გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002644392
N2-435/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი -მირანდა თურმანიძე
მოსარჩელე - გი-----ი ფა--------ე
მოპასუხე -ა(ა)იპ ხე-–---------------–--------–------ი
წარმომადგენელი-ბე--–-რ ცი-–--ე
დავის საგანი სარჩელით- ბრძანების ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა(ა)იპ ხ--–---------------–---------–-------ს დირექტორის 2017 წლის 30 მაისის N01-06/25 ბრძანების მე-5 პუნქტის ბათილად ცნობა;
1.2. ა(ა)იპ ხ--–---------------–---------–-------ს დავალდებულება გასცეს პრემია გი-----ი ფა--------ეზე, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (400 ლარი ხელზე ასაღები).
2. სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენს ა(ა)იპ ხ--–---------------–---------–-------ს დირექტორის მოადგილეს. ამავე ცე-----ის დირექტორის 2017 წლის 20 დეკემბრისN01-06/102 ბრძანების თანახმად, ხ--–---------------–---------–-------ს თანამშრომლებზე, მატერიალური სტიმულირების მიზნით, გაიცა პრემია ხელფასის 100 %-ის ოდენობით. აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტით, გი-----ი ფა--------ეს უარი ეთქვა პრემირებაზე იმ საფუძვლით, რომ ცე-----ის დირექტორის 2017 წლის 30 მაისის N01-06/25 ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა-გაფრთხილება.
მოსარჩელის განმარტებით, მართალია აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია, თუმცა, დასაქმებულის დისციპლინირების შესახებ ბრძანების მოქმედება ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ამასთან, პრემირების შესახებ ბრძანების მოტივაცია იყო თანამშრომელთა წახალისება, ხოლო წახალისებას იმსახურებს დისციპლინური გადაცდომისათვის სახდელდადებული თანამშრომელიც.
ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიაზე. ამასთან, განმარტა, რომ მოქმედი დისციპლინური გადაცდომის პირობებში, მოსარჩელის მატერიალური წახალისება კანონშეუსაბამოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ „ხ--–---------------–---------–-------ს" (შემდეგში "ცენტრი") წესდების პირველი მუხლის თანახმად, ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ხე-–---------ს მუ--–----–-------ს მიერ შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლის თანახმად, შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის, ცენტრში დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) გაფრთხილება, ბ) შენიშვნა, გ) სასტიკი საყვედური, დ) სამსახურისდან განთავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წესდება (ს.ფ 17-20)
-შრომის შინაგანაწესი (ს.ფ.21-23)
3.1.2. ა(ა)იპ ხე-–---------------–--------–------ის დირექტორის 2017 წლის 30 მაისის N01-06/25 ბრძანებით, ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის გი-----ი ფა--------ის მიმართ, გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება. დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე მოსარჩელეს რაიმე სხვა დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბრძანება (ს.ფ. 29)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა(ა)იპ ხ--–---------------–---------–-------ს დირექტორის 2017 წლის 20 დეკემბრის N01-06/102 ბრძანებით, ცენტრის თანამშრომლებზე გაცემული იქნა ფულადი პრემია, მატერიალური სტიმულირების წახალისების მიზნით, ხელფასის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე ბრძანების მე-5 პუნქტით კუ-–-------ს ცე-----ის დირექტორის მოადგილეს გი-----ი ფა--------ეს არ მიეცა პრემია, მის მიმართ გამოცემული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2017 წლის 30 მაისის N 01-06/25 ბრძანების გამო.
მოცემულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს პრემიის გაცემაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლის კანონიერება, რასაც სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბრძანება (ს.ფ. 24-25)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, საქმეში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N111 კონვენცია "შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ", საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. კონსტიტუციით განმტკიცებული ეს ფუძემდებლური პრინციპი ვრცელდება ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროზე, მათ შორის, შრომით ურთიერთობაზე.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). დასაქმებულისა და დამსაქმებლის შორის შრომითი ურთიერთობი წესრიგდება შრომითი ხელშეკრულებით. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი (სშკ-ის 13 მუხლი).
დადგენილია, რომ ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლის თანახმად შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის ცენტრში დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) გაფრთხილება, ბ) შენიშვნა, გ) სასტიკი საყვედური, დ) სამსახურისდან განთავისუფლება.
ასევე, დადგენილია, რომ ა(ა)იპ ხე-–---------------–--------–------ის დირექტორის 2017 წლის 30 მაისის N01-06/25 ბრძანებით, ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის გი-----ი ფა--------ის მიმართ, გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილება.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ სხვა დისციპლინური გადაცდომა მოსარჩელეს არ ჩაუდენია და შესაბამისად, მის მიმართ სხვა ფაქტთან დაკავშირებული დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა.
მოპასუხის პოზიციით, პრემია მოსარჩელეზე არ გაიცა იმის გამო, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ პოზიციას სადავო ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სახეზეა ერთი და იგივე გადაცდომისათვის დასაქმებულის ორჯერ დისციპლინირების შემთხვევა, რაც დაუშვებელია. სასამართლო ხაზგასმით უთითებს, რომ პრემიის გაუცემლობა, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული იქნა, როგორც დამატებითი სანქცია იმ დისციპლინური გადაცდომისათვის, რაზედაც უკვე არსებობდა ბრძანება დისციპლინირების შესახებ. სასამართლო თვლის, რომ დამსაქმებლის მხრიდან 6 თვის შემდეგ იგივე ქმედების კიდევ ერთხელ სანქცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ცენტრის შინაგანაწესს.
როგორც აღინიშნა, შრომის კოდექსის მე-13 მუხლით დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შრომის შინაგანაწესი. ცენტრის მოქმედი შინაგანაწესი არ განსაზღვრავს მატერიალური ან სხვა სახის წახალისების გაცემის შეზღუდვას მოქმედი დისციპლინური ღონისძიების პირობებში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო ბრძანებაში პრემიის გაცემის საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია დასაქმებულების მატერიალურ წახალისებასთან და მათ სტიმულირებასთან. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ პრემია გაცემული იქნა ყველა თანამშრომელზე და არ გაიცა მხოლოდ გი-----ი ფა--------ეზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის ანალოგიაზე, რომლის თანახმად პირი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, იქ სადაც შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ნებისმიერი სახის დისციპლინური წარმოების საფუძველია შრომის შინაგანაწესით დადგენილი ღონისძიებები.
შრომის კოდექსი მხოლოდ ზოგადად განსაზღვრავს იმ დებულებებს, რომელსაც უნდა შეიცავდეს შრომის შინაგანაწესი. აღნიშნული კი დამსაქმებელს აძლევს ფართო დისკრეციას შრომის შინაგანაწესში ასახოს ყველა ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება დასაქმებულის მხრიდან შრომის დისციპლინის დაცვას. შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის შინაარსის განსაზღვრაზე გავლენას ვერ მოახდენს ცალკეული დასაქმებული. ამდენად, დამსაქმებელი, მისი ფართო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვალდებულია დარჩეს შრომის შინაგანაწესის ფარგლებში და ამ ფარგლების ნებისმიერი გაცდენა არღვევს დასაქმებული უფლებას ჰქონდეს განჭვრეტადი შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან.
შინაგანაწესი, სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას, რომლის დაცვის ვალდებულება, მოქმედი შრომის კოდექსით, ეკისრება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ უპირველეს ყოვლისა მის შემდგენს-დამსაქმებელს. ამდენად, შრომის შინაგანაწესით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი შეზღუდვა ან უფლების დარღვევა, განიხილება დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევად, ხოლო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც უკანონო შეზღუდვას შეიცავს, ბათილია.
სასამართლო განმარტავს, რომ გი-----ი ფა--------ეზე პრემიის გაუცემლობა, ბრძანებაში მითითებული საფუძვლით, უკანონოა და სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
6.2. იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა ბრძანება გი-----ი ფა--------ეზე პრემიის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს მოსარჩელის მეორე მოთხოვნის მართლზომიერება და დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში ხომ არ წარმოადგენს პრემიის გაცემა დამსაქმებლის დისკრეციას.
სასამართლო კვლავ უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპზე, ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N111 კონვენციაზე "შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ", რომლის პირველი მუხლით "ყოველგვარი განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა, რაც იწვევს დამქირავებლებისა და მუშაკების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად შესაბამისი წევრის მიერ განსაზღვრული შრომისა და საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობა" და საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, "დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით".
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, პრემია გაიცა ცე-----ის ყველა თანამშრომელზე, მატერიალური სტიმულირებისა და წახალისების მოტივით და არა რაიმე კონკრეტული დავალების ან საქმიანობის სანიმუშოდ შესრულების გამო, პრემიის გაცემა გი-----ი ფა--------ეზე არ წარმოადგენს დამსაქმებლის დისკრეციას.
მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, გი-----ი ფა--------ეზე პრემიის გაუცემლობა, შეიძლება შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან განსხვავებულ მოპყრობად, რასაც არ აქვს კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი (განსხვავების აუცილებლობა) და სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
7.1. სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტით არაქონებრივ დავებში ბაჟის ღირებულება განისაზღვრება 100 ლარით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გი-----ი ფა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ხ--–---------------–---------–-------ს დირექტორის 2017 წლის 30 მაისი N01-06/25 ბრძანების მე-5 პუნქტი;
3. დაევალოს ა(ა)იპ ხე-–---------ს კუ-–-------ს ცე-----ს გასცეს პრემია გი-----ი ფა--------ეზე თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (400 ლარი ხელზე);
4. ა(ა)იპ ხე-–---------ს კუ-–-------ს ცე-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე