გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210016001566546
N2/2552-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი
მოსარჩელე - შპს „ე--------------- +“;
წარმომადგენელი - თ-----------ძე;
მოპასუხე - თა-------–-----ძე;
წარმომადგენელი - ხა-----------ძე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 1550 აშშ დოლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი - 539.916 აშშ დოლარი;
1.3. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 141 აშშ დოლარი;
1.4. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარის ოდენობით;
1.5. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 200 ლარი.
1.6. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის „ნისან ტიდას“ რეალიზაციის გზით;
1.7. იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით ვერ დაიფარება მოპასუხის დავალიანება, აღსრულება მიქცეული იქნას თა-------–-----ძის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი ქონებაზე, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით;
1.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 22 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N132846/კ“ და „სესხის ხელშეკრულება 132846/კ“, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 500 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა თა-------–-----ძის კუთვნილი ავტომობილი - „ნისან ტიდა“.
მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად არ გადახდილა გრაფიკით გათვალისწინებული გადასახადი. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დღისთვის მოპასუხეს შპს „ე--------------- +“-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: ა. სესხის ძირი თანხა 1550 აშშ დოლარი; ბ. სარგებელი - 2016 წლის 22 აპრილს გადაუხდელი სარგებლის ნაწილი 77.5 აშშ დოლარი და ყოველი მომდენო თვის 22 რიცხვისათვის სესხის თანხის 5%, რაც შეადგენს 77.5 აშშ დოლარს. შესაბამისად, სრული 6 თვის და 29 კალენდარული დღის რიცხული სარგებელი შეადგენს 539.916 აშშ დოლარს; გ. პირგასამტეხლო - სესხის დარჩენილი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 7.75 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), 2016 წლის 22 აპრილიდან (რამდენადაც ვალდებულების დარღვევის თარიღია 22.04.2016წ.) 2016 წლის 21 ოქტომბრამდე. 182 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 1410.5 აშშ დოლარს, თუმცა გამსესხებლის გადაწყვეტილებით იგი შემცირდა 141 აშშ დოლარამდე.
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის 11 აგვისტოს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2016 წლის 12 აგვისტოდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. ავტომობილი იძებნება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვერ მოხერხდა მისი მოძიება არსებობს ვარაუდი, რომ იგი შეიძლება აღარც არსებობდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თა-------–-----ძემ, როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 1550 აშშ დოლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 22 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N132846/კ“. იმავე მხარეებს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N132846/კ“, რომლის მიხედვითაც, მსესხებელმა მიიღო 1550 აშშ დოლარი, სესხის ვადა შეადგენდა 36 თვეს, ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 94 აშშ დოლარს. ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.75 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგანის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთი არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების (შემდგომში „უზრუნველყოფილი მოთხოვნა“) უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა „ნისან ტიდა“. ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მეოთხე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
მტკიცებულება:
- „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N132846/კ“ (ს.ფ. 16-21)
- 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N132846/კ“ (ს.ფ. 22-24);
3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ სესხის ხელშეკრულება დაარღვია 2016 წლის 22 აპრილს და არ გადაიხადა სესხის გრაფიკით დადგენილი თანხა. შესაბამისად, მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 1550 აშშ დოლარს, 6 თვის და 29 კალენდარული დღის სარგებელს - 539.916 აშშ დოლარს; პირგასამტეხლოს 1410.5 აშშ დოლარს, რომელიც გამსესხებლის გადაწყვეტილებით შემცირდა 141 აშშ დოლარამდე.
მტკიცებულება:
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 25)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ივნისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ან გირავნობის საგანის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემა. გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს. 2016 წლის 20 ივნისს გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ მეშვეობით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა თავისი მოთხოვნა, ვალდებულების შესრულების ან ავტომანქანის მფლობელობაში გადაცემის შესახებ.
მტკიცებულება:
- მიმართვა და საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 27, 28, 29)
- გაზეთი „სიტყვა და საქმე“ (ს.ფ. 30-32);
3.2.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მოსარჩელემ მიმართა შსს „მომსახურების სააგენტოს“, რომლის მიერაც გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა 2016 წლის 11 აგვისტოს.
2016 წლის 12 აგვისტოს კერძო აღმასრულებელ გ--- ბა----ს და შპს „ე---------------ს +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით მომსახურების გაწევას.
მტკიცებულება:
- მიმართვა და საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 27, 28, 29)
- გაზეთი „სიტყვა და საქმე“ (ს.ფ. 30-32);
3.2.3. დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის გ--- ბა----ის მოთხოვნის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ თა-------–-----ძის კუთვნილი ავტომანქანა რეგისტრირებული იყო ძებნა-დაკავების სისტემაზე, 2017 წლის 28 სექტემბერს საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანა გადაყვანილი იქნა შპს „იმპერია 2009“-ის სპეციალურ ავტოსაჯარიმო სადგომზე. 2017 წლის 28 სექტემბერს პატრულ-ინსპექტორმა სააღსრულებო ბიუროს მორიგეს ტელეფონით აცნობა გ--- ბა----ის მიერ ძებნილი ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანის თაობაზე. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელეს კერძო აღმასრულებელმა აცნობა ავტომანქანის დაკავების და ავტოსადგომზე გადაყვანის თაობაზე.
მტკიცებულება:
- საპატრულო პოლიციის დეპარტამებტის მიმართვა (ს.ფ. 76)
- ოქმი ტელეფონზე გასაუბრების შესახებ (ს.ფ. 77);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 455-ე, 463-465-ე, 867-868-ე, 873-ე,895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა თვიურ საპროცენტო განაკვეთს 5%-ს, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს 60%. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე 2016 წლის მარტში, ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 9.9%.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ შეთანხმება წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დიდი ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად. სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. შესაბამისად, 2016 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი უნდა განისაზღვროს წლიური 9.9%, რაც ექვს თვესა და 29 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 89.08 აშშ დოლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, სესხის დარჩენილი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 7.75 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), 2016 წლის 22 აპრილიდან (რამდენადაც ვალდებულების დარღვევის თარიღია 22.04.2016წ.) 2016 წლის 21 ოქტომბრამდე. 182 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 1410.5 აშშ დოლარს, თუმცა გამსესხებლის გადაწყვეტილებით იგი შემცირდა 141 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
უდავოა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა თა-------–-----ძის კუთვნილი ავტომობილი - „ნისან ტიდა“. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის 11 აგვისტოს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2016 წლის 12 აგვისტოდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. კერძო აღმასრულებლის გ--- ბა----ის მოთხოვნის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ თა-------–-----ძის კუთვნილი ავტომანქანა რეგისტრირებული იყო ძებნა-დაკავების სისტემაზე, 2017 წლის 28 სექტემბერს საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანა გადაყვანილი იქნა შპს „იმპერია 2009“-ის სპეციალურ ავტოსაჯარიმო სადგომზე. 2017 წლის 28 სექტემბერს პატრულ-ინსპექტორმა სააღსრულებო ბიუროს მორიგეს ტელეფონით აცნობა გ--- ბა----ის მიერ ძებნილი ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანის თაობაზე. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელეს კერძო აღმასრულებელმა აცნობა ავტომანქანის დაკავების და ავტოსადგომზე გადაყვანის შესახებ. ვინაიდან სარჩელის განხილვის დროისათვის ავტომანქანა სახეზეა, საფუძვლიანია მოთხოვნა მისი რეალიზაციის გზით დავალიანების დაფარვის თაობაზე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში.
მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მეოთხე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით ვერ დაიფარება მოპასუხის დავალიანება, აღსრულება მიქცეული იქნას თა-------–-----ძის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი ქონებაზე, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით, საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ე---------------+“-ს და მოპასუხეს თა-------–-----ძეს შორის დადებული „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით, გამომდინარე მხარეებს შორის დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად; შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 167 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი 50 ლარი და აღსრულების ხარჯი 200 ლარი.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე 1550 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3847.10 ლარის 3%, რაც შეადგენს 115.41 ლარს.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 230.08 აშშ დოლარის ნაწილში და მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი არ ცნო, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17.13 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად მოსარჩელის მიერ გადახდილი 17.33 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი 50 ლარი და აღსრულების ხარჯი 200 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ე--------------- +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თა-------–-----ძეს დაეკისროს შპს „ე--------------- +“-ის სასარგებლოდ 1780.08 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირი თანხაა - 1550 აშშ დოლარი, სარგებელი - 89.08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 141 აშშ დოლარი.
3. დაეკისროს მოპასუხე თა-------–-----ძეს შპს „ე--------------- +“-ის სასარგებლოდ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 200 ლარი, სახელმწიფო ბაჟის თანხა - 17.13 ლარი.
4. დავალიანების თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის თა-------–-----ძის კუთვნილი ავტომანქანის „ნისან ტიდას“ რეალიზაციის გზით;
5. იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით ვერ დაიფარება მოპასუხის დავალიანება, აღსრულება მიქცეული იქნას თა-------–-----ძის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი ქონებაზე, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით;
6. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ე--------------- +“-სს 2016 წლის 21 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 115.41 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე