გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2019
საქმის ნომერი
010210018002530066
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002530066

2-2821/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

08/01/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - მ--- ჭ----ე

წარმომადგენელი - დ--–- ჭ----ე

მოპასუხე - სს ‘’ლ-------------ი’’

წარმომადგენელი - გ-------------–---–ი

დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მ--- ჭ----ემ სარჩელი აღძრა სს ,,ლ-------------ის“ (შემდგომში ბანკის) მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ლ-------------ის“ 2018 წლის 28 მაისის №95 ბრძანება;

- აღდგენილი იქნას სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე;

- აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური;

- ხელფასის დაყოვნებისათვის დაეკისროს დაყოვნებული თანხის 0.07 %.

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მ--- ჭ----ე საბანკო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 1990 წლიდან. 2000 წლიდან მუშაობდა ბანკის მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. 2005 წლიდან მუშაობდა ბანკის მთავარ ბუღალტრად. 2010 წლიდან მუშაობდა ბანკის საოპერაციოს უფროსად. 2017 წლის 1 აპრილს დაინიშნა სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე. ხელფასის სახით ხელზე ღებულობდა 1040 ლარს. დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად და მის მიმართ ადმინისტრაციას რაიმე ტიპის შენიშნვა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა 2018 წლის 20 მაისს ახლად დანიშნულმა აჭარის რეგიონალური ფილიალის მმართველმა შესთავაზა გაეფორმებინათ ურთიერთშეთანხმების აქტი და მის საფუძველზე სამსახურიდან წასულიყო საკუთარი ნებით. მოსარჩელე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად, რის გამოც წინადადებას სამსახურიდან წასულიყო საკუთარი ნებით, არ დასთანხმდა. 2018 წლის 21 მაისს გავიდა შვებულებაში. შვებულებაში ყოფნის დროს მას დაუკავშირდენ ტელეფონით და აცნობეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. 2018 წლის 2 ივნისს ჩაბარდა ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად მითითებულია ის, რომ მ--- ჭ----ე უხეშად არღვევდა შრომითი ხელშეკრულებითა და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრ ვალდებულებას. დაქვემდებარებულ პირებს არასათანადოდ უწევდა კოორდინაციას და კონტროლს. დარღვევებზე არ ახდენდა რეაგირებას. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მ--- ჭ----ე დაკისრებულ მოვალეობას ახორციელებდა სათანადოდ. დაქვემდებარებულ პირებს უწევდა სათანადო კოორდინაციას და კონტროლს. ასევე დარღვევებზე ახდენდა დროულ რეაგირებას, რის გამოც ის სამუშაოდან დათხოვნილია უსაფუძვლოდ, რის გამოც მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

სს ,,ლ-------------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მუშაობდა სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მან დაარღვია შრომითი ხელშეკრულებითა და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებები. დაქვემდებარებულ პირებს არასათანადოდ უწევდა კოორდინაციას და კონტროლს. დარღვევებზე არ ახდენდა დროულ და სათანადო რეაგირებას. აღნიშნული ისეთი დისციპლინური გადაცდომაა, რომელიც სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლებას იმსახურებს. მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მ--- ჭ----ე საბანკო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 1990 წლიდან. 2000 წლიდან მუშაობდა ბანკის მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. 2005 წლიდან მუშაობდა ბანკის მთავარ ბუღალტრად. 2010 წლიდან მუშაობდა ბანკის საოპერაციოს უფროსად. 2017 წლის 1 აპრილს დაინიშნა სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება. ს. ფ 30-37;

- შეთანხმება. ს.ფ. 38;

- შრომის წიგნაკი. ს.ფ. 42-46

 

3.1.2 მ--- ჭ----ის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1040 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. სადაო არაა ის გარემოება, რომ 2017 წელში მ--- ჭ----ემ სს ,,ლ-------------ისაგან“ მიიღო სიგელი ბანკის ფილიალის მენეჯერთა შეფასებეისას საუკეთესო შედეგებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სიგელი ს. ფ. 58.

 

3.1.4. 2018 წლის 20 მაისს სს ,,ლ-------------ის“ აჭარის რეგიონალური ფილიალის მმართველმა მ--- ჭ----ეს შესთავაზა გაეფორმებინათ ურთიერთშეთანხმების აქტი და მის საფუძველზე სამსახურიდან წასულიყო საკუთარი ნებით. მოსარჩელე სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლაზე არ დასთანხმდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეთანხმება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ს. ფ 29.

 

3.1.5. 2018 წლის 28 მაისს სს ,,ლ-------------მა“ გამოსცა ბრძანება მ--- ჭ----ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად მითითებულია მ--- ჭ----ის მიერ შრომითი ხელშეკრულებითა და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება დაქვემდებარებული პერსონალის არასათანადო კოორდინაციაში და კონტროლში, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლისა და დარღვევებზე ოპერტიული რეაგირების განუხორციელებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 28 მაისის ბრძანება. ს.ფ 39;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებაა:

- მ--- ჭ----ის მიერ დაქვემდებარებული პერსონალის მიმართ არასათანადო კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლისა განუხორციელებლობა და დარღვევებზე ოპერტიული რეაგირების განუხორიელებლობა.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მ--- ჭ----ის მიერ დაქვემდებარებული პერსონალის არასათანადო კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლისა და დარღვევებზე ოპერტიული რეაგირების განუხორიელებლობა, უნდა ამტკიცოს სს ,,ლ-------------მა“ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში გათავისუფლების საფუძვლების არსებობა უნდა ამტკიცოს დამსაქმებელმა.

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.6. მოპასუხემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა შეტყობინება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. მასში მითითებულია, რომ 2017 წლის 22 ივნისს, 25 სექტემბერს, 14 დეკემბერს, 2018 წლის 16 იანვარს, 15 თებერვალს, 14 მარტს, მაისის თვეში სრულად ირღვეოდა საოპერაციოს მუშაობის სტანდარტი. კერძოდ ნაღდი ფულის ნაშთის გამოყვანის დროს ფიქსირდებოდა მეტობა-ნაკლებობა. ასევე ფილიალის მოლარე ოპერტორმა პროცედურების უხეში დარღვევით მოახდინა სესხის დაფარვა. სესხის გაცემა მოხდა მესამე პირებეზე, რასაც მოლარე ოპერატორი ახორციელებდა შეგნებულად. ფილიალის ხელმძღვანელი არ ახორციელებს პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებს, არ არის კონცენტრირებული ბანკის გაყიდვების ზრდაზე. აღნიშნული დარღვევების გამო ინიციატორის რეკომენდაციაა მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლება.

იხ. შეტყობინება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

 

3.2.7. ოპასუხემ, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამართლებისა და დადასტურებისათვის წარმოადგინა სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, სადაც მითითებულია ნაღდი ფულის ნაშთის გამოყვანის დროს დაფიქსირებული მეტობა და ნაკლებობა. კერძოდ:

3.2.8. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის მოლარე ოპერატორმა ნესტან შილაძემ მ--- ჭ----ეს ახსნა-განმარტებით მოახსენა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ფილიალის სალაროში აღმოაჩნდა 10 ლარის დანაკლისი. 2017 წლის 18 ნოემბერს ფილიალის სალაროში აღმოაჩნდა 100 ლარის ზედმეტობა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 97

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 98

 

3.2.9. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის მოლარე ოპერატორმა რ--------- ბ-----ემ მ--- ჭ----ეს ახსნა-განმარტებით მოახსენა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს ლ---- შ-----ეს ბარათიდან არ მოუხსნა სექტემბრის თვის პენსია 180 ლარი. რ. ბ-----ე განმარტავს, რომ დანაკლის მეორე დღეს გაასწორებს ლ---- შ-----ე. მას 2018 წლის 16 იანვარს აღმოაჩნდა 80 ლარის ნაკლებობა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 99, 129.

 

3.2.10. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის მოლარე ოპერატორმა ნ-----–- ვ---–----ემ მ--- ჭ----ეს ახსნა-განმარტებით მოახსენა, რომ:

- 2017 წლის 2 ოქტომბერს ფილიალის სალაროში აღმოაჩნდა 43 ლარის ნაკლებობა;

- 2017 წლის 16 ოქტომბერს აღმოაჩნდა 99 ლარის ნაკლებობა;

- 2017 წლის 18 ოქტომბერს დაუფიქსირდა 300 ლარის ზედმეტობა;

- 2017 წლის 14 ნოემბრის დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 10 ლარის ზედმეტობა;

- 2017 წლის 11 დეკემბერს გამოვლინდა 20 ლარის ნაკლებობა;

- 2017 წლის 12 დეკემბერს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 50.55 ლარის ზედმეტობა;

2017 წლის 14 დეკემბერს გამოვლინდა 400 ლარის ნაკლებობა;

2018 წლის 15 თებერვალს აღმოაჩნდა 50 ლარის დანაკლისი;

2018 წლის 14 მარტს აღმოანდა 110 ლარის ნაკლებობა;

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 100-106, 122,127

 

3.2.11. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლეს თეონა მჟავანაძეს 2017 წლის 2 ოქტომბერს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 100 ლარის ნაკლებობა. 2018 წლის 25 იანვარს აღმოაჩნდა 10 ლარის ზედმეტობა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 107

 

3.2.12. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლეს თამილა ჯაფარიძეს 2017 წლის 23 ოქტომბერს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 100 ლარის ნაკლებობა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 108

 

3.2.13. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლეს თამილა ქორიძეს 2017 წლის 11 დეკემბერს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 20 ლარის მეტობა. 2017 წლის 18 დეკემბერს აღმოაჩნდა 5 ლარის ზედმეტობა. 2018 წლის 27 მარტს აღმოჩნდა 21 ლარის ზედმეტობა. 2018 წლის 10 იანვარს აღმოაჩნდა 5 ლარის ნაკლებობა. 2018 წლის 27 იანვარს აღმოაჩნდა 20 ლარის დანაკლისი, 2018 წლის 27 მარტს აღმოაჩნდა 21 ლარის ზედმეტობა, 2018 წლის 10 მაისს აღმოაჩნდა 160 ლარის დანაკლისი. ამ დანაკლისთან დაკავშირებით თამილა ქორიძემ განმარტა, რომ შორენა კირკიტაძეს სურდა 80 ლარის გატანა. მან კი შეცდომით გამოწერა შემოსავალი 80 ლარზე.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 109, 112,114, 17, 118,119,123

 

3.2.14. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლეს ხატია ფუტკარაძეს 2018 წლის 23 მარტს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 179 ლარის ნაკლებობა. ამასთან დაკავშირებით ხატია ფუტკარაძემ განმარტა, რომ სანიე თედორაძეს გაუაქტიურა ერთ თვიანი სოც. ავანსი, მაგრამ გასავლის ორდერის დადასტურება ვერ მოახერხა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 116

 

3.2.15. სს ,,ლ-------------ის“ ა-----------------–----------–---–------–---------------–---–ის თანამშრომლეს თეა ქებირიძეს 2018 წლის 19 თებერვალს დღის ბოლოს ფილიალის სალაროს გამოყვანისას აღმოაჩნდა 10 ლარის ნაკლებობა.

იხ. ახსნა განმარტება. ს.ფ. 120

 

3.2.16. მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ სალაროს თითოეული ზედმეტობა და ნაკლოვანება გამოვლენილი იქნა თითოეული დღის ბოლოს. მეტობა-დანაკლისთან დაკავშირებით მოსარჩელემ დასაქმებულ პირებს ჩამოართვა ახსნა-განმარტებები. ასევე დადგენილი იქნა რომ სალაროს ნაშთი ნაკლებობის ნაწილში გასწორდა აღმოხვრილი იქნა.

იხ. მხარეთა განმარტებები

 

3.2.17. გარდა აღნიშნულისა მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ მოლარე ოპერატორების ნაწილი, რომელთაც გამოუვლინდათ სალაროს მეტობა/ნაკლებობა წარმოადგენენ რეზერვის თანამშრომლებს. ესენი არიან ხატია ფუტკარაძე, თეა ქებირიძე, თამილა ქორიძე და ნესტან შილაძე. რეზერვის თანამშრომლები არარიან თეონა მჟავანაძე, თამილა ჯაფარიძე, რ--------- ბ-----ე, და ნ-----–- ვ---–----ე.

იხ. მხარეთა განმარტებები

 

3.2.18. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მტკიცებულებათა საფუძველზე დაადგინა, რომ 2017 წელში ხელვაჩაურის ფილიალის 8 თანამშრომელმა ვერ გადალახა ატესტაციისათვის დადგენილი ზღვარი, რის გამოც მათ 2017 წლის 26 ივნისს დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა - საყვედური და ფულადი სანქცია ხელფასის 10 %.

იხ. ბრძანებები დისციპლინური სანქციის შესახებ. ს.ფ.130-137

 

3.2.19. 2017 წლის 7 ნოემბერს ხელვაჩაურის ფილიალის თანამშრომელს როსტომ აბაშიძე გათავისუფლდა სამსახურიდან იმის გამო, რომ მან კლიენტის ბანკში არ ყოფნის პერიოდში, მისი სახელით განახორციელა სესხის რეგისტრაცია, ასევე მისი სახელით განახორციელა შემოსავლის ოპერაცია.

იხ. ბრძანება დისციპლინური სანქციის შესახებ. ს.ფ.138

 

3.2.20. ამდენად მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ ბანკის ფილიალში ოპერატორებს დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გამოყვანისას ხშირად გააჩნდათ მეტობა ან ნაკლებობა, ასევე მოლარე ოპერატორის მხრიდან დაფიქსირდა სესხის დაფარვის პროცედურების დარღვევა.

 

3.2.21. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკის ფილიალში სალაროს ნაშთის გამოყვანისას მეტობა ან ნაკლებობა, ასევე მოლარე ოპერატორის მხრიდან სესხის გადაფარვის პროცედურების დარღვევა ფაქტობრივი გარემოებაა. ასეთი ფაქტების არსებობა საქმის განხილვით დადგენილი და დადასტურებულია. აღნიშნულის შემდეგ მნიშვნელოვანია დადგინდეს მეტ-ნაკლებობის საკითხს ასევე პროცედურების დაცვით ოპერაციების განხორციელებას ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა თუ არა მოსარჩელე. საქმის მასალებით დგინდება, რომ თითოეულ შემთხვევაზე მოსარჩელეს მოლარე ოპერტორისაგან მიღებული აქვს ახნა-განმარტებები. დასახელებული ფაქტები რეაგირების გარეშე არაა დატოვებული. შესაბამისად მოსარჩელეს გარკვეული კონტროლი და კოორდინაცია გაწეული აქვს. სხვა საკითხია აღნიშნული არის თუ არა კონტროლის სათანადო განხორციელება და კოორდინაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზეა დამოკდებული და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით. ის აღდგენილი უნდა იქნას სამუშაოზე და ასევე უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სათანადო საფუძველის გარეშე. სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის შრომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (30-ე მუხლი) შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. შრომის უფლება დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: - პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

 

6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

 

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ მ--- ჭ----ე 2017 წლის 1 აპრილიდან მუშაობს სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენს 1040 ლარს (ხელზე ასაღები). აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მ--- ჭ----ე ბანკის მიზნებისათვის ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას. დამსაქმებელმა მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 2018 წლის 28 მაისიდან.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლებას იცავს კანონი. ნებისმეირ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვოს სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულის ნებისმიერ დროს გათავისუფლებაში. მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიჩნეული იქნება უკანონოდ გათავისუფლებულად. მოსარჩელე სადაოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. ამტკიცებს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ გულდასმით უნდა შეამოწმოს მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მოპასუხე თავის შესაგებელში ამტკიცებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. დასახელებული ნორმით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს, სამსახურეობრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. დადგენილია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე პრეტენზია აქვს. მას მიაჩნია, რომ მოსარჩელე, როგორც ფილიალის ხელმძღვანელი პირი, სათანადოდ არ ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებითა და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრ ვალდებულებს. დაქვემდებარებულ პერსონალს არ უწევდა სათანადო კოორდინაციას და კონტროლს. დაქვემდებარებული პერსონალი დადგენილ პროცედურებს არღვევდა, მოსარჩელე კი ასეთი დარღვევების მიმართ არ ახორციელებდა კონტროლს და ოპერტიულ რეაგირებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთის მხრივ დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება და მეორეს მხრივ დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობის დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეიქმნას გარკვეული რისკები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციების სტანდარტები და რეკომენდაციები. ერთერთი მათგანია შსო-ს №158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის მცნებას. კონვენციის მიხედვით გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრული საფუძვლის პრინიციპის კონვენციისეული მნიშვნელობით, შისდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა საქართველოსაც აკისრია. საქართველოს ეს საერთაშორის ვალდებულება, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეექვსე მუხლიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა შრომით ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია. კერძოდ კონვენციის მეოთხე მუხლის თანახმად დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძველის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს. დასახელებული კონვენცია ორიენტირებულია დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნის დაცვაზე, თუმცა ამავდროულად მიზნად ისახავს წონასწორობის დამყარებას. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას ნებისმიერ დროს. ამ მხრივ კონვენცია შეიცავს სპეციალურ დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას.

 

დავის არსისათვის მნიშვნელოვანია კონვენიციის განმატებები დასაქმებულის ქცვებთან მიმართებაში. სწორედ ქცევების პრობლემას უდებს მოპასუხე მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად. კონვენცია მოიცავს რეგულაციას თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე, როგორც რა არ ჩაითვლება უკანონო დათხოვნად. კონვენციის მეოთხე მუხლიდან გამომდინარე მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს:

ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან, ან/და არასათანადო ქცევასთან;

ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.

ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდსი მნიშვნელობა ენიჭება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელთაც მართალია სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშატაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილი იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნილი სასამართლოებისათვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია ,,არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ კომპონენტად:

· მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა).

· შეუფერებელი ყოფაქცევა.

 

მუშა-მოსამსახურის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში (არასათანადო პროფესიული ქცევა) იგულისხმება:

· სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უგლებელყოფა;

· შინაგანაწესის დარღვევა;

· დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;

· არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან გამოუცხადებლობა;

 

შეუფერებელი ყოფაქცევაში იგულისხმება:

· მთრალ მდგომარეობაში გამოცხადება

· კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;

· არაკოლეგიალური დამოკიდებულებები;

· თანამშრომელთა შეურაცხყოფა

· ეთიკის ზოგადი წესების დარღვევა

· ასევე სხვა ისეთი ქცევა, რაც უარყოფითად მოქმედებს დამსაქმებლის იმიჯზე.

ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძველს. სასამართლოს წინაშე დგას გადასაწყვეტი საკითხი: - მოსარჩელის ქცევა წარმოადგენს თუ არა საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მასთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. ამდენად უნდა შეფასდეს მოსარჩელის რა ქმედება, ან უმოქმედება გვაქვს სახეზე, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ დოზის შრომით სამართალდარღვევად, რომ მისი გათავისუფლება გონივრული საფუძვლის არეალში მოთავსდეს.

 

6.6. დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის კონვენციის მეოთხე მუხლი, ასევე შსო-ს ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციები, კრძალავს დასაქმებულთან შრომითი ურთირთობის შეწყვეტას თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან. ამავე კონვენციის მეშვიდე მუხლი განმარტავს, რომ დასაქმებულის ქცევასთან ან მის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზით დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა არ შეიძლება შეწყდეს თუ მას არ აქვს წარდგენილ მტკიცებაზე საპასუხო დაცვის შესაძლებლობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ:

- მოსარჩელე წარმოადგენდ სს ,,ლ-------------ის“ ხელვაჩაურის ფილიალის მენეჯერს;

- მისი მოვალეობაა დაქვემდებარებული პირების სათანადო კოორდინაცია და კონტროლი, დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევბზე ოპერატიული რეაგირება (ასევე სხვა ვალდებულება);

- ფილიალში გარდა მენეჯერისა, დასაქმებული არიან მოლარე ოპერატორები და სხვები.

- დასაქმებულ პირებს არჩევს და ხელვაჩაურის ფილიალში ნიშნავს ბანკის სხვა სამსახური. მათ შერჩევა-დანიშნვაში ფილიალი და მისი მენეჯერი არ მონაწილეობს.

- დასაქმებული მოლარე ოპერატორები არ არიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები. მათ მიერ განხორციელებული სალარო ოპერაციების შედეგად, დღის ბოლოს სალაროს ნაშთი არაა ზუსტი. სალაროში ადგილი აქვს მეტობას, ან ნაკლებობას;

- დასაქმებული პირები რიგ შემთხვევაში არღვევენ ოპერაციების წარმოების პროცედურებს;

- მ--- ჭ----ე ახორციელებდა სალაროს მეტობებისა და ნაკლოვანებების გამოავლენას და აღრიცხვას, არკვევდა მიზეზებს და მოლარე ოპერატორებს ავალებდა ხარვეზების გამოსწორებას. ანუ დარღვევებს არ ტოვებდა რეაგირების გარეშე. აღნიშნული დგინდება მოლარე ოპერატორების ახსნა-განმარტებებით;

- დასაქმებული პირების უმრავლესობამ ვერ დააკმაყოფილა 2017 წელში ჩატარებული ტესტირების მოთხოვნები;

- სალაროს ნაშთის მეტობა/ნაკლებობისა და გამოვლენილი პროცედურების დარღვევისათვის სამსახურიდან გათავისუფლდა მენეჯერი

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული ქმედებები შრომითი ხელშეკრულებისა და შრომითი შინაგანაწესის არსებითი, უხეში დარღვა არაა. უდაოა, რომ მ--- ჭ----ე დასაქმებული პირია და მისი მოვალეობა იყო შეასრულოს შრომის შინაგანაწესით, ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულები. ერთერთი ასეთი მოვალეობაა კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს დაქვემდებარებულ პირბეს. საბანკო პროცედურების შესრულებას გაუწიოს კონტროლი და დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება. მ--- ჭ----ე ფილიალის მენეჯერი იყო, ამიტომ ლოგიკურია მოსაზრება მასზედ, რომ მას ევალებოდა თანამშრომლების კონტროლი, ასევე მას ევალებოდა კონტროლი საბანკო ოპერაციების დადგენილი წესის შესაბისად განხორციელებისა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის ფილიალის მოლარე ოპერტორების მიერ მართლაც დაირღვა საქმიანობის განხორციელების წესი. მათ რამოდენიმე შემთხვევაში სალაროს ნაშთის გამოყვანისას სალაროში აღმოაჩნდათ რიგ შემთხვევაში ზედმეტი თანხა, რიგ შემთხვევაში ნაკლები თანხა. ბუნებრივია ასეთი სიტუაცია არ ნიშნავს ფილიალის გამართულ მუშაობას, მაგრამ შესაფასებელია აღნიშნული დარღვევა ფილიალის ხელმძღვანელს უნდა შეერაცხოს თუ არა მოვალეობის უხეშ დარღვევად. სასამართლო მიიჩნევს, რომ სალაროს ნაშთის ზედმეტობა/ნაკლებობა, ასევე ოპერაციების დარღვევით განხორციელება, მენეჯერის მხრიდან კონტროლის გარეშე არ დარჩენილა. თითოეული შემთხვევა თავად მენეჯერმა გამოავლინა და მასზე სათანადო პასუხი მოსთხოვა მოლარე ოპერატორებს. პასუხის მოთხოვნა აისახება მასში, რომ დარღვევბს არ მალავდა, აფიქსირებდა წერილობით და მოლარე ოპერატორებს სთხოვდა მეტობის ან ნაკლოვანების არსებობის დასაბუთებას და მიზეზების ახსნას. აღნიშნული დგინდება ახსნა განმარტებებიდან, რომელიც თავად მ--- ჭ----ემ ჩამოართვა მოლარე ოპერატორებს და მოსთხოვა მეტობისა თუ ნაკლოვანების მოტივების დასაბუთება. ფულად ოპერაციებს მ--- ჭ----ე არ ახორციელებდა. ამ ოპერაციას ახორციელებდა მოლარე ოპერატორი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მ--- ჭ----ე. თავის მხრივ ის ცდილობდა მათ მიმართ ჰქონოდა კონტროლი და რეაგირების გარეშე არ დაეტოვებინა არცერთი მეტ/ნაკლებობა. სალაროს ნაშთის უზუსტობებს ბუნებრივია ექნება თავისი ახსნა. დიდი ალბათობით ესაა მოლარე ოპერატორის არასათანადო კვალიფიკაცია. იბადება კითხვა: - არის თუ არა მ--- ჭ----ე ის თანამდებობის პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს მოლარე ოპერატორების კვალიფიკაციაზე. ამისათვის აუცილებია შეფასება მიეცეს რა წარმოადგენს ამ პოზიციაზე კადრების წყაროს, ვინ არჩევს მას, როგორ ხდება მისი შერჩევა და ფილიალი დაკომპლექტებული იყო თუ არა პროფესიონალი კადრებით. როგორც მხარეთა განმარტებებით გაირკვა, კადრების შერჩევაში არ მონაწილეობდა მენეჯერი. ის ამ მიმართულებით არაა უფლებამოსილი პირი და შესაბამისად მათ დაკომპლექტებაზე ვერ ახდენს ზეგავლენას. თუ ეს ასეა, მაშინ უფრო მნიშვნელოვანი ის კი არაა რატომ რჩება სალაროში თანხის მეტ/ნაკლებობა, არამედ უფრო მნიშვნელოვანია რა შეეძლო გაეკეთებინა მ--- ჭ----ეს ასეთი მეტობა/ნაკლებობის აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია არაფერი გარდა იმისა, რომ გამოევლინა, აღერიცხა და ეზრუნა მასზედ, რომ ბანკს არ ჰქონოდა ზარალი. ამ დავალებას დასაქმებული პირები ახორციელებდენ, მაგრამ ახორციელბდენ საკუთარი შემოსავალიდან. ეს კი არ არის მენეჯერის ბრალი. ეს გარემოება ბანკის საკადრო პოლიტიკის შედეგია. თუ დავაკვირდებით კადრების პროფესიონალიზმს, ნათლად გამოჩნდება პრობლემები. 2017 წლის პერიოდში ატესტაციის შედეგები ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულ პირთა დიდმა ნაწილმა. გარდა ამისა რვა მოლარე ოპერატორიდან (მეტნაკლებბის სუბიექტები) 4 რეზერვის თანამშრომელია და გაურკვეველია მათი პროფესიონალიზმი. ასეთ სიტუაციაში პრობლემის მთლ----დ მენეჯერზე გადაკისრება არ არის ობიექტური მიდგომა. სასამართლო მიიჩნევს, რომ კადრების სათანადო დაკომპლექტება თავად ბანკს უნდა მოეთხოვოს და შედეგები არ უნდა გადაწყდეს მენეჯერის საწინააღმდეგოდ. მენეჯერს მაშინ მოეთხოვება ასეთი ხარვეზების მიმართ პასუხი, როცა ის იქნება კადრების შერჩევაზე პასუხისმგებელი. მენეჯერს მოეთხოვება არსებითი ხარვეზების გამოვლენა და ბრძოლა მათ მინიმალიზაციაზე. წინამდებარე შემთხვევაში კი მ--- ჭ----ეს ასეთი მზრუნველობა გატარებული აქვს. სწორედ ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ დაურღვევია კონტროლის გახორციელების ღონისძიებები, სათანადო კოორდინაციას უწევდა სამუშაო პროცესს და დარღვევებს რეაგირების გარეშე არ ტოვებდა.

 

6.7. სასამართლო განმარტავს რომ შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გათავისუფლოს სამსახურიდან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. მასში მოიაზრება დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნებოდა, მაშინ დამსაქმებელს უფლება ექნებოდა მოსარჩელესთან ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და გაენთავისუფლებინა სამსახურიდან. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ აქვს სამსახურეობრივი მოვალეობის არსებითი დარღვევა. ერთადერთი, რაც შეიძლება მის დარღვევად დასახელდეს, ესაა ის, რომ მან ბანკის შესაბამისი ადმინისტრაციას წერილობით არ მიმართა და მოსთხოვა იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ვინც სათანადოდ ვერ ასრულებდა მოვალეობას. თუმცა აღიშნული ბანკს თავადაც უნდა სცოდნოდა, რამდგანაც კადრები მისი დაკომპლექტებულია და მიწოდებული კადრების კვალიფიკაციის შესახებ თავადვე იყო საქმის კურსში. მით უმეტესს კადრების პრობლემა ატესტაციის შედეგებიდანაც გამოჩნდა. თუ ასეთი ინფორმაცია ბანკს არ ჰქონდა, ესეც ბანკის მენეჯმენტის არსებითი მინუსია. ყოველშემთხვევაში ის დარღვევა, რაც სასამართლომ დაუდგინა მენეჯერს, არ იმსახურებს სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნას. სამსახურიდან დათხოვნა დარღვევის თანაბარზომიერი სახდელი არაა, რის გამოც მის დარღვევას არ უნდა მიენიჭოს ისეთი დარღვევის კვალიფიკცია, რომელიც სამსახურიდან დათხოვნას იმსახურებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ქმედება არ შეიცავს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად მოსარჩელესთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა უკანონოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს ხელფასი. შრომის ანაზღაურების ვალდებულების საკითხი რეგულირდება შრომის კოდექსის 31-ე მუხლით. დასახელებული ნორმით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენს თვეში ხელზე ასაღები 1040 ლარს. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-7 და «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება. დასაქმებულს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია დასაქმებულისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს _ სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე.

დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2018 წლის 28 მაისს. ამ პერიოდიდან მოსარჩელემ ხელფასი დაკარგა მოპასუხის ბრალეული ქმედებით. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლი ასეთ დანაკარგს იძულებით განაცდურს არქმევს და მისი ანაზრაურების ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად მოსარჩელეს იძულებით განაცდური უნდა აუნაზრაურდეს 2018 წლის 28 მაისიდან.

 

6.9. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, ამ მუხლის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან სასამართლო განმარტავს, რომ დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და თუკი მხარეთა მიერ ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმება ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს აღნიშნული დაყოვნებული თანხის 0.07%-ის პირგასამტეხლოს სახით ანაზღაურების დანაწესი. დაყოვნებულ თანხად განიხილება იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის განაცდურის სახით გადასახდელი ყოველთვიური ხელფასი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მოპასუხე 2018 წლის 28 მაისიდან მოსარჩელეს ხელფასს უგვიანებს. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხეს თითოეულ დაყოვნებულ დღეზე უნდა დაეკისროს მისაღები თანხის 0.07 %-ის გადახდა. შესაბამისად ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს 2019 წლის 28 მაისიდან ხელფასის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.07 %.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოსარჩელე მოითხოვს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამ ნაწილში სახ. ბაჟის გამოთვლა უნდა განხორციელდეს საქ.სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 120 ლარი. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი.

მეორე მოთხოვნის ნაწილში სახ. ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას საქ.სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვითაც სახ. ბაჟი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ბაჟის გაანგარიშებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადიანი გადასახდელის პერიოდად განსაზღვროს 6 თვე. ამ პერიოდში მოსარჩელე მიიღებდა თვეში 1040 ლარს, 6 თვის განმავლობაში მიღებული თანხის 3 % შეადგენს 187.2 ლარს. სარჩელი პირველი და მეორე მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 1000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ--- ჭ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად..

2. სს ,,ლ-------------ის“ 2018 წლის 28 მაისის №95 ბრძანება მ--- ჭ----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გაუქმდეს.

3. მ--- ჭ----ე აღდგენილი იქნას სს ,,ლ-------------ის“ აჭ----------------–----------–---–------–---------------–---–------------ის თანამდებობაზე;

4. სს ,,ლ-------------ს“ დაეკისროს მ--- ჭ----ეს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური ხელფასი და ამ მიზნით 2018 წლის 28 მაისიდან სამსახურში სრულ აღდგენამდე გადაუხდოს თვეში (ხელზე ასაღები) 1040 ლარი.

5. სს ,,ლ-------------ს“ მ--- ჭ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცდენილი ხელფასის 0.07 %-ის გადახდა.

6. სს ,,ლ-------------ს“ მ--- ჭ----ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 100 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

7. მოპასუხეს სახ. ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 207.2 ლარის გადახდა.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე