გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001930935
საქმე №2-1699/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს „ს----------–------------ი“
წარმომადგენელი გ------------–-–---–ი
მოპასუხე შპს „ა---–------ა“
წარმომადგენელი რ-----–-----
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ა---–------ა“-ს დაეკისროს შპს „ს----------–------------ი“-ს სასარგებლოდ 230 000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ა---–------ა“-მ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შპს „ს----------–-------------მა“ საკუთრებაში გადასცა შპს „ა---–------“-ს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.ბათუმი, ფ----------ს N7-ში 12 სართულიან საცხოვრებელ სახლსა და მე-19 სკოლას შორის 848 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო ფუნქციის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.24.08.052) საპროექტო დოკუმენტაცია და მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-2011 წლის 19 მაისის ხელშეკრულება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( 2011 წლის მდგომარეობით)
3.2.2. 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N05.24.08.052) შესყიდვის ფასი განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით, საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის ღირებულება 140 000 ლარის ოდენობით, ხოლო მშენებლობის ნებართვის შესყიდვის ფასი 40 000 ლარის ოდენობით. ჯამში ნასყიდობის საგნის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 230 000 ლარის ოდენობით. თანხის გადახდა ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად მოპასუხეს უნდა მოეხდინა 2011 წლის 19 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია და შესაბამისად შპს „ ა---–------ას“-ს დავალიანება შპს „ს----------–------------ი“-ს მიმართ შეადგენს 230 000 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2011 წლის 19 მაისის ხელშეკრულება.
3.2.4. მიწის ნაკვეთის, საპროექტო დოკუმენტაციისა და მშენებლობის ნებართვის საკუთრებაში მიღების შემდგომ მოპასუხემ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო დოკუმენტებისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დღეის მდგომარეობით მოპასუხეს აშენებული კორპუსის ბინების დიდი ნაწილი გასხვისებული აქვს, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (2017 წლის მდგომარეობით)
3.2.5. შპს „ს----------–------------ის“ მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 19 მაისს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 483-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ს----------–-----------ს“ და შპს „ა---–------ს“ შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება „საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების შესახებ“, ასევე დადგენილია, რომ გამყიდველმა, შპს „ს----------–------------მა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების შესაბამისად საკუთრებაში გადასცა შპს „ა---–------“-ს ქ. ბათუმში, ფ----------ს N7-ში 12 სართულიან საცხოვრებელ სახლსა და მე-19 სკოლას შორის მდებარე 848 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საპროექტო დოკუმენტაცია და მშენებლობის ნებართვა. ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე შპს „ა---–------ას“ მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული აქტივის ღირებულება, რომელიც ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის შესაბამისად მას უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს სწორედ მათ შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ღირებულების ანაზღაურებას. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის ანაზღაურება და სარჩელი აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2017 წლის 19 მაისს.
ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2011 წლის 19 მაისს შეძენილი საწარმოს აქტივის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან საწარმოს აქტივი, რომელშიც შედიოდა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.24.08.052), რომლის შესყიდვის ფასი განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით, საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის შესყიდვის ღირებულებაც განისაზღვრა 140 000 ლარის ოდენობით და მშენებლობის ნებართვა, რომლის შესყიდვის ფასი განისაზღვრა 40 000 ლარის ოდენობით, შეიძინა 2011 წლის 19 მაისს, ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოში იმავე დღეს და შესაბამისად ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებაც წარმოეშვა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან (იხ. ხელშეკრულების 3.2. პუნქტი). სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელესაც მოთხოვნის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. ამასთან სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესზეც, რომლის თანახმად დადგენილია, რომ თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 19 მაისის შემდგომ და სწორედ ამ დროიდან მისთვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა მას მოთხოვნის წარმოშობიდან ექვსი წლის განმავლობაში არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია და სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2017 წლის 19 მაისს.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ს----------–------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ს----------–------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე