გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210118002423536
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12648-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სს “თი---------ი“

წარმომადგენელი - ეკ----------------ე

 

მოპასუხეები - რა--------------–-ა, ლა–--------–---–ი

წარმომადგენელი - არ---–-------–--ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 436,67 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5 268,03 ლარი, პროცენტი - 751,52 ლარი, პირგასამტეხლო - 412,81 ლარი და სადაზღვევო თანხა - 4,31 ლარი;

 

1.2. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 158,04 ლარს;

 

1.3. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს 0,27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14,22 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1 000,00 ლარისა;

 

თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს 7 800,00 ლარით.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 23 თებერვალს სს „თი---------ს“ და რა---------------–-ას შორის გაფორმებულ საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზე მსესხებლზე გაიცა კრედიტი- 6 000,00 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული გადაცილებული 1 დღის შემდეგ, 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „თი---------ს“ და ლა–--------–---–ს შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ლა–--------–---–მა ძირითად მსესხებელ - რა--------------–-ასთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7800 ლარით.

 

2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება

6 436.67 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 268.03 ლარი, პროცენტი - 751.52 ლარი , პირგადამტეხლო - 412.81 ლარი და დაზღვევა - 431 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა, საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევის თანხის ნაწილში სრულად, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ 10%-ის ოდენობით (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:16:14 – 10:18:06, 10:37:47).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 23 თებერვალს სს „თი---------ს“ და რა---------------–-ას შორის დაიდო საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლზე გაიცა კრედიტი- 6 000,00 ლარის ოდენობით.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული გადაცილებული 1 დღის შემდეგ, 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

2017 წლის 23 თებერვალის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშკრულება (ს.ფ. 41-51).

 

3.1.2. 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „თი---------ს“ და ლა–--------–---–ს შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ლა–--------–---–მა ძირითად მსესხებელ - რა--------------–-ასთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7800 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

2017 წლის 23 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-56).

 

3.1.3. 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 5 268.03 ლარს, პროცენტი - 751.52 ლარს, დაზღვევა - 431 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:16:14 – 10:18:06, 10:37:47).

სს „თი---------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 80)

ამონაწერი რე--------------–--ს ანგარიშიდან (ს.ფ. 66-75).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მსესხებელს 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 412.81 ლარი, საიდანაც მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო 41,28 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:16:14 – 10:18:06, 10:37:47).

სს „თი---------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 80)

ამონაწერი რე--------------–--ს ანგარიშიდან (ს.ფ. 66-75).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „თი---------სა” და რა--------------–-ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6 000,00 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა რა--------------–-ამ აითვისა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე რა--------------–-ას სს „თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 751,52 ლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ რა--------------–-ამ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირი თანხის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27% არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა შემცირდეს და 2018 წლის 11 აპრილიდან ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0,1%-ით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა, ასევე უნდა შემცირდეს 2018 წლის 11 აპრილამდე დარიცხული და მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო 412,81 ლარი და უნდა განისაზღვროს 41,28 ლარით.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.

 

საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 36%-ის ოდენობით. სს „თი---------მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე რა--------------–-ას კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 11 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 158,04 ლარს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და ლა–--------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის რა---------------–-ას მიერ №2-------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7 800,00 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა რა--------------–-ამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, სს „თი---------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 7 800,00 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თი---------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 5 268,03 ლარის, პროცენტის - 751,52 ლარისა და პირგასამტეხლოს - 41,28 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოთხოვნის შემცირებისა და მოპასუხეთა მიერ მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 402,45 ლარი; ხოლო 38,14 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ამასთან, 173,69 ლარი მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს, ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ბაჟი 50,00 ლარი.

 

მოსარჩელე სს „თი---------ი“ ითხოვს ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას 500,00 ლარის ოდენობით.

 

ხარჯების ფაქტობრივად გაწევასა და ხარჯების აუცილებლობაზე მსჯელობისას სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის გარდა დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებას მხარის მიერ პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით (იხ, Fadeyeva v. Russia, 30/11/2005), რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიული მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეულად ჩათვალა ადვოკატის ხარჯები, იმის მიუხედავად, რომ საქმეში რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (არც ხელშეკრულება და არც გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოდგენილი არ ყოფილა და შემდეგ მიიჩნია რა ეს ხარჯები აუცილებლად, აუნაზღაურა მხარეს ისინი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა სტანდარტი: სასამართლომ პირველ რიგში, უნდა დაადგინოს განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება თუ არა ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებით და მეორე, იყო თუ არა ისინი აუცილებელი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სს „თი---------ის“ მიერ გაცემული რწმუნებულება პროკურისტის ნო---------------ას სახელზე, მინდობილობით ამ უკანასკნელისათვის მინიჭებული უფლებამოსილების შპს „ტრ--ას“ თანამშრომელთათვის გადანდობის უფლებით. აღნიშნული რწმუნებულების საფუძველზე, სს „თი---------ის“ დავალებით შპს „ტრ--ას“ პროკურისტის ნო---------------ას მიერ გაიცა მინდობილობა შპს „ტრ--ას“ იურისტებზე, მათ შორის პროცესში მოსარჩელის წარმომადგენლებზე ეკ----------------ესა და ნა-----–-–--–---–ზე.

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მოცულობის სამართლებრივი და ტექნიკური სამუშაოს შესრულებისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ადვოკატისათვის გადახდილი თანხა სრულად შეესაბამება იმ თანხას, რომელის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეებისაგან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი - მოთხოვილი ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თი---------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6065,14 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5 268,03 ლარი, პროცენტი - 751,52 ლარი, პირგასამტეხლო - 41,28 ლარი და სადაზღვევო თანხა - 4,31 ლარი;

 

1.2. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 158,04 ლარს;

 

1.3. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 23 თებერვლის საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 268,03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს 0,1%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა;

 

1.4. თავდების ლა–--------–---–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს 7 800,00 ლარით.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს სოლიდარულად მოსარჩელის სს „თი---------ისათვის“ იურიდიული მომსახურების ღირებულების 500,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეებს რა--------------–-ასა და ლა–--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 173,69 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს “თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ 2018 წლის 27 აპრილის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 614,36 ლარიდან 402,45 ლარი.

 

5. ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად 38,14 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №-ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე