გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34845-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.11.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ნ---- ვ-------–---–-
წარმომადგენელი - უ---------
მოპასუხე - სს „კ--------------ი“
წარმომადგენლები: თ-------------–---–ი, ნ---- სამხარაული
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა,განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „კ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 23 მაისის N4---- გადაწყვეტილება ნ---- ვ-------–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.2. მოსარჩელე ნ---- ვ-------–---–- აღდგენილ იქნას სს „კ--------------ის“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხე სს „კ--------------ს“ მოსარჩელის ნ---- ვ-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 (დარიცხული) ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 1 ივლისს სს „კ--------------სა“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. 2015 წლის 9 სექტემბერს, სს „კ--------------ის“ ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, ნ---- ვ-------–---–თან, განუსაზღვრელი ვადით გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ---- ვ-------–---–- დაინიშნა სს „კ--------------ის“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 1000 ლარით (დარიცხული). 2016 წლის 23 მაისს, სს “კ--------------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გ----------------–---–მა, დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის თანდასწრებთ მოსარჩელეს მოსთხოვა სამუშაო ადგილის დატოვება, ჩამოართვა სამსახურის საშვი და აღარ დაუშვა სამუშაო ადგილზე. დასაქმებულის სამუშაოზე არ დაშვების მიზეზთან დაკავშირებით მოსარჩელემ მომდევნო დღეს დამსაქმებლისგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რაზეც მას წარუდგინეს (23.05.2016წ) დათარიღებული წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მოსარჩელეს აცნობეს, რომ სს „კ--------------თან“ 09.10.2015წელს გაფორმებული მისი შრომითი ხელშეკრულება, 2016 წლის 1 ივნისიდან შეწყვეტილი იქნებოდა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის („სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“) შესაბამისად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული განთავისუფლების შესახებ ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ კომპანია ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს სააქციო საზოგადოებების აქციონერთა რეესტრებს, ეროვნული ბანკის ლიცენზიის საფუძველზე. 2015 წელს სს „კ--------------ში“ შეიცვალა მენეჯმენტი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ახალი მენეჯმენტი და დირექტორი. შესაბამისად, მოსარჩელის ძმა მ- ვ-------–---–- გათავისუფლდა სს „კ--------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან. მიუხედავად მ- ვ-------–---–ს სამსახურიდან გათავისუფლებისა, მოპასუხე კომპანიამ 2015 წელს შრომითი ხელშეკრულება დაუდო მის დას ნ---- ვ-------–---–ს. მის ფუნქციებში შევიდა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის: ფასიანი ქაღალდების გადაცემა/ბლოკირება, რეგისტრირებული პირებისათვის და ემიტენტებისათვის სხვადასხვა ამონაწერების გაკეთება, ანგარიშის გახსნა, საბუღალტრო ოპერაციები და ა.შ. ანუ მას ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა კლიენტთა კონფიდენციალურ ინფორმაციასთან. მ- ვ-------–---–მა, სს „კ--------------ის“ ყოფილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად დააფუძნა ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორი სს „ს--------“. აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო საქმიანობის ლიცენზია. ლიცენზიის მიღების დღიდან დაფიქსირდა სს „კ--------------ისთვის“ კომერციულად საინტერსო კლიენტების წაყვანის 6 მცდელობა, რომელთაგან 4 მათთვის წარმატებით დასრულდა.
კომპანიიდან გავიდა კლიენტების შესახებ კონფიდენციალური საკონტაქტო ინფორმაცი იმის შესახებ, თუ რომელი კლიენტი არის კარგი გადამხდელი და კომერციულად საინტერესო. მსხვილმა კომპანიებმა შეწყვიტეს მოპასუხეთან ხელშეკრულებები და ხელშეკრულებები დადეს მ- ვ-------–---–-ს კომპანიასთან. მოსარჩელეს თავისი სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე უშუალო წვდომა ჰქონდა კლიენტების შესახებ ყველა კომერციულად ღირებულ ინფორმაციასთან და იგი მარტივად შეძლებდა ინფორმაციის გატანას კომპანიიდან თუნდაც ზეპირი ფორმით. ამდენად, შეიქმნა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომ მოსარჩელის კომპანიაში მუშაობა უკვე საფრთხის შემცველი გახდა კომპანიის ბიზნესისათვის და სწორედ ამიტომ მოხდა მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა. შესაბამისად, მოპასუხის ბრძანება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხე სს „კ--------------ს“ შორის 2014 წლის 1 ივლისს დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხე სს „კ--------------ს“ შორის 2015 წლის 9 ოქტომბერს დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს (დარიცხული სახით).
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-
3.1.3. ნ---- ვ-------–---–სა და სს „კ--------------ს“ შორის 2015 წლის 9 ოქტომბერს დადებულ შრომით ხელშეკრულებაში 2015 წლის 9 ოქტომბერს შევიდა ცვლილებები და დამატებები დასაქმებულის ვალდებულებების პუნქტში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1---------------------------- გადაწყვეტილებით სს „კ--------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში მოხდა ცვლილების შეტანა, კერძოდ სს „კ--------------ის“ დირექტორად მ----- ვ-------–---–-ს ნაცვლად, დაინიშნა თ-------------–---–ი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. მოსარჩელემ მოპასუხისგან 2016 წლის 23 მაისს მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე 2016 წლის 1 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტდა 2015 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებას, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტების საფუძვლით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2016 წლის 23 მაისის N4---- გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. 2016 წლის 24 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სს „კ--------------ის“ დირექტორს თ-------------–---–ს და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების განმარტება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- 2014 წლის 24 მაისის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს სს „კ--------------ში” მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს განაცდური ხელფასი 2016 წლის 1 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად უთითებს სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ო” ქვეპუნქტი - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა დაარღვია გარკვეული ეთიკის ნორმები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.
უდავოდ დადგენილია, რომ ნ---- ვ-------–---–- 2014 წლის 1 ივლისიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფება სს „კ--------------თან“. 2015 წლის 9 სექტემბერს, სს „კ--------------სა“ და ნ---- ვ-------–---–ს შორის დაიდო ახალი უვადო შრომითი ხელშეკულება, რომლითაც მას არსებული ხელფასი 800 ლარიდან გაეზარდა 1000 ლარამდე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ნ---- ვ-------–---–ს ინფორმაცია გაჰქონდა კომპანიიდან მისი ძმის, სს „კ--------------ის“ ყოფილი დირექტორის მ----- ვ-------–---–ს სასარგებლოდ, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კლიენტების გადაბირება. აღნიშულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ძმა მ----- ვ-------–---–- 1999 წლიდან იყო ჩართული აღნიშნულ ბიზნესში, უფრო მეტიც, იგი არის მოპასუხე ორგანიზაციის დამფუძნებელი და წილის მესაკუთრე და წლების განმავლობაში იყო მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი, შესაბამისად მისთვის მოპასუხის კლიენტების შესახებ ყველა ინფორმაცია სხვისი დახმარების გარეშეც ცნობილი იყო.
შესაბამისად, მ----- ვ-------–---–ს მისი დის დახმარების გარეშეც შეეძლო კლიენტურის მოზიდვა და მოპასუხე ორგანიზაციიდან მათი გადაბირება.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ დასაქმებულის ნათესავის მიერ კონკურენტი საწარმოს შექმნა არ შეიძლება შეფასდეს ისეთ ობიექტურ გარემოებად, რასაც შეიძლება მოჰყვეს ამ საფუძვლით დასაქმებულთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება კანონიერია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სახეზე არ არის ისეთი ობიექტური გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა უკანონოა და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად მოპასუხის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე უკანონოა და იგი ბათილად არის ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს სს „კ--------------ის“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს (დარიცხული, დაუბეგრავი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა უკანონოდ 2016 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი მოცდენის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხე სს „კ--------------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის (დარიცხულის, დაუბეგრავის), 2016 წლის 1 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში, გამომდინარეობს ქონებრივ სამართლებრივ დავიდან, კერძოდ, დაკისრებული განაცდურის ოდენობიდან, რაც ერთი წლის განაცდურის გათვალისწინებით შეადგენს - 12000 ლარს. შესაბამისად, ამ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს - 360 ლარს.
აღნიშნულის და, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში იგი გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 260 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ---- ვარდიშვილის სარჩელი სს „კ--------------ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სს „კავასრეეტრის“ 2016 წლის 23 მაისის N4---- გადაწყვეტილება ნ---- ვ-------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
3. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ნ---- ვ-------–---–- სს „კ--------------ის“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე;
4. დაეკისროს მოპასუხე სს „კ--------------ს“ ნ---- ვ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1000 ლარის (დარიცხული,დაუბეგრავი) ოდენობით 2016 წლის 1 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მოსარჩელე ნ---- ვ-------–---–-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა;
5. სს „კ--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 260 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე
თეა ბერაია