გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210018002726732
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33402 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ--------------–---ი

წარმომადგენლები - ნ-----------–---–ი, მ--------------–---ა

მოპასუხე - გ------------------ე

წარმომადგენელი - ნ----------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების: ა-–---------------ის (დაბადებული: 2----–-–--------------) და ჯ---------------ის (დაბადებული: 2----–-–----------------–-) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, 200-200 (ორასი-ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ--------------–---ს და მოპასუხე გ------------------ეს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-------------- დაბადებული ა-–---------------ე და 2----–-–----------------–- დაბადებული ჯ---------------ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, ხოლო მცირეწლოვან შვილებს ზრდის მარტო თ--------------–---ი. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდა-განვითარებაში. როგორც მოსარჩელისათვის არის ცნობილი, მოპასუხე მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2000 ლარს. მოპასუხე მხარე ვალდებულია, ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილებზე და სტაბილურ მატერიალურ დახმარებას უწევდეს მათ.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 125-125 (ას ოცდახუთი - ას ოცდახუთი) ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ--------------–---ს და გ------------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ა-–---------------ე (დაბადებული 2-----–-–--------------) და ჯ---------------ე (დაბადებული 2----–-–----------------–-)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 20);

 

3.1.2. მოსარჩელე თ--------------–---ს და მოპასუხე გ------------------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე თ--------------–---ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს დასთან მისამართზე - ქ. თბილისი, ა----–-----–------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხე გ------------------ე 2017 წლის 27 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--------------–-–---–----. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-----------

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე თ--------------–---ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან, თ--------------–---ს დღემდე არ უფიქსირდება არცერთი ტიპის შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის მიმართვა N------------ (ს.ფ. 38);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის 2018 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, გ------------------ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 500 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 38-39);

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ი/მ გ------------------ის მიერ 2013 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1375 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 275 ლარს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 იანვარს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუბიექტის - ინდ. მეწარმე ,,გ------------------ის“ (ს/კ 5----------) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბერს გაცემული ცნობა, ინფორმაცია გ------------------ის მიერ 01.01.2013 წლიდან 31.10.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ (ს.ფ. 51-52);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება N----------- (ს.ფ. 106);

 

3.2.4. უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, გ------------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 დეკემბერს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 57);

3.2.5. მხარეთა ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე თ--------------–---ს გარკვეული პერიოდულობით მოპასუხე მხარის ოჯახი უგზავნიდა თანხებს 45, 50, 55 და 85 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხები განკუთვნილი იყო არა ბავშვებისათვის, არამედ მოსარჩელე ამ თანხებს ახმარდა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).

- სს ,-------------ის“ ფულადი გზავნილების ამონაწერი (ს.ფ. 53-56);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ--------------–---მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ა-–---------------ე (დაბადებული 2----–-–--------------) და ჯ---------------ე (დაბადებული 2----–-–----------------–-).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის" 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--------------–---ს და მოპასუხე გ------------------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე თ--------------–---ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს დასთან მისამართზე - ქ. თბილისი, ა----–-----–------------. მოსარჩელე თ--------------–---ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან, თ--------------–---ს დღემდე არ უფიქსირდება არცერთი ტიპის შემოსავალი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის 2018 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხე გ------------------ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს და ოქტომბრის თვეში - 500 ლარს. ამასთან, საქმის მასალებით, ი/მ გ------------------ის მიერ 2013 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1375 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 275 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუბიექტის - ინდ. მეწარმე ,,გ------------------ის“ (ს/კ 5----------) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში და აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. თავად მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რის გამოც მისი მატერიალური მდგომარეობა არამდგრადია. ამდენად, მოცემულ საქმეზე, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის სტაბილური შემოსავლის მიღების თაობაზე. პერიოდულად დასაქმების ფაქტს არც მოპასუხე მხარე უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მხარეთა ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე თ--------------–---ს გარკვეული პერიოდულობით მოპასუხე მხარის ოჯახი უგზავნიდა თანხებს 45, 50, 55 და 85 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხები განკუთვნილი იყო არა ბავშვებისათვის, არამედ მოსარჩელე ამ თანხებს ახმარდა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების გადახდას, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მეუღლეთა ვალების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოპასუხე მხარე თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 125-125 (ასოცდახუთი-ასოცდახუთი) ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. ამასთან, მართალია, მოპასუხე მიუთითებს, რომ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა აღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს, რის გამოც არ დასტურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ოდენობის მატერიალურ სახსრებთან არის დაკავშირებული მისი მკურნალობა. მოპასუხე მხარე იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან, თუმცა მის კმაყოფაზე სხვა პირის ყოფნა არ დასტურდება. სხვა არასრულწლოვანი შვილები, მოპასუხეს არ ჰყავს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 150-150 (ას ორმოცდაათი - ას ორმოცდაათი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ფარგლებს დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.

 

მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. (2018 წლის 15 ნოემბრის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის ორდერი, ს.ფ. 28).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხე გ------------------ეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------------------ეს (პირადი N5----------), დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: ა-–---------------ის (დაბადებული 2----–-–--------------, პირადი N-----------) და ჯ---------------ის (დაბადებული 2----–-–----------------–-, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 150-150 (ას ორმოცდაათი - ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე გ------------------ეს (პირადი N5----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე გ------------------ეს (პირადი N5----------) დაეკისროს მოსარჩელე თ--------------–---ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა