გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/972-18
N200210018002675511
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე: - სს ,,ლ-------ი ბანკი“
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხე - მ-----ა ბ-----ე
წარმომადგენელი - ს------ო მ--------ე
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების თანხის - 5364.08 ლარის გადახდა: სესხზე N8691426 ლარი(ძირი თანხა - 2738.08 ლარი, პროცენტი - 1637.33 ლარი, ხოლო ჯარიმა დარიცხული - 2654.11 ლარის ნაწილი - 912 ლარი).
1.2. მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 160.93 ლარის სრულად ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 19 აგვისტოს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და მოქალაქე მ-----ა ბ-----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N8691426 გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 3656.25 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 53%-ის ოდენობით და პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20.08.2018 წელი. სს ,,ლ-------ი ბანკმა“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მსესხებელმა კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა, შეთანხმებული პირობების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მ-----ა ბ-----ე იმყოფება ვადაგადაცილებაში და სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიმართ ერიცხება დავალიანება თანხის - 5364.08 ლარის გადახდა: სესხზე N8691426 ლარი(ძირი თანხა - 2738.08 ლარი, პროცენტი - 1637.33 ლარი, ხოლო ჯარიმა დარიცხული - 2654.11 ლარის ნაწილი - 912 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება ჯარიმას, მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი. ასევე ითხოვა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 19 აგვისტოს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და მოქალაქე მ-----ა ბ-----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N8691426 გაიცა სამომხმარებლო საბანკო კრედიტი 3656.25 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 53%-ის ოდენობით და პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20.08.2018 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 19 აგვისტოს N8691426 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
3.2.2. ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 35-36, ს.ფ. 37-38);
3.2.3. მსესხებელმა სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში სესხზე N8691426 2017 წლის 27 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 39-40);
3.2.4. დღეის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს სესხზე N8691426
5287,41 ლარს (ძირი თანხა - 2738.08 ლარი, პროცენტი - 1637.33 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 912 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელე მხარისაგან სესხის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკი", ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბანკი" უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2738,08 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.( სსკ 2016 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით)
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 1637,33 ლარს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 91.00 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
სასამართლოს მიაჩნია რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დაადასტურებდა მიღებული გადაწყვეტილების განწილვადების აუცილებლობა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სს ,ლ-------ი ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 49.11 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №5148137746) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 160.93 ლარიდან 82.14 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 29.58 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი მოპასუხე მ-----ა ბ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხა - 2738.08 ლარი, პროცენტი- 1637.33 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 91.00 ლარი, სულ - 4466.41 ლარი.
2. მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 49.11 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
3. მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება №5148137746) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 160.93 ლარიდან 82.14 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 29.58 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მოპასუხე მხარეს უარი ეთქვას გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის განწილვადებაზე.
6. აღსრულების განწილვადების საკითხზე გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე