გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32577-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“
წარმომადგენელი: ნ--------------–--ე
მოპასუხეები: გ-------------–---–ი, ფ------------–--ე, დ-----------–---–ი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 2 624.23 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 1 316.90 აშშ დოლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №ლე1-------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მსესხებელს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2659 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ნისან ლიბერტი.
სესხი, ასევე უზრუნველყოფილ იქნა ფ------------–--ისა და დ-----------–---–ის სოლიდარული თავდებობით. კერძოდ, 2016 წლის 23 აგვისტოს სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით, ფ------------–--ე და დ-----------–---–ი 8 100 აშშ დოლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგნენ მსესხებელს შპს „მ---------------------ის“ წინაშე.
მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3200 ლარად (ეროვნული ბანკის კურსით - 1 213.50 აშშ დოლარი), რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად:
100 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო;
1 113.50 აშშ დოლარი - ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი;
ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მსესხებელს შპს „მ---------------------ის“ მიმართ ერიცხებოდა ავტომობილის რეალიზაციამდე დარიცხული სარგებელი - 71.38 აშშ დოლარი და სესხის ძირითადი თანხა - 2624.23 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ, მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირი თანხა - 2624.23 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიური 4%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (10.11.2017წ.) დღემდე გასულია სრული 11 თვე და 26 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1 245.52 აშშ დოლარს (104.96X11+26 კალენდარული დღის სარგებელი 90.96 აშშ დოლარი), ჯამში 1316.90 აშშ დოლარს (1 245.52+71.38).
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის (2017 წლის იანვარი - ავტომობილის შპს „მ---------------------ისათვის“ გადაცემის თარიღი) შემდგომ დარიცხული სარგებელი წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს.
ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
2017 წლის 13 ოქტომბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მისი ინტერესის გათვალისწინებით, ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით, შეთავაზებულ იქნა გირავნობის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა, თუმცა შეტყობინების მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამავე დღეს უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლისათვის შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.
სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, 2018 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ დამატებითი ვადა, თუმცა მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. მოპასუხეებს შეტყობინება, ასევე გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე.
2018 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეებს შპს „მ---------------------ის“ მიმართ ერიცხებათ დავალიანება ჯამში - 3941.13 აშშ დოლარისა და 100 ლარის (მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა) ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ვინაიდან მსესხებელს ჰქონდა ორი თვის ვადაგადაცილება, მოსარჩელეს 2017 წლის იანვარში გადაეცა გირავნობის საგანი რეალიზაციის მიზნით. მოსარჩელემ ავტომანქანა გაყიდა 2017 წლის ნოემბერში. ამ დრომდე გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის მას არანაირი ზომა არ მიუღია. აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ მიზანმიმართულად გაზარდა დავალიანება. არანაირი წერილობითი შეტყობინება თუ გაფრთხილება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გაგზავნილი არცერთი მოპასუხის მიმართ. ავტომობილი შეფასებულია არარეალურ ფასად, აღნიშნული პროცედურა შედგა მოპასუხეთა მონაწილეობის გარეშე.
მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, სრულად აქვს გადახდილი გრაფიკით გათვალისწინებული ორი თვის გადასახდელი თანხა. რაც შეეხება მესამე თვეს, მესამე თვის გადასახადი გადახდილი აქვს ნაწილობრივ. კერძოდ, სრულ თანხას დააკლდა 40 აშშ დოლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №LE1-------, რომლის საფუძველზე გაცემული - №LE1------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, გ-------------–---–ს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2659 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - NISSAN LIBERTY.
ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
3.1.2. 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და დ-----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც დ-----------–---–მა იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - გ-------------–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 8 100 აშშ დოლარის ოდენობით.
3.1.3. 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და ფ------------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ფ------------–--ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - გ-------------–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 8 100 აშშ დოლარის ოდენობით.
3.1.4. გ-------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მ---------------------ს“ შორის 23.08.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სრულად და ჯეროვნად არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული სესხის ძირი თანხა და დარიცხული სარგებელი.
3.1.5. მსესხებლის - გ-------------–---–ის მიერ სრულად იქნა გადახდილი 23.08.2016წ. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული პირველი თვის (23.09.2016წ.) გადასახადი - 141 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, 106.87 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო 34.13 აშშ დოლარი დარიცხულ სარგებელს.
3.1.6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დამგირავებელმა 2017 წლის იანვარში შპს „მ---------------------ს“ მფლობელობაში გადასცა გირავნობის საგანი - NISSAN LIBERTY, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ქმედებით შეწყდა მხარეთა შორის 23.08.2016წ. დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის ვადამოსული და გადაუხდელი დავალიანება შეადგენდა შემდეგს: ძირი თანხა - 110.84 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 312.16 აშშ დოლარი.
3.1.7. 23.08.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, 2017 წლის 10 ნოემბერს შპს „მ---------------------ის“ მიერ უზრუნველყოფილ იქნა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 3200 ლარად, რაც იმ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი - ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად, შეადგენდა - 1 213.50 აშშ დოლარს.
3.1.8. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, შპს „მ---------------------ის“ მიერ გაქვითულ იქნა 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შემდეგი მოცულობით:
100 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო;
1 113.50 აშშ დოლარი - ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი;
3.1.9. 2017 წლის 13 ოქტომბერს მსესხებელს - გ-------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაუყოვნებლივ არ/ვერ უზრუნველყოფდა დავალიანების სრულად დაფარვას, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოსარჩელე განახორციელებდა ავტომობილის რეალიზაციას ან საკუთარ სახელზე გადაფორმებას. ასევე, მიეცა წინადადება ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიეღო გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში ავტომობილის მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით. თუმცა, მისთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. იგივე შინაარსის შეტყობინება გ-------------–---–ს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც.
3.1.10. დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, 2018 წლის 25 ოქტომბერს მსესხებელს - გ-------------–---–სა და თავდებებს - დ-----------–---–სა და ფ------------–--ეს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ეცნობათ 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ. თუმცა, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
3.1.11. 2018 წლის 06 ნოემბერს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს - გ-------------–---–სა და თავდებებს - ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს შპს „მ---------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, ერიცხებათ შემდეგი დავალიანება:
სესხის ძირითადი თანხა - 2 624.23 აშშ დოლარი;
სესხზე დარიცხული სარგებელი - 1 316.90 აშშ დოლარი;
ავტომობილის შეფასების აქტის თანხა - 100 ლარი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ-------------–---–ს მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 2016 წლის 23 აგვისტოს დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდილი აქვს გრაფიკით განსაზღვრული ორი თვის გადასახდელი თანხა სრულად, ხოლო მესამე თვის, კი ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მსესხებელს 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს გრაფიკით განსაზღვრული მხოლოდ ერთი თვის გადასახდელი. ამის შემდგომ მის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს გრაფიკით განსაზღვრული ორი თვის გადასახდელი თანხა სრულად, ხოლო მესამე თვის, კი ნაწილობრივ. კერძოდ, სრულ თანხას დააკლდა 40 აშშ დოლარი. თუმცა მას ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამდენად, კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ეთანხმება გრაფიკით განსაზღვრული პირველი თვის გადასახდელის გარდა, მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტს, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „მ---------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 411-412-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №LE1-------, რომლის საფუძველზე გაცემული - №LE1------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, გ-------------–---–ს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 2659 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - NISSAN LIBERTY.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 23.08.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სრულად იქნა გადახდილი გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი თვის გადასახადი - 141 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა - 106.87 აშშ დოლარი შეადგენდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 34.13 აშშ დოლარი, კი დარიცხულ სარგებელს. ამასთან, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-------------–---–ს ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადახდილი აქვს გრაფიკით განსაზღვრული ორი თვის გადასახდელი თანხა სრულად, ხოლო მესამე თვის, კი ნაწილობრივ.
ამდენად, ვინაიდან მხარეთა შორის 23.06.2016წ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გ-------------–---–ს შპს „მ---------------------ისაგან“ სესხის სახით გადაეცა - 2659 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით, ძირი თანხის სახით გადახდილ იქნა მხოლოდ - 106.87 აშშ დოლარი, გადაუხდელი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს - 2552.13 აშშ დოლარს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის იანვარში შეწყდა 23.08.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რის გამოც, დავალიანების დაფარვის მიზნით, 2017 წლის 10 ნოემბერს შპს „მ---------------------მა“ განახორციელა გირავნობის საგნის რეალიზაცია - 3200 ლარად, რაც იმ დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენდა - 1 213.50 აშშ დოლარს. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, გაქვითულ იქნა მსესხებლის დავალიანება შემდეგი მოცულობით: 100 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 1 113.50 აშშ დოლარი - ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი.
გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირველი თვის პორციის გადახდის შემდგომ, გადასახდელი ძირი თანხის ოდენობამ შეადგინა - 2552.13 აშშ დოლარი. ამასთან, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ვადამოსული და გადაუხდელი დავალიანება შეადგენდა შემდეგს: ძირი თანხა - 110.84 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 312.16 აშშ დოლარი. შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხიდან - 1213.50 აშშ დოლარიდან, პირველ რიგში უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის დაგროვებული დავალიანების - ვადამოსული და გადაუხდელი სამი თვის ძირი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და დავალიანების დაფარვის დროისათვის დარიცხული ჯარიმის - 100 ლარის, ჯამში 523 ლარის დაფარვა (110.84+312.16+100=523 აშშ დოლარი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ ერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. (იხ. სუსგ. №ას-1701-1685-2011; 22.10.2012წ.) (ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დარიცხული სარგებლის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან - 1213.50 აშშ დოლარიდან, პირველ რიგში უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვადამოსული და გადაუხდელი ძირი თანხის - 110.84 აშშ დოლარის, ამ პერიოდში დარიცხული სარგებლის - 312.16 აშშ დოლარისა და ასევე დავალიანების დაფარვის დროისათვის დარიცხული ჯარიმის - 100 აშშ დოლარის დაფარვა.
აღნიშნული წესით დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, გადაუხდელი ძირი თანხის ოდენობა რჩება - 2441.29 აშშ დოლარის ოდენობით (2552.13-110.84=2441.29 აშშ დოლარი). შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დარჩენილი თანხით - 690.50 აშშ დოლარით (1213.50-523=690.50 აშშ დოლარი) უნდა დაიფაროს დარჩენილი, გადაუხდელი ძირი თანხის - 2441.29 აშშ დოლარის, ნაწილი, რის შედეგადაც მოპასუხეთა საბოლოო დავალიანება შპს „მ---------------------ის“ მიმართ შეადგენს - 1750.79 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს სესხის გადაუხდელ ძირ თანხას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
23.08.2016წ. ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირი თანხის 2624.23 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს შპს „მი---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1750.75 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. რაც შეეხება, ხელშეკრულების შეწყვეტიდან სარჩელის შემოტანის დღემდე დარიცხულ სარგებელს, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ 23.08.2016წ. ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, თუმცა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოსარჩელეს არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც უცილობლად დადასტურდებოდა მისი ინტერესი აღნიშნული მოთხოვნის მიმართ და რაც განაპირობებდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას.
ამასთან, როგორც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, მიუღებელი შემოსავლის სახით დარიცხული სარგებლის ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის (4%) შესაბამისად. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მიუღებელი შემოსავლის ამგვარი წესით დაანგარიშება, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ის სწორედ აღნიშნული ოდენობით მიიღებდა სარგებელს.
შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 1 316.90 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით იმ სარგებლის დარიცხვაც, რაც გაქვითულ იქნა გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს შპს ,,მ---------------------სა“ და ფ------------–--ეს, ასევე შპს ,,მ---------------------სა“ და დ-----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ფ------------–--ემ და დ-----------–---–მა იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს - გ-------------–---–ს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები ორივე შემთხვევაში განისაზღვრა - 8 100 აშშ დოლარის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები - დ-----------–---–ი და ფ------------–--ე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაიხადონ შპს „მ---------------------ის“ მიმართ 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 326.75 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს გ-------------–---–ს, დ-----------–---–სა და ფ------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (1750.79 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 144.57 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი გ-------------–---–ის, ფ------------–--ისა და დ-----------–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1750.79 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - გ-------------–---–ის, ფ------------–--ისა და დ-----------–---–ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით - 1316.90 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დამაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 144.57 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადები სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/32577-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
24 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“
წარმომადგენელი: ნ--------------–--ე
მოპასუხეები: გ-------------–---–ი, ფ------------–--ე, დ-----------–---–ი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი გ-------------–---–ის, ფ------------–--ისა და დ-----------–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1750.79 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - გ-------------–---–ის, ფ------------–--ისა და დ-----------–---–ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით - 1316.90 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დამაყოფილდეს.
3. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 144.57 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს - გ-------------–---–ს, ფ------------–--ესა და დ-----------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადები სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი