გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23332-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს "ფ----------------------–ო";
წარმომადგენლები - ლ-–---------, თ---------------;
მოპასუხეები - მ----------------ე, რ-------------------–-ძე, შ--–------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მ----------------ეს, რ-------------------–-ძეს და შ--–------------ეს სს "ფ----------------------–ო"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 13 548.07 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 9433.79 ლარი, სარგებელი - 3868.68 ლარი და პირგასამტეხლო - 245.60 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც იგი ცნეს ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სარჩელს ცნობენ დავალიანების ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში და მოითხოვეს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით მსესხებელმა მ----------------ეს სს ''ფ----------------------–ოსგან'' კრედიტის სახით მიიღო - 10 000 ლარი, 1098 დღის (20.06.2017-დან 22.06.2020-მდე) ვადით. კრედიტით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 26%-ით. კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით რ-------------------–-ძესთან და შ--–------------ესთან დადებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავალიანების დაფარვაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 15 000 ლარით.
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დაირღვა სესხის გადახდის გრაფიკი. მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა მხოლოდ - 0.64 ლარი, ნაცვლად - 403.12 ლარისა.
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს - 13548.07 ლარს, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 9433.79 ლარი, სარგებელი - 3868.68 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 245.60 ლარი.
3.1.5. დადგენილია, რომ მსესხებელს და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა დავალიანების დასაფარად, თუმცა მათ მიერ დავალიანების დაფარვა არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.06.2017 წლის ხელშეკრულება, გრაფიკი - ს.ფ. 17-22.
- თავდებობის წერილები - ს.ფ. 23-26.
- გადახდების ისტორია - ს.ფ. 36.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სასამართლო სხდომის ოქმები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ''ფ----------------------–ოს'' მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 464-ე, 867-ე-895-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კრედიტის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
გარდა ამისა, სასამართლო ასევე განმარტავს:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ''ფ----------------------–ოს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ფ----------------------–ო'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 9433.79 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის გადაუხდელი დავალიანების - 3868.68 ლარის გადახდა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხეებმა რ-------------------–-ძემ და შ--–------------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მ----------------ის მიერ კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (245.60 ლარი) მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სს ''ფ----------------------–ოს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეებს სს "ფ----------------------–ოს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პროცენტის ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 116.06 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს "ფ----------------------–ო"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - მ----------------ეს, რ-------------------–-ძეს და შ--–------------ეს სს "ფ----------------------–ო"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 13 548.07 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 9433.79 ლარი, სარგებელი - 3868.68 ლარი და პირგასამტეხლო - 245.60 ლარი.
3. მოპასუხეებს - მ----------------ეს, რ-------------------–-ძეს და შ--–------------ეს სს "ფ----------------------–ო"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 116.06 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს "ფ----------------------–ო"-ს (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2017.12.07 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 406.44 ლარის ნაწილი - 290.38 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ რეკვიზიტებზე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი