გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002023004
საქმე №2/1112-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო შარაძე
სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - გ------ი შ----------–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–ი გ------–--ე, მ-----ე ბ----–---–ი
მოპასუხე - ლ--–ი მ-----–---–ი
წარმომადგენელი - ე---------ე მ--–-----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ--–ი მ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2300 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, ქ. გორი, კ--------ს ქ. N17-ში მდებარე სასურსათო მარკეტში ახორციელებს ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას 2013 წლის 15 მაისიდან. სამეწარმეო საქმიანობის დაწყების დღიდანვე აღნიშნულ მარკეტში გამყიდველის პოზიციაზე დასაქმებული ყავდა მოპასუხე მხარე, რომელსაც ყოველთვიურად უხდიდა ხელფასს. მოპასუხე მხარეს, როგორც გამყიდველს, ეკისრებოდა გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებებიც, კერძოდ მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა მინდობილ ქონებას, სწორად და კეთილსინდისიერად ეწარმოებინა ფულად-სასაქონდლო ოპერაციები და მისი საწარმოსათვის არ მიეყენებინა მატერიალური ზიანი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა კეთილსინდისიერად, რის გამოც სასურსათო - სავაჭრო მარკეტში წარმოექმნა ფულადი დანაკლისი - 4300 ლარის ოდენობით, რაზედაც მოპასუხემ 2016 წლის 31 მარტს თავისივე ნებითა და ხელით დაწერა ვალის აღიარების შესახებ მარტივი სახის ხელწერილი. ამავე ხელწერილით, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება, რომ ხელწერილით აღიარებულ თანხას - 4300 ლარის ოდენობით დაფარავდა სამი თვის ვადაში. აღნიშნული თანხიდან მოპასუხე მხარემ დაფარა მხოლოდ 2000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის, 2300 ლარის დაფარვას მიუხედავად მოთხოვნისა, თავს არიდებს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს ვალის აღიარების ხელწერილის დედანი, ვინაიდან ვალდებულების შესრულების გამო იგი განადგურდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია არანაირი ვალდებულება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივ საფუძვლებსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2013 წლის 16 მაისიდან მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ქ. გორში, კ--------ს ქ. N17-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში;
3.2. ქ. გორში, კ--------ს ქ. N17-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში გამყიდველის პოზიციაზე დასაქმებული იყო მოპასუხე ლ--–ი მ-----–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გააჩნია ფულადი ვალდებულება, რაც აღიარა 2016 წლის 31 მარტის ვალის აღიარების ხელწერილით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 31 მარტის ვალის აღიარების ხელწერილი;
- შემოსავალ-გასავლის ამონაწერები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოპასუხის დავალიანების დასადასტურებლად მიუთითა მხოლოდ ვალის აღიარების ხელწერილსა და ნისიების, შემოსავალ-გასავლის ამონაწერებზე. მოპასუხე მხარემ სადავოდ გადახდა აღნიშნული მტკიცებულებები და მიუთითა, რომ არ არსებობს ვალის აღიარების ხელწერილის დედანი დოკუმენტი და აგრეთვე შემოსავალ-გასავლის ამონაწერები არის გაურკვევევლი წარმომავლობის, არ არის სათანადო ფორმით შედგენილი და ვერ ხდება მოპასუხის აღნიშნულ ამონაწერებთან კავშირის დადგენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს კომპეტენციაა.
მოსარჩელე მხარემ გარდა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა მოპასუხის განმარტებას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნა, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს თავი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ გ------ი შ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სასურსათო მაღაზიაში, მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა კეთილსინდისიერად, რითაც მას მიადგა ფინანსური ზიანი. აღნიშნული მის მიერ აღიარებულია ხელწერილით, რომლის საფუძველზეც იგი ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მხარეებს შორის არსებული ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხელწერილის დედნის სასამართლოში წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს ვალის აღიარების თანახმად სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან და სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“).
სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.
სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვალის აღიარების ხელწერილსა და შემოსავალ-გასავლის ამონაწერებს, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს წერილობითი მტკიცებულებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 134.1 მუხლი), რადგანაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ვალის აღიარების ხელწერილის დედნის წარმოდგენა, რითაც სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა აღნიშნული დოკუმენტის სათანადოდ შემოწმებისა თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლისა. ხოლო რაც შეეხება სარჩელზე თანდართული სხვა დოკუმენტებს, იგი არ შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობის დოკუმენტს მიაი მეშვეობით მოპასუხის იდენტიფიცირება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტებს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ დაასკვნის მოთხოვნის ნამდვილობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონი კრედიტორს ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონით მოვალეს აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას.
სასასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, როგორც მოვალემ, აღიარების ხელწერილის დედანი დოკუმენტის სახით არარსებობა ახსნა იმით, რომ მოსარჩელესთან ვალდებულების შესრულებით იგი განადგურდა. ამდენად, აღნიშნული გარემოება სასამართლო შეფასებით წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ გარემოებას, რაც გამორიცხავს უკვე შესრულებული ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრებასა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
1.1. გ------ი შ----------–---–ს სარჩელს, მოპასუხე ლ--–ი მ-----–---–ს დაეკისროს მის სასარგებლოდ 2300 (ორიათას სამასი) ლარის გადახდა, ეთქვას უარი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე