გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210018002650899
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/128147-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: შპს ''---–----'';

წარმომადგენელი: უ--------–---–-;

მოპასუხე: შპს ''ი--------ი'';

წარმომადგენელი: შო------------ე;

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს "ი--------ის" შპს ''---–----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 12 778.20 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს "ი--------ის" შპს ''---–----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის ოქტომბრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხის - 572 ლარის და 2018 წლის ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე - 6.39 ლარის ოდენობით გადახდა.

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ''---–---სა'' და შპს ''ი--------ს'' შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც შპს ''ი--------ის'' დავალიანება შპს ''---–----ს'' მიმართ წარმოადგენს - 12 778.20 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ურთიერთშეთანხმების აქტი მხარეთათვის წარმოადგენს საავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტს, რაც დასტურდება ორივე მხარის ხელმოწერით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ''---–----ს'' მიერ ვალდებულება, როგორც გამყიდველის შესრულებულია, კერძოდ, საქონელი მიწოდებულია სრულყოფილად, ხოლო მოვალის მიერ ვალდებულებები ძირითად ნაწილში შეუსრულებელია. მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ 4800 ლარი, შესაბამისად მისი დავალიანება შეადგენს - 12 778.20 ლარს. ურთიერთშეთანხმების აქტით, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.05 %-ის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის დავალიანების გადაუხდელი ნაწილის და თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ''ი--------მა'' სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 9061.20 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელეს აქვს შპს ''თ---–--------------ის'' მიმართ ავანსად გადახდილი თანხის დავალიანება - 3717 ლარის ოდენობით, რომლის კაპიტალის 100%-ის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი არის გ-----------------–---–ი, პირი რომელიც ასევე არის შპს ''ი--------ის'' კაპიტალის 100%-ის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი. შესაბამისად ვინაიდან მოსარჩელეს არ სურდა ავანსად მიღებული თანხის უკან დაბრუნება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ზემოთ აღნიშნულ თანხას 3717 ლარს, რომელიც თავად ჰქონდა გადასახდელი შპს ''თ---–-------------------ის'', ჩაუთვლიდა არსებული დავალიანების დასაფარ თანხაში. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ''---–----'' და მოპასუხე შპს ''ი--------ი'' იმყოფებოდნენ ერთმანეთთან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ამ ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის 2018 წლის 12 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც შპს ''ი--------მა'' შპს ''---–----ს'' წინაშე აღიარა დავალიანების 17 578.20 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტი და გამოთქვა მზადყოფნა შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად დაეფარა დავალიანება 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ შპს ''ი--------ი'' არ შეასრულებდა გრაფიკით განსაზღვრულ ვალდებულებებს დადგენილ ვადაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაფარა აღიარებული დავალიანების თანხის 17 578.20 ლარის ნაწილი - 4800 ლარის ოდენობით, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს - 12 778.20 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგაბელი, სხდომის ოქმი.

- 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე-418-ე, 477-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამდენად, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

 

მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება აიღო გადაეხადა დავალიანება. კერძოდ, მან ფაქტიურად აღიარა ვალი. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება, თავისი შინაარსით ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი მიმართულია არა ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების წარმოშობისაკენ, არამედ ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, დაფაროს უკვე არსებული დავალიანება. დაუშვებელია, რომ ვალის აღიარება ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს, ამიტომ იგი უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ზემოთ მითითებული დებულების პირველი წინადადება, სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენის ვალის აღიარებად მიჩნევისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს. პირველი, ნების გამოვლენიდან ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე. წერილობითი ფორმით არსებული დოკუმენტით გარკვევით უნდა იკითხებოდეს ვალდებულების არსი, მოცემულ შემთხვევაში - მოვალის გადასახდელი თანხის ოდენობა. ამგვარი ტიპის ხელშეკრულებაში, დაუშვებელია ისეთი ფრაზების მითითება, რომლებიც ბუნდოვანს ან გაურკვეველს გახდის მის შინაარსს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ყოველი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, იგი მოიცავს ამღიარებლის მზადყოფნას, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ დროში. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი დათქმა, თავისთავად, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ვალდებული პირი შებოჭილია კონკრეტული თარიღით, არამედ ის შეიძლება ასევე რაიმე მოვლენას უკავშირდებოდეს. მთავარია, რომ მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ განსაზღვრულ ვადებში ვალდებულების შესრულების სურვილი და რაც არსებითი და მნიშვნელოვანია ვალის აღიარება, როგორც გარიგება, უნდა იყოს მხარის უშუალო ნების გამოხატულება და მისი დამოუკიდებელი მოქმედების შედეგი - ხელწერილი თუ ობიექტურად არსებული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი და უნდა ასახავდეს მხარის სურვილს, დამოუკიდებელ ნებას, შეასრულოს არსებული ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და მისი შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. არსებული სასამართლო დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა განისაზღვროს ხელშემკვრელი მხარეები და შესაბამისად, ის თუ ვის წარმოეშობა კონკრეტული ვალდებულებები მოახდინოს დავალიანების დაფარვა. მოცემული 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად, სუბიექტებს წარმოადგენენ შპს ''---–----'' და შპს ''ი--------ი''.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მის მიერ არ არის დავალიანების თანხა დაფარული სრულად, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების თანხის - 12778.20 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ შპს ''ი--------ი'' არ შეასრულებდა გრაფიკით განსაზღვრულ ვალდებულებებს დადგენილ ვადაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2018 წლის ოქტომბრამდე 572 ლარის ოდენობით და 2018 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6.39 ლარის ოდენობით, სულ - 106 დღეზე - 1249.34 ლარის ოდენობით მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი - 9061.20 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, რის გამოც ამ ნაწილის პროპორციულად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს არ დაეკისრება. ამასთან, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი ზედმეტად აქვს გადახდილი, კერძოდ ნაცვლად 470.56 ლარისა გადახდილი აქვს - 614 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 415.27 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც არ ცნო მოპასუხემ, ამასთან დაკმაყოფილდა, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 198.73 ლარის გადახდა. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით საერთო ჯამში - 560 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''---–----ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ''ი--------ის'' მოსარჩელე შპს ''---–----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს დავქლიანების ძირითადი თანხის - 12 778.20 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''ი--------ის'' მოსარჩელე შპს ''---–----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 1249.34 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს ''ი--------ის'' მოსარჩელე შპს ''---–----ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 198.73 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 560 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ''---–----ს'' (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს უ--------–---–-ს მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს (საგადახდო დავალება N1) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 614 ლარის ნაწილი - 415.27 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ რეკვიზიტებზე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი