გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2019
საქმის ნომერი
080210118002399130
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002399130

#2/1243-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.01.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს ,,-----------------'';

წარმომადგენელი - ლ--------------ა;

მოპასუხე - ვ--------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიაზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ--------------ეს- შპს ,,-----------------''-ის დაეკისროს სესხის ძირი თანხის 553 აშშ დოლარის, სარგებლის 400,92 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 200 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი 50 ლარის, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

1.4. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 01 აპრილს კომპანიას და ვ--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #133372/კ, სესხის ხელშეკრულება #133372/კ, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ვ--------------ეს სესხის სახით გადასცა 1000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის დაბრუნება უნდა განხორცილებულიყო 18 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ვ--------------ის კუთვნილი ავტომობილი მერსედეს ბენც ცე 180. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. სარჩელის აღძვრის მომენტში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: სესხის ძირი თანხა 553 აშშ დოლარი, სარგებელი- 400,92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 16 აპრილამდე შეადგენს 1200 აშშ დოლარს. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და რეალიზაციის მიზნით 2018 წლის 23 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2018 წლის 05 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, ავტომობილი იძებნება და ამ დრომდე ვერ ხერხდება ავტომობლის მოძიება, შესაძლოა იგი აღარც არსებობდეს.(იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ--------------ემ სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 553 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. განმარტა, რომ ავტომობლი, რომელზეც გაცემული იქნა სესხი, წარმოადგენს მისი ოჯახის რჩენის წყაროს, მუშაობს მძღოლად და ავტომობილი იმყოფება საქართველოში. მოსარჩელის სასარგებლოდ 10 თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 873 აშშ დოლარი. (იხ. შესაგებელი. 18.12.18წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 აპრილს შპს ,,-----------------„-ს და ვ--------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #133372/კ. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 2200 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

 

3.1.2. 2016 წლის 01 აპრილს ვ--------------ეს და შპს ,,-----------------„-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #133372/კ და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს ,,-----------------„-მა ვ--------------ეს გადასცა სესხი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 18 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

-სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.1.3. 2016 წლის 05 მაისიდან 2017 წლის 21 მარტის ჩათვლით მოპასუხე ვ--------------ის მიერ #13337211 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადიხდილი იქნა 2100,06 ლარი. 2017 წლის 21 მარტის შემდეგ ვ--------------ეს სესხის თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-სალაროს შემოსავლის ორდერები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ვ--------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მოპასუხემ არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და რეალიზაციის მიზნით 2018 წლის 23 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2018 წლის 05 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილი;

-გირავნობის მოწმობა, მიღება ჩაბარების აქტი;

- ხელშეკრულება კერძო სააღსრულებო მომსახურების გაწევის შესახებ;

 

3.1.5. ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ხელშეკრულებისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

 

3.1.6. მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობათ, რომ 2016 წლის 01 აპრილს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული და კრედიტორის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება. თუმცა გზავნილი მოპასუხეს არ ჩაბარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-გაფრთხილების წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 01.04.2016 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 01 აპრილს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აპრილს, შპს „ე----------------„,-ს ვ--------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ასევე შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვ--------------ეს გადაეცა სესხის სახით 1000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5%. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ვ--------------ემ ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხე ვ--------------ემ 553 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 553 აშშ დოლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 553 აშშ დოლარის დასაკისრებლად.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხი სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს 553 აშშ დოლარს.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც შეადგენს 400,92 აშშ დოლარს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს ვ--------------ეს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია. ხელშეკრულება დარღვეული იქნა 2017 წლის აპრილიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--------------ეს შპს ,,-----------------’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 553 აშშ დოლარის, სარგებლის 400,92 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

ხელშეკრულების 6.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავის ქონებით აგებს პასუხს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ამგვარ პირობებზე და ვალდებულების დასაფარავად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის მოწმობის და აღნიშნული მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

დადგენილია, რომ ვ--------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და რეალიზაციის მიზნით 2018 წლის 23 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2018 წლის 05 მარტიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის მოწმობის მისაღებად, ასევე გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის მოწმობის და აღნიშნული მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 150 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 23,96 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, სარჩელი სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 21,70 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დანარჩენ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,-----------------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდესნაწილობრივ;

 

2. ვ--------------ეს - შპს ,,-----------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 553 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ვ--------------ეს - შპს ,,-----------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის 400,92 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. ვ--------------ეს - შპს ,,-----------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის გადახდა;

 

5. ვ--------------ეს - შპს ,, ე----------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა;

 

6. ვ--------------ეს - შპს ,,-----------------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 71 ლარის და 70 თეთრის ოდენობით, (21,70 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

7. ვ--------------ეზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

8. შპს ,,-----------------’’-ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 27 მარტს სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 23 ლარი და 96 თეთრი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №2/1243-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე