გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34033-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე: შპს „მ---------–---------ი“
მოსარჩელის წარმომადგენლები: ქ------- ქ---------ე, თ------ გ---------ე
მოპასუხე: გ------- ქ------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი: მ------ შ-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ქ------–---–ს შპს „მ---------–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 5 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 26 მარტს შპს „მ---------–---------სა“ და გ------- ქ------–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, გ------- ქ------–---–ის გაყიდვების ოპერატორისა და საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე.
სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის აგვისტოში დამსაქმებლისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------- ქ------–---–ი მოვალეობის შესრულების პარალელურად შპს „მ---------–---------ის“ კლიენტებს სთავაზობდა კონკურენტი კომპანი(ებ)ის მომსახურებას, ტარიფებს და მიმზიდველად უსახავდა კონკურენტი კომპანიების მომსახურეობას, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მოპასუხე აქტიურად ეკონტაქტებოდა ასევე შპს „ს------ს“ საქმესთან დაკავშირებით მის მენეჯერს დ------- ა-----–---ს, რომელსაც მოზიდვის მიზნით თავისი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით შესთავაზა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება.
როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ 2018 წლის 24 აგვისტოს დაარეგისტრირა გადამზიდი სატრანსპორტო კომპანია შპს „ს--–-----“, რომელიც მოსარჩელის იდენტურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის 100% წილის დამფუძნებელი და დირექტორი თავად გ------- ქ------–---–ია. აღნიშნული ქმედებაც, მოსარჩელე მხარის განმარტებით, წარმოადგენს ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის დარღვევას.
2018 წლის 24 აგვისტოს დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
ამდენად, სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია იმგვარად გამოიყენა, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც წარმოადგენს გ------- ქ------–---–ისთვის 5 000 ლარის დაკისრების საფუძველს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------- ქ------–---–მა არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
მოპასუხე არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა არ ეთანხმება სარჩელში არსებულ გარემოებას, თითქოს მოსარჩელე კომპანიაში მისი მოვალეობის შესრულების პარალელურად კომპანიებს სხვა მომსახურებას სთავაზობდა.
დ------- ა-----–---სთან დაკავშირებით გ------- ქ------–---–ი განმარტავს, რომ აღნიშნული პირი იყო კომპანიის კლიენტი, რომელთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას და შესაბამის სამუშაოებს გადაზიდვებთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგაც, მოსარჩელე ადასტურებს, რომ დაურეკა დ. ა-----–---ს, ტვირთის მდგომარეობის მოსაკითხად და აქვე უთხრა, რომ აღარ იყო „მ---------–---------ის“ თანამშრომელი, თუმცა მომავალში ითანამშრომლებდა მასთან სიამოვნებით.
გათავისუფლების თარიღთან დაკავშირებით შესაგებელში მითითებულია, რომ იგი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან 2018 წლის 24 აგვისტოს, როცა გაფორმებულია ბრძანება, არამედ ბევრად გამოუშვეს სამსახურიდან, ვინაიდან უარი თქვა ფლაერების დარიგებაზე.
გ------- ქ------–---–ი ადასტურებს, რომ დააფუძნა შპს „ს--–-----“ 2018 წლის 24 აგვისტოს, თუმცა, მისთვის გაუგებარია რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ კომპანია ახორციელებს იგივე საქმიანობას,მოპასუხე ასევე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ გარემოებას, თითქოს მოსარჩელესთან მუშაობის 4 თვიან პერიოდში მიიღო ისეთი გამოცდილება, რომ მოახერხებდა მისთვის კლიენტების ჩამოშორებას. მისი განმარტებით, მოსარჩელესთან მუშაობამდე დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში და გამოცდილებაც საკმარისზე მეტი გააჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ერთის მხრივ შპს „მ---------–---------ს“ და მეორეს მხრივ გ------- ქ------–---–ს შორის 2018 წლის 26 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N0--.
ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, გ------- ქ------–---–ი დასაქმებული იყო გაყიდვების ოპერატორისა და საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ხელშეკრულება იყო ვადიანი, კერძოდ კი, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21)
3.1.2. გ------- ქ------–---–ი არის 2018 წლის 24 აგვისტოს დაფუძნებული კომპანიის - შპს „ს--–-----“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 შპს „მ---------–---------ის“ დირექტორის თ------ი გ---------ის 2018 წლის 24 აგვისტოს #1 ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა გ------- ქ------–---–თან.
ბრძანების მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის დარღვევის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. მისი განმარტებით, 2018 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებიდან, კერძოდ კი 13 აგვისტოდან, გ------- ქ------–---–ი არ გამოცხადებულა სამსახურში და შეწყვიტა მუშაობა. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სწორედ მოსარჩელის მოქმედებამ გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც გახლავთ იმის თქმის საფუძველი, რომ სწორედ 37.1.“დ“ მუხლი გახლავთ დამსაქმებლის მხრიდან გამოყენებული.
რაც შეეხება ბრძანების გამოცემის თარიღს, მოპასუხე განმარტავს, რომ ბევრად ადრე მოხდა მისი გათავისუფლება, ვიდრე 24 აგვისტოა, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეილზე მიწერილი წერილით, სადაც იგი 2018 წლის 16 აგვისტოს ითხოვდა გათავისუფლების კონკრეტული მიზეზის ახსნა-განმარტებას და დავალიანების ჩარიცხვას.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში სადავო გარემოებას წარმოადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობდა მისთვის სამსახურის დატოვების შემდეგ 6 თვის მანძილზე დასაქმების აკრძალვას იმავე საქმიანობის ფარგლებში, რასაც ეწევა დამსაქმებელი. სხვა გარემოება, მათ შორის გათავისუფლების ბრძანების კანონიერება და აუნაზღაურებელი ხელფასი არ არის სადავო. ამდენად, სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში სწორედ ხსენებულ სადავო ფაქტზე იმსჯელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 22);
- წერილი (ს.ფ. 58)
3.2.2 გ------- ქ------–---–ს არ ეკისრება მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტით და საქართველოს შრომის კოდექსის 46.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება შპს „მ---------–---------ის“ სასარგებლოდ.
2018 წლის 26 მარტის შრომითი ხელშეკრულების 2.4.7 პუნქტში მითითებულია შემდეგი: „დასაქმებულს არ აქვს უფლება პარალელურად დაკავდეს იგივე საქმიანობით (საერთაშორისო გადაზიდვებსა თუ სატრანსპორტო სეგმენტში) და ეწეოდეს დამოუკიდებლად ისეთ საქმიანობას, რასაც ეწევა დამსაქმებელი., დასაქმებულს არ აქვს უფლება დასაქმებულის ან მისი ნებით სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში დაკავდეს იგივე საქმიანობით რა საქმიანობასაც ეწეოდა დამსაქმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში) მას დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.“
სადავო საკითხი ეხება საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ შეზღუდვას, რომელიც დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას, დაუწესოს დასაქმებულს შრომითი საქმიანობის შეზღუდვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ. მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემდეგი გარემოებები:
შრომით ურთიერთობაში წარმოდგენილი შეზღუდვის არსებობა გამართლებულია დამსაქმებლებს შორის კონკურენციისა და ამასთან, დასაქმებულის მხრიდან ლოიალობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე. შედეგად, დასაქმებულს შეიძლება შეეზღუდოს მესამე პირის (განსაკუთრებით კონკურენტის) სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების უფლება. დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის კონკურენტის სასარგებლოდ სამუშაო შესრულების უფლების შეზღუდვა მოქმედებს არა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის მოქმედების დროს, არამედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ ადგენს ცალსახად, რომ გ------- ქ------–---–ი ეწევა იმავე საქმიანობას, რასაც შპს „მ---------–---------ი“. ამასთან, რაც კიდეც უფრო მნიშვნელოვანი და ცალსახა გარემოებაა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არის ის უდავო გარემოება, რომ მოსარჩელეს დასაქმების შეზღუდვისთვის გ------- ქ------–---–ისთვის არ გადაუხდია ანაზღაურება, არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. აღნიშნულზე მოსარჩელე განმარტავდა, რომ მოპასუხეს ეს თავად არ მოუთხოვია, მაგრამ საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს ამ წინაპირობას და აღნიშნულს ვერ გააბათილებს მოსარჩელის პოზიცია. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს, დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე, რაც შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კერძოდ, დასაქმებულმა უნდა იცოდეს იყენებს თუ არა ყოფილი დამსაქმებელი დასაქმების შეზღუდვის პირობას ანაზღაურების სანაცვლოდ, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა დაგეგმოს მისი მომავალი საქმიანობა.
ამდენად, გაუმართლებელია მოპასუხეს დაუწესდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იმის გამო, რომ მან დააარსა კომპანია, სავარაუდო მსჯელობით იგივე სფეროში, ვინაიდან მითითებული ნორმა მოითხოვს ორივე მხარის მხრიდან ვალდებულების ურთიერთშესრულებას. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მან აუმოქმედა მოპასუხეს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობა, რაც გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ---------–---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლები;
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 46-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც საერთაშორისო, ასევ ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია შრომის უფლება და დასაქმებულთა გარანტიები.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
სშკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ (მათ შორის საქმეებზე: სუსგ №ას-426-402-2013, სუსგ №1194-2018) განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი) ყოველ ფიზიკურ ანდა იურიდიულ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. კანონმდებლობით დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება, თუმცა საგულისხმოა მიზანი, რისთვისაც ხორციელდება შეზღუდვის დაწესება. სწორედ ამ თვალსაზრისით აწესებს შრომის კოდექსის 46-ე მუხლი შეზღუდვის მიზანს და ადგენს, რომ შეზღუდვა პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს მხარის ინტერესებიდან, უნდა იყოს გონივრული და ამ ინტერესების პროპორციული.
სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. თუმცა, აღნიშნული შეზღუდვის ასამოქმედებლად დამსაქმებელმა მთელი რიგი გარემოებები უნდა დაადასტუროს და არ უნდა მოხდეს ნორმის გამოყენება ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ასეთი სარჩელების მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მისი კომპანიიდან მიღებულ გამოცდილებას, ცოდნას და კვალიფიკაციას რეალურად იყენებს კონკურენტი ორგანიზაციის სასარგებლოდ. მოსარჩელე მხარემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ მან მოპასუხეს აცნობა დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე, ასევე შეზღუდვის სანაცვლოდ იგი დასაქმებულს უხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნამდვილად განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას დასაქმებულზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუკი დასაქმებული არღვევს შრომის ხელშეკრულებით დადგენილ დასაქმების შეზღუდვის პირობას. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ დამსაქმებელს არ უცნობებია დასაქმებულისათვის დასაქმების შეზღუდვის თაობაზე, ასევე უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს დასაქმების უფლების შეზღუდვის პერიოდში არ გადაუხდია ანაზღაურება მოპასუხისთვის, არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მ---------–---------ის“ მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „მ---------–---------ის“ სარჩელი მოპასუხე გ------- ქ------–---–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური