გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310017001872320
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2392-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ვ---– ს-------ი

წარმომადგენელი - ზ---- ჯ--------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წარმომადგენელი - დ---- კ-----–---–-ა

 

მესამე პირი - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

წარმომადგენელი - ჯ--- ჯ------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №4- ბრძანება.

 

1.2. ვ---– ს-------ი აღდგენილი იქნას ნოტარიუსის თანამდებობაზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №6- ბრძანებით, საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე პერიოდი, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანებით კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 9 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №6- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 9 ივლისიდან 2014 წლის 9 ივლისამდე პერიოდში.

 

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე პერიოდში.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტში მითითებული იქნა იმავე წლის 9 ივლისს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №6- ბრძანება (ს.ფ. 25-26);

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანება (ს.ფ. 31-32);

- 2014 წლის 9 ივლისის ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტი (ს.ფ. 21-24);

- 2014 წლის 24 ივლისის ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტი (ს.ფ. 121-124).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანებით აღიძრა დისციპლინური წარმოება ვ---– ს-------ის მიმართ და საკითხის განხილვის მიზნით შეიქმნა დისციპლინური კომისია. ამავე ბრძანებით დისციპლინური წარმოება აღიძრა ასევე სხვა ნოტარიუსების მიმართაც.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანება (ს.ფ. 118-119).

 

3.1.3. 2014 წლის 26 სექტემბრის დისციპლინური კომისიის დასკვნით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, წარდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა:

 

1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევას, კერძოდ, სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს (№1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------) არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია.

 

2. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტში №1-------- არ არის მითითებული გარიგების ღირებულება.

 

3. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1-------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საფასური. სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1-------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საფასური.

 

4. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- დარღვეულია შესწორების შეტანის წესი.

 

5. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთნოვნების დარღვევას, კერძოდ - 2011, 2012 და 2013 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული.

 

6. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტებში №1--------, №1--------, №1-------6 არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, სანოტარო აქტში №1-------- არ არის მიმნდობის ხელმოწერა.

 

7. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტები: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №I--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე.

 

8. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტები: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებს სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნის თვითონ.

 

9. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, სანოტარო აქტში №1-------- მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წ--–---------–----–---------------ლის სოფ. ა–---–-ს რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით. აღნიშნული რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა.

 

10. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება.

 

11. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების“ დარღვევას. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი.

 

12. სამკვიდრო მოწმობები: №1--------, №1-------- გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე.

 

13. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი სათანადოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა თარგმანსაც ქართულ ენაზე ახორციელებს პირი, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ ნოტარიუსი ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გამოვლენილი დარღვევები ატარებს მექანიკურ ხასიათს და მომავალ საქმიანობაში თავად იქნება მეტად ყურადღებიანი.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა - ვ---– ს-------მა განახორციელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. დაუდევრობად ჩაითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი“), ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“), მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...“), ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას... რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“) და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...“).

 

კომისიამ იხელმძღვანელა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის“ შესახებ დებულების მე-13, 18-21-ე მუხლებით და ერთხმად მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილება: დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები; ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2014 წლის 26 სექტემბრის დისციპლინური კომისიის დასკვნა (ს.ფ. 105-112).

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 41-42).

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილებით, ვ---– ს-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1--- ბრძანება ვ---– ს-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების, მისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ნოტარიუსთა რეესტრიდან ამორიცხვის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ვ---– ს-------ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას არ ყოფილა გამოკვლეული მოსარჩელის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, კომისიის შემადგენლობა, რომელმაც შემოწმება განახორციელა და შემოწმების პერიოდი (პუნქტი 3.2.1), ამასთან, არ ირკვეოდა მოტივები, თუ რატომ შეეფარდა ვ---– ს-------ს დისციპლინური ზემოქმედების ყველაზე მკაცრი ზომა, როცა იგივე ხარისხის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ სხვა ნოტარიუსებს იგივე აქტით მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერდათ (პუნქტი 3.2.2). სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელი იყო სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის №3-------- განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის №ბ---------------- განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 44-52);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის №3-------- განჩინება (ს.ფ. 53-71);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის №ბ---------------- განჩინება (ს.ფ. 72-73).

 

3.1.6. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2017 წლის 18 მარტს მიღებული იქნა №4- ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-7 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსების სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანებით შეიქმნა კომისია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილი კომისიის მიერ, 2014 წლის 24 ივლისს შემოწმებული იქნა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობა (2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე) და შემოწმების დასრულებისთანავე შედგა შემოწმების აქტი, რომელიც დაედო საფუძვლად ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), 2014 წლის 26 სექტემბერს შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ორი ნოტარიუსის ახსნა-განმარტება და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ ქმედებებს.

 

ბრძანებაში მითითებულია, რომ ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობა შემოწმებული იქნა „ნოტარიუსთა სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ, რაც თავის მხრივ ნიშნავდა იმას, რომ ვ---– ს-------ის სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და იგი შემოწმებულია უფლებამოსილი კომისიის მიერ. ამასთან, ზემოაღნიშნული კომისიის აქტში ასახული შემოწმების შედეგების და შესაბამისად მის მიერ გამოვლენილი გარემოებების სხვა კომისიის აქტში არსებობის ფაქტი სამართლებრივად არ ამცირებდა ან ეჭვის ქვეშ არ აყენებდა ამ გარემოებების სამართლებრივ მნიშვნელობას. წინამდებარე ბრძანების გამოცემისას შეფასება მიეცა 2014 წლის 24 ივლისის აქტს, რომელიც შედგენილია უფლებამოსილი კომისიის მიერ და რომლითაც ასევე დაცულია კანონმდებლობით დადგენილი შემოწმების სამ წლიანი პერიოდი (2011-2014 წლები). შესაბამისად, დადგენილად ჩაითვალა, რომ ზემოაღნიშნული კომისიის მიერ ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმებისას სახეზე იყო ამ ქმედების და შესაბამისად გამოცემული აქტის ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერება.

 

დადგენილად ჩაითვალა ისიც, რომ დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რის გამოც მის მიმართ სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდება იყო მართებული.

 

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ ნოტარიუსი ჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, „თუ ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს... ან/და ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.“ ამავე დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის ნოტარიუსი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისციპლინური სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისთვის პირველ რიგში სავალდებულოა დადგენილი იქნას ნოტარიუსის მიერ განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

საქმეში წარმოდგენილი დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნოტარიუსმა - ვ---– ს-------მა ჩაიდინა დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“, მე-6 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; ამავე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს“ (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი) და ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ გადაცდომას წარმოადგენს მის მიერ სამკვიდრო მოწმობების გაცემა ისე, რომ არ არსებობდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები.

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) 85-ე მუხლი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ან/და გარემოებების ჩამონათვალს, რომლითაც შესაძლებელია სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადგენა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვ---– ს-------ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, კომისიის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნოტარიუსთან დაცულ, ერთ საქმედ აკინძულ მასალებში არ ინახება სამკვიდრო საქმეებზე სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი შესაბამისი დოკუმენტები.

 

ამდენად კომისიამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება შეასრულა „კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე“, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული „განსაკუთრებით მძიმე“ გადაცდომის ერთ-ერთ ელემენტს.

 

გარდა ზემოთქმულისა, სახეზე იყო დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის შემადგენლობისა და შესაბამისად დარღვევის განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი მეორე მნიშვნელოვანი ელემენტიც - დარღვევის „სისტემატიური ხასიათი“, რამდენადაც ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობები სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გაიცა 32 (ოცდათორმეტ) საქმეზე.

 

ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ასევე ჩადენილი იქნა სხვა მნიშვნელოვანი დისციპლინური გადაცდომები, რომელთაგან ხაზი უნდა გაესვას დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას („ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“). კერძოდ, ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი არ ფლობს სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებს პირი, რომელთანაც არა აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილ მორიგ განსაკუთრებით მძიმე გადაცდომას წარმოადგენდა ასევე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წ--–---------–----–---------------ლის სოფ. ა–---–-ს რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა). ხსენებული მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

 

კომისიამ დაასკვნა, რომ კონკრეტული დარღვევების არაერთგზისი/სისტემატური ხასიათის და კანონის დარღვევით დამოწმებული სანოტარო მოქმედებების გათვალისწინებით სახეზე იყო „განსაკუთრების მძიმე“ ხარისხის დარღვევა.

 

სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდებისათვის მხედველობაში იქნა მიღებული არა მხოლოდ ზემოთ მოცემული გარემოებები, არამედ საქმეში წარდგენილ სხვა გარემოებათა ერთობლიობაც. კერძოდ, ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ სულ ჩადენილია სხვადასხვა ხარისხის ცამეტი სახის გადაცდომა: 33 სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია, 1 სანოტარო აქტში არ არის მითითებული გარიგების ღირებულება, 4 სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საზღაური, 4 სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური, 20 სანოტარო აქტში დარღვეულია შესწორების შეტანის წესი, 2011, 2012, 2013 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული, 3 სანოტარო აქტში არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, 1 სანოტარო აქტში არ არის მიმნდობის ხელმოწერა, 23 სანოტარო აქტი არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე, 7 სანოტარო აქტი შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებდა სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნიდა თვითონ, 5 სანოტარო აქტში არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება, 2 სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე, 32 სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

 

კომისიამ მიუთითა, რომ მოცემული დარღვევები, სხვადასხვა სიმძიმის მიუხედავად, საბოლოოდ შეფასებულ უნდა ყოფილიყო ისეთი მნიშვნელობის დარღვევებად, რომელთათვისაც სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლება არის მართებული.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ზოგადად, ნოტარიატი წარმოადგენს განსაკუთრებული საჯარო ფუნქციით, ხოლო თითოეული ნოტარიუსი განსაკუთრებული კომპეტენციით აღჭურვილ სუბიექტს, რომელსაც აქვს მომეტებული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული თითოეული სანოტარო მოქმედების მიმართ. აღნიშნული კომპეტენციის სრულყოფილი შესრულება პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი საბოლოოდ განაპირობებს ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსის მიმართ სახდელის შეფარდებისას შეფასებული უნდა იქნას ის საჯარო და კერძო ინტერესი, რომელიც უკავშირდება თითოეულ კონკრეტულ ქმედებას.

 

კომისიის მითითებით, დასახელებული სტანდარტებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი მიდის იქამდე, რომ ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება ემსახურება პასუხისმგებლობის დაკისრების ლეგიტიმურ მიზანს. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას მხედველობაში მიიღება დისციპლინური წარმოების ფარგლებში შემოწმებული სხვა ნოტარიუსების მიერ ჩადენილი დარღვევებიც. კერძოდ, მიჩნეული იქნა, რომ ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი დარღვევების მიმართება სხვა ნოტარიუსების მიერ ჩადენილ, თუნდაც იმავე სიმძიმის გადაცდომებთან, ქმნის მათ შორის აშკარა განსხვავების დადგენის საფუძველს, ვინაიდან დარღვევების სიმძიმის იდენტურობის შემთხვევაშიც კი, განსხვავება გამოიხატება დარღვევების რაოდენობაში და მათი სისტემატურობის ხარისხში.

 

ამდენად, გადაცდომების რაოდენობა და მათი სიმძიმის ხარისხი, სხვა ნოტარიუსებთან შედარებით ქმნის უფრო მძიმე სახდელის შეფარდების საფუძველს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, დისციპლინური სახდელი გამოყენებული იქნა კიდევ სამი ნოტარიუსის მიმართ. მათ მიერ ჩადენილია ერთი ნოტარიუსის შემთხვევაში 6 და ორი ნოტარიუსის შემთხვევაში 7 სხვადასხვა ხარისხის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული დარღვევებიდან სამივე ნოტარიუსის შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოვლენილი დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში, ხოლო ვ---– ს-------ის მიერ ჯამში ჩადენილი იყო ცამეტი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომა და აქედან 4 დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში. ამდენად, მიჩნეული იქნა, რომ კონკრეტული სახდელის შეფარდებისას აბსოლუტურად დაცული იყო ამ უფლების (სახდელის შეფარდება) გამოყენებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი – სახდელის შეფარდება ხდება სამართლიანობის, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთბალანსის, გადაწყვეტილების მხოლოდ კანონის საფუძველზე მიღების პრინციპების მხედველობაში მიღებითა და თანაფარდობის პრინციპების აბსოლუტური დაცვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს...ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს“; მე-6 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; ამავე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“; მე-4 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „დაუდევრად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს“ (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი) და ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა - „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“. ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა; ნოტარიუსი - ვ---– ს-------ი გათავისუფლებულად ჩაითვალა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 10 ოქტომბრიდან; შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №4- ბრძანება (ს.ფ. 15-20).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ---– ს-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანება „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარომოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №4- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამასთან, ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ნოტარიუსი თავის ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების” მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა. ამავე დებულების მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) პროფესიულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის მიხედვით, ზედამხედველობა გულისხმობს ზედამხედველი ორგანოების მხრიდან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი ღონისძიებების გატარებას, ნოტარიუსის საქმიანობისა და ქცევის შესახებ ფიზიკური და იურიდიული პირების, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების განცხადებებისა და წარდგინებების განხილვას, აგრეთვე ნოტარიუსის საქმიანობის ორგანიზაციის მიმდინარე და რიგგარეშე კონტროლს.

 

აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, 1. ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება მიმდინარე და რიგგარეშე ინსპექციის (შემოწმების) სახით. 2. შემოწმების დაწყება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ბრძანებით.

 

ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, 1. ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმდინარე (რიგგარეშე) შემოწმების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში აგრეთვე შეიძლება შეყვანილი იქნან მოწვეული სპეციალისტები. 2. მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

 

აღნიშნული დებულების მე-8 მუხლში მოცემულია ის ჩამონათვალი, თუ რა უნდა შემოწმდეს მიმდინარე კონტროლის დროს, ხოლო ამავე დებულების მე-11 მუხლის მიხედვით, 1. მიმდინარე კონტროლის დასრულებისთანავე უნდა შედგეს შემოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ შემოწმებას, აგრეთვე ნოტარიუსი, რომელიც უფლებამოსილია ოქმს დაურთოს თავისი წერილობითი შენიშვნები, მაგრამ არ აქვს უფლება უარი თქვას ხელმოწერაზე. 2. შემოწმების აქტი დგება 2 თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა გადაეცეს ნოტარიუსს (შემცვლელ პირს), ხოლო მეორე ეგზემპლარი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

 

ამავე დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემოწმების აქტი წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს. შემოწმების აქტი, რომელიც შეიცავს ნოტარიუსის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ვარაუდის საფუძველს, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიმართ დისციპლინური წარმოების აღძვრის საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ბრძანების მიღების საფუძველი - 2014 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტი არის უკანონო, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების განმახორციელებელ პირებს უფლებამოსილების ვადა არ ჰქონდათ შემოწმების განხორციელების პერიოდისათვის, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს, №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ არ მომხდარა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №6- ბრძანებით, საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე პერიოდი, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანებით კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 9 ივლისს, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის №6- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 9 ივლისიდან 2014 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს, შერჩევის პრინციპით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ნოტარიუს - ვ---– ს-------ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება - 2011 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე პერიოდში.

 

დადგენილია, რომ სადაოდ გამხდარი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - ა-–---------ე ბ-------ის 2017 წლის №4- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ზემოთ მითითებული - 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, რომელთა არსებობაც თავის მხრივ სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე შემოწმების აქტს ხელს აწერს ერთი და იგივე ადამიანები, კერძოდ - ე. ნ------–---–ი, დ. მ-------–---–ი, ნ. ჯ---------–ი და თვითონ - ვ---– ს-------ი.

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომლის თანახმად - შეუძლებელია არარსებული ,,შემოწმებისას" დადგენილი დარღვევები გახდეს დისციპლინარული წარმოების დაწყებისა და ნოტარიუსის განთავისუფლების საფუძველი, რადგან ის დარღვევები, რაც ასახულია 24 ივლისის აქტში, სიტყვასიტყვითაა გადაწერილი 2014 წლის 9 ივლისის შემოწმების აქტიდან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ სადაოდ არ არის გამხდარი ნოტარიუს - ვ---– ს-------ის საქმიანობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არსებობა და ასევე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ორივე შემოწმებას ახორციელებდნენ ერთი და იგივე პიროვნებები. შესაბამისად იმ ვითარებაშიც, თუ ჩავთლით, რომ 2014 წლის 9 ივლისს გასული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა, აღნიშნული ვერანაირად ვერ გააქარწყლებს იმ დარღვევების არსებობას, რომელიც ასახული იქნა 2014 წლის 17 ივლისის №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 24 ივლისის დასკვნაში, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე და რომელსაც დაეთანხმა ვ---– ს-------ი, მიუხედავად იმისა, შემოწმების რომელ ეტაპზე იქნა ისინი გამოვლენილი.

 

6.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად და დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მიხედვით, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება; დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს; ბ) არღვევს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; გ) ამოწმებს ან ადასტურებს ფაქტს, რომელსაც ადგილი არ ჰქონია; დ) ეწევა სანოტარო საქმიანობას მაშინ, როცა ეს აკრძალული აქვს; ე) კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ზედამხედველი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების ან მათი ასლების წარდგენაზე, მალავს ან ანადგურებს სანოტარო მოქმედებათა რეესტრებსა და სანოტარო აქტებს; ვ) სანოტარო მოქმედებებს არ არეგისტრირებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში; ზ) დროულად არ აბარებს ან უარს აცხადებს ნოტარიუსის ბეჭდის, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების, შესანახად მიღებული დოკუმენტების, ფულის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ჩაბარებაზე, როდესაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს; თ) სანოტარო საქმიანობის პარალელურად ეწევა სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა; ი) ასრულებს სანოტარო მოქმედებას თავისი და/ან იმ პირების მონაწილეობით (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით), რომლების მიმართაც ნოტარიუსს აკრძალული აქვს სანოტარო მოქმედების შესრულება; კ) სხვა პირისათვის გადასაცემად მიღებულ ფულსა და/ან სხვა ფასიან ქაღალდებს იყენებს როგორც საკუთარს, შესანახად მიღებულ დოკუმენტს გადასცემს არაუფლებამოსილ პირს; ლ) სანოტარო აქტი არ შეაქვს სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ან სხვადასხვა სანოტარო მოქმედებას ანიჭებს ერთსა და იმავე სარეგისტრაციო ნომერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომრის გამეორებას მექანიკური ხასიათი აქვს და ამ უკანასკნელის შესახებ ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია აღნიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით;მ) თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით წინასწარ ამზადებს შეუვსებელ სანოტარო აქტს (ე.წ. „ცარიელ ბლანკს“) ან პირს წინასწარ აწერინებს ხელს სანოტარო აქტის შეუვსებელ ბლანკზე; ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს; ო) დაუდევრად ახდენს სანოტარო დოკუმენტაციის შენახვას, რამაც სანოტარო აქტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვია (თუ არ არსებობს მათი აღდგენისა და მოძიების შესაძლებლობა); პ) სისტემატურად დაკეტილი აქვს სანოტარო ბიურო, რის გამოც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის; ჟ) არღვევს მხარეთა შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისა და მიუკერძოებლობის დაცვის პრინციპს; რ) „მისტიური მომხმარებლის“ მიერ შედგენილი მომსახურების ხარისხის ანგარიშის მიხედვით, ნოტარიუსს ზედიზედ სამჯერ განესაზღვრა არადამაკმაყოფილებელი შედეგი (0-59 ქულა).

საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ცამეტი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომა და აქედან 4 დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში. მათ შორის, 1) სანოტარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერს (№1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------) არ ერთვის სანოტარო აქტის დასკანერებული რედაქცია; 2) სანოტარო აქტში №1-------- არ არის მითითებული გარიგების ღირებულება; 3) სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1-------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე მეტი საფასური. სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1-------- ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საფასური; 4) სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- დარღვეულია შესწორების შეტანის წესი; 5) 2011, 2012, 2018 წლებში შესრულებულ სანოტარო აქტებში არ არის ხელმომწერის სახელი და გვარი სრულად და გარკვევით მითითებული; 6) სანოტარო აქტებში №1--------, №1--------, №1-------6 არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, სანოტარო აქტში №1-------- არ არის მიმნდობის ხელმოწერა; 7) სანოტარო აქტები: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №I--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის შედგენილი კლიენტისათვის გასაგებ ენაზე; 8) სანოტარო აქტები: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- შედგენილია კლიენტისათვის გასაგებ ენაზეც, მაგრამ სანოტარო აქტებში არ არის მითითებული ნოტარიუსი თარჯიმნის მონაწილეობით ასრულებს სანოტარო მოქმედებას თუ თარგმნის თვითონ; 9) სანოტარო აქტში №1-------- მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წ--–---------–----–---------------ლის სოფ. ა–---–-ს რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით. აღნიშნული რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა; 10) სანოტარო აქტებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის მითითებული ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა საზღაურის გამოანგარიშება; 11) სამკვიდრო მოწმობებში: №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1-------- არ არის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი; 12) სამკვიდრო მოწმობები: №1--------, №1-------- გაცემულია სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის დადგენილ ვადაზე (ექვს თვეზე) ადრე; 13) ნოტარიუსი ვ---– ს-------ი სათანადოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენს რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა თარგმანსაც ქართულ ენაზე ახორციელებს პირი, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნება აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ.

 

მოსარჩელემ თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ დარღვევები გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემული 32 სამკვიდრო მოწმობა. ასევე ის გარემოება, რომ იგი არ ფლობდა სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად სანოტარო აქტებს ადგენდა რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებდა პირი, რომელთანაც არ ქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნებოდა აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. ამასთან, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია წ--–---------–----–---------------ლის სოფ. ა–---–-ს რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა).

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, მოსარჩელე მხარის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მძიმე სახე - სამსახურიდან გათავისუფლება.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ---– ს-------ის მიმართ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. ამისთვის მან უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რასაც უნდა დაუპირისპირდეს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და რის შესაძლებლობასაც დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების დროს მოკლებულია.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებას დაექვემდებარა არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სხვა და სხვა ღონისძიებანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, კერძოდ, კომისიის შემადგენლობისა და შემოწმების პერიოდის გამოკვლევა. ასევე, იმ გარემოების დადგენა, თუ რატომ შეეფარდა ვ---– ს-------ს დისციპლინური ზემოქმედების ყველაზე მკაცრი ზომა, როცა იგივე ხარისხის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ სხვა ნოტარიუსებს იგივე აქტით მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერდათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

გასაჩივრებული აქტის შესაბამისად, მოპასუხემ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილება და მასში მითითებული გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებულია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს - ვ---– ს-------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ არგუმენტირებულია მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (თანამდებობიდან გათავისუფლება) გამოყენების აუცილებლობა დისციპლინური გადაცდომის სახისა და მათი რაოდენობის გათვალისწინებით სხვა ნოტარიუსებთან შედარებით, რომელთ მიმართ გამოყენებული იქნა ნაკლები სიმძიმის დისციპლინური სახდელები.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №4- ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის №4- ბრძანება, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელე - ვ---– ს-------ის ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ---– ს-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი