იწვა და ტელევიზორს უყურებდა. ამ დროს ოთახში შევიდა ჯერ უცნობი მსუქანი კაცი და შემდეგ მიჰყვა მეორე გამხდარი პიროვნება. ზუსტად მათი ჩაცმულობა არ ახსოვს, მაგრამ ჭრელი ტანსაცმელი ნამდვილად არ შეუნიშნავს. არც სახეზე არ დაუნახავს ოთახში შემოსული პირები, რადგან შავი ნიღბები ეკეთათ. მსუქანი ადამიანი მის საწოლზე ჩამოჯდა და უთხრა, ,,გოგი ძია არაფერს დაგიშავებთ, ფული მოგვეცი და წავალთო“. გიორგი მაისურაძეს თავდაპირველად ეგონა, რომ მისი ახლობლები იყვნენ და ეხუმრებოდნენ, ამიტომ ხელით სცადა ნიღბის მოხსნა, მაგრამ აღნიშნულმა პიროვნებამ სახე აარიდა. მეორედ ისეც სცადა ნიღბის მოხსნა და მოხსნა კიდეც, მაგრამ იგი უცებ შეტრიალდა და გადასაფარებელი შემოიხვია სახეზე. ამის გამო, სახის დანახვა ვერ მოასწრო. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, რომელიც გამხდარი იყო, მას ჰქონდა დაახლოებით 25სმ-იანი დანა თავისი ბუდით . გიორგი მაისურაძის აზრით ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. გამხდარი პიროვნება თინას - მეუღლეს, დანას უქნევდა, ხოლო მეუღლეს მაგიდის დანა ჰქონდა ხელში, რომელსაც აღნიშნულ პიროვნებას უქნევდა. მეუღლეს მეორე ხელში ტელეფონი ეჭირა და ეუბნებოდნენ რომ არ დაერეკა პოლიციაში, მაგრამ მას უკვე დარეკილი ჰქონდა და ისმოდა რა ხდებოდა ბინაში. ის დანას მაინც უქნევდა. ამ მომენტში მოახერხა, რომ როგორმე დასხლტომოდა და გამოქცევა მოასწრო, მაგრამ კართან დაიჭირა მსუქანმა პიროვნებამ და გამხდარის დახმარებით უკან ოთახში შეიყვანეს. ამ დროს გამხდარი წაიქცა და დანა დაუვარდა, რომელიც მსუქანმა აიღო. თავად ისევ დრო იხელთა და პატარა ოთახში შევარდა, გააღო ფანჯარა, გატეხა ბადე და გადავიდა გარეთ. მოწმის განმარტებით, მისმა მეუღლემ გაიგო, რომ გამხდარმა უთხრა მსუქანს იარაღს გამოიტანს და გვესვრისო, ამიტომ გაქცევა გადაწყვიტეს. ისინი ჩავიდნენ პირველ სართულზე და გაიქცნენ მეზობლის ნაკვეთის მიმართულებით, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

 

გიორგი მაისურაძეს აღენიშნებოდა დაზიანება თავის უკანა მხარეში, მაგრამ მას არ ახსოვს როდის ან რითი მიაყენეს ეს დაზიანება. მეუღლის თქმით საწვნე ჩაარტყეს თავში. იმ საღამოსვე მისმა მეუღლემ ფეხის ნაკვალევებს ფიცარი დააფარა რომ არ წაშლილიყო. გიორგი მაისურაძის განმარტებით, აღნიშნულ დანაშაულს უცხო პირი არ ჩაიდენდა მაგრამ კონკრეტულად არც ვინმეს დასახელება შეუძლია. დამნაშავემ ,,გოგი ძიათი“ მიმართა, ასე კი მას მხოლოდ ნიკოლოზ ზალიაშვილი და რამაზი მათიკოშვილი მიმართავდნენ, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ დანაშაული მათ ჩაიდინეს. დანაშაულის მოხდენამდე რამაზიმ იცოდა, რომ მას 1200 ლარი ჰქონდა და სთხოვა, 600 ლარი ესესხებინა, რაზედაც მან მეუღლესთან გააგზავნა და უთხრა, რომ თუ ის ასესხებდა, აეღო. გიორგი მაისურაძემ ნიკოლოზ ზალიაშვილი ბოლოს დაახლოებით 2 წლის წინ ნახა, როცა მან ღორი დაკლა და იგი ესტუმრა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გიორგი მაისურაძემ ვერ გაიხსენა მიმართა თუ არა მისმა მეუღლემ დანაშაულის ჩადენის მომენტში თავდამსხმელებს სახელით ნიკა ან ნიკო. სახლში შემოჭრილი პიროვნებები პოლიციაში ზარის განხორციელებამ გააღიზიანა. მას არ შეუნიშნავს მსუქანი პიროვნების ხელში საწვნე, რომელიც შემდეგ როგორც მეუღლემ უთხრა მას ჩაარტყეს. გიორგი მაისურაძეს სოფელში მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს და აქედან გოგია ძიას არავინ ეძახის. ამ სახელით მას მხოლოდ რამაზი და ნიკოლოზი მიმართავდნენ. მისი აზრით მსუქანი კაცი აგებულებით ნიკოლოზ ზალიაშვილს ჰგავს.

 

3.2. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაზარალებუსლი თინათინ მათიკოშვილის გარდაცვალების გამო, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მისი 2018 წლის 31 მარტის ჩვენება (ტომი 1, ს.ფ. 34-36), რომლის მიხედვით იგი მეუღლესთან გიორგი მაისურაძესთან ერთად ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის მუნიციპალიტეტში შემავალ ახალსოფლის ხევის აგარაკზე. ისინი ცხოვრობენ მარტო. არ ჰყავთ შვილები. მას და მის მეუღლეს არ აქვთ ახლო ურთიერთობა ნათესავებთან და ისინი ძალიან იშვიათად მიდიან მათთან. ის და მისი მეუღლე ეწევიან სოფლის მეურნეობას, მოჰყავთ სხვადასხვა პროდუქცია, ასევე ჰყავთ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. აღნიშნული წარმოადგენს მათ ძირითად შემოსავალს, ასევე აქვთ პენსია. 2018 წლის 30 მარტს ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სახლში. ღამე იყო, საქონელი დაბინავებული ჰყავდათ და დაძინებას აპირებდნენ, გიორგი მაისურაძემ გაიხადა ტანზე და ჩაწვა საწოლში, ხოლო იგი ფეხზე იყო. გიორგიმ სთხოვა მისთვის არაჟანი მიეტანა. მანაც ჭიქაში ჩაუსხა და მიუტანა, შემდეგ დაბრუნდა მაგიდასთან და დაიწყო თავისთვის დანით კარაქის წასმა, ამ დროს შევიდა მათ სახლში ორი უცნობი მამაკაცი. პირველი მათგანი იყო შედარებით მსუქანი, მას სახეზე ეკეთა მუქი ფერის ნიღაბი, რომელსაც ცხვირის, თვალების და პირის ადგილზე ჰქონდა ამოჭრილი. მის უკან მოდიოდა გამხდარი პიროვნება. ის რომ შევიდა სახლში ნიღაბი არ ეკეთა, თავზე ჰქონდა ქუდივით ჩამოცმული და სახლში შემოსვლის შემდეგ ჩამოიწია მან ნიღაბი სახეზე, ამიტომ თინათინ მათიკოშვილმა კარგად დაიმახსოვრა ის სახეზე. პირველი შედარებით მსუქანი პიროვნება შესვლისთანავე მივიდა გიორგისთან და ჩამოუჯდა საწოლზე, ხოლო გამხდარი პიროვნება წავიდა თინათინისკენ ნელი ნაბიჯით. ამ დროს მან დაინახა, რომ ხელში ეჭირა მუქი ფერის ქარქაშიანი დანა. აღნიშნული პიროვნება მივიდა მასთან და გაჩერდა მოპირდაპირედ მაგიდის მეორე მხარეს. შედარებით მსუქანმა პიროვნებამ, რომელიც გიორგის ჩამოუჯდა საწოლზე დაუწყო გიორგის ჩვეულებრივ საუბარი „გოგი ძია ფული მოგვეცი და ყველაფერი კარგად იქნებაო“. გიორგის მხოლოდ ახლობლები ეძახიან გოგიას, ამიტომ თავდაპირველად თინათინს ეგონა, რომ ვიღაც ახლობელი ეხუმრებოდათ, ასე ეგონა გიორგისაც და მან ხუმრობით უთხრა მორჩი მაიმუნობასო და ხელი ნიღაბისკენ წაიღო და ჩამოქაჩა, მაგრამ უეცრად მსუქანმა პიროვნებამ ნიღაბი გაისწორა და გაიმეორა „გოგი ძია ფული მოგვეციო“ , გიორგის კვლავ ხუმრობა ეგონა და მომღიმარი სახით მეორედ უკანა მხრიდან ქვემოთ ჩამოქაჩა ნიღაბი, რა დროსაც თინათინმა დაინახა აღნიშნული პიროვნების სახე საკმაოდ კარგად. ამ დროს თინათინი მიხვდა, რომ ხუმრობა არ იყო და ყვირილი დაიწყო „რა ფული გინდათო“ თან იქვე არსებულ მობილურ ტელეფონს დასწვდა და სწრაფად აკრიფა 112. ეს დაინახა მის წინ მაგიდის ბოლოში მყოფმა გამხდარმა პიროვნებამ და წავიდა მისკენ თან მის ხელთ არსებულ ქარქაშიან დანას უქნევდა. თინათინსაც დანა ეჭირა ხელში, რომლითაც კარაქის წასმას აპირებდა, და ისიც დანას უქნევდა, ანიშნებდა რომ არ მიკარებოდნენ. ამ დროს აღნიშნული პიროვნება სახით გამოედო ბუზების დამჭერ წებოვან ლენტს, რომელიც ხელით მოიშორა. თინათინი ცდილობდა აღნიშნული პიროვნება მოეშორებინა და მაგიდის მეორე მხარეს მოძრაობდა, ისიც პარალელურად დაჰყვებოდა. ამ დროს მსუქანი პიროვნება ადგა საწოლიდან, მასთან ერთად ადგა თინათინის მეუღლეც. მათ საწოლის წინ დაიწყეს ძიძგილაობა. ამ დროს შედარებით გამხდარმა პიროვნებამ თინათინს დაანება თავი და მათკენ წავიდა. გიორგიმ მასაც დაუწყო ძიძგილაობა. შედარებით მსუქანი პიროვნება წავიდა თინათინისკენ, მაგიდიდან აიღო ჩამჩა და თინათინს მოუღერა, მაგრამ ის თინათინთან ახლოს არ მისულა, მაგიდის მეორე მხრიდან მოუღერა ჩამჩა. შემდეგ დაინახა, რომ გამხდარი პიროვნება რომელიც მის მეუღლეს ეძიძგილავებოდა წაიქცა და ხელიდან გაუვარდა დანა. მსუქანმა პიროვნებამ აიღო იატაკზე დავარდნილი დანა და მისი მეუღლისკენ წავიდა. თინათინს შეეშინდა და დაიყვირა, რომ არ დაერტყათ დანა, მაგრამ შემდეგ დაინახა, რომ მის მეუღლეს თავიდან სდიოდა სისხლი. თინათინმა იფიქრა, რომ დანა დაარტყეს, მაგრამ მას არ დაუნახავს თუ რა ნივთი ჩაარტყა შედარებით მსუქანმა პირმა, რადგან ამ დროს არანაირი საგანი არ ეჭირა ხელში. სისხლი რომ წამოუვიდა გიორგიმ სცადა გვერდითა ოთახში გასვლა, მაგრამ მსუქანმა პიროვნებამ უკანვე შემოათრია. ასევე მას მიეხმარა გამხდარი პიროვნება. ამის დანახვაზე თინათინი მათკენ წავიდა თან ხელში დანა ეჭირა და აქეთ-იქით აქნევდა შესაშინებლად, ამის დანახვაზე მათ ყურადღება თინათინისკენ გადაიტანეს, ხოლო გიორგი სწრაფად გავიდა მეორე ოთახში, ამის შემდეგ, როგორც ახსოვს, გამხდარმა პიროვნებამ დაიძახა წავედითო და ორივე მათგანი იმავე კარიდან გავიდნენ, რომლითაც შევიდნენ. გასვლისას თინათინმა დაინახა, რომ მსუქანმა პიროვნებამ ჩამჩა იქვე გარედან შემოსასვლელ კართან დააგდო, თინათინმა მათი გასვლის შემდეგ კარები დაკეტა. არ დაუნახავს საით წავიდნენ აღნიშნული პირები. ცოტახანში გააღო კარები და დაინახა, რომ გიორგი მივიდა ეზოს მხრიდან სახლთან. კარგად დაიმახსოვრა ორივე თავდამსხმელი სახეზე. მსუქანი პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის დაახლოებით 35 წლის. ის იყო საშუალოზე დიდად მსუქანი, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, სწორი ცხვირით და სწორი განლაგების ტუჩებით, მას ჰქონდა მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმა. ტანთ ეცვა მუქი ფერის მონაცრისფრო ჯინსის შარვალი, ზემოთ ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, რომლის შიგნით ეცვა ნაქსოვი მუქი ფერის ჯემპრი. პიროვნება სახეზე კარგად დაიმახსოვრა, როდესაც მისმა მეუღლემ ნიღაბი ჩამოუქაჩა. ხოლო მეორე პიროვნება, რომელიც იყო დაახლოებით 35 წლის, იყო საშუალოზე გამხდარი, საშუალო სიმაღლის მოყვითალო ფერის პირსახის სწორი განლაგების ცხვირით და ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, მას ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, როგორც ახსოვს უმკლავო. დანა იყო საკმაოდ დიდი ზომის დაახლოებით 20 სმ სიგრძის. მას ჰქონდა ქარქაში წამოცმული, რომელიც იყო მუქი ფერის, ტყავისებრი. დანა აღნიშნულ პირებს ქარქაშიდან არ ამოუღიათ. თინათინს ძალიან შეეშინდა მომხდარის გამო, რადგან ფიქრობს რომ წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, აღნიშნული პიროვნებები დააზიანებდნენ და წაართმევდნენ ფულად თანხას.

 

ასევე გამოქვეყნდა თინათინ მათიკოშვილის 2018 წლის 3 აპრილის გამოკითხვის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 98-100), რომლის თანახმად, ცხოვრობს მეუღლესთან გიორგი მაისურაძესთან ერთად, მის მეუღლეს ეძახიან ასევე გოგის. 2018 წლის 30 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე სახლში იყვნენ ის და მისი მეუღლე, მისაღებ ოთახში. მისი მეუღლე ლოგინში იყო დაწოლილი და ტელევიზორს უყურებდა, თინათინი იქვე სკამზე იჯდა და დანით პურზე კარაქს უსვამდა. რა დროსაც მათთან ოთახში შევიდა ორი მამაკაცი, ერთი იყო მსუქანი, რომელსაც სახეზე ეკეთა მუქი ფერის ნიღაბი თვალებთან და პირთან ამოჭრილი, ხოლო მეორე პიროვნება იყო გამხდარი, რომელმაც შესვლისთანავე სახეზე ჩამოიფარა ნიღაბი, რომელიც მას თავზე ჰქონდა. გამხდრ პიროვნებას ხელში ეჭირა ქარქაშში ჩადებული დანა. მსუქანა პიროვნება მივიდა მის მეუღლესთან , რომელიც საწოლში იწვა და ჩამოუჯდა მას, ხოლო მეორე გამხდარი პიროვნება გაჩერდა თინათინთან ახლოს. მსუქანმა პიროვნებამ მის მეუღლეს უთხრა: „გოგი ძია ფული მომეციო“. მის მეუღლეს, გიორგის, გაეცინა აღნიშნულზე და ხსენებულ მსუქან პიროვნებას უთხრა, რომ ნუ მაიმუნობდა, რაზეც მსუქანმა პიროვნებამ მის მეუღლეს კვლავ უთხრა, რომ მისთვის ფული მიეცა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. თინათინი მიხვდა, რომ ხუმრობა არ იყო, აიღო ტელეფონი და დაიწყო 112-ზე დარეკვა. როდესაც მან ტელეფონით დაიწყო რეკვა, გამხდარი პიროვნება წავიდა მისკენ, რომ ტელეფონი წაერთმია. თინათინმა დანა მოუღერა, რომელიც ხელში ეჭირა და დაუყვირა, რომ არ მიახლოვებულიყო, რაზეც იგი გაჩერდა. გიორგიმ და საწოლზე ჩამომჯდარმა მსუქანმა პიროვნებამ დაიწყეს ძიძგილაობა. მსუქანმა პიროვნებამ სცადა საწოლიდან ადგომა, რა დროსაც გიორგიმ მოახერხა და მას სახიდან ნიღაბი ჩამოჯლიჯა მთლიანად. ამ დროს თინათინმა დაინახა და იცნო, რომ ეს პიროვნება იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი, მისი დის შვილის მეუღლე. თინათინი გაოგნებული და გაოცებული იყო, რადგან არ ელოდა ამას. როდესაც მას ხელში ეჭირა ტელეფონი და ცდილობდა 112-ზე დარეკვას, ნიკოლოზ ზალიაშვილი ადგა და წავიდა მისკენ, რომ ტელეფონი წაერთმია. თინათინის შესაშინებლად ხელში აიღო მაგიდაზე დადებული ჩამჩა და მოუქნია რათა შეშინებოდა და ტელეფონით აღარ დაერეკა. ამავე დროს გიორგი ადგა ლოგინიდან და წამოვიდა მის დასახმარებლად. რადგან მასთან ახლოს იმყოფებოდა გამხდარი პიროვნება, გიორგიმ და მან დაიწყეს ერთანეთში ძიძგილაობა. ამ დროს გამხდარ პიროვნებას ხელიდან გაუვარდა ქარქაშიანი დანა, ხოლო ნიკოლოზ ზალიაშვილმა აიღო ქარქაშიანი დანა და უნდოდა გიორგისთვის ჩაერტყა თავში. ამ დროს თინათინი ცდილობდა 112-ზე დარეკვას და თან ნიკოლოზ ზალიაშვილს უყვიროდა „ნიკა დანა არ ჩაარტყა გიორგისო“, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიორგიმ თავის არეში მიიღო ჭრილობა და წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ გიორგი შევიდა მისაღები ოთახის გვერდით არსებულ ოთახში და გავიდა ეზოში, ხოლო ნიკოლოზ ზალიაშვილი და გამხდარი პიროვნება დარჩნენ მასთან. ცოტა ხანში გამხდარმა პიროვნებამ ნიკოლოზ ზალიაშვილს უთხრა, რომ წასულიყვნენ და ორივე გავიდა ოთახიდან ეზოში და წავიდნენ. როდესაც სცადა ტელეფონით დაკავშირება 112-ზე, ოპერატორთან არ უსაუბრია, რადგან საშუალება არ იყო დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ არც ტელეფონი გაუთიშავს. გამხდარი პიროვნება იყო საშუალო სიმაღლის, ეცვა მუქი ფერის ქურთუკი და ასევე მუქი ფერის შარვალი. იგი ოთახში როცა შევიდა სახეზე ნიღაბი არ ეკეთა და შესვლისთანავე დაიწყო ნიღბის გაკეთება. იგი ვერ იცნო, მაგრამ შეძლო მისი სახის დამახსოვრება. იგი იყო გამხდარი პირი-სახის, სწორი საშუალო ზომის ცხვირით, სწორი მოყვანილობის ტუჩებით, თვალები მუქი ფერის, ოდნავ შეწეული, თმა მუქი ფერის საშუალო ზომის. მას ხელთ ეჭირა მუქი ფერის ქარქაშში ჩადებული დანა, დიდი ზომის. გამხდარ პიროვნებას დანა ქარქაშიდან არ ამოუღია. ნიკოლოზ ზალიაშვილი და მისი თანმხლები პიროვნება მათ არ დამუქრებიათ. ეგონათ რომ ხუმრობას ჰქონდა ადგილი და სერიოზულად არ აღუქვამთ და შიში არ განუცდია. მათ მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. წინა მოწმის სახით გამოკითხვის დროს არ უთქვამს რომ მსუქანი პიროვნება იცნო, რომ იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი, იგი არის მისი ახლო ნათესავი. ასევე არ იცოდა მისმა მეუღლემ იცნო თუ არა. ნიკოლოზ ზალიაშვილს და გამხდარ პიროვნებას ფულადი თანხა მათგან არ წაუღიათ. მას შეუძლია გამხდარი პიროვნების ამოცნობა. მას სურს, რომ ნიკოლოზ ზალიაშვილი და გამხდარი პიროვნება დაისაჯონ კანონით გათვალისწინებული ზომებით. ნიკოლოზ ზალიაშვილი მასთან სახლში იყო დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც დაკლეს ღორი. ნიკოლოზ ზალიაშვილის ცოლის ძმამ იცოდა, რომ მასთან სახლში ინახებოდა გარკვეული თანხა და აპირებდა სამზარეულოს ავეჯის ყიდვას. ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ მივიდნენ მასთან და ითხოვდნენ თანხას, რაც ეგულებოდათ. პირველ გამოკითხვაზე არ დაასახელა ნიკოლოზ ზალიაშვილი, რომელიც ნამდვილად იყო თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ვიანიდან იყო შეშინებულ და სტრესულ სიტუაციაში, ასევე უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ნიკოლოზ ზალიაშვილის ვინაობაში არ ცდებოდა და ტყუილად არ დაედანაშაულებინა. მოგვიანებით, როდესაც მან და მისმა მეუღლემ ერთმანეთში ისაუბრეს და დეტალები გაიხსენეს, დარწმუნდა რომ თავდამსხმელი, რომელიც იყო მსუქანი ნამდვილად იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი და დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ის პირი ნამდვილად იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი, რომელიც არის თინათინის ძმის სიძე. ნიკოლოზ ზალიაშვილი ამოიცნო მისი სახით, აღნაგობით, სიარულის მანერით და ლაპარაკით, რაც ასევე გაიხსენა თინათინის მეუღლემ. მომხდარი ფაქტის შემდგომ თინათინს აქვს შიშები, მობინდებულზე ვეღარ გადის სახლიდან და დიდ სტრესულ სიტუაციაში არიან. მას და მის მეუღლეს გარკვეული წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ თავდამსხმელებისთვის, ისინი ნამდვილად დააზიანებდნენ და შეძლებდნენ თანხის წართმევას. შედრებით მსუქან პიროვნებას, რომელშიც თინათინმა ამოიცნო ნიკოლოზ ზალიაშვილი ეცვა მუქი ფერის მონაცრისფრო ჯინსის შარვალი, ზემოთ ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, რომლის შიგნით ეცვა ნაქსოვი მუქი ფერის ჯემპრი. რაც შეეხება მეორე, გამხდარ, პიროვნებას ეცვა მუქი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი და ზემოდან ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, როგორც ახსოვს, უმკლავო. სხვას საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე ვერაფერს დაამატებს.

 

ასევე გამოქვეყნდა თინათინ მათიკოშვილის 2018 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 30 მარტს მას და მის მეუღლეს, გიორგი მაისურაძეს, თავს დაესხათ ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მუქარით მოსთხოვეს ფული. ყაჩაღობის დროს ერთ-ერთ ყაჩაღს სახეზე არსებული ნიღაბი ჩამოძვრა, რა დროსაც თინათინ მათიკოშვილმა ამოიცნო ნიკოლოზ ზალიაშვილი. ამ დროს მას დაუძახა კიდეც და მისი ხმა დაფიქსირდა 112-ის ზარის დროს. აღნიშნული ყაჩაღის სიარული, მიხვრა-მოხვრა, აღნაგობა, ხმის ტემბრი ნამდვილად არის ნიკოლოზ ზალიაშვილის. თინათინ მათიკოშვილი დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი ყაჩაღი ნამდვილად იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი. მან ის იცნო, ყაჩაღობის დროს იმდენად გაოგნებული იყო და შეშინებული, რომ ვერც კი გაიაზრა აღნიშნული, მაგრამ ნამდვილად ნიკოლოზ ზალიაშვილი დაინახა მის სახლში, როდესაც თავს დაესხა ორი ყაჩაღი, ერთ-ერთი ნამდვილად იყო მისი ძმის სიძე ნიკოლოზ ზალიაშვილი, რომლის სახეც მან კარგად დაინახა ყაჩაღობის დროს და დარწმუნებულია მის ვინაობაში. სხვას საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე ვერაფერს დაამატებს.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ოთარ გახოკიძე, რომელმაც განმარტა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ბრალდებულის ოჯახთან. ამ დღეს ის სოფელში ჩავიდა დილით, 2018 წლის 30 მარტს დაახლოებით 4 საათზე მივიდა ზალიაშვილებთან. იყვნენ სასაფლაოზე დის მეუღლე, სიმამრი, გელა, თვითონ ნიკოლოზიც, დაახლოებით 30-40 წუთში დაბრუნდნენ სახლში. შემდეგ დასხდნენ სუფრაზე, სადაც იყვნენ ნიკოლოზ ზალიაშვილის და, დისშვილები, სიძე, რამაზი მათიკოშვილიც იყო მათთან ერთად. ღამის 22:15 წუთზე წამოვიდა სუფრიდან, ის სვამდა სასმელს. მისი წამოსვლის შემდეგ სუფრაზე დარჩნენ ნიკოლოზ ზალიაშვილი, კახა პასიკაშვილი, რომელიც მის გვერდით იჯდა. მათთან ერთად იყო იოსებ ბარნაბიშვილიც, რომელიც მასზე ადრე წავიდა. ის გამოკითხული იყო გამომძიებლების მიერ. განმარტავს, რომ კახა პასიკაშვილი მის წამოსვლამდე მივიდა, მაგრამ დრო არ ახსოვს. ნიკოლოზ ზალიაშვილი მისი იქ ყოფნის პერიოდში არ გასულა გარეთ. დამატებით განმარტავს, რომ ნიკოლოზის მამა და ასევე დიმიტრი მათიკოშვილიც გავიდნენ სახლიდან. მეორე დღეს მას დაურეკა ნიკოლოზ ზალიაშვილმა და მასთან დაპატიჟა სუფრაზე. ისიც მივიდა ისევ და სუფრა გაგრძელდა შუადღემდე.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა იოსებ ბარნაბიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურში. არის ნიკოლოზ ზალიაშვილის ნათესავი მამის მხრიდან. ნიკოლოზ ზალიაშვილს ჰყავს ძმები და დები. ჰყავს ასევე ძმა გარდაცვლილი. 2018 წლის 30 მარტს იყო ზალიაშვილების ოჯახში, აღნიშნეს გარდაცვლილი ძმის დაბადების დღე. ამ დღეს ის მარტო მივიდა საღამოს, ზუსტი დრო არ ახსოვს. მათთან გაჩერდა დაახლოებით ერთი საათი. ნიკოლოზ ზალიაშვილიც იქ იყო და სუფრას თამადობას უწევდა. დიმიტრი მათიკოშვილიც იყო სუფრაზე, რომელსაც აქვს ნათესაური კავშირი ნიკოლოზ ზალიაშვილთან, სუფრასთან ქალბატონებიც იყვნენ, ერთ-ერთი მანანა მათიკოშვილი. იქ იყვნენ ნიკოლოზ ზალიაშვილის შვილებიც. ნიკოლოზი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სწორედ ამ სახლში, სახლი იყო ორსართულიანი, ხოლო ისინი იყვნენ პირველ სართულზე. ამ დღეს მას არ დაულევია. მისი იქ ყოფნის პერიოდში არავინ წასულა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა დიმიტრი მათიკოშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ თოხლიაურში. გიორგი მაისუარძესთან და თინათინ მათიკოშვილთან აქვს ახლო ურთიერთობა, თინათინი მისი გაზრდილია, ახლაც თინათინს მისი შვილები უვლიან, რადგან მას არ ჰყავს თავისი საკუთარი. ამ ფაქტმა მათ შორის გარკვეული განხეთქილება წარმოშვა, თავიდან მას არ მისცეს შესაძლებლობა კონტაქტი ჰქონოდა თავის დასთან, არც თინა მიუშვეს მასთან ახლოს, როდესაც ოპერაცია გაიკეთა. ის რომ ჩარეულიყო ამ საქმეში თავიდანვე, სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. განმარტავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია ერთხელ. დაკითხულ იქნა ნიკოლოზ ზალიაშვილის სახლში. მისი დაკითხვის ოქმს მოაწერა ხელი და იქ რაც წერია სიმართლეა. ნიკოლოზ ზალიაშვილი მისი სიძეა დაახლოებით 14 წელია. სიძესთან ცხოვრობს ახლოს, ორი მოსახლეა მათ სახლებს შორის. 2018 წლის 30 მარტს იყო რევაზ მამალაშვილის, ნიკოლოზ ზალიაშვილის ძმის დაბადების დღე. მან სთხოვა ნიკოლოზს, რომ აღენიშნათ რევაზის დაბადების დღე, რადგან გარდაცვლილთან მეგობრობდა. მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს ამ დღის აღნიშვნა. მანქანით წავიდნენ სასაფლაოზე, სადაც იყვნენ ნიკოლოზ ზალიაშვილი, გელა ხარაიშვილი ნიკოლოზის დის ქმარი, კიდევ ოთარი და მისი ბიჭი. შეხვდათ ნიკოლოზის ძმის შვილი, რომელიც მათთან ერთად წავიდა. დაახლოებით 4 საათზე ჩამოვიდნენ, 17:00 საათისთვის შეიკრიბნენ უკვე სუფრასთან. 19:00 საათზე წავიდა სახლში საქონლის მისახედად და დაბრუნდა მალევე უკან. დაბრუნებისას სუფრასთან დახვდნენ ოთხნი - მისი შვილი რამაზი მათიკოშვილი, ოთარი გახოკიძე, კახა პასიკაშვილი და ნიკოლოზ ზალიაშვილი. სუფრაზე მიიპატიჟეს, თუმცა მან გადაწყვიტა ნარდი ეთამაშა ნიკოლოზის მამასთან და მეორე ოთახში გავიდა. როცა შესრულდა საღამოს 21:00 საათი და დაიწყო ათი საათი, გამოვიდა და სახლში წასვლა დააპირა სერიალის საყურებლად. ნიკოლოზმა ერთი ჭიქის დალევა შესთავაზა და ეს ჭიქა დალია, დაახლოებით 21:15 წუთზე წამოვიდა იქიდან. მოწმის განმარტებით მისი ბიჭი სასმელს არ სვამს ოთხი წელია, რადგან ფსორიაზი აქვს და ფეხზე ვერ დგება გამართულად 4-5 წელია. რამდენიმე დღის წინ რამაზი თინასთან იყო მისული ფულის სასესხებლად, ტრაქტორისთვის დასჭირდა 600 ლარი, თუმცა მან უარი უთხრა. მის შვილს აქვს დამახასიათებელი ხმა პოლიპების გამო. პირველ სართულზე არის საძინებელი, სადაც ნიკოლოზი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მშობლების სახლი იზოლირებულია, ცალკე შესასვლელი და სამზარეულოც აქვთ. ის ცხოვრობს თავის ბიჭთან ერთად, თუმცა არ ახსოვს ამ დღეს რომელ საათზე დაბრუნდა სახლში. მერი ჯამასპიშვილიც მთელი დღე მათთან ერთად იყო, თუმცა არ ახსოვს მისი წამოსვლის დროს თუ იყო.

 

მოწმე დიმიტრი მათიკოშვილის განმარტებით, მის შვილს რამაზ მათიკოშვილს ნიკოლოზის ტანსაცმელი არასდროს სცმია, რადგან ისინი აგებულებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რამაზს ნიკოლოზის ტანსაცმელი ძალიან დიდი ექნება, რადგან რამაზი დაბალი და გამხდარია.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაიკითხა რამაზი მათიკოშვილი რომელმაც განმარტა, რომ თინა მათიკოშვილი არის მისი მამიდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ის მიდიოდა ხოლმე მასთან სახლში და ეხმარებოდა სოფლის საქმეებში. შემთხვევამდე 10-12 დღით ადრე იყო მასთან, ზუსტი დრო არ ახსოვს. ფული სჭირდებოდა ტრაქტორის ნაწილებისთვის, რომელიც შვედეთიდან ჩამოუტანეს. ფული სთხოვა ბიძამისს, რომელმაც მამიდასთან მიაგზავნა. ტელეფონით ესაუბრა მამიდას, თუმცა თინამ არც უარი უთხრა, არც თანხმობა და მეტჯერ აღარ უთხოვია. ნიკოლოზ ზალიაშვილი მისი დის ქმარია, მათ სახლებს შორის ორი სახლია და დიდ დროს ატარებენ ერთად. შემთხვევის დღეს დილიდან ნიკოლოზ ზალიაშვილთან ერთად იყო, რომელიც მის ტრაქტორს უცვლიდა ე.წ „კაროპკას“. მის შეკეთებაში გადაუხადა 100 ლარი. სწორედ ამ თანხით გადაიხადა ძმის იუბილე. ნიკოლოზი რაიონში იყო წასული საყიდლებზე, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ წავიდნენ სასაფლაოზე. ნიკოს სიძის გელა ხარაიშვილის მანქანით იყვნენ მამამისი, გელა და ოთარ გახოკიძე. ამ დღეს იყო წვიმიანი ამინდი. სუფრაზე არ დაულევია. ნორმალური მეხსიერება აქვს და ახსოვს, რომ 3 საათი იყო, როდესაც დაბრუნდენ. 5 საათზე უკვე დასხდნენ სუფრასთან, ნიკოლოზი, მისი მშობლები, გახოკიძე ოთარი, ხარაიშვილი გელა ცოლ-შვილით, მაციაშვილი ლეილა, მერი ჯამასპიშვილი. სუფრასთან იყო ცოტახანს, მალევე გავიდა სახლში დასასვენებლად. მშობლების მოსვლის შემდეგ გაიღვიძა, ქრონიკას უყურა ნახევარს 8 საათიანს და ისევ ნიკოლოზთან წავიდა. როდესაც მივიდა სუფრაზე, იქ დახვდნენ გახოკიძე ოთარი, პასიკაშვილი კახა, ნიკოლოზ ზალიაშვილი. დაახლოებით იქნებოდა 20:20 საათი. გახოკიძე ოთარი წავიდა, დაახლოებით 21:40 წუთზე. სხვა პიროვნება იმ პერიოდში არ შემოსულა. მისი წასვლის შემდეგ სუფრასთან ნიკოლოზ ზალიაშვილი და კახა პასიკაშვილი დარჩნენ. ნიკოლოზი სვამდა სასმელს და თავად იყო თამადა. მისი მამიდის სახლში ნიკოლოზი ნამყოფია სუფრაზე რამდენიმე წლის 2- 3 წლის წინ. ჯაჭვაძე მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც რუსთავში ბიზნესი ჰქონდა. ამ პიროვნებასთან ერთად ორჯერ არის ნამყოფი მამიდამისთან. კახა პასიკაშვილთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ის არ არის მამიდამისთან ნამყოფი. ნიკოლოზ ზალიაშვილი მისი სიძეა 13-14 წელია. მამიდამისთან ამ დროის მანძილზე სამჯერ იქნება ნამყოფი მასთან ერთად. რამა მათიკაშვილის განმარტებით, ნიკოლოზ ზალიაშვილი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა. თოხლიაურიდან სააკაძემდე დაახლოებით 60 კმ-ია. ჩასასვლელად 1 საათია საჭირო. მამამისი იყო სუფრასთან ამ დღეს. ნიკოს მამას ნარდს ეთამაშებოდა, როდესაც ის დაბრუნდა სახლიდან. ნიკოლოზ ზალიაშვილს სასაფლაოზე ეცვა ასფალტისფერი ზედა და ჯინსი. ტრაქტორიდან რომ ჩამოვარდა სწორედ ის ჯინსი ეცვა მას. გრძელმკლავიანი მოსაცმელიც ეცვა, რომელიც აკეცილი ჰქონდა. ნიკოლოზმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მან ფული სთხოვა მამიდამისს. მოწმის განმარტებით, ბიძამისს გოგია „ძიათი“ მიმართავდა. 4 აპრილს როდესაც ნიკო დააკავეს ის ავიდა მამიდამისთან და ბიძამისთან სასაუბროდ, თან ახლდა მამამისიც. თინა მათიკოშვილი ცუდად გამხდარა დაკითხვის დროს, სასწრაფოს ცნობები მას აქვს. გადმოცემით იცის, რომ მერი ჯამასპიშვილი ბავშვებთან იყო ოთახში. ბავშვებს ამეცადინებს ხოლმე სხვადასხვა საგნებში. აზუსტებს, რომ მამიდამისს 600 ლარის სესხება სთხოვა. თეთრი მანქანა მას და გოჩას საზიაროდ ჰქონდათ ნაყიდი, გოჩა სამჯერ არის მასთან ერთად ნამყოფი მამიდამისის ოჯახში. ბრალდებული ბიძამისს ძია „გოგითი“ მიმართავდა, ერთი-ორჯერ მოუსმენია. განმარტავს, რომ როდესაც ფულის სასესხებლად იყო თან ახლდა გოჩა და მისი მეგობარი მალხაზი. მათ უთხრა რომ მამიდამ ფული არ ასესხა.

 

რამაზ მათიკოშვილის განმარტებით, 2018 წლის 30 მარტს მას ნიკოლოზ ზალიაშვილისგან ტანსაცმელი არ უთხოვია.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა მერი ჯამასპიშვილი რომელმაც განმარტა, რომ არის ნიკოლოზ ზალიაშვილის ბიძაშვილის მეუღლე. მისი დედამთილი და ნიკოლოზის მამა არიან და-ძმები. მეუღლე გიორგი მათიაშვილია. მეუღლეს ავად იყო და არ ყოფილა სუფრასთან ნიკოლოზის ოჯახში 2018 წლის 30 მარტს, მისი ოჯახიდან არც სხვები ყოფილან. მამამთილი ილია მათიაშვილი იყო ცოტა ხნით, რომელიც მალევე წავიდა. დილიდან 12:00 საათიდან იყო ზალიაშვილების ოჯახში, მათ ეხმარებოდა საჭმელების გაკეთებაში. ნიკოლოზი, გელა და დიმიტრი წავიდნენ სასაფლაოზე, სხვა პირები არ ახსოვს. დაახლოებით ერთი საათი იყვნენ წასულები. სუფრა გაიშალა ნიკოლოზის სახლში, ოთახის წინ არის ღია ფართი, რომელიც გადაფარებულია. რვა საათამდე იყო სუფრასთან, შემდეგ გავიდა სახლში 1-1,5 საათით დასასვენებლად. ისევ დაბრუნდა, რომ მიხმარებოდა ალაგებაში. როდესაც მივიდა რამდენიმე კაცი ისევ იყო ოთახში, აგრძელებდნენ ქეიფს, ამიტომ შიგნით, საძინებელ ოთახში შევიდა და ფილმს უყურებდა დაახლოებით 1,5 საათი ბავშვებთან ერთად. როცა ფილმის ყურებას მორჩა ნიკოლოზ ზალიაშვილი ისევ იქ იყო. სახლიდან დაბრუნების შემდეგ დახვდა რამაზი, კახა, ნიკო და ოთარი, ესენი იყვნენ გვიანობამდე. ფილმის ყურების დროს, როდესაც ოთახში იყო, არავის წასვლა არ გაუგია. მოწმის განმარტებით, ფილმის ყურების დროს გვერდითა ოთახიდან არ ესმოდა მამაკაცების ხმები. ზალიაშვილების სახლი დატოვა დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ლია ცაბაძე, მისი ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთნად გადაუდებელი ემერჯენსის განყოფილებაში. 2018 წლის 31 მარტს მორიგე იყო, რა დროსაც მიიღეს მომართვის წერილი და მან აუღო სისხლის ნიმუში პაციენტს 5-გრამიანი შპრიცით, დალუქა, ხელი მოაწერა და გადასცა გამომძიებელს. აღნიშნავს, რომ პაციენტი იყო მამაკაცი. ლუქი იყო ბეჭდით დამოწმებული. მას არ ახსოვს იყო თუ არა ნიმუშზე თვითონ პაციენტის ხელმოწერა. 2018 წლის 31 მარტს მომართვის წერილი იყო შემოსული დღის მეორე ნახევარში საღამო ხანს. მას არ ახსოვს რამდენი გამომძიებელი იყო და არც მათი ვინაობა, ასევე რით მოხდა ამ ნიმუშის დალუქვა. მისი განმარტებით სხვა რაიმე მოქმედება მას არ ჩაუტარებია.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა კახაბერ პასიკაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ ის და ბრალდებული ნიკოლოზ ზალიაშვილი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. მათ სახლებს შორის მანძილი დაახლოებით 500 მეტრია. ეკონტაქტებოდა მას ტელეფონით და მიდიოდა მათთან. თინა მათიკოშვილი ერთხელ ჰყავს ნანახი. მათიკოშვილის და მაისურაძის სახლში ნამყოფი არ არის. მომხდარის შესახებ გაიგო მეორე დღეს. სუფრაზე მივიდა საღამოს დაახლოებით რვის ნახევრისთვის. სუფრა იყო ერთ ოთახში გაშლილი. მისაღები-სამზარეულო არის ერთად ამ ოთახში. მისვლისას მას დახვდა სუფრაზე ნიკოლოზი (სუფრის თავში იჯდა), გელა ხარაიშვილი, ქალბატონებიდან მარინე, მანანა, მარიკა, სოსო ბარნაბიშვილი, რამაზი მათიკოშვილი, ოთარ გახოკიძე. ილია მათიაშვილიც იყო, რომელიც მალევე გავიდა სუფრიდან. გელა თავის ოჯახთან ერთად წავიდა პირველი, ნელ-ნელა წავიდნენ სხვებიც. ბოლოს სუფრაზე დარჩნენ ნიკოლოზი, მერი ჯამასპიშვილი, მანანა მათიკოშვილი, ბავშვები. მერი ცოტა ხანს იყო გასული და მერე ისევ მივიდა სუფრაზე და დაჯდა მათთან ერთად. ის და ნიკოლოზი სვამდნენ. შემდეგ ის წავიდა, რადგან ხელოსანი ჰყავდა ზურა ბერუაშვილი, მათთანაც დალია ღვინო და შემდეგ მივიდა სახლში. რამაზი მათიკოშვილთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. სახლში ჰყავთ მამა, მეუღლე, ორი შვილი და რძალი. ამ საქმეზე გამოკითხული იყო პოლიციის მიერ. მივიდა მათთან ასევე რამაზ მათიკოშვილი. ნიკოლოზის სახლიდან გამოვიდა დაახლოებით ღამის 22:20 წუთისთვის. ის დაბარებული იყო ვაზიანის განყოფილებაში, სადაც გამოცხადდა. ეს ხდებოდა ნიკოლოზის დაკავების შემდეგ თვენახევრის შემდეგ. ნიკოლოზის დაკავების შემდეგ გამომძიებელმა ნიკოლოზის ოჯახში დაკითხა. მისი დაკავების დროს იყო მინდორში. ნიკოლოზს ეცვა ზედა ყვითელ-ყავისფერ ფერში, „კლეჩატი“. მისი სუფრაზე ყოფნის პერიოდში ნიკოლოზი არსად არ გასულა. დაკავებამდე ნიკოლოზთან არ უსაუბრია. მის წასვლამდე სუფრიდან გავიდა რამაზი მათიკოშვილი, დრო არ ახსოვს.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა გიორგი ჭალელიშვილი რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი ამ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე იცნობს ნიკოლოზ ზალიაშვილს, თინათინ მათიკოშვილს და გიორგი მაისურაძეს. 2006 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამჟამად მუშაობს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, მანამდე კი მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში. მოწმე ადასტურებს, რომ ვაზიანის განყოფილებაში 2018 წლის 31 მარტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო მან და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილებები და მიმართვები გაკეთებულია მის მიერ (მაგ გამოტანილია კომპლექსური ექსპერტიზის დადგენილება ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ოდოროლოგიური, ბიოლოგიური და ა.შ). მის მიერ გამოკითხულნი არიან გიორგი მაისურაძე, თინათინ მათიკოშვილი, ოქტაი ალიბეგაშვილი, ლაშა გოგალაძე, ტუნჯაი ალიევი. მოწმის განმარტებით, გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ გიორგი მაისურაძე და თინათინ მათიკოშვილი, რომლებიც საქმეში სცნეს დაზარალებულად და ზოგადად დააფიქსირეს მომხდარი გარემოებები. მას დაზარალებული პირები გამოკითხული ჰყავს სამჯერ, მეორე გამოკითხვა მოხდა ნიკოლოზ ზალიაშვილის დაკავებამდე გამოვლენილი გარემოებების გამო, კერძოდ 112-ის ჩანაწერით დადგინდა, რომ ყაჩაღობის დროს თინათინ მათიკოშვილმა იცნო ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ეძახდა სახელსაც და აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა დაზარალებულის დაკითხვა ხელმეორედ. თინათინმა დააფიქსირა გამოკითხვის დროს, რომ ნამდვილად იცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი რომელიც იყო მისი ნათესავი ნიკოლოზ ზალიაშვილი, პირველ ჩვენებაში არ აფიქსირებდა აღნიშნულ გარემოებას, ხოლო მეორე ჩვენებაში განმარტა, რომ იყო აღელვებული და ასევე მიზანშეწონილად არ მიიჩნია დაესახელებინა ნათესავი, რომელსაც ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები. მოწმე აღნიშნავს, რომ გამოკითხვის დროს განუმარტა უფლებები როგორც, გიორგი მაისურაძეს, ასევე თინათინ მათიკოშვილს. პირველი და მეორე გამოკითხვა მოხდა ვაზიანის განყოფილებაში, მას შემდეგ რაც გამოვლინდა ახალი გარემოება, რომ თავდამხსმელი აღმოჩნდა თინათინ მათიკოშვილის ახლო ნათესავი, დაზარალებულები გადაყვნილი იქნენ პროკურატურაში პროკურორთან გასაუბრებაზე. შემდეგ ჩატარდა გამოკითხვა, ამ გამოკითხვას ესწრებოდა თავად მოწმე გიორგი ჭალელიშვილი და მისი განმარტებით დაზარალებულმა დააფიქსირა რომ ნამდვილად იყო მისი ნათესავი ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც მან იცნო თავდასხმის დროს და ეს პიროვნება იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი. მესამე გამოკითხვის დროს მოხდა დაზარალებულად ცნობა და მოწმემ გააცნო დაზარალებულებს მათი უფლებები ეს მოხდა გიორგი მაისურაძისა და თინათინ მათიკოშვილის სახლში, რადგან ჯანმრთელობის გამო ვერ მოახერხეს განყოფილებაში მისვლა. გიორგი ჭალელიშვილის განმარტებით, როდესაც სახლში ავიდა, სახლში იყვნენ თინა მათიკოშვილი და გიორგი მაისურაძე, მათ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი უთქვამთ და ვიზუალურადაც არ ემჩნეოდათ არაფერი. დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მათ რაიმე შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამთ, რის შემდეგაც მოწმემ დაუტოვა მათ ცნობა და უფლებების განმარტების ოქმი დაუტოვა ერთი ეგზემპლარი, გამოკითხვასაც გაეცნენ ორივე და დაადასტურეს ხელმოწერით. მოწმის განმარტებით დეტალურად არ ახსოვს, მაგრამ პოლიციელს, ოქტაი ალიბეგაშვილს ინფორმაცია ჰქონდა მოპოვებული ბრალდებულის სახლთან, რომ შესაძლო იყო შეენახა დანაშაულის დროს გამოყებული ნიღბები და კანონსაწინააღმდეგო ნივთები. გ. ჭალელიშვილის განმარტებით, ლაშა გოგალაძემ და ტუნჯაი ალიევმა მონაწილეობა მიიღეს ნიკოლოზ ზალიაშვილის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, ამოღებული აქვთ ტანსაცმელი და ტელეფონი, ასევე განმარტავს, რომ არ მიუღია თავად მონაწილეობა ბრალდებულის ჩხრეკასა და დაკავებაში.

 

გიორგი ჭალელიშვილის განმარტებით, მან 3 აპრილს დილით დაკითხა თინათინ მათიკაშვილი და გიორგი მაისურაძე, 3 აპრილს ღამით არ მუშაობდა და არ იცის იმყოფებოდნენ თუ არა განყოფილებაში აღნიშნულ დროს. დაზარალებულების მეორედ გამოკითხვის დროს, შესამჩნევი იყო თინათინ მათიკოშვილის ემოციური ფონი, რადგან დანაშაულში მხილებული იყო ახლო ნათესავი. გიორგი ჭალელიშვილს არ ახსოვს თინათინ მათიკოშვილის ცუდად გახდომის და სასწრაფოს გამოძახების ფაქტი.

 

გიორგი ჭალელიშვილის მიერ დანიშნული ექსპერტიზების პასუხები გარდაბნის-რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა დავით ქვლივიძემ მიიტანა ხელზე, თუმცა როდის იქნა წარმოდგენილი არ ახსოვს. ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება წამოიღონ სხვა განყოფილების თანამშრობლებმა და შემდეგ დაარიგონ, დროის უქონლობის გამო ყოველდღე ვერ დადიან ექსპერტიზის ბიუროში. საექსპერტოდან ექსპერტიზის პასუხის დამზადების შესახებ ატყობინებენ სამმართველოს თანამშრომლებს. დავით ქვლივიძეს შეეძლო წამოეღო ექსპერტიზის დასკვნა მოწმესთან შეუთანხმებლად, რასაც ადასტურებს კიდეც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნები როდის გადასცა დავით ქვლივიძემ არ ახსოვს.

 

გიორგი ჭალელიშვილის განმარტებით ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ უშუალო საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია და არც გასაუბრებია, უბრალოდ ნახა დაკავებული სამმართველოში. მოწმის განმარტებით ნიკოლოზ ზალიაშვილის დაკავების საფუძველი იყო დაზარალებულის ჩვენებები და 112-ის ჩანაწერები, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნები არ იყო.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ანზორ გოგოლაძის ჩვენების თანახმად, იგი 1991 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამჟამად მოვალეობას ასრულებს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩატარებული, მათ შორის არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რასაც ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა გ. მაისურაძის და თ. მათიკოშვილის თანდასწრებით, მასში მონაწილეობდნენ კრიმინალისტები და კინოლოგი. დათვალიერების შემდეგ გარკვეული სახის ნივთები იქნა ამოღებული. როგორც ახსოვს, შესასვლელ კართან იყო ჩამჩა, ასევე ამოიღეს ზეწარი, გადასაფარებელი და წებოვანი ლენტი. მუშაობდა ექსპერ-კრიმინალისტებთან ერთად. სახლის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. იგი გაეცნო დათვალიერების ოქმს და არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

მოწმემ ასევე განახორციელა ნიკოლოზ ზალიაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელიც მდებარეობდა საგარეჯოს რაიონში სოფელ თოხლიაურში. აღნიშნული განხორციელდა განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ჩხრეკა, რომელიც მოწმემ ჩაატარა. მასთან ერთად იყვნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ლევან რუაძე და დავით ქვლივიძე. ჩხრეკის შედეგად არაფერი არ იქნა ამოღებული. ჩხრეკის დროს სახლში ნიკოლოზ ზალიაშვილის მამა იმყოფებოდა, რომელსაც გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. მან ხელი მოაწერა აღნიშნულს და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. ანზორ გოგოლაძეს გამოკითხული ჰყავს მანანა მათიკოშვილი, გოჩა მახათაძე, ლევან რუაძე და დავით ქვლივიძე. გოჩა მახათაძე იყო ინფორმაციის ინიციატორი და სწორედ ამის თაობაზე გამოიკითხა. მანანა მათიკოშვილი არის ბრალდებულის მეუღლე. დავით ქვლივიძე და ლევან რუაძე არიან ჩხრეკის მონაწილე პირები და გამოიკითხნენ ჩხრეკასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ჩამჩასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულზე მიუთითა დაზარალებულმა.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ზაზა ზანგურაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს გარდაბნის რაიონის სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი ამ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე იცნობს ნიკოლოზ ზალიაშვილს, ხოლო თინათინ მათიკოშვილს და გიორგი მაისურაძეს იცნობს სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, რადგან მისი სამოქმედო ტერიტორიის მაცხოვრებლები არიან. მის მიერ გამოკითხულნი არიან ოთარ გახოკიძე, იოსებ ბარნაბიშვილი, რამაზი მათიკოშვილი და კახაბერ პასიკაშვილი, ადასტურებს რომ გამოკითხვამდე განუმარტა მათი უფლება-მოვალეობები და ამის შემდეგ გამოკითხა. მათ აღნიშნეს, რომ დღის საათებში ქეიფობდნენ ნიკოლოზ ზალიაშვლითან. გამოკითხვის შემდეგ მათ გააცნო ოქმები და გამოკითხულმა პირებმა ხელი მოაწერეს. მათ არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამთ. იგი ადასტურებს, რომ რამაზი მათიკოშვილის და კახაბერ პასიკაშვილის ხელის კვლების, სუნის და ნერწყვის ნიმუშები აღებულია ექსპერტიზის მიერ, აღნიშნული ოქმები მის მიერაა შედგენილი. ასევე მან შეადგინა გიორგი მაისურაძისგან ხელის კვლების, სუნის და სისხლის ნიმუშის აღების ოქმები. დაზარალებულისგან ნიმუშების აღება მოხდა შესაბამის საექსპერტო სამსახურში, ხოლო სისხლის ნიმუშის აღება მოხდა საავადმყოფოში.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა თორნიკე ხარებაშვილი, რომელმაც განმარტა რომ მუშაობს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. მას აქვს ანზორი ზალიაშვილის, ილია მაწიაშვილის, დიმიტრი მათიკოშვილის და ნიკოლოზ ზალიაშვილის გამოკითხვა ნაწარმოები და შესაბამისად ოქმებიც მისი შედგენილია და ადასტურებს, რომ ნამდვილად მან მოაწერა ხელი აღნიშნულ ოქმებს. გამოკითხვამდე მან გამოსაკითხ პირებს განუმარტა უფლება-მოვალეობები. ისინი გაეცნენ საკუთარ ჩვენებებს და მოაწერეს ხელი. არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ასევე გოჩა მახათაძე, რომლის ჩვენების მიხედვით დადგენილია, რომ იგი მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. ფაქტის მოხდენიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოწმემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია საიდუმლო პირისგან, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ყოფილიყო ნიკოლოზ ზალიაშვილის მიერ, რომელიც იმყოფებოდა სოფელ თოხლიაურთან ფაცხებში, სადაც იგი სავარაუდოდ მუშაობდა. ოპერატიული ჯგუფი წავიდა და ჩამოიყვანა ნიკოლოზ ზალიაშვილი. მოწმე მათთან ერთად არ წასულა. დაზარალებულებისგან ცნობილი იყო მხოლოდ სავარაუდო დამნაშავეების აღნაგობები. მოწმე დღის პერიოდში შეხვდა საიდუმლო პირს პოლიციის განყოფილების შენობასთან.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ირაკლი დეკანოიძის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. დანაშაულის ჩადენის დროს მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. გამოძიების მიმდინარეობისას, თინათინ მათიკოშვილმა მისცა ჩვენება გამოძიებას და აღნიშნა, რომ ამოიცნო პიროვნება, რომელმაც იგი და მისი მეუღლე დააყაჩაღა და ეს პიროვნება იყო ნიკოლოზ ზალიაშვილი. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მდებარე ფაცხებში, რომელიც არის რესტორნის მიმდებარე ტერიტორია და სწორედ იქ დააკავა ნიკოლოზ ზალიაშვილი, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა და წარადგინა ვაზიანის განყოფილებაში. მისგან ამოიღო ასევე ტანსაცმელი, რომელზეც სისხლისმაგვარი ლაქები აღინიშნებოდა. შეადგინა შესაბამისი ოქმები და ასევე დალუქა ტანსაცმელი. დაკავების დროს გამომძიებელმა ნიკოლოზ ზალიაშვილს განუმარტა მისი უფლებები. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლები ტუნჯაი ალიევი და ლაშა გოგალაძე. ნიკოლოზ ზალიაშვილის დაკავების დროს სიბნელე იყო და მისი დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, მას გაქცევაც არ უცდია. ტანსაცმლის ამოღების შემდეგ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ნიკოლოზ ზალიაშვილს დროებითი ტანსაცმლის ჩაცმა შესთავაზეს. ირაკლი დეკანოიძისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ იმ პერიოდში მიმდინარეობდა ნიკოლოზ ზალიაშვილის ბინის ჩხრეკაც. ნიკოლოზ ზალიაშვილის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ თანამშრომლებს დაზარალებულები განყოფილებაში არ მიუყვანიათ.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ლაშა გოგალაძე, რომელმაც განმარტა რომ არის ინსპექტორ გამომძიებელი. მუშაობს ბორჯომის სამმართველოში. ვაზიანის განყოფილებაში მუშაობდა 2016 წლიდან 2018 წლის ივლისის თვემდე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს იყო მორიგე ჯგუფში, როდესაც მიიღეს ყაჩაღობის ფაქტზე ინფორმაცია, რომელიც მოხდა მაისურაძეების სახლში. ჯგუფი შედგა გამომძიებლის ირაკლი დეკანოიძის, მისი და ტუნჯაი ალიევის შემადგენლობით, გაემართნენ კახეთისკენ, სოფელ თოხლიაურში, სადაც მის მიმდებარედ არის რესტორანი ფაცხები. იქ დახვდათ პიროვნება, რომელსაც ჰკითხეს თუ ვინ იყო. ეს პიროვნება აღმოჩნდა ნიკოლოზ ზალიაშვილი, რომელსაც ირაკლი დეკანოიძემ გააცნო თავისი უფლებები, რის შემდეგაც განხორციელდა მისი პირადი ჩხრეკა. ამოღებულ იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი, ადგილზე დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. მოხდა მისი დაკავება და წაიყვანეს ვაზიანში, ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. დაკავების ოქმი უშუალოდ დაკავების დროს ადგილზე შედგა, იყო საღამოს საათები. ტანსაცმელი გაიხადა ნებაყოფლობით, როდესაც აუხსნა გამომძიებელმა საქმის ვითარება. პარკში თავისი ხელით ჩაალაგა ტანსაცმელი. განმარტავს, რომ არ ახსოვს ბრალდებულმა მოაწერა თუ არა ხელი. ამ ტანსაცმელში იყო სპორტული შარვალი და ბოტასები. ტანსაცმლის პაკეტი მას არ დაულუქავს. ამ მოქმედებების განხორციელების შემდეგ გააგრძელა მორიგეობა.

 

3.17. მოწმე ტუნჯაი ალიევის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს გარდაბანში ვაზიანის განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლად დაახლოებით 2 წელია. 2018 წლის 3 აპრილს ის იყო სამსახურში მორიგე ჯგუფში, ლაშა გოგალაძესთან ერთად, რა დროსაც საქმის გამომძიებელმა ირაკლი დეკანოიძემ მათ უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ თოხლიაურში ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება იქ იმყოფებოდა. ისინი წავიდნენ თოხლიაურში, ადგილზე მისვლისას რესტორან ფაცხების მიმდებარედ, დახვდათ ნიკოლოზ ზალიაშვილი, გამომძიებელმა მას განუმარტა უფლებამოსილებები, აუხსნა ასევე, რომ უნდა ჩაეტარებინა პირადი ჩხრეკა, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქა გამომძიებელმა და გაკეთდა ხელმოწერები. ხელმოწერა გაკეთდა ნიკოლოზ ზალიაშვილის მიერაც. მისი განმარტებით, ჩხრეკის შემდეგ გამომძიებელმა აუხსნა მოქალაქეს რომ უნდა დაეკავებინათ ყაჩაღობასთან დაკავშირებით. შედგა დაკავების ოქმი და წამოვიდნენ ვაზიანის განყოფილებაში. განყოფილებაში ამოიღეს ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმელი, რომელიც ესწრებოდა და ხელიც მოაწერა დალუქვის პაკეტზე. ნივთები გაიგზავნა ექსპერტიზაზე. დაკავების დროს ნიკოლოზ ზალიაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოიღეს ჯინსის შარვალი, მაისური და ჟაკეტი.

 

3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ იქნა ოქტაი ალიბეგაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონის სამმართველოში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად. მანამდე მუშაობდა ვაზიანის განყოფილებაში 2 წელი უბნის-ისპექტორ გამომძიებლად. გარდაბანში გადავიდა 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში. 2018 წლის მარტში მოხდა ყაჩაღობა. ამ დროს ემსახურებოდა სააკაძეს, ახალსოფელს და მუღანლო-სართიჭალას. სოფელ სააკაძეში ამ წლის მარტის თვეში მოხდა ყაჩაღობა, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს. წავიდა ჯგუფი ამ ადგილას და ნახეს რომ იყო ყაჩაღობის ფაქტი გიორგი მაისურაძის სახლში. მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყაჩაღობა შეიძლება ჩადენილი ჰქონოდა ნიკოლოზ ზალიაშვილს, რომელიც ცხოვრობდა თოხლიაურში, ეს ინფორმაცია მან მიაწოდა შემადგენლობას. ნიკოლოზ ზალიაშვილს სახლში უნდა ქონოდა ნიღაბი და დანა. მისი განმარტებით,მან დაწერა პატაკი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე განმარტავს, რომ ესაუბრა დაზარალებულებს ყაჩაღობის ფაქტზე.

 

3.19. მოწმე დავით ქვლივიძის განმარტებით, იგი მუშაობს გარდაბნის რაიონულ პოლიციის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დაახლოებით 1 წელი და 7 თვეა. იგი შსს-ში დაახლოებით 23-24 წელია რაც მუშაობს. ნიკოლოზ ზალიაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების ოქმში ერთ-ერთ მონაწილე პირად დასახელებულია დავით ქვლივიძე, რაც მოწმემ დაადასტურა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ანზორ გოგოლაძე და ლევან რუაშვილი. ჩხრეკის შედეგად არაფერი არ იქნა ამოღებული. სავარაუდოდ ისინი ეძებდნენ ქარქაშში ჩასადებ დანას და ნიღაბს. ჩხრეკას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები და მათ არანაირი პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ. მოწმე ჩხრეკასთან დაკავშირებით გამოიკითხა და ადასტურებს რომ ჩვენება ნამდვილად მის მიერ არის მიცემული. ის ფაქტი, რომ იგი მოხსენიებულია როგორც ვაზიანის განყოფილების თანამშრომელი, მას ყურადღება არ მიუქცევია აღნიშნულისათვის. მოწმეს არ ახსოვს სახლის ჩხრეკა რომელ რიცხვში ჩატარდა. მას არ შეუთავაზებია ოჯახის წევრებისათვის, რომ წარმოედგინათ რაიმე კონკრეტული ნივთები. ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნა მან წამოიღო იმ მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაში ფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში მამა რეანიმაციაში ჰყავდა და ოჯახური პრობლემები ჰქონდა, აღნიშნული დასკვნა მას სხვა დასკვნებთან ერთად სეიფში დარჩა, რომელიც დაახლოებით 2 კვირა იქ იდო. ამის შესახებ ხელმძღვანელობა არ გაუფრთხილებია. თავად გამომძიებელმა თუ მოიკითხა, არ ახსოვს.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა ლევან რუაძე რომელმაც განმარტა რომ მუშაობს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ოფიცრის თანამდებობაზე. დანაშაულის ჩადენის დროს იგი მუშაობდა ვაზიანის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოწმეს ჩატარებული აქვს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა დავით ქვლივიძესთან ერთად. გამომძიებელი იყო ანზორ გოგოლაძე. ჩხრეკა ტარდებოდა ღამის საათებში, რომელსაც ესწრებოდა ნიკოლოზ ზალიაშვილის მამა. ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. ჩხრეკის ჩატარების წინ მათ არ ჰქონიათ მითითება რაიმე კონკრეტული ნივთის ამოსაღებად. ჩხრეკას ჰქონდა ზოგადი ხასიათი.

 

3.21. მოწმედ დაკითხული იქნა ასევე ნიკოლოზ ბიძინაშვილი, რომელმაც განმარტა რომ მუშაობს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში ექსპერტად კინოლოგის თანამდებობაზე. იგი არ იცნობს ნიკოლოზ ზალიაშვილს, გიორგი მაისურაძეს და თინათინ მათიკოშვილს. მას კინოლოგად მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. 2018 წლის 31 მარტს ღამის საათებში გამოიძახეს შემთხვევის ადგილას, საიდანაც ამოღებულ იქნა სამი სუნის ნიმუში. კინოლოგიის სამსახურიდან იგი მარტო იყო წასული და წაყვანილი ჰყავდა სამსახურეობრივი ძაღლი. სუნის ნიმუშები ამოღებულ იქნა მისაღებ ოთახში, იმ ადგილებიდან სადაც დაზარალებულმა მიუთითა. ამოღებული სუნის ნიმუშები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ნიკოლოზ ზალიაშვილისგან სუნის ნიმუშის აღების ოქმზე არის თავისი ხელმოწერა, და დაადსტურა მისი ნამდვილობა. ნიკოლოზ ზალიაშვილისგან ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად აიღო სუნის ნიმუში. წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

 

3.22. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა როინ წიქარიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ-კინოლოგად. როგორც ექსპერტ კინოლოგმა მან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სამ მამაკაცს აუღო სუნის ნიმუში, რომელთა სახელები არ ახსოვს. როგორც წესი, როდესაც პიროვნებისგან ხდება სუნის ნიმუშის აღება, ტარდება სტანდარტული პროცედურა, ხელის გულებში ხდება სტერილური დოლბანდის ჩალაგება, დაახლოებით 20 წუთი ჩერდება და ამის შემდეგ ხდება ამ დოლბანდის 0,5 მლ მინის ქილაში ჩაყრა, სადაც მოთავსებულია გააქტიურებული ნახშირი, შემდეგ ილუქება შესაბამისი ლუქით, ჯერ ილუქება მინის ქილაში, შემდეგ ლუქი უკეთდება, ამის შემდეგ ილუქება პაკეტში, რომელზეც კეთდება მონაწილეთა ხელმოწერები. დგება შესაბამისი ოქმი, რაზეც კეთდება ხელმოწერები, თარიღი და შემდეგ გადაეცემა გამომძიებელს. ეს არის პროცედურა რომელსაც როგორც წესი ასრულებს ხოლმე და ამ შემთხვევაშიც დაიცვა პროცედურა კანონის დაცვით.

 

ამ პროცედურის დროს გამორიცხულია, რომ პიროვნების სუნი აირიოს, რადგან უშუალოდ იმ პიროვნებას უჭირავს ხელში ეს დოლბანდები და ამ პიროვნების ხელით ვარდება ქილაში, ეს პიროვნება თვითონ ასრულებს ყველა მოქმედებას და გამორიცხულია იქ მოხვდეს სხვა პირის ელემენტი, თუ შეხებაში არ არის და თვითონ არაფერი არ გააკეთა, გამორიცხულია. ამ შემთხვევაშიც სუნის ნიმუშის აღება მოხდა წესების დაცვით.

 

მოწმეს წარედგინა რამაზი მათიკოშვილის და კახაბერ პასიკაშვილის 2018 წლის 10 მაისის სუნის ნიმუშის აღების ოქმები. მოწმემ დაადასტურა ზ/აღნიშნულ ოქმებზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა.

 

3.23. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის N46/22-377 ექსპერტიზის დასკვნით (ტომი 2, ს.ფ. 172-175) დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N021310318001 საქმეზე, გარდაბნის რაიონის ახალსოფლის ხევის აგარაკზე, მცხოვრებ მოქალაქე გიორგი მაისურაძეზე და მის მეუღლეზე თინათინ მათიკოშვილზე განხორციელებული ყაჩაღობის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნიკოლოზ ზალიაშვილისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ბრალდებულისაგან რამაზ მათიკოშვილისაგან, კახაბერ პასიკაშვილისაგან და მოწმე გიორგი ნანიაშვილისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

3.24. ოდოროლოგიური დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბესარიონ ისაკაძემ, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგის სამსახურში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ექსპერტიზის ჩატარების დროს აღებული სუნის ნიმუშები თავსდება სპეციალურ კონტეინერში. ნიმუშის აღება ხდება შემთხვევის ადგილის ორი-სამი ლოკაციიდან აღება და აღებული სუნის ნიმუშების ერთმანეთთან შედარება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებში შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის სუნის ნიმუში, ერთ ადამიანს აქვს ერთი უნიკალური სუნის ნიმუში, ძაღლი დასუნავს ამ ადამიანის სუნის ნიმუშს და ხდება შემდგომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშებთან შედარება სამი ძაღლის მეშვეობით. თუ სამივე ძაღლმა ერთი და იგივე შედეგი აჩვენა ხდება დასკვნის გაცემა იდენტური, თუ სხვადასხვა შედეგი აჩვენეს მაშინ არაიდენტური. შედეგის მიღება ერთი ძაღლითაც შეიძლება, მაგრამ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვით სამმა ძაღლმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ექსპერტი დაეთანხმა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას და დაადასტურა მისი სინამდვილე.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო შემთხვევის ადგილიდან სამი სუნის ნიმუში აღებული და მათი შედარება მოხდა 4 ადამიანის სუნის ნიმუშთან. ჯერ ერთი პიროვნების სუნის ნიმუშს დასუნავს ძაღლი და ხდება სხვადასხვა შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული სუნის ნიმუშებთან შედარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო 4 პიროვნების ნიკოლოზ ზალიაშვილის, რამაზ მათიკოშვილის, კახა პასიკაშვილის და გიორგი ნანიაშვილის სუნის ნიმუში. საბოლოო შედეგი - მხოლოდ ნიკოლოზ ზალიაშვილის სუნის ნიმუში იყო იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშებთან.

 

ექსპერტის განმარტებით, შეუძლებელია შემთხვევის ადგილზე მოხვდეს იმ ადამიანის სუნის ნიმუში, რომელიც შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, მაშინ ამ კონკრეტული პირის ნივთი უნდა იყოს იმ ადგილას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ადამიანის ნივთი მაგალითად ტანსაცმელი არის ადამიანის სუნის მატარებელი, თუ ტანსაცმელი მოხვდა შემთხვევის ადგილზე შეიძლება მისი სუნის ნიმუში აღმოჩნდეს იქ. ოღონდ გარკვეული დროის მანძილზე უნდა იყოს, წამიერად გაჩერება არ დატოვებს სუნს. სუნის ნიმუში აღება ხდება ძირითადად იატაკიდან, საწოლიდანაც იღებენ, მაგიდიდანაც. უმჯობესია სუნის აღება მოხდეს უშუალოდან იმ საგნიდან სადაც ადამიანს ჰქონდა უშუალო შეხება. ადამიანიდან ხდება სუნის მოლეკულების გამოფრქვევევა, ერთი მეტრი ან ერთნახევარ მეტრზე შეიძლება სუნმა გადაიწიოს, გერმანელი და რუსი მეცნიერები წერენ რომ ადამიანის მიერ ნივთზე წამიერი შეხებით რამდენიმე საათი რჩება სუნი, რამდენიმე წუთით შეხებისას 24 საათი ან უფრო მეტიც, მერე გააჩნია იმას თუ იმის შემდეგ იქ რამდენი ადამიანი მივიდა, ერთი წუთი საკმარისია იმისათვის რომ ადამიანმა მისი სუნი დატოვოს შემთხვევის ადგილზე. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული სუნის ნიმუში. როგორც ტანსაცმელია სუნის მატარებელი იგივე თვისებები აქვს ფეხსაცმელსაც. შემთხვევის ადგილიდან ნახშირის მეშვეობით ხდება სუნის ნიმუში აღება, ხოლო უშუალოდ პიროვნების შემთხვევაში ხელში აკავებინებენ დოლბანდს 10-15 წუთი, მერე ხდება ამ დოლბანდის ცარიელ სუფთა ქილაში მოთავსება. საკვლევი 4 პიროვნების სუნის ნიმუშების შედარება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებთან შედარება რა რიგითობით მოხდა, მოწმეს არ ახსოვს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულის სუნის ნიმუშები მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში, საკვლევი პიროვნების სუნის ნიმუშთან შედარების დროს ხდება ამ კონტეინერის ხუფის მოხსნა, რამდენჯერმე მოხდა ხუფის მოხსნა, არ ახსოვს ზუსტად. ხუფის მოხსნისას შეიძლება სუნი გაიფრქვეს და ნიმუში თუ ცოტა გაქრეს და ამ შემთხვევაში გაიცემა დასკვნა არ იდენტური. მაგრამ ნახშირი დიდხანს ინახავს სუნს.

 

3.25. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ იქნა ლაშა მენაბდე რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის პოზიციაზე. იგი არ იცნობს ნიკოლოზ ზალიაშვილს, გიორგი მაისურაძეს და თინათინ მათიკოშვილს. მისი საქმიანობა მოიცავს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მან დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა. 2018 წლის 31 მარტს დაახლოებით ღამის 1-2 საათზე შეტყობინების თანახმად იგი გამოცხადდა გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფლის აგარაკებზე, სადაც საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდნენ გამომძიებლები, დაზარალებულები და კინოლოგი. მოწმე მის ორ მეწყვილესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილას, რომელიც დაასურათეს და დაამუშავეს, ამოიღეს კვლები, დაასურათეს, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. ამოღებულ კვლებში იყო ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე, მოწითალო ფერის ლაქები ბიოლოგიურ ჩხირებზე, წებოვანი ლენტი ელ.სადენთან ერთად, ხისტარიანი რკინის ჩამჩა, ხელის კვლები, საბნის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, პლედი, თეთრი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით. ფეხის კვლების ამოღება მათ ვერ შეძლეს, ამიტომ იგი დაასურათეს. მოწითალო ფერის ლაქები ამოღებულ იქნა შესასვლელი ოთახის იატაკიდან. ექსპერტებმა დაამუშავეს მთლიანი პერიმეტრი და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ოთახი.

 

3.26. სასამართლო სხდომაზე მოწმე დიმიტრი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 4 წელია რაც მუშაობს შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ფოტოგადაღება, ნივთმტკიცებების მოძიება, დალუქვა და ფიქსაცია. ასევე იგი მონაწილეობს საგამოძიებო ექსპერიმენტებში გამომძიებლის გამოძახების საფუძველზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმემ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. 30 მარტს ღამის საათებში სამორიგეო ტელეფონზე ვაზიანის პოლიციიდან დარეკეს, რომ სოფელ მარტყოფის აგარაკებზე მოხდა ყაჩაღობა. მოწმე შემთხვევის ადგილზე ექსპერტებთან - ლაშა მენაბდესთან და არსენ ბაინდურაშვილთან ერთად წავიდა. შემთხვევის ადგილი იყო საცხოვრებელი სახლი. იგი 3 სართულიანი იყო, ხოლო მე-2 სართული იყო ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, რომლის მისაღებ ოთახშიც იყო შემთხვევა მომხდარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები: მისაღებ ოთახში იატაკზე იყო ღია ფერის მეტლახი, რომელზეც მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნებოდა, აღნიშნული ლაქები აიღო ბიოლოგიურ ჩხირზე 2 ნიმუშად. ასევე ხის ლოგინიდან ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული პლედი და ზეწარი. ასევე ამოღებულ იქნა 3 თითის კვალი და ჩამჩა, რომელიც დაზარალებულის განმარტებით ერთ-ერთ პიროვნებას ეჭირა ხელში. ასევე დასურათდა ფეხის კვალი, როდესაც მოწმე შემთხვევის ადგილზე მივიდა, პოლიცია უკვე იქ იყო. სახლში იმყოფებოდნენ დაზარალებულები და მამაკაცს აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში. ასევე მისგან ამოღებულ იქნა მაისური, რომელზეც მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნებოდა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მწერებისგან დამცავი ლენტა. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში და გადაეცა გამომძიებელს. ჭიშკრიდან სახლის შესასვლელ კარამდე დაახლოებით 10 მეტრამდე მანძილია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დღეს სავარაუდოდ წვიმიანი ან ნაწვიმარი ამინდი იყო, რადგან ტალახი შეინიშნება. მაისური, რომელიც დაზარალებულისგან ამოიღეს დაზარალებულს იმ დროს ტანთ არ ეცვა, როცა იგი მოწმემ ნახა, უბრალოდ დაზარალებულმა განუმარტა, რომ აღნიშნული მაისური მას შემთხვევის მოხდენის დროს ეცვა.

 

3.27. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა გვანცა ჩხარტიშვილი, რომელიც მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის პოზიციაზე. იგი არ იცნობს გიორგი მაისურაძეს და თინათინ მათიკოშვილს, მუშაობს თითის კვლების ანაბეჭდებზე და აქვს 10 წელზე მეტი ვადით სამუშაო გამოცდილება. მან დაადასტურა რომ სხდომაზე წარმოდგენილ ოქმში, სადაც მისი ხელმოწერაა, ნამდვილად მის მიერ არის შედგენილი. რაც შეეხება იმ საკითხს თუ როგორ ხდება ხელის კვლების აღება, გამომძიებელს მიმართვის საფუძველზე მიჰყავს პირი ექსპერტთან და სკანერით მას უკეთდება თითის კვლების ანაბეჭდი. ანაბეჭდების აღებისას რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.

 

3.28. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა მანანა გოგოლაძე, რომელმაც განმარტა რომ დაახლოებით 12 წელია რაც მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე. იგი გადის შემთხვევის ადგილებზე, მოიპოვებს მტკიცებულებებს, ასურათებს მათ და ლუქავს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან აიღო ნერწყვის ნიმუში გიორგი მაისურაძესგან და თინათინ მათიკოშვილისაგან, რომლებიც გამომძიებელმა მიუყვანა მას. აღნიშნული მოქმედება განხორციელდა მოწმის სამსახურში. ნერწყვის ნიმუშის აღება ხდება ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით. აღებული ნერწყვის ნიმუში მოწმემ გამომძიებელს გადასცა.

 

3.29. 2018 წლის 3 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 002157318 დასკვნის (ტ.1 ს.ფ 93-95) თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (31.03.2018) გიორგი მაისურაძეს აღენიშნება სისხლჩაქცევა და ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3.30. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა, რომელმაც განმარტა რომ 12 წელზე მეტია მუშაობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში ექსპერტის თანამდებობაზე. მას აქვს ჩატარებული ექსპერტიზა გიორგი მაისურაძის მიმართ. გიორგი მაისურაძე ფიზიკურად წარმოდგენილი იყო ექსპერტიზაზე 2018 წლის 31 მარტს. ექსპერტი დაეთანხმა დასკვნას და აღნიშნა, რომ იგი სწორია და მის მიერ არის გაცემული. მისი განმარტებით სისხლჩაქცევა ნიშნავს კანის ქვეშ სისხლჩაქცევას, ხოლო ნახეთქი ჭრილობის დროს ადგილი აქვს კანის შრეების დაზიანებას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გიორგი მაისურაძეს რაიმე სამედიცინო ჩარევის კვალი არ აღენიშნებოდა, ასევე მას არ აღენიშნებოდა სისხლდენა.

 

3.31. მოწმე დავით გოცაძემ განმარტა, რომ 7 წელია მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმემ გამომძიებლის მიერ მიყვანილ პიროვნებას აუღო ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდები. აღნიშნული დაილუქა სპეციალურ პაკეტში და გადაეცა გამომძიებელს. ხელმოწერა განახორციელა ყველა მონაწილე პირმა, მათ შორის ბრალდებულმაც.

 

3.32. 2018 წლის 20 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N004207518 დასკვნით (ტომი 3, ს.ფ. 1-11) დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: „...1 ც რკინის ჩამჩა ხის სახელურით სურ N6“, მოთავსებულ ჩამჩაზე, პაკეტში, წარწერით : „...წებოვანი ლენტი ელ-სადენთან ერთად სურ N2...“ მოთავსებულ მავთულსა და ცილინდრულ საგანზე და პაკეტებში, წარწერებით: „...4ც ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებული სახლში შესასვლელი კარის სახელურის გარეთა და შიდა ზედაპირებიდან“ და ,,...2ც ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული აივანზე შესასვლელი კარის ჩარჩოდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-7), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დმნ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

-პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული 2ც ბიოლოგიურ ჩხირზე სურ N1..“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გიორგი მაისურაძეს (ობ. N26; პაკეტი, წარწერით: „...გიორგი მაისურაძის ნერწყვის ნიმუში 1 ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“);

 

- პაკეტში, წარწერით „...1 ც თეთრი ფერის მაისური...“, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N10, 11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10,11-ის და ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გიორგი მაისურაძეს.(ობ. N26);

 

- პაკეტში, წარწერით „...საწოლის საბნის პირი...“, მოთავსებულ საბნის შალითაზე არსებული ბიომასალის (ობ. N13,14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გიორგი მაისურაძეს (ობ. N26). ამავე შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N15) სისხლს არ წარმოადგენს;

 

- პაკეტში, წარწერით: „...საწოლიდან აღებული 1 ც პლედი...“, მოთავსებულ პლედზე არსებული ბიომასალის (ობ.16) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N16-ის გენეტიკურ პროფილიში გიორგი ნანიკაშვილის (ობ. N24: პაკეტი წარწერით: „ერთი ცალი ბიოლოგიური ჩხირი ნერწყვის ნიმუშით. გიორგი ნანიკაშვილის), თინათინ მათიკოშვილის (ობ. N25; პაკეტი, წარწერით, „თინათინ მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში“) გიორგი მაისურაძის (ობ. 26), ნიკოლოზ ზალიაშვილის (ობ. N27; პაკეტი წარწერით; „1 ც ბიოლოგიური ჩხირი ნიკოლოზ ზალიაშვილის ნერწყვის ნიმუშით“) , რამაზი მათიკოშვილის (ობ. N28; პაკეტი წარწერით, „ რამაზი მათიკოშვილის (ობ. N28; „ რამაზი მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში“) და კახაბერ პასიკაშვილის (ობ. N29; პაკეტი წარწერით „კახაბერ პასიკაშვილის ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

- პაკეტში, წარწერით „ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჟაკეტზე და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,18, 21-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გიორგი მაისურაძეს (ობ. N26). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალა (ობ. N19) ეკუთვნის ნიკოლოზ ზალიაშვილს (ობ. N27). ამავე მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N20) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ სვიტრსა და ფეხსაცმელზე, სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

3.33. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ია ედიბერიძემ, რომელმაც განმარტა, რომ 8 წელია მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტის პოზიციაზე. შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გიორგი ჭალელიშვილის მიმართვით და დადგენილებით დაინიშნა ბიოლოგიური, გენეტიკური, სეროლოგიური ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაევალა მოწმეს. მოწმემ დაადასტურა და დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დალუქული პაკეტები მის თანდასწრებით გაიხსნა. მისი განმარტებით, ნიკოლოზ ზალიაშვისგან ამოღებული ჟაკეტზე არსებული ლაქები იყო ხილვადი და ვიზუალური დათვალიერების შედეგად შესამჩნევი იყო.

 

3.34. 2018 წლის 09 ივლისს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004641518 დასკვნით (ტომი 4, ს.ფ. 72-83) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პლედზე და საბნის პირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოების და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნიკოლოზ ზალიაშვილის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება. არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც აღნიშნულ ბოჭკოებს გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმელზე არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პლედის, საბნის პირის და მაისურის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

3.35. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 (ტომი 1, ს.ფ. 1) მიხედვით 2018 წლის 30 მარტს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში დაიყო გამოძიება სისხლის სამართლის N021310318001 საქმეზე, რომლის თანახმად 2018 წლის 30 მარტს გარდაბნის რაიონის სოფლის აგარაკებზე მცხოვრებ გიორგი მაისურაძეს სახლში თავს დაესხა ორი უცნობის პიროვნება რომლებიც დანის მუქარით შეეცადნენ ფულადი თანხის დაუფლებას.

 

3.36. 2018 წლის 31 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტომი 1, ს.ფ. 3-33) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, ახალსოფლის ხევის აგარაკებზე და წარმოადგენს გიორგი მაისურაძის საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლა ხდება ერთფრთიანი რკინის კარების გავლით, კარების შესასვლელში განთავსებულია ავტოფარეხი, სადაც დგას წითელი ფერის ავტომანქანა ჰონდა სახელმწიფო ნომრით COC-163, ავტოფარეხის გავლით გადიან საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე. საცხოვრებელი სახლი არის კაპიტალური სამსართულიანი, სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სარდაფი, მეორე სართულზე საცხოვრებელ სახლში შედიან ორფრთიანი რკინის კარების გავლით, შედიან მისაღებ ოთახში. ოთახში შესასვლელი კარების ძირში მარჯვენა მხარეს იატაკზე დევს ქალის წითელი ფერის ჩუსტები, ჩუსტების გვერდით დევს 1 ცალი რკინის ჩამჩა ხის სახელურით. მისაღები ოთახის იატაკი მოპირკეთებულია ღია ფერის ფილებით. კარების მარცხენა მხარეს დგას ტანსაცმლის საკიდი. საკიდის გვერდით კუთხეში დგას ხის ტუმბო, რომელზედაც დგას ტელევიზორი შავი ფერის. ტუმბოს ძირში იატაკზე დევს წყლის ბალონები, კარების მარჯვენა მხარეს დგას ხის კარადა. ე.წ „ტრილიაჟი“ რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სახის ჭურჭელი. კარადის გვერდით დგას ტელევიზორი და ტელევიზორის მაგიდა. ტელევიზორის უკან დგას თეთრი ფერის ჭურჭლის კარადა, მაცივარი და გაზქურა. მისაღები ოთახის აღმოსავლეთის მხარეს განთავსებულია კედლის მთელ სიგრძეზე მეტალოპლასტმასისგან დამზადებული ფანჯარა, ფანჯრის ძირში დგას ორი ცალი სავარძელი, რომლებზეც ალაგია ტანსაცმელი, სავარძლის გვერდით დგას ხის სკამი, მისაღები ოთახის იატაკზე მარჯვენა მხარეს აფენია ორი ხალიჩა. წითელ ხალიჩაზე დგას ლურჯი ფერის სკამი, ოთახის შუაგულში დგას ხის მაგიდა რომელზეც ალაგია პლასტმასის 3 ლიტრის ტევადობის წყლის გრაფინი, ლურჯი ფერის კერამიკის ჭიქა, მაგიდის მარცხენა კუთხეში დევს წებოვანი ლენტი, რომლის ერთ მხარეზე მიმაგრებულია ელექტრო სადენი, წებოვანი ლენტის გვერდით დევს ტელევიზორის პულტი, მობილური ტელეფონი, ყვითელი ფერის კერამიკის ჭიქა, ყავის მადუღარა, ერთი ლიტრის ტევადობის მინის ქილა, რომელშიც ნახევრად დგას მუქი ფერის მასა, სამი ლიტრის ტევადობის მინის ქილა რომელშიც განთავსებულია მუქი ფერის სითხე, ერთი ლიტრის ტევადობის მინის ქილა მუქი ფერის ერთი ლიტრი ტევადობის მინის ქილა ცარიელი, მაგიდის ქვეშ დგას სარეცხი საშუალება „Bar“” მაგიდის გვერდით დგას შუშის ღუმელი, რომელზედაც ალაგია ალუმინის ოთხი ქვაბი. ღუმელის ძირში, იატაკზე დევს ორი სხვადასხვა ზომის ალუმინის ქვაბი, ღუმელის უკან ჩრდილოეთის კედელის გასწვრივ განთავსებულია ორი სავარძელი, რომელზედაც უსწორმასწოროდ ალაგია ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი, მის გვერდით დგას ხის სკამი რომელზეც გადაკიდებულია ერთი ცალი თეთრი ფერის მამაკაცის მაისური დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის ლაქებით, მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს დასავლეთის კედელთან დგას ერთ ადგილიანი ხის საწოლი, რომელზედაც დევს ყავისფერი გადასაფარებელი, რომლის შუაგულში8 გამოსახულია ნახატები, საბანი, რომელიც მოთავსებულია თეთრი ფერის ჩიხოლში, ლეიბი რომელზედაც გადაფარებული თეთრი ფერის ზეწარი. საწოლის ძირში იატაკზე დევს კრემისფერი ჩაის ჭიქა. მისაღები ოთახის იატაკი მოსვრილია მუქი და წითელი ფერის ლაქებით. მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს დასავლეთის კედელში ჩამომტვრეულია ორი ერთფრთიანი ხის კარები, პირველი კარის გავლით შედიან საკუჭნაო ოთახში სადაც განთავსებულია სხვადასხვა საოჯახო ნივთები. მეორე კარების გავლით შედიან საძინებელ ოთახში სადაც განთავსებულია ორი ერთადგილიანი ხის საწოლი და ერთი ცალი ტანსაცმლის კარადა, დასავლეთის მხარეს კედელში ჩამონტაჟებულია ორფრთიანი ფანჯარა. ფანჯრის ძირში დევს ხის სკამი რომელზედაც დევს მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი და მოწითალო ფერის სვიტერი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგის მიერ მისაღები ოთახის იატაკიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები0.5 ლიტრის ტევადობის მინის ქილაში გაშვებული იქნა სამსახურეობრივი ძაღლი, რომელიც გავიდა ოთახიდან, ჩავიდა პირველ სართულზე და გაჩერდა ეზოში. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 1. რკინის ჩამჩა , მეორე სართულის აივნიდან შესასვლელ კარებთან 2. მისაღები ოთახის იატაკიდან მოწითალო ფერის ლაქები2ც ბიოლო9გიურ ჩხირზე 3. სახლში შესასვლელი კარების გარე და შიდა ზედაპირიდან ანაწმენდები 4ც. ბ/ჩხირზე. 5. ორი ცალი თითის კვალი მაგიდაზე არსებული მოყვითალო ცერის ჭიქიდან, ერთი თითის კვალი საწოლის ხის თავიდან. 6. მაგიდიდან წებოვანი ლენტი ელ.საფენით 7. ერთი ცალი თეთრი ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქებით დაზიანებული. 8. საწოლიდან ერთი ცალი გადასაფარებელი9. საბნის პირი 1ც. მუქი ფერის ლაქებით. რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტებში შესაბამისი ლუქით. შემთხვევის ადგილზე გადაღებული იქნა 210 სურათი, რითაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.

 

3.37. ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, (ტომი 1, ს.ფ. 41-43) 2018 წლის 31 მარტს ექსპერტ გვანცა ჩხარტიშვილის მიერ ქ. რუსთავში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გიორგი მაისურაძის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ხელის კვლები.

 

3.38. ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, (ტომი 1, ს.ფ. 45-47) 2018 წლის 31 მარტს ექსპერტ გვანცა ჩხარტიშვილის მიერ ქ. რუსთავში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში თინათინ მათიკოშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ხელის კვლები.

 

3.39. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად (ტომი 1, ს.ფ. 49-50), 2018 წლის 31 მარტს ექსპერტ მანანა გოგოლაძის მიერ ქ. რუსთავში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ბიოლოგიური ჩხირით თინათინ მათიკოშვილისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

3.40. სისხლის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით (ტომი 1, ს.ფ. 52-54), 2018 წლის 31 მარტს ექთნის ლიკა ცაბაძის მიერ ქ. რუსთავში, შპს რუსთავის კლინიკის შენობაში გიორგი მაისურაძისგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

3.41. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად (ტომი 1, ს.ფ. 57-59),, 2018 წლის 31 მარტს ექსპერტ მანანა გოგოლაძის მიერ ქ. რუსთავში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ბიოლოგიური ჩხირით გიორგი მაისურაძისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

3.42. 2018 წლის 31 მარტსს შედგენილი ოქმის (ტ.1. ს.ფ. 61) თანახმად, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა პოლიციის მაიორმა გიორგი ჭალელიშვილმა შეადგინა აღნიშნული ოქმი, მასზე რომ სისხლის სამართლის N011310318001 საქმეზე მის მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონით აღებული იქნა სპეციალური პროგრამა „CELLTRACKER“-ის გამოყენებით მობილური ტელეფონის ანძები რა დროსაც დაფიქსირდა რომ შემთხვევის ადგილზე ემსახურება შემდეგი მობილური ქსელის ანძები:

1. მაგთიკომი: 1) 812-13862, 2) 812-13852, 3) 812-13863, 4) 812-13861, 5)403-53521, 6) 403-47523, 7) 403-47522 8) 403-46882, 9)403-46886, 10) 1008-864268, 11) 1008-875532, 12)1008-864267;

2. ჯეოსელი: 1)602-10941, 2)602-7891 3)602-1792 4)1001-1178 5)1001-4609 6) 1001-1806;

3. მობიტელი (ბილაინი): 1)10901-4891 2)10901-14686 3)10901-19727 4)10901-931 5)30901-14682;

 

3.43. 2018 წლის 3 აპრილის ნიკოლოზ ზალიაშვილის პირადი ჩხრეკის ოქმის (ტომი 1, ს.ფ. 108-111), მიხედვით 2018 წლის 3 აპრილს საგარეჯოს რაიონის, სოფელ თოხლიურში, რესტორან „ფაცხების“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ნიკოლოზ ზალიაშვილის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „huawei”ის ფირმის მობილური ტელეფონი, სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ნიკოლოზ ზალიაშვილის განმარტებით, ზემოთ ხსენებული „huawei”ის ფირმის მობილური ტელეფონი არის მისი საკუთრება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა მისი ამოღება. მობილური ტელეფონი დაილუქა გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილში, შსს ვაზიანის პოლიციის განყოფილების ლუქით, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.

 

3.44. 2018 წლის 14 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის ტარიელ ზამბახიძის წერილის (ტ.5) თანახმად, ადვოკატს ბატონ ლევან ჯავახაძეს მისი 2018 წლის 08 აგვისტოს წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2018 წლის 20 ივნისის N004207518 ექსპერტიზის დასკვნა დამკვეთი მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩაბარდა 2018 წლის 22 ივნისს.

 

3.45. 2018 წლის 20 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის ტარიელ ზამბახიძის წერილის (ტ. 5) თანახმად, ადვოკატს ბატონ ლევან ჯავახაძეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა რომ 2018 წლის 20 ივნისის N004207518 ექსპერტიზის დასკვნა დადგენილი პროცედურების დაცვით 2018 წლის 22 ივნისს გადაეცა დამკვეთი პირის წარმომადგენელს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს დავით ქვლივიძეს.

 

3.46. 2018 წლის 14 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის ტარიელ ზამბახიძის წერილის (ტ.5.) თანახმად, საქართველოს სსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს გეგა მათეშვილს მისი 2018 წლის 08 სექტემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გიორგი ჭალელიშვილის 2018 წლის 01 აპრილის მიმართვის წერილისა და ამავე თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების საფუძველზე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სისხლის სამართლის N021310318001 საქმეზე, დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა.

 

2018 წლის 20 ივნისს მომზადდა N004207518 ექსპერტის დასკვნა, რომელიც დადგენილი პროცედურების დაცვით 2018 წლის 22 ივნისს გადაეცა დამკვეთი პირის წარმომადგენელს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს დავით ქვლივიძეს.

 

3.47. 2018 წლის 20 სექტემბრისს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის თეონა წოწკოლაურის წერილით (ტ.5.) დადგენილია, რომ მან მიმართა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსს, ბატონ შალვა ზამბახიძეს და ითხოვა ეცნობებინათ დავით ქვლივიძე ირიცხება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეცნობებინათ მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა.

 

3.48. 2018 წლის 21 სექტემბრის შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის, ბატონი შალვა ზამბახიძის წერილის თანახმად (ტ.5.) პროკურორს ქ-ნ თეონა წოწკოლაურს მისი 2019 წლის 20 სექტემბრის წერილის პასუხად ეცნობა რომ დავით ქვლივიძე ირიცხება შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

3.49. 2018 წლის 21 სექტემბრის რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის თეონა წოწკოლაურის წერილით (ტ.5.) მიხედვით 2018 წლის 21 სექტემბერს მან მიმართა წერილით საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ეკა ზაალიშვილს და ითხოვა ეცნობებინათ დავით ქვლივიძე მუშაობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში და დადებით შემთხვევაში მიეწოდებინათ ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შესაღებ 2018 წლის მარტის თვიდან მიმართვის გაგზავნის დღემდე.

 

3.50. 2018 წლის 24 სექტემბრის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ეკა ზაალიშვილის წერილის თანახმად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს თეონა წოწკოლაურს მისი 2018 წლის 21 სექტემბრის წერილის პასუხად ეცნობა რომ შს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოქმედ კარტოთეკაში ირიცხება პოლიციის მაიორი დავით ბორისის ძე ქვლივიძე, ( პ.ნ. 01019062091) რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 აპრილის N 886160 ბრძანებით დანიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებაში უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის თანამდებობაზე.

 

3.51. 2018 წლის 20 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N 006111818 დასკვნის თანახმად ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული იქნა 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 04 აპრილამდე პერიოდით დათარიღებული ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მიმოწერის ვებ-გვერდებზე შესვლის ისტორიის შესახებ, რაც მოცემულია დასკვნის თანდართულ შესაბამისი დასახელების დანართში, ხოლო მისი მეხსიერებიდან აღნიშნული პერიოდით დათარიღებული ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა. სიმბარათის მეხსიერებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია კონტაქტების შესახებ, რაც მოცემულია დასკვნის თანდართულ დანართში სახელწოდებით „სიმბარათი -კონტაქტები“, ხოლო მის მეხსიერებაში 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 04 აპრილამდე პერიოდით დათარიღებული ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ზარების ისტორიის შესახებ არ ფიქსირდება, ასევე მისი მეხსიერებიდან აღნიშნული პერიოდით დათარიღებული ინფორმაციის აღდგენა ვერ მოხერხდა.

 

3.52. 2018 წლის 3 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N 1327/დ დასკვნის (ტ.1 ს.ფ. 248-253) თანახმად, სს N021310318001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვნები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით 45X45მმ-კვალი N1 და 39 X44მმ-კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 42 X45მმ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

 

კვლები N1 და N2 არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი-გიორგი ავთანდილის ძე ნანიაშვილის (დაბ. 25.08.1993 წელს) სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდების.

 

კვლები N1 და N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი- თინათინ მათიკოშვილის (დაბ. 20.02.1955 წელს) ხელის თითის ანაბეჭდების, კერძოდ: კვალი N1 იდენტურია თინათინ მათიკოშვილის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; კვალი N2 იდენტურია- თინათინ მათიკოშვილის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი-გიორგი ავთანდილის ძე ნანიაშვილის (დაბ. 25.08 1993 წელს) სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი-გიორგი ავთანდილის ძე ნანიაშვილის ხელის თითის ანაბეჭდების, დაბადებული 25.08.1993 წელს. გიორგი ავთანდილის ძე ნანიაშვილის (დაბ. 25.08.1993 წელს) სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონნაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

3.53. 2018 მაისის 02 მაისის N 002899018 ექსპერტიზის დასკვნით (ტომი 2, ს.ფ. 65-72) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე FCI405994 პაკეტით (წარწერით: „წებოვანი ლენტი ელ-სადენთან ერთად“) წარმოდგენილი წებოვანი ლენტის ზედაპირი, კვლევით ნაწილში აღნიშნული მიზეზის გამო, არ გამოკვლეულა. წებოვან ლენტზე მიმაგრებული მუყაოსმაგვარი მასალის, ცილინდრული ფორმის დეტალის და ელექტრო სადენის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება.

 

ექპერტიზაზე FCI405992 პაკეტით, (წარწერით :„1 ც რკინის ჩამჩა ხის სახელურით“) წარმოდგენილი ჩამჩის ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

ექსპერტიზაზე FCI454524 პაკეტით (წარწერით: „საწოლის საბნის პირი 1 ც მუქი ფერის ლაქებით“) წარმოდგენილი (საბნის პირი) და FCI454525 პაკეტით (წარწერით: „ საწოლიდან აღებული 1 ც პლედი„) წარმოდგენილი გადასაფარებელი (პლედი), კვლევით ნაწილში აღნიშნული მიზეზების გამო, არ გამოკვლეულა.

 

3.54. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

3.55. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე გელა ხარაიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 30 მარტს იყო რევაზ მამალაშვილის, გარდაცვლილის დაბადების დღე, დაურეკეს მას და მის მეუღლეს, რომ ჩასულიყვნენ ბავშვებთან ერთად. რევაზ მამალაშვილი იყო ნიკოს ნახევარძმა. სახლიდან დაახლოებით დღის 2 საათისთვის წავიდნენ. ნიკოლოზი არის მისი მეუღლის ძმა. ჩასვლიდან მალევე ავიდნენ სასაფლაოზე თავისი მანქანით დაახლოებით 3 საათი იქნებოდა. პატივი მიაგეს როგორც წესია და დაბრუნდნენ უკან. სუფრაზე დასხდნენ დაახლოებით 4 საათზე. თამადა იყო ნიკოლოზი, რადგან კარგი თამადობა იცის. სახლში იყვნენ მანანა მათიკოშვილი, ნიკოლოზ ზალიაშვილი, ოთარი (გვარი არ იცის), მიტო სიმამრი ნიკოსი, შემდეგ მივიდა კახა პასიკაშვილი. სუფრაზე დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან მეორე დღეს სამსახურში იყო წასასვლელი. წავიდა დაახლოებით 19.45 საათზე. ქალბატონებიდან იყო მერი, ნიკოს მამიდაშვილის მეუღლე. მისი წასვლის შემდეგ დარჩნენ კახა პასიკაშვილი, დიმიტრი, ოთარი, რამაზ მათიკოშვილი იმ დროს არ იყო. სასაფლაოზე იყვნენ დაახლოებით 40 წუთი, ღრუბლიანი ამინდი იყო და საღამოს წვიმა დაიწყო. ცოტა დალია სუფრასთან. რა ეცვა ნიკოს სუფრაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან 2 დღის წინ ნიკო მასთან იყო, გვერდს იტკიებდა და წაიყვანა ექიმთან საგარეჯოში. ექიმმა უთხრა რომ გაციებული იყო. ეცვა ,,კლეჩატი“ პერანგი (საროჩკა), სპორტული, და რაღაც მაისური. წამოვიდნენ სუფრიდან ის, მისი მეუღლე, ბავშვები, ნიკოლოზის მამიდამ გამოაცილათ. ძლიერი წვიმა იყო საღამოს, მანქანით უჭირდათ კიდეც სიარული. საჭესთან მისი მეუღლე იჯდა.1 საათი მოუნდა გზას. გამარჯვებაში ცხოვრობს. უნდა გაევლოთ სააკაძის გადასახვევი. მისი სახლიდან 45 კმ-ია ამ გადასახვევამდე. თოხლიაურიდან სააკაძის გადასახვევამდე იქნება 36 კმ, დასჭირდება დაახლოებით 40 წუთი. არ არის ნამყოფი იმ სოფელში, სადაც თინა და გიორგი ცხოვრობენ. დაკითხვაზე უნდა მოსულიყო თინა მათიკოშვილი და ცუდად იყო და მეუღლემ მოიყვანა, შემდეგ მეორედაც იყო, როდესაც არ დაკითხეს და სთხოვა ბატონმა დიმიტრიმ რომ სახლამდე აეყვანა. მაშინ იყო პირველად ამ სოფელში. თინა მათიკოშვილი სახლში მიიყვანეს თვითონ და მისმა მეუღლემ. გადასახვევიდან მათ სახლამდე დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა. სანამ დაიძინებდა იყო ძლიერი წვიმა. ნიკოს მეუღლეს ემესიჯებოდა მისი მეუღლე, რომელიც წერდა რომ ისევ სვამდნენ. ეს იყო დაახლოებით 21:20 საათზე. თვითონ კავშირი აღარ ჰქონია. გიორგი მაისურაძეს შეხვედრია რევაზ მამალაშვილის გასვენებაში. ნიკოლოზ ზალიაშვილი როდესაც აიყვანეს, მაშინ გაიგეს მომხდარის შესახებ. მანამდე არაფერი გაუგია. განმარტავს, რომ რეგულარული ურთიერთობა აქვს ზალიაშვილების ოჯახთან და თვეში ერთხელ მაინც მიდის მათთან.

 

3.55. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე სვეტლანა გელაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 30 მარტს იყო რევაზ მამალაშვილის დაბადების დღე, გააკეთეს სუფრა და დაპატიჟეს ახლობლები. სუფრაზე დასხდნენ დღისით, ზუსტი დრო არ ახსოვს, ნახევარ საათში თვითონაც მივიდა. ერთი საათი იჯდა სუფრასთან. მერე წავიდა საქმეები ჰქონდა, როდესაც მივიდა ისევ, დაღამებული იყო, დრო არ ახსოვს. ნახევარი საათი გაჩერდა სუფრასთან და მერე ადგა. იქ იყვნენ კახა პასიკაშვილი, გელა, მისი მეუღლე, ბავშვები, დიმიტრი მათიკოშვილი, მისი მეუღლე და რამაზ მათიკოშვილი, მისი მული ლეილა. მათ სახლებს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვთ. ტელევიზორიც ცალკე აქვთ, ღუმელიც. სადაც ქეიფობდნენ იმ ოთახს აქვს ორი ფანჯარა, შიგნით კიდევ არის ერთი ოთახი, სადაც უდგათ ტელევიზორი. ხშირად უწევდა ოთახიდან გამოსვლა, შეშის შეტანა, 22:00 საათისთვის რომ შეიხედა ფანჯრიდან, ბიჭები ისევ ისხდნენ სუფრასთან. აივნის გავლაც უწევდა და შეიხედა ფანჯარაში, შესვლით აღარ შესულა. რევაზ მამალაშვილს თვითონ უვლიდა. მათ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მოწმობა და პირადობის მოწმობა მას ჰქონდა. მისი მეუღლეც იყო სუფრასთან, დაახლოებით წამოვიდნენ 21:00 საათზე, დიმიტრი მათიკოშვილი მათთან იყო და ნარდს ეთამაშებოდა მის მეუღლეს. შემდეგ წავიდა და მათთან აღარ შესულა. დოკუმენტები, რომლებიც გადასცა ადვოკატს ამის თაობაზე მოაწერა ხელი. ნიკოლოზის სახლსა და მის სახლს შორის რაიმე დამაკავშირებელი გასასვლელი არ არის. არის ყრუ კედელი, მაგრამ ხმაური გადის. სანამ დაიძინებდა მას ესმოდა ხმები, თუ როგორ ქეიფობდნენ.

 

3.56. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ბრალდებული ნიკოლოზ ზალიაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 30 მარტს დილის საათებში იყო საგარეჯოს ბაზარში, სადაც პროდუქტები შეიძინა. სატელეფონო ხაზით დაუკავშირდა სიძეს გელა ხარაიშვილს და დაპატიჟა. სახლში დაბრუნდების შემდეგ, მეუღლესთან ერთად შეუდგა კერძების კეთებას. გელა ხარაიშვილის და სტუმრების მოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ დაახლოებით სამი საათისთვის წავიდნენ მისი გარდაცვლილი ძმის რევაზ მამალაშვილის სასაფლაოზე. ვინაიდან ამინდი არეული იყო, წინა დღეებში ნაწვიმი იყო, იმყოფებოდა სასაფლაოზე. ჩვეულებრივად ავიდნენ, სანთლები დაანთეს, იქ გაჩერდნენ 40 წუთი. წამოსვლის შემდეგ შეჩერდნენ „შიოშვილების“ მაღაზიასთან, რაღაცეები იყიდეს და დაბრუნდნენ სახლში. ამასობაში ცეცხლიც დაანთო მწვადის შესაწვავად. მწვადის შეწვის შემდეგ, დასხდნენ სუფრასთან და უძღვებოდა სუფრას თვითონ, იყო თამადა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, მოდიოდნენ სტუმრები, ზოგი მიდიოდა და ა.შ. ამ დროის განმავლობაში ის არც გასულა გარეთ. არც გაუცილებია არავინ, ანუ საერთოდ არ გასულა სახლის გარეთ. სუფრაზე იმყოფებოდნენ გელა ხარაიშვილი მისი სიძე, მისი მეუღლე, შვილები, ძმისშვილი ანზორ ზალიაშვილი, მისი რძალი მარიკა ჯამასპიშვილი, სიდედრი, სიმამრი დიმიტრი მათიკოშვილი, მამამისი, ოთარი გახოკიძე, მისი მეუღლე და შვილები. მოგვიანებით მივიდა მამიდა თავის მეუღლესთან ერთად. მისი მამიდაშვილიც იმყოფებოდა სუფრაზე.

 

2018 წლის 31 მარტს სამსახურში უწევდა ცვლა, დაურეკა მამიდაშვილს გოგიტას და სთხოვა რომ თვითონ ემუშავა და 2 მარტს და 3 მარტს თვითონ გავიდოდა სამსახურში. 3 მარტს საღამოს რესტორანი როდესაც დაიკეტა, მანქანამაც დააგვიანა, რომელსაც მიჰყავს ისინი, იმყოფებოდნენ მის ოთახში სადაც მონიტორი დგას, სათვალთვალო კამერებია, ხალხის გაცილების შემდეგ წამოწვა და ჩაეძინა. ძაღლებმა რომ დაიწყეს ყეფა გაეღვიძა, კამერებში გამოჩნდა სამი მანქანა და თხუთმეტი ადამიანი. ისინი მივიდნენ ახლოს და დაუკაკუნეს კარზე, კართან შალვა ჯაჭვაძე იყო. უთხრა, რომ თანამშრომლები იყვნენ და კითხვები ჰქონდათ. კარის გაღების შემდეგ ჰკითხეს თუ სად იყო 30 მარტს, რაზეც მან განუმარტა, რომ ჰქონდა ძმის დაბადების დღე, რომელიც გარდაეცვალა. თან გაყოლა სთხოვეს. ვინაიდან მარტო იმყოფებოდა და ვერ დატოვებდა რესტორანს, ითხოვა დარეკვა, ამ დროს ტელეფონი მას ჰქონდა ისევ, დარეკა მამიდაშვილთან, გოგიტასთან, რომ გამოსულიყო მის მაგივრად, ამ დროს პოლიციელებმა გამოართვეს ტელეფონი და გოგიტას თავად უთხრეს, რომ ნიკო მიგვყავს სასწრაფო საქმეზე და მის მაგივრად ჩადიო. საგარეჯოს პოლიციასთან გაჩერდნენ და დატოვეს მარტო, არ იცის რაზე საუბრობდნენ. შემდეგ შალვა ჯაჭვაძე ჩაჯდა მასთან ერთად და უთხრა, რომ „ხარება და გოგიას“ დრო არ არისო. შემდეგ გამომძიებელი ჩაჯდა მანქანაში და ჰკითხა აქ წაგიყვანოთ თუ იქო. მან უპასუხა, სადაც მათ უნდოდათ იქ წაეყვანათ, ოღონდ გაერკვიათ რასთან დაკავშირებით მიჰყავდათ. მიიყვანეს ვაზიანის პოლიციაში. პიროვნებამ რომლის სახელი არ ახსოვს, ჰკითხა, თუ როგორ იყაჩაღა, და მის პასუხზე რომ გაერკვიათ რა ხდებოდა, უთხრა, რომ „ბლატნოი“ ბიჭივით საუბრობდა. ამ დროს თან მუშტი დაარტყა თავში, რაზეც განუცხადა, რომ რატომ ურტყავდნენ ხელს და რა ხდებოდა აეხსნათ მისთვის. გაიცინეს და უპასუხეს, ხელს გადებენ შენ ყაჩაღობაშიო, შემდეგ გამოიყვანეს და დასვეს მისაღებ ოთახში, 20 წუთის განმავლობაში იყო იქ და არავინ არაფერს ეკითხებოდა. შემდეგ ისევ შეიყვანეს ოთახში, არ იცის ვისი ოთახი იყო. უთხრეს, რომ მოელაპარაკათ და ეღიარებინა დანაშაული, მიეცა აღიარებითი ჩვენება და სამ საათში სახლში გაუშვებდნენ და შეარიგებდნენ. უპასუხა, რომ ჯერ ვისთან არიგებდნენ და რა ყაჩაღობაზე ესაუბრებოდნენ ეთქვათ. შემოვიდა შემდეგ ახალგაზრდა მაღალი ბიჭი, „რაო კიდე არ ტყდება ეს მაგარი ბიჭიო“ და დამცინავად თავში ისევ ჩაარტყა. ხოლო მეორე დედას აგინებდა. შემდეგ გამოიყვანეს ისევ, დაანებეს თავი ცოტახანს დაახლოებით 1 საათი. მოგვიანებით შეიყვანეს ერთ პატარა ოთახში. მას ესმოდა საუბრის ხმა, ქალბატონს ეუბნებოდნენ, რომ დავიჭირეთ თქვენ ვინც დაგაყაჩაღათო. ხმაზე იცნო, რომ თინა მათიკოშვილი იყო. როცა თინამ გაიგო, რომ ის იყო ამ ყაჩაღობაზე დაჭერილი, მათ განუცხადა, რომ დამნაშავე არ არისო და გაეშვათ. ისინი კი ეუბნებოდნენ, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ის იყო. ამ ლაპარაკზე გამომძიებელსა და ქალბატონს შორის, დაიძაბა საუბარი, ქალბატონი ეუბნებოდა რომ „ყელში ამოხვედით, ყველას მოაძულეთ თავი, ფერმა რომ არის იქაცო, რა გინდათო, გინდათ, რომ ცოცხლად დაგწვანო? ღირსები კი ხართ, მაგრამ გამკეთებელი არავინ არისო “ ჩვენ როგორც გეტყვით, ჩვენ დამნაშავე დაჭერილი გვყავსო, უბრალოდ თქვენი გასაკეთებელი რაც არისო, როგორც გეტყვით ისე დაგვიწერეთ და თავისუფალი ბრძანდებითო. ქალბატონმა განუცხადა, რომ არაფერს არ დაუწერდა და ეს ადამიანი ტყუილად გყავთ დაჭერილიო. ეს ქალბატონი გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო, შუშებიანი ოთახიდან ხედავდა ყველაფერს, გარკვეული დროის შემდეგ წავიდა სასწრაფო. შემდეგ მიაკითხეს ქალბატონს და მოიკითხეს, რაზეც მან განუცხადა რომ უკეთესად იყო და მოითხოვა სახლში წაყვანა. რაზეც უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ კიდევ ცუდად არ გამხდარიყო და ბარემ საქმე მიეყვანათ ბოლომდე. როგორც გეტყვით ისე დაწერეთო და წაგიყვანთ სახლშიო. მან უთხრა რომ არ დაწერდა, რასაც ისინი ეუბნებოდნენ , მართალ ადამიანს ტყუილად ვერ დავაბრალებო. ის მაინც გვითხარი ვინ იყო დამნაშავეო. კიდევ გახდა ცუდად და მოვიდა სასწრაფო დახმარება. უკვე თენდებოდა, შემდეგ არ იცის ალბათ კარები დაკეტეს, ხმა აღარ ისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ გაისმა კარის და გარე კარების ხმა, შემდეგ შევიდა მასთან თანამშრომელი და სთხოვა გაყოლა. როდესაც გავიდა, თინა მათიკოშვილი აცრემლებული თვალებით უყურებდა, მაგრამ ვერ მოახერხა ვერაფრის კითხვა. დილით გათენებულზე გაუშვეს ეს ქალი იქიდან. ისინი მაინც ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. 11 საათისთვის მივიდა მასთან ორი თანამშრომელი წაიყვანეს და ჩასვეს პიკაპის ავტომანქანაში. წაიყვანეს სააკაძის ასახვევთან და ჯიხურის პირდაპირ, სადაც ყავას ყიდიან და დიდხანს გააჩერეს იქ, ისე, რომ არც არაფერი უთქვამთ. ერთი-ორი თანამშრომელი ტელეფონში იყვნენ ჩაკირკიტებულები, შემდეგ თქვეს რომ მოშივდათ და წავიდნენ ვაზიანზე, სადაც ხაჭაპურები იყიდება. ერთი გადავიდა მანქანიდან, მეორე მის გვერდით იჯდა. დაინახა მან თავისი ძმა როგორ გაჩერდა იქვე მანქანით და სთხოვა თანამშრომელს, რომ აეხსნათ ერთი-ორი სიტყვით, რატომ იყო დაკავებული იყო და რატომ მიჰყავდათ ვაზიანის განყოფილებაში. რაზეც უპასუხეს, რომ საუბარი აკრძალული ჰქონდათ. მეორე თანამშრომელიც დაბრუნდა და ყავა მიუტანეს, რაზეც მან მადლობა მოუხადა. შემდეგ ისევ წავიდნენ და მთელი დღის განმავლობაში ასე დადიოდნენ ზევით-ქვევით. შეიყვანეს ისევ განყოფილებაში, დასვეს დივანზე დიდ ოთახში, და უცბად გაიგო ხმა, როგორ ამბობდნენ რომ უფროსი მოვიდა. შევიდნენ პატარა ოთახში ორი კაცი და ცოტა ხნის შემდეგ შეიყვანეს. ოტახში შემოვიდა მისთვის უცნობი პიროვნება, როგორც იცის ეს თამაზ თამაზაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც წაუკითხა კოდექსიდან ყაჩაღობის მუხლი და უთხრა, რომ შეუძლიათ გაასამართლონ მეორე ნაწილით, 6-დან 9-წლამდე ან მესამე პუნქტით 8-დან 12-მდე მოგცეთო. ამის შემდეგ უთხრა „გიყურებ რომ მშრომელი კაცი ხარო, აღიარე და ერთ სამ წელზე შევთანხმდეთო“. უპასუხა, რომ ვერ აღიარებდა იმას, რაც არ გაუკეთებია. საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონია ამაზე. ისევ გამოიყვანეს და ნახევარი საათის შემდეგ დაუძახეს, იმ ოთახში შეიყვანეს ოღონდ ისინი აღარ იყვნენ. ისევ შეთავაზეს, რომ ეღიარებინა და დაბალი სროკი მიეცათ. ისევ ისეთი პასუხი გასცა, რომ მას არაფერი ჩაუდენია. გამოიყვანეს ისევ და ამბობდნენ, რომ მისი საქმე უკვე გარკვეული იყო. დივანზე დასვეს , ამ დროს შემოდის გამომძიებელი დეკანოიძე, რომელიც ამბობდა „ამდენ იმას“ რა დაწერსო. სანამ დაწერას დაიწყებდნენ უთხრეს, რომ ეთქვა მასკა სად ჰქონდა „სახლს ტყუილად ნუ გადაგვაქოთებინებო“. წავიდნენ ჩხრეკაზე . დეკანოიძე წერდა დაკავების შესახებ, რომ ამოიღეს „ჰუავეის“ ტელეფონი. რაზეც თავადაც მოაწერა ხელი. შემდეგ გადმოიღო თაბახის ფურცელი და უთხრა, რომ ტანსაცმელი ექსპერტიზაზე უნდა გაეტანებინათ. ამაზე თვითონაც დათანხმდა. შეიძლება სავარაუდოდ სისხლი იყოსო. გააფრთხილა, რომ ტანსაცმელზე შეიძლება, ქათმების სისხლი ყოფილიყო, რომლებიც დაკლა ან თავისი სისხლი, რადგან მუხლი იტკინა, და რომ სხვის სისხლს ვერ ნახავდნენ. ამაზე ნებაყოფლობით დათანხმდა. ტანსაცმლის გახდა რომ უნდოდათ ეკითხებოდნენ რა ჩაეცმიათ, და მოუტანეს წითელი ჯემპრი და შარვალი. ტანსაცმელი მოუტანეს დახეული პარკით, ნახევრად სველი ტანსაცმელი. ვერც უთხრა სპეციალურად ხომ არ დაასველეს ტანსაცმელი, რაც მოუტანეს მადლობა მოუხადა. თავისი ნებით გაიხადა ტანსაცმელი და დააწყო იქვე დივანზე, ამ დროს გამოიძახეს ექსპერტი. რაღაც მარლა დააჭერინეს ხელში, შემდეგ დალუქეს და მოაწერინეს ხელი. იქიდან მერე გადაიყვანეს რუსთავში, მართლა არ დაუნახავს ის ტანსაცმელი რაში შეიფუთა, ტანსაცმელი დატოვა დივანზე. აუღეს ნერწყვის, ხელის ანაბეჭდები, იქაც ხელი მოუწერა. როცა შეასახლეს რუსთავის კაპეზეში იქაც მოაწერა ხელი, ექიმმა ჰკითხა რამე დაზიანება თუ ჰქონდა, რაზეც განუცხადა რომ არ ქონდა. მეორე დღეს მიდის მასთან დეკანოიძე და სხვა ბიჭი, რომელიც დაკითხვაზე არ ყოფილა და უთხრეს, რომ ხვალ შევიდოდნენ და მანამდე ეფიქრა, დიდი დრო გაქვს რომ აღიარო დანაშაულიო. მეორე დღეს როდესაც გამომძიებელთან შევიდა , ისევ ჰკითხეს რამე ხომ არ მოიფიქრა, შეპირდნენ რომ ყველანაირად უშველიდნენ. მან ისევ განუცხადა, რომ ვერაფერს იტყოდა და აღიარებდა რადგან არ ჩაუდენია დანაშაული. შემდეგ ისევ შევიდა გამომძიებელი, მოაწერინა ხელი და შეასახლეს გლდანში.

 

ყველაზე ადრე, სუფრიდან 2018 წლის 30 მარტს წავიდნენ გელა და მარინა, ჯერ არ იყვნენ წასულები, როცა სოსო ბარნაბიშვილი მოვიდა, რაღაც 20 წუთში მივიდა კახა პასიკაშვილი, მისი მამიდაშვილი. სუფრაზე იყვნენ თვითონ, ოთარი გახოკიძე, მამამისი, კახა, სოსო , რომელმაც ერთი-ორი ჭიქა დალია, თქვა რომ გასასვლელი იყო და ვეღარ მიაქცია ყურადღება. მიტო იყო სიმამრი სუფრაზე, ბავშვები და ქალებიც იყვნენ. რამაზი გავიდა სუფრიდან, შემდეგ მიტომაც მოიხადა ბოდიში უნდა გავიდეო, მიტოს გაჰყვა სიდედრი მარინე კევლიშვილი და დარჩნენ თვითონ, გახოკიძე ოთარი, მამამისი და კახა. მისი რძალი გამოვიდა ოთახიდან და გავიდა და დაბრუნდა 20-30 წუთში, ცოტახანს გაჩერდა მაგიდასთან და შევიდა საძინებელ ოთახში. გამოვიდა მისი მეუღლე და სთხოვა ყავა და მოუდუღა მათ ყავა, კახამ, მამამისმა და, ოთარიმ უარი თქვეს ყავაზე. აგრძელებდნენ პურის ჭამას, მათთან ისევ მივიდა რამაზი . რამაზის მოსვლამდე მამამისი და კახა შელაპარაკდნენ და მან უთხრა, რომ რა მოსდიოდათ დისშვილი იყო მისი. ამასობაში მამამისმა ბოდიში მოიხადა და გავიდა. ოთარიც გასვლას აპირებდა და უნდოდა მოესმინა ინფორმაციისათვის, თუმცა ის მაინც დარჩა მათთან ერთად. გააგრძელეს სუფრა თვითონ, კახამ და ოთარიმ. რამაზი როცა მივიდა, მათ შეუერთდა. ცოტა ხანში ოთარიმ ისევ წასვლა მოინდომა, თან საათს უყურებდა. მან სთხოვა, რომ კიდევ გაჩერებულიყო და დარჩა ოთარიც. თუმცა შემდეგ ისევ მოინდომა წასვლა და ხელიც არ შეუშლია მისთვის. ოთარის წასვლის შემდეგ დარჩნენ ოთარი, რამაზი და თვითონ. მარიკა ჯამასპიშვილი იყო ბავშვებთან ერთად ოთახში. კახას შესთავაზა დალევა, სინამდვილეში მას დალევა არ უნდოდა, რადგან წინა დღეებში თავს ცუდად გრძნობდა და ცოტა დისკომფორტსაც განიცდიდა. კახა და რამაზიც წავიდნენ და არ გაუცილებია. ეხმარებოდა მეუღლეს, რა დროსაც შემოვიდა სვეტლანა გელაშვილი, დედინაცვალი. შესთავაზა დახმარება, თუმცა მათ უარი უთხრეს. მარიკა სანამ წავიდოდა, შესთავაზეს რომ დარჩენილიყო მათთან ერთად, თუმცა ის გავიდა მაინც. დარჩნენ ის და თავისი მეუღლე. მიეხმარა თეფშების ალაგებაში. შებრუნდენ ოთახში და დაიძინეს.

 

როდესაც სასაფლაოზე იმყოფებოდა ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ბათინკები, მოთეთრო მაიკა-კრემისფერში, ჯემპრი და დუტის კურტკა. სახლში როცა დაბრუნდა გაიხადა ფეხზე, შარვალიც გაიხადა, სპორტული შავი შარვალი ჩაიცვა, ჯემპრიც გაიხადა და კლეჩატი საროჩკა ჩაიცვა. მოისხა მოსაცმელი და გულის ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი. სიძემ უთხრა ტელეფონს აქ ნუ იდებ, ამოიღო და დივანზე დადო ტელეფონი იქვე ახლოში. მისი და მამამისის სახლი გამოყოფილია ერთმანეთისგან. მარჯვენა მხრიდან აქვს შესასვლელი კარი, მარცხენა მხარეს კარი ბიძამისთან საურთიერთოდ. დიდი აივანი აქვს სახლს, შესასვლელში არის სამზარეულო, სადაც უდგას ღუმელი, წითელი ძველებური სამზარეულოს ავეჯი, დივანი, სავარძელი ერთი ცალი, კიდევ სკამები და მაგიდა. შუა ცენტრში არის კარები ხის, ოღონდ შუშები აქვს, 6 შუშა ზის. ამ კარების შიგნით არის მისი საძინებელი და ბავშვების. კედელი სამზარეულოსთან ამოტიხრულია და გალესილია. მამამისის სახლისგან ჰყოფს კედელი, მათი ხმა ისმის იქით და პირიქით, მათგანაც გამოდის ხმა. აგურით არის ამოშენებული. ოთარ გახოკიძე წასვლამდე თითქმის 1 საათი გაჩერდა სუფრასთან. სტუმრები როცა გააცილა და დასაძინებლად დაწვა იქნებოდა დაახლოებით ღამის 22:45 საათი. მეუღლეს ეხმარებოდა დაახლოებით 25 წუთი სტუმრების წასვლის შემდეგ. მეორე დღეს ჩვეულებრივად ადგა, ყავის მოდუღება უყვარს და მეუღლესთან ერთად დალია ყავა. დაუძახა ოთარ გახოკიძეს, მამიდამისს, მამიდამისის მეუღლე მივიდა, სიმამრი, რამაზი, სიდედრი, მამამისი, მეუღლე, დედინაცვალი. ეს ხალხი დასვა სუფრაზე, თვითონ არც დამჯდარა, ცუდად იყო. მათი წასვლის შემდეგ მიალაგა ყველაფერი, გაიტანა მაგიდები. შემდეგ შეუდგა თავის საქმეს, რკინის მასალას ჭრიდა სვარკით. ამ დღეს ეცვა შავი ჯემპრი, სტაფილოსფერი შარვალი და ბათინკები. სანამ დააკავებდნენ არც მისთვის, არც მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ დააყაჩაღეს თინათინ მათიკოშვილი და გიორგი მაისურაძე. მათიკოშვილის ოჯახში იყო 3 წლის წინ, როდესაც დაპატიჟეს ღორის დაკვლაზე. ბოლოს მანქანით იყო მისული. ერთხელ კიდევ არის ნამყოფი, შეშა ჩაიტანა, იყო მეუღლესთან, ბავშვებთან და რამაზისთან ერთად. მათ სახლამდე დაახლოებით იქნება 40-42 კმ. ტრასიდან უკვე არ იყო კარგი გზა და მანძილი იქნება 8-10 კმ. მისი დაკავების დროს ადგილზე არ ჩაუტარებიათ პირადი ჩხრეკა და არაფერი არ უთქვამთ მისთვის. თინათინ მათიკოშვილის ხმა, რომ გაიგო იქნებოდა ღამის 2 საათი. სასწრაფო მივიდა ორივეჯერ ღამე. 4 აპრილს ღამე მოაწერა ხელი დაკითხვის ოქმს. დათვალიერებული ნივთმტკიცებებიდან ბათინკი და შავი მაიკა ნამდვილად მისი იყო. არც სვიტერი, არც ჟაკეტი და არც შარვალია მისი. სვიტერი მისი იყო სტაფილოსფერი, ყავისფერი კუბიკები ჰქონდა, რომელიც მამამისმა აჩუქა და ცოტა მოკლე ჰქონდა. რომელი სვიტერიც აჩვენებს, ქვემოთ ნახატები ჰქონდა, ხოლო მის სვიტერს არ ჰქონია ნახატები. რამაზმა უთხრა მას, რომ ფულის სასესხებლად იყო მისული მამიდამისთან და ბრაზობდა, „მასხარად ამიგდეს და არ მომცეს ფულიო“. შარვალი, რომელიც დაკავებისას ეცვა გარეცხილი იყო და ის შარვალია, რომელიც მას ეცვა 30 მარტს. განმარტავს, რომ სისხლი ძნელი მოსაშორებელია და სწორედ ამიტომ განაცხადა მან, რომ მხოლოდ მის სისხლს ან ქათმების სისხლს თუ ნახავდნენ შარვალზე. დალუქულ ტანსაცმელზე და ბეჭედზე მას ხელი არ მოუწერია. საკანში შეასახლეს 5 აპრილი რომ თენდებოდა. 30 მარტს შეამჩნია ისიც, როგორ მოიტანა მისი ჟაკეტი რამაზ მათიკოშვილმა გვიან საღამოს და იქვე საკიდზე დაკიდა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ნიკოლოზ ზალიაშვილის საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით - გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და მისი ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში სასამართლო შეაფასებს დაზარალებულების გიორგი მაისურაძის და თინათინ მათიკოშვილის ჩვენებებს და განმარტავს, რომ დაზარალებულის გიორგი მაისურაძის ჩვენება, რომელიც მან მისცა სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას და გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია იდენტურია და გიორგი მაისურაძე თანმიმდევრულად აღწერს 2018 წლის 30 მარტს მომხდარ მოვლენებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სასამართლო სხდომაზე მან კატეგორიულად აღარ დაასახელა ბრალდებული, როგორც მის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე პირი, თუმცა ამავე დროს გაიმეორა ის ფაქტები, რომ მას ,,გოგი ძიათი“ მხოლოდ რამაზი მათიკოშვილი და ნიკოლოზ ზალიაშვილი მიმართავდნენ, ასევე მან დაადასტურა ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ძალიან ჰგავდა აღნაგობით ნიკოლოზ ზალიაშვილს. მის მიერ სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ ზალიაშვილის დადანაშაულებისგან თავშეკავება კი უნდა აიხსნას იმ ნათესაური კავშირით, რომელიც მას აქვს ბრალდებულთან, ასევე მისი ოჯახის წევრების მხრიდან, ნიკოლოზ ზალიაშვილის დაკავების შემდეგ, გიორგი მაისურაძესა და თინათინ მათიკოშვილზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლით. გიორგი მაისურაძესა და თინათინ მათიკოშვილზე რომ ბრალდებულის ახლობლების მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლა განხორციელდა ჩვენების შეცვლის კუთხით, ეს დასტურდება თავად ბრალდებულის ახლობლების და თინათინ მათიკოშვილის ქცევით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული თინათინ მათიკოშვილი, მანამ, სანამ ბრალდების მხარე მოიწვევდა მას მოწმედ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მისაცემად, თავისი ინიციატივით, ბრალდებულის ახლობლების თანხლებით, ცხადდებოდა სასამართლოში და დაცვის მხარე დაჟინებით მოითხოვდა მის დაკითხვას, ანუ თინათინ მათიკოშვილი მზად იყო გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის, ეს თავად მანაც დაადასტურა ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დაწყებისას, რა დროსაც იგი დათხოვილ იქნა სხდომის დარბაზიდან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თინათინ მათიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესდა საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას და როგორც მისმა ძმამ, ასევე მოწმედ მოწვეულმა, დიმიტრი მათიკოშვილმა განაცხადა ჩვენების მიცემისას, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თავის დასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამ ფაქტმა მათ შორის განხეთქილება წარმოშვა, ამ განხეთქილებაში დიმიტრი მათიკოშვილი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ თინამ მისი სიძის - შვილის მეუღლის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. დიმიტრი მათიკოშვილმა ისიც განაცხადა, რომ მას გამოძიების მიმდინარეობისას არ ჰქონდა შესაძლებლობა დაკონტაქტებოდა თავის დას, ეს აუკრძალა გამომძიებელმა, მას რომ კონტაქტის საშუალება ჰქონოდა თინასთან, საქმე ,,სხვაგვარად“ იქნებოდა. დიმიტრი მათიკოშვილმა მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ დღესაც, თინათინ მათიკოშვილს, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მისი შვილები უვლიდნენ, ანუ რამაზ მათიკოშვილი და ბრალდებულის მეუღლე მანანა მათიკოშვილი. ბუნებრივია ამ ფაქტების და ბრალდებულის ახლობლების, რომლებიც ამავე დროს დაზარალებულების ახლობლებიც არიან, ქცევამ განაპირობა თინათინ მათიკოშვილის მხრიდან პოზიციის შეცვლა, რაც ასევე აისახა მეორე დაზარალებულის გიორგი მაისურაძის პოზიციაზე.

 

რაც შეეხება თინათინ მათიკოშვილის მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №1/1/548) მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო მხოლოდ ამ ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მის შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას და მართლზომიერებას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“ (ასევე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1ბ/122-18 23 მარტი, 2018 წელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1/ბ710-17 21 თებერვალი, 2018 წელი).

 

სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში კი თინათინ მათიკოშვილის ჩვენება თანხვედრილია გიორგი მაისურაძის მიერ სასამართლო სხდომაზე აღწერილი მოვლენებთან, ასევე მის მიერ დასახელებული ტანსაცმელი, ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ზედა ტანსაცმელი, რომელიც მან აღწერა გამოკითხვისას, ემთხვევა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ ამოღებულ ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმლის აღწერილობას, მის მითითებას, რომ შემთხვევის ადგილზე ნიკოლოზ ზალიაშვილი იმყოფებოდა, ამყარებს საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები ნიკოლოზ ზალიაშვილის სუნის ნიმუშის იდენტური აღმოჩნდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და 2018 წლის 28 მაისის ოდოროლოგიური დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები მტკიცებულების დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ. აღნიშნული მტკიცებულების გადაცემასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, დაკითხულ იქნა ასევე მოწმე დავით ქვლივიძე, რომელმაც განმარტა სადავო მტკიცებულების საექსპერტო ბიუროდან წამოღების დროის და საქმის მწარმოებელი გამომძიებლისთვის გადაცემის დრო (იხ. მტკიცებულებები განაჩენის პუნქტი 3.44-3.50 და მოწმე დავით ქვლივიძის ჩვენება აბზაცი 3.19). ამ მტკიცებულებების გაცნობის, სამართლებრივი ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს, როგორც კი გადაეცა აღნიშნული მტკიცებულება, დაუყოვნებლივ გაუცვალა დაცვის მხარესაც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნორმა, რომელსაც დაცვის მხარე მიუთითებს, ითვალისწინებს მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მტკიცებულების დაუყოვნებლივ გადაცემას, დაცვის მხარეს ამ საექსპერტო დასკვნის გადაცემით არ მიუმართავს ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარემ კი როგორც კი მოიპოვა მტკიცებულება და მატერიალურად აღმოჩნდა მის ხელში, დაუყოვნებლივ გადასცა დაცვას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს განხორციელდა საქმის სასამართლოში წარმართვამდე, 2018 წლის 12 ივლისამდე, ანუ შესრულებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მიზნები.

 

დაცვის მხარეს დასკვნით სიტყვაში არ მიუთითებია ის კონკრეტული საფუძვლები, თუ რატომ უნდა იქნეს ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად 2018 წლის 28 მაისის ოდოროლოგიური დასკვნა და ბრალდების მხარის მიერ მისი გაცვლისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელი ნორმები იქნა დარღვეული. აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, დაკითხულ იქნეს ის ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეადგინეს შესაბამისი დასკვნა. მტკიცებულების გამოკვლევისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რომელიც ამ მტკიცებულების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად სასამართლო, ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უტყუარად მიიჩნევს ნიკოლოზ ზალიაშვილის, დაზარალებულების თინათინ მათიკოშვილის და გიორგი მაისურაძის საცხოვრებელ სახლში ყოფნას 2018 წლის 30 მარტს.

 

დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ასევე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ბრალდებულის ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმლის ნამდვილობა და ასევე იმ პაკეტების მთლიანობის დარღვევაზე გააკეთა აქცენტი, რომელშიც ეს მტკიცებულებები იყო მოთავსებული. დაცვის მხარის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს. ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს გაცხადებული პოზიცია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი არ ეკუთვნის მას, მიმართულია მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელზედაც აღმოჩენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზარალებულის გიორგი მაისურაძის სისხლი. საქმეში არსებული ნივთმტკიცების ამოღების ოქმის მიხედვით ნიკოლოზ ზალიაშვილმა თავად, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, გადასცა ბრალდების მხარეს ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დაკავების დროს, ტანსაცმელი დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები, როგორც გამომძიებლის, ასევე თავად ბრალდებულის მიერ. სწორედ ამ ჯინსის შარვალზე და შავ მოსაცმელზე (ჟაკეტზე) აღმოჩნდა გიორგი მაისურაძის სისხლის ლაქები, რომელიც ბრალდებულმა ხან ქათმის სისხლად და ხან თავის სისხლის ლაქებად წარმოადგინა. გიორგი მაისურაძის სისხლის გარდა სხვა სისხლის ლაქები ამ ტანსაცმელზე არ დაფიქსირებულა საექსპერტო გამოკვლევის დროს. თავდაპირველი ვერსიით, რაც დაცვის მხარის მიერ იქნა სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული, გიორგი მაისურაძის სისხლის ნიმუში უნდა ყოფილიყო გახარჯული და სწორედ ეს სისხლის ნიმუში იყო გადატანილი ჯინსის შარვალზე და ჟაკეტზე ვითომ ,,დაინტერესებული პირების“ მიერ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ გიორგი მაისურაძის სისხლის ნიმუში, რომელიც მას სამედიცინო დაწესებულებაში აუღეს და დაილუქა სათანადო წესით, საერთოდ აღარ გახსნილა (იგი საექსპერტო კვლევისთვის აღარ გამოყენებულა, რადგან გენეტიკური კვლევა შარვლიდან აღებული ნიმუშის ჩატარებულ იქნა გიორგი მაისურაძის ნერწყვის ნიმუშთან შედარებით, ვინაიდან როგორც სისხლის, ისე ნერწყვის ნიმუში ატარებს ერთგვაროვან საიდენტიფიკაციო ინფორმაციას), დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ არც შარვალი და არც ჟაკეტი არ არის ბრალდებულის კუთვნილი.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე დაცვის მხარის პოზიციას იმ საექსპერტო ტომრების მთლიანის დარღვევაში ეჭვის შეტანის შესახებ და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, კონკრეტულად კი ბრალდებულის ნიკოლოზ ზალიაშვილის ტანსაცმელზე გამოძიების მიზნებისთვის ჩატარებულ იქნა რამდენიმე ექსპერტიზა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ ის ექსპერტები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ აღნიშნულ ნივთიერ მტკიცებულებებთან. არცერთ ექსპერტს არ დაუფიქსირებია არსად ის ფაქტი, რომ მისთვის გადაცემული საექსპერტო კვლევის ობიექტი არ იყო დალუქული სათანადო წესით, ან მან კვლევის ჩატარების შემდეგ არ დალუქა. მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს ნამდვილად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ტანსაცმელი მოთავსებული იყო ორ ერთმანეთთან გადაბმულ ტომარაში, მაგრამ ეს ტომრები გადაბმული იყო თავად საექსპერტო დაწესებულების მიერ სპეციალურად ტომრის დასალუქი ხელსაწყოს მეშვეობით და მასზე რაიმე სხვა სახის მექანიკური ზემოქმედების ნიშნები ნამდვილად არ აღინიშნებოდა. ორმაგ ტომარაში მოთავსება კი განპირობებული იყო ნივთმტკიცების სიმძიმით, რადგან შარვალი, ჯემპრი, ჟაკეტი და ფეხსაცმელები ერთად იყო მოთავსებული.

 

საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებსაც 2018 წლის 30 მარტს ურთიერთობა ჰქონდათ ბრალდებულთან ნიკოლოზ ზალიაშვილთან, ეს მოწმეები არიან: დიმიტრი მათიკოშვილი, რამაზ მათიკოშვილი, ოთარ გახოკიძე, იოსებ ბარნაბიშვილი, მერი ჯამასპიშვილი, კახაბერ პასიკაშვილი, სვეტლანა გელაშვილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწმეები სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემის დროს არ იყვნენ გულწრფელები და მათ გამოძიების დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებული ინფორმაცია და ფაქტები წარუდგინეს სასამართლოს, კონკრეტულად კი მათი ჩვენებები ერთმანეთთან შეთანხმებულ ხასიათს ატარებდა ნიკოლოზ ზალიაშვილის ოჯახში სუფრის დამთავრების დროსთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისას, გამოკითხვის დროს ეს პირები აფიქსირებდნენ, რომ დაახლოებით 21:00 საათიდან 21.30 წუთამდე დაასრულეს ნიკოლოზ ზალიაშვილთან ქეიფი, სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს კი დრო შეცვალეს და განაცხადეს, რომ ნიკოლოზ ზალიაშვილთან მასთან ერთად ქეიფობდნენ 23:00 საათამდე. პირველ რიგში ამ მოწმეების ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ეს პირები მჭიდრო ნათესაური კავშირებით არიან ბრალდებულ ნიკოლოზ ზალიაშვილთან დაკავშირებული, შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ სასამართლოს მისცენ ისეთი ჩვენება, რომელიც ხელს შეუწყობს ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ეს ინტერესი და ინფორმაციის სხვადასხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მოწმე ოთარ გახოკიძის დაკითხვისას, როდესაც მოწმე ბრალდების მხარის კრიტიკული კითხვების დასმის დროს დაიბნა და ვერ შეძლო ზუსტად და ამომწურავად ფაქტების გადმოცემა, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს და დროს ასახელებდა ზალიაშვილების სახლის დატოვების შესახებ. ასეთივე წინააღმდეგობრივი და დამაბნეველი აღმოჩნდა დროსთან დაკავშირებული კითხვები მერი ჯამასპიშვილისა და იოსებ ბარნაბიშვილისთვის. მათაც გამოძიებისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს.

 

რაც შეეხება თავად ბრალდებულის ნიკოლოზ ზალიაშვილის ჩვენებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ ზალიაშვილმა ვერ ახსნა სასამართლოს წინაშე მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: პასუხგაუცემელი დარჩა მისი მხრიდან მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება მოხვედრილიყო მისი სუნის ნიმუში შემთხვევის ადგილას, დაზარალებულების გიორგი მაისურაძის და თინათინ მათიკოშვილის საცხოვრებელ სახლში? აღნიშნულთან დაკავშირებით მართალია განმარტა, რომ დაინახა მისი მოსაცმელი როგორ მოიტანა რამაზ მათიკოშვილმა და დაკიდა საკიდზე, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ეს მოსაცმელი რამაზ მათიკოშვილს შეიძლება მიეტანა შემთხვევის ადგილას. შესაბამისად ეს არის დაუსაბუთებელი არგუმენტი. მნიშვნელოვანია ასევე ამ საკითხთან ექსპერტ-ოდოროლოგის ბესარიონ ისაკაძის განმარტება, რომელმაც მსგავსი საშუალებით სუნის გადატანის შესაძლებლობა გამორიცხა. არ არის ასევე დამაჯერებელი ბრალდებულის პოზიცია მისგან ამოღებულ ტანსაცმელთან დაკავშირებით და სასამართლომ ამ საკითხზე უფრო ვრცლად უკვე იმსჯელა. ბრალდებული არ უარყოფს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია თინათინ მათიკოშვილსა და გიორგი მაისურაძის ოჯახში ფულის არსებობის შესახებ, ეს მან გაიგო რამაზ მათიკოშვილისგან. ამ ფაქტს არ უარყოფს არც რამაზ მათიკოშვილი, ორივენი ადასტურებენ იმ გარემოებასაც, რომ რამაზ მათიკოშვილი ნაწყენი იყო ამ ფაქტის გამო, შესაბამისად ბრალდებული ამ ინფორმაციას ფლობდა და ჰქონდა კიდეც ინტერესი მისულიყო დაზარალებულების ოჯახში.

 

მის მიმართ დაკავების დროს შესაძლო ზეწოლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე მსჯელობა კი ამ განაჩენის ფარგლებში ვერ მოხდება და საქმეში მონაწილე პროკურორი ვალდებულია ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა და უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფლის ხევის აგარაკზე, ნიკოლოზ ზალიაშვილი და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, ჯგუფურად თავს დაესხა გიორგი მაისურაძესა და თინათინ მათიკოშვილს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და ქარქაშიანი დანის დემონსტრირებით, მოითხოვეს ფულადი თანხა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით, საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

იმისათვის, რომ დანაშაული (ქმედება) ყაჩაღობად დაკვალიფიცირდეს, ის უნდა შეიცავდეს სამ ნიშანს: 1. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი;2. თავდასხმა; 3. ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღური თავდასხმისას აუცილებელია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის ან ასეთი ძალადობის გამოიყენება. პირველ შემთხვევაში ძალადობის მუქარა ხდება ადამიანის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედების გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა ხდება ადამიანის სხეულზე უშუალო შეხების გზით.

 

ფაქტიურად თავდასხმა იწყება დაზარალებულთან შეხვედრითა და მისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის მოთხოვნით, რომელსაც ახლავს ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელიც დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მთავრდება ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით. ამ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ნივთის დაუფლება ან არა.

 

საერთოდ ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რომ გახდეს დაზარალებულის იძულების საშუალება აუცილებელია თავდამსხმელმა გამოიყენოს ფსიქიკური ძალადობა. თუ ამან შედეგი არ გამოიღო და დაზარალებულმა თავდამსხმელს არ გადასცა მოთხოვნილი ნივთი, მაშინ ეს უკანასკნელი გადადის ძალადობაზე.

 

აქედან გამომდინარე ყაჩაღურ თავდასხმად შეიძლება ვაღიაროთ ისეთი მოქმედება, რომელიც ხასიათდება დაზარალებულისათვის ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემის უეცრად, უშუალოდ მოთხოვნის წაყენებით და რომელსაც თან ახლავს ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა ან ასეთი ძალადობის გამოყენება.

 

თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი, თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ძალადობა კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ. ყაჩაღობის დროს ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების , ნივთის გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება.

 

ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე ის ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან.

 

ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

ყაჩაღობის დანაშაულის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პ-ით ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მისი ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში, ამა თუ იმ დანაშაულის შემადგენლობის აღწერისას, გათვალისწინებულია ჯგუფური დანაშაულის სამი სახე: წინასწარი შეთანხმების გარეშე, წინასწარი შეთანხმებით და ორგანიზებული. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია ბინაში უკანონო შეღწევით, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და ბრალდებულის ბინაში შესვლის მიზანი იყო სხვისი ქონების დაუფლება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი (მოქმედი რედაქცია), ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით - სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 08-დან 12 წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ნიკოლოზ ზალიაშვილს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პ (მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 07 ცალ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი რკინის ჩამჩა, თეთრი ფერის მაისური, გადასაფარებელი, საბნის პირი; ასევე, ნიკოლოზ ზალიაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ნიკოლოზ ზალიაშვილისგან ამოღებული კუთვნილი ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი, რუხი ფერის სვიტერი, შავი ფერის ზედატანი, მოკლესახელოებიანი მაისური) და ფეხსაცმელი, HAWEI-ის ფირმის მობილური ტელეფონი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები 2 ც. ჩხირზე, 4 ცალ ჩხირზე ბიოლოგიური ანაწმენდები კარების შიდა და გარე ზედაპირიდან; ანაწმენდები 2 ცალ ჩხირზე შესასვლელი კარის ჩარჩოდან, 4 ცალი თითის კვალი, წებოვანი ლენტი; ასევე, 4 ცალ ბილოგიურ ჩხირზე ანაწმენდი, გიორგი მაისურაძის ხელის კვლები, გიორგი მაისურაძის ნერწყვის ნიმუში, ნიკოლოზ ზალიაშვილის ნერწყვის ნიმუში, გიორგი ნანიაშვილის ხელის კვალი, თინათინ მათიკოშვილის ხელის კვალი, გიორგი ნანიაშვილის ნერწყვის ნიმუში, წებოვანი ლენტი ელსადენით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები 3 ცალი, გიორგი მაისურაძის სისხლის ნიმუში, 2 ცალი ანაწმენდი განთავსებული ბიოლოგიურ ჩხირზე, მოწითალო ფერის 2 ცალი ლაქა, რამაზ მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში, რამაზ მათიკოშვილის სუნის ნიმუში, გიორგი ნანიაშვილის სუნის ნიმუში, კახაბერ პასიკაშვილის სუნის ნიმუში, ნიკოლოზ ზალიაშვილის სუნის ნიმუში, კახაბერ პასიკაშვილის ნერწყვის ნიმუში, კ. პასიკაშვილის ხელის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 ცალი სუნის ნიმუში, თინათინ მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნიკოლოზი ზალიაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

2. ნიკოლოზ ზალიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 აპრილიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 07 ცალ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი რკინის ჩამჩა, თეთრი ფერის მაისური, გადასაფარებელი, საბნის პირი; ასევე, ნიკოლოზ ზალიაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ნიკოლოზ ზალიაშვილისგან ამოღებული კუთვნილი ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი, რუხი ფერის სვიტერი, შავი ფერის ზედატანი, მოკლესახელოებიანი მაისური) და ფეხსაცმელი, HAWEI-ის ფირმის მობილური ტელეფონი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები 2 ც. ჩხირზე, 4 ცალ ჩხირზე ბიოლოგიური ანაწმენდები კარების შიდა და გარე ზედაპირიდან; ანაწმენდები 2 ცალ ჩხირზე შესასვლელი კარის ჩარჩოდან, 4 ცალი თითის კვალი, წებოვანი ლენტი; ასევე, 4 ცალ ბილოგიურ ჩხირზე ანაწმენდი, გიორგი მაისურაძის ხელის კვლები, გიორგი მაისურაძის ნერწყვის ნიმუში, ნიკოლოზ ზალიაშვილის ნერწყვის ნიმუში, გიორგი ნანიაშვილის ხელის კვალი, თინათინ მათიკოშვილის ხელის კვალი, გიორგი ნანიაშვილის ნერწყვის ნიმუში, წებოვანი ლენტი ელსადენით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები 3 ცალი, გიორგი მაისურაძის სისხლის ნიმუში, 2 ცალი ანაწმენდი განთავსებული ბიოლოგიურ ჩხირზე, მოწითალო ფერის 2 ცალი ლაქა, რამაზ მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში, რამაზ მათიკოშვილის სუნის ნიმუში, გიორგი ნანიაშვილის სუნის ნიმუში, კახაბერ პასიკაშვილის სუნის ნიმუში, ნიკოლოზ ზალიაშვილის სუნის ნიმუში, კახაბერ პასიკაშვილის ნერწყვის ნიმუში, კ. პასიკაშვილის ხელის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 ცალი სუნის ნიმუში, თინათინ მათიკოშვილის ნერწყვის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი