გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210118002531088
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/20304-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) აი------ გო-----ე

წარმომადგენელი ხ----------------

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შპს ,,გრ---- ჯო-----ა"

წარმომადგენელი თ------------------–-------–-----------–-–-------------------------–------

დავის საგანი ხელშეკრულების შეწყვეტა, უძრავი ქონების დაბრუნება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

პირვანდელი სარჩელის ავტორის სასარჩელო მოთხოვნაა:

 

1.1 შეწყდეს 2017 წლის 4 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ნასყიდობის საგანი მდებარე: თბილისი, ვ---- გო---–---–-ს ქუჩა #40, საკადასტრო კოდით #---------------- დაუბრუნდეს გამყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული ფორმით. (დაზუსტებული მოთხოვნა ს.ფ 83)

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა (აი------ გო-----ემ) მიყიდა მყიდველს უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია #----------------. ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 227100 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი, გამყიდველს უძრავი ქონების ღირებულების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცემს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე განთავსებულ ფართებს, ჯამში 1189.9 კვ.მ-ს.

 

მყიდველი ვალდებული იყო 2018 წლის 3 მაისამდე უზრუნველეყო „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) დასრულება. მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება, რაც ნათლად ჩანს 2018 წლის 23 მაისის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით. ამავე გარიგებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი 2018 წლის 3 მაისამდე არ უზრუნველყოფდა „0“ სართულის მონოლითის (ფილის) დასრულებას გაუქმდებოდა აღნიშნული ხელშეკრულება და გამყიდველს უბრუნდება ხელშეკრულების საგანი. 2018 წლის 23 მაისს მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, შეტყობინებას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 4 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტას და ნასყიდობის საგნის დაბრუნებას.

 

1.2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში

 

შეგებებული სარჩელის ავტორ შპს „გრ---- ჯო-----ას“ სასარჩელო მოთხოვნაა:

 

მოპასუხე აი------ გო-----ეს შპს ,,გრ---- ჯო-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 145189,07 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა (აი------ გო-----ემ) მიყიდა მყიდველს უძრავი ქონება ს/კ #----------------. ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 227100 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი, გამყიდველს უძრავი ქონების ღირებულების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცემს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე განთავსებულ ფართებს, ჯამში 1189.9 კვ.მ-ს.

 

მყიდველი ვალდებული იყო 2018 წლის 3 მაისამდე უზრუნველეყო „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში აი------ გო-----ეს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით, გამყიდველის მხრიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნისას, უნდა აღდგეს ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადების მომენტში. შესაბამისად, მოპასუხეს შპს „გრ---- ჯო-----ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, 145 189.07 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე შპს „გრ---- ჯო-----ამ“ პირვანდელი სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე აი------ გო-----ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 4 დეკემბერს აი------ გო-----ეს (გამყიდველი) და შპს „გრ---- ჯო-----ას“ (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით „გამყიდველმა“ მიყიდა „მყიდველს“ ნასყიდობის საგანი მდებარე თბილისი, ვ---- გო---–---–-ს ქუჩა #40, დაზუსტებული ფართობი 2271 კვ.მ, საკადასტრო კოდი #----------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 227 100 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

 

3.1.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, „მყიდველი“ „გამყიდველს“ უძრავი ქონების ღირებულების სანაცვლოდ გადასცემს, ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე განთავსებულ ფართებს, მთლიანობაში 1189.9 კვ.მ-ს.

 

3.1.3. 5.4 პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია 2018 წლის 3 მაისამდე, ნასყიდობის საგანზე უზრუნველყოს თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის მიხედვით, განსაზღვრული „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) დასრულება. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა იქნება წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რომლის მიხედვითაც გამყიდველს დაუბრუნდება ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების გაუქმებისას არსებული ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 31-36)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შეთანხმებით დადგენილ ვადაში სამშენებლო პროექტით განსაზღვრული „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი განმარტება მოპასუხის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

განსახილველი სარჩელის დავის საგანია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულების საგნის უკან დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი ფოტოსურათები ადასტურებს, რომ მასზე ასახული ბეტონის მასა არის შენობის საძირკველი, ხოლო „0“ ნიშნული შეთანხმების შესაბამისად გულისხმობს პირველი სართულისთვის განკუთვნილი ბეტონის კარკასის დასხმასაც.

 

საქმეში დაცულია „ფაქტების კონსტატაციის ოქმი“ და მასზე არსებული ფოტო მასალით არ დგინდება სარჩელში დასახელებული მთავარი სადავო გარემოება. აღნიშნული დოკუმენტები მიუთითებენ მოპასუხის მიერ გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ფაქტზე, ხოლო ის გარემოება, რომ ასახული ფაქტობრივი მოცემულობა არ შეესაბამება ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენის გზით უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ.

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე მხარის წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებზე ასახული ინფორმაციით მოპასუხე მხარეს ვ-----------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე ბეტონის (მონოლითის) ფილის ჩამოსხმის სამუშაოები შესრულებული აქვს. ის გარემოება, რომ არსებული მონოლითური ფილის სამუშაოები არასრულყოფილადაა ჩატარებული და სამშენებლო პროექტის მიხედვით განსაზღვრული „0“ ნიშნულის მონოლითის ფილა არაა დასრულებული, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად შედის მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლოს შპს „გრ---- ჯო-----ას“ მხრიდან 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის დარღვევის ფაქტი დადასტურებულად არ მიაჩნია და შესაბამისად ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის კანონით გათვალისწინებული საფუძველი წარმოქმნილი არაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმის ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ს.ფ 22-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 31-36)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა აი------ გო-----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „გრ---- ჯო-----ას“ შეგებებული სარჩელი;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 2017 წლის 4 დეკემბერს აი------ გო-----ესა და შპს „გრ---- ჯო-----ას“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხემ შეიძინა თბილისში, ვ-----------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების ღირებულების სანაცვლოდ აი------ გო-----ეს უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-9, მე-10 და მე-11 სართულებზე განთავსებული 1189.9 კვ.მ. ასევე ოთხი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი 2018 წლის 3 მაისამდე ნასყიდობის საგანზე უზრუნველყოფდა თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის მიხედვით, განსაზღვრული „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) დასრულებას. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აი------ გო-----ე უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და დაიბრუნოს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში.

 

ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესაძლებლობა და პირობები გადმოცემულია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესით. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარებები დროში, რომელიც ახალ უფლებას წარმოშობს არ არის თვითნებური და მათი თავისუფალი რელიაზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა თუ ტრანსფორმაცია (ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი ხელშეკურულებაზე თუ ხელშეკრულების მოშლა იგივე- ხელშეკრულების შეწყვეტა,) უპირობოდ ვერ რეალიზდება. მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან შეწყვიტოს ის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით და წესით.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა იგივე, უარი ხელშეკრულებაზე გამართლებულია მხოლოდ იმ პირობებით, თუ სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულების არსებითი დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების ერთი მხარის სარგებლის მოლოდინი გაუმართლებელი აღმოჩნდება. ამიტომ ხელშეკრულებიდან გასვლის გზით უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს შპს „გრ---- ჯო-----ას“ მხრიდან აქვს თუ არა ადგილი 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების 5.4 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობის დარღვევას და შესაბამისად წარმოქმნილია თუ არა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის კანონისმიერი საფუძველი.

 

როგორც სასამართლომ დაადგინა შპს „გრ---- ჯო-----ას“ მხრიდან 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის დარღვევის ფაქტი არ დასტურდება კერძოდ არაა დადგენილი, რომ შპს „გრ---- ჯო-----ამ“ ვერ უზრუნველყო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში სამშენებლო პროექტის მიხედვით, განსაზღვრული „0“ ნიშნულის მონოლითის (ფილის) მშენებლობა. ამავე გარემოებიდან გამომდინარე ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის ფაქტობრივი საფუძველი გამოკვეთილი არაა და თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). შპს „გრ---- ჯო-----ას“ შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნაა სასამართლომ აანაზღაუროს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ თბილისში, ვასო-------------------------–- მდებარე უძრავ ნივთზე გაწეული დანახარჯები, მთლიანობაში 145189,07 ლარი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ აი------ გო-----ის თავდაპირველ სარჩელში დასახელებული მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა და შედეგად მხარეები კვლავ იმყოფებიან 2017 წლის 04 დეკემბრის მოქმედების ფარგლებში. ამავე გარემოების გათვალისწინებით, შეგებებული სასარჩელო განცხადების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად კონკრეტული რესტიტუციის მიღების თაობაზე მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა როგორც პირვანდელი ასევე შეგებებული სარჩელი მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით პირვანდელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს "გრ---- ჯო-----ას" (-------------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვა-------------------------------ნ #----------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

ასევე უნდა გაუქმდეს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აი------ გო-----ეს აეკრძალა #------------- #------------- #------------- #2-----------, #2------------ #2----------- და #------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აი------ გო-----ის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა შპს „გრ---- ჯო-----ას“ მიმართ 2017 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის და #---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „გრ---- ჯო-----ას“ შეგებებული სარჩელი მოპასუხე აი------ გო-----ის მიმართ 145189,07 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს "გრ---- ჯო-----ას" (-------------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ვა-------------------------------ნ #----------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. ასევე გაუქმდეს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აი------ გო-----ეს აეკრძალა #------------- #------------- #------------- #2-----------, #2------------ #2----------- და #------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

4. მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე