განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100118002662674
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----–---------------------- (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 19---–-–---- მაისს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, დ--------------------------------–---------------------------ში.

 

ადვოკატი - გ-------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2015 წლის 29 მაისს, მ-----–---------ო გამოძიებით დაუდგენელ ქალთან ერთად მივიდა ქ.თბილისში, ა----–------------------ში მდებარე ქ------------------ის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა ყალბი ნასყიდობის ხელშკერულება, რომლის მიხედვითაც, მ-----------ამ მ-----–---------ოს 95 000 აშშ დოლარად მიყიდა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, დ------------ში მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N0--7--1--0------. ნოტარიუსმა ქ------------------მა დაამოწმა ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა. იმავე დღეს, 2015 წლის 29 მაისს, მ-----–---------ომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში და მ-----------ას კუთვნილი უძრავი ქონება დაარეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც 2015 წლის 2 ივნისს მიწის ნაკვეთი 100 000 აშშ დოლარად გაასხვისა ვ-–------------------ე.

მ-----–---------ოს ქმედებით მ-----------ას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა მ-----–---------ოს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მ-----------ას, ა--------------–---ას, კ---------–---–ის, ი------–--–----–---–ის, ზ------------–---–ის, ნ---------–---–ის და ქ------------------ის დაკითხვის ოქმებს, მ-----------ას განცხადებას და წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მიმართვის წერილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი და მიღებულ პასუხს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ამოღების ოქმს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, ოქმს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მ-----–---------ოს მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული.

 

3.2. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბრალდებულთან შეთანხმების საფუძველზე, სადაოდ არ გაუხდია და მათი გამოკვლევა არ მოუთხოვია. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და მათ პრეიუდიციული ძალა მიენიჭათ. შესაბამისად, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს რა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ურთიერთშეთანხმებითვე განსაზღვრეს ის სამართლებრივი სივრცე, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეები დაეთანხმნენ რა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, დაეთანხმნენ ასევე ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მ-----–---------ოს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. შესაბამისად, დაადასტურეს, რომ შეთანხმებული არიან ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებსა და ფაქტებზე, რაც ასახულია მ-----–---------ოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

 

3.3. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაში ოფიციალურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. მაშასადამე, ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. ოფიციალურ დოკუმენტს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რაიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მაგ. ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში, გამოყენების მიზნით ან ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში.

 

3.4. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე, იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით თუ გამოყენება. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. პასუხისმგებლობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც შეფასებითი ნიშანია. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მაკვალიფიცირებელი გარემოებაც სახეზეა.

 

3.5. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

3.6. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.

 

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შერაცხული დანაშაული მ-----–---------ომ მის თანამზრახველთან ერთად წინასწარ ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანი შეადგენს 100 000 (ასი ათას) დოლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ-----–---------ოს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–---------ოს მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ-----–---------ოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2 სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ, ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ-----–---------ოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–---------ოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელები, რომლებიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რაც სასამართლოს შეფასებით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

5.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–---------ოს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- სისხლის სამართლის #0-------- საქმე, მ-----–---------ოს მიმართ, დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივს.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–---------ო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–---------ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

5. მ-----–---------ოს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

6. მ-----–---------ოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თ-------–ის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ვ-–---------------ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ს------–----------ი, საკადასტრო კოდით 0--7--1--0------;

 

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

- სისხლის სამართლის #0-------- საქმე, მ-----–---------ოს მიმართ, დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივს.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

11. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1(ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი