გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210016001509346
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

N 2/28728-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.12.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - ზ------ ყ------ი

წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–ი

მოპასუხე - სსიპ ს-------------------------------–------------

წარმომადგენლები: დ----- დ----ე, ვ------- ბ----–---–ი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა;

განაცდურის ანაზღაურება; პირგასამტეხლოს დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ - ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 22 აგვისტოს N3----- ბრძანება მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. მოსარჩელე ზ------ ყ------ი აღდგენილ იქნას სსიპ - ს-------------------------------–------------ს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე სსიპ - ს-------------------------------–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან განთავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1550 ლარის ოდენობით.

 

1.4. მოპასუხე სსიპ - ს-------------------------------–-----------ს მოსარჩელის ზ------ ყ------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 0.07% ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, სამსახურში აღდგენამდე;

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა სსიპ ს-------------------------------–-----------ში 2010 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი მეუღლეც მუშაობდა ს-------------------------------–-----------ში, სსიპ-ის დაარსებით დღიდან. 2016 წლის 13 ივლისს, შიდა კონტროლის სამსახურმა თავმჯდომარის ჩართულობით და უშუალო მითითებით დაიწყო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება. დისციპლინური წარმოების შედეგად მიღებული დასკვნა დაეფუძნა მცდარ ინფორმაციას და საბოლოოდ მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მეუღლეზე, სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე ახორციელებდა ზეწოლასა და შევიწროებას სამი წლის განმავლობაში, რაც საბოლოო ჯამში გახდა საფუძველი მისი მეუღლის მიერ სამსახურის დატოვებისა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური საფუძველი.

 

მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლებით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა შრომით კანონმდებლობის დაცვით, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. კერძოდ, ზ------ ყ------ი 2016 წლის 13 ივლისს 16:42 საათზე, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა სამსახურში ძაღლთან ერთად. ასევე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 13 ივლისს, ს-------------------------------–------------ს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, ს-------------------------------–------------ს რიგი თანამშრომლების მხრიდან შრომის დისციპლინის, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე. საქმის გარემოებების დაზუსტების მიზნით, სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურმა შეისწავლა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მითითებული ფაქტები და სააგენტოში დაცული მონაცემები. ასევე, ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ ზ------ ყ------ის ხელმძღვანელ პირებს ი---- ც---–--ეს, მ------ ა----–--ეს, გ------- პ-------–---–ს, ჯ------ ა-------ეს, ბ---- ჩ-------ა და თავად ზ------ ყ------ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დადასტურდა მოსარჩელის მიერ სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ძაღლთან ერთად გამოცხადების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი ვალდებულებები და ეთიკის ნორმები, რის გამოც მისი სამსახურიდან გათავისუფლება საფუძვლიანი და კანონიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ს-------------------------------–-----------ში 2010 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე. ს-------------------------------–------------ს თავმჯდომარის 2010 წლის 14 აპრილის N4---- ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში ასისტენტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით და მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1550 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2010 წლის 14 აპრილის N4---- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. ს-------------------------------–------------ს თავმჯდომარის 2016 წლის 22 აგვისტოს N3----- ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორს ზ------ ყ------ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა -თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2016 წლის 22 აგვისტოს N2-- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. 2016 წლის 18 აგვისტოს, ს-------------------------------–------------ს მიერ მიღებულ იქნა დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ზ------ ყ------მა ჩაიდინა სააგენტოს შინაგანაწესის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები, კერძოდ სააგენტოს საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის, ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა; სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სააგენტოს ავტორიტეტს; შრომის დისციპლინის დარღვევა; საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- 2016 წლის 18 აგვისტოს დასკვნა;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, კერძოდ, სამსახურში გამოცხადდა დაგვიანებით, ნასვამ მდგომარეობაში, ძაღლთან ერთად, რაც წარმოადგენს ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მის მიერ სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადებაში საკუთარ ძაღლთან ერთად, რაც აკრძალულია როგორც შინაგანაწესით, ასევე დასაქმებულთან გაფორმებული შრომით ხელშეკრულებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა დაარღვია გარკვეული ეთიკის ნორმები და შრომითი ვალდებულებები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია დასკვნა ს-------------------------------–------------ს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ 2016 წლის 13 ივლისს, ზ------ ყ------ი სამსახურში გამოცხადდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ძაღლთან ერთად, რომელმაც დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა თბილისის იუსტიციის სახლის ვიზიტორებს. ზ------ ყ------ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადასტურების საშუალებას იძლევა ის გარემოებები, რომ მისი მოქმედებები იყო არაადეკვატური და მან თავი აარიდა სათანადო ექსპერტიზის ჩატარებას, რაც გამოიხატა შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის შეთავაზებაზე უარით. ასევე გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ მისგან იგრძნობოდა ალკოჰოლის სუნი და ჰქონდა ნასვამი ადამიანისთვის დამახასიათებელი ქცევები. ამასთან ზ------ ყ------ის განმარტება, რომ შიდა კონტროლის სამსახურის მოთხოვნაზე ჩატარებულიყო ალკოჰოლურ თრობაზე მისი შემოწმება მან განაცხადა თანხმობა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მისი მხრიდან უარი, როგორც ალკოჰოლური თრობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ჩატარებაზე, ასევე შიდა კონტროლის სამსახურისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე დადასტურებულია ი.ც---–--ის, მ.ა----–--ის და გ.პ-------–---–ის განმარტებებით (იხ. 2016 წლის 13 ივლისის დასკვნა, ს.ფ. 156-162).

 

უდავოდ დგინდება, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, ს-------------------------------–------------ს მიერ მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც,ზ------ ყ------მა ჩაიდინა სააგენტოს შინაგანაწესის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები, კერძოდ სააგენტოს საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის, ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა; სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სააგენტოს ავტორიტეტს; შრომის დისციპლინის დარღვევა; საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხნენ ს-------------------------------–------------ს თანამშრომლები, მათ შორის ის პირებიც ვისაც ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მომხდარ სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მოწმეებმა დაადასტურეს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, მოსარჩელის მიერ ნასვამ მდგომარეობაში საკუთარ ძაღლთან ერთად სამსახურში გამოცხადების ფაქტი.

 

მოწმე ბ---- ჩირაძემ, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურში მოვიდა მთვრალი, დაცვის პოლიციას ჰქონდა მოსარჩელესთან კამათი, რა დროსაც მოწმე მივიდა ზ------ ყ------თან, რომელსაც ჰყავდა ძაღლი თოკით. მათ სთხოვეს მოსარჩელეს გაეყვანა ძაღლი, თუმცა მოსარჩელემ საერთოდ გაუშვა ძაღლი, მოქალაქეებით სავსე სივრცეში, რომელიც შემდგომ დაიჭირეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა და გაიყვანეს გარეთ. შემდგომში მოსარჩელემ აღნიშნული ძაღლი დააბა თოკით, ზ------ ყ------ს ეტყობოდა ვიზუალურადაც, რომ იყონასვამი და ასევე ჰქონდა ალკოჰოლის სუნი. მოწმემ შეატყობინა საჯარო რეესტრის კონტროლის უფროსს ნ-----------------ეს. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე იქცეოდა არაადეკვატურად, დაადასტურა, რომ არ შეიძლებოდა ძაღლის შენობაში შემოყვანა, ვინაიდან შენობა იყო მოქალაქეებით სავსე.

 

მოწმე ჯ------ ა-------ემ, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თანამშრომელს, მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბ---- ჩ------ე ესაუბრებოდა მოსარჩელეს და თხოვდა გარეთ გასულიყო რადგან ძაღლით შენობაში შესვლა არ შეიძლებოდა, მოსარჩელე არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და გახდა აგრესიული, ძაღლს ხელი გაუშვა, რის შედეგადაც ძაღლმა დაიწყო სირბილი დარბაზში, სადაც უამრავი მოქალაქე იყო, რამაც გამოიწვია მოქალაქეების შეშფოთება. მათ დაიჭირეს ძაღლი და გაიყვანეს გარეთ. მოსარჩელეს მკაფიოდ ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი და იქცეოდა არაადეკვატურად, იგი იყო აგრესიული და ადებდა თავს თავზე უსაფრთხოების თანამშრომლებს. მოქალაქეებში შეიქმნა პანიკა. მოწმემ დაადასტურა, რომ არ შეიძლებოდა ძაღლის შენობაში შემოყვანა, ვინაიდან შენობა იყო მოქალაქეებით სავსე.

 

მოწმე ნ-----------------ემ, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის სამსახურის უფროსს, მის მიერ მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ პასუხისმგებელია დისციპლინაზე და წესრიგზე შენობაში, თანამშრომლების დასწრებაზე, მათ სამსახურებრივ გადაცდომაზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ბ---- ჩ------ე დაუკავშირდა მას და ჰკითხა იყო თუ არა ვინმე თანამშრომელი გვარად ყ------ი, ვინაიდან აღნიშნულმა პიროვნებამ შენობაში მოიყვანა ძაღლი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ცდილობდა შესულიყო შენობაში. როცა ჩავიდა დაინახა, რომ მოსარჩელე მაგიდის ქვეშ იყო ჩამალული, რის შემდეგად დაურეკა მის უშუალო ხელმძღვანელს ც---–--ეს. მოსარჩელე გამოიყურებოდა უცნაურად, აშკარად ეტყობოდა ნასვამი იყო, წითელი ფერი ჰქონდა სახეზე. მისმა მოადგილემ განუმარტა მოსარჩელეს, რომ აღნიშნული ქმედება იყო დასჯადი, რის შემდეგაც დაიწყო ორ საათიანი კოშმარი, მოსარჩელე აცხადებდა რომ იყო ფხიზელი. მოწმემ შესთავაზა მოსარჩელეს ექსპერტიზაზე წასვლა იმის დასადგენად იყო თუ არა რეალურად ნასვამი, რომელზეც მოსარჩელე არ დათანხმდა. მოწმე აცხადებს რომ საუბარი იყო მეგობრული, კოლეგიალურ ფორმატში.

 

მოწმე გ------- პ-------–---–მა, რომელიც წარმოადგენს ს-------------------------------–------------ს პროექტების მიმართულების ხელმძღვანელს, მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2010 წლიდან იცნობს მოსარჩელეს და იყო მისი უშუალო უფროსი. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელე იყო ნასვამი და და ჰქონდა სპეციფიური სუნი. მოსარჩელე ადრეც ყოფილა ნასვამი, თუმცა მოწმე აცხადებს, რომ არ გამოუყენებია მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები და შესაძლოა ეს არ იყო სწორი მისი მხრიდან. მოწმე უთითებს, რომ როცა მოსარჩელე ნასვამი იყო სახლში უშვებდა ხოლმე, ამასთან ადასტურებს რომ იმ დღეს მოსარჩელე ნამდვილად იყო ნასვამი.

 

მოწმე ი---- ც---–--ემ, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დაადასტურა, რომ მოსარჩელე იყო კარგად მთვრალი, ვინაიდან მან თავად ნახა იგი და ეტყობოდა რომ ფეხი ერეოდა ასევე ჰქონდა ალკოჰოლის სუნი. კითხვებზე სცემდა არაადეკვატურ პასუხებს.

 

მოწმე ლ---- ს-----–--ემ, რომელიც წარმოადგენს ს-------------------------------–------------ს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსს, დაადასტურა ასევე, რომ მოსარჩელე იყო ნასვამი და იქცეოდა არაადეკვატურად. ასევე მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე გაიქცა და ტელეფონი დატოვა, რომელიც მან ჩაუტანა მოსარჩელის მეუღლეს.

 

მოწმე მ------ ა----–--ემ, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის უშუალო უფროსს 2011 წლიდან, მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურში მოვიდა ნასვამი, მას სთხოვეს ექსპერტიზის ჩატარება ნასვამობასთან დაკავშირებით რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. მოწმემ მიუთითა, რომ სამსახურში არ იყო ჩვეულებრივი სიტუაცია, მოსარჩელემ ენა გამოუყო მას, რაც არ იყო მისი მხრიდან სათანადო საქციელი. იგი არ იყო ფხიზელი, იქცეოდა არაადეკვატურად, ჰქონდა ალკოჰოლის სუნი.

 

მოწმე ეკ---------–---მ, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მიუთითა, რომ ზ------ ყ------ის მეუღლე არის მისი მეგობარი. 13 ივლისს, მოწმეს დაუკავშირდა სააგენტოს უფროსი, რომელმაც განუცხადა, რომ ზ------ ყ------ი იყო ნასვამი მოსული საკუთარ ძაღლთან ერთად, ჩადით და განმუხტეთ სიტუაციაო. მოწმემ დაურეკა მოსარჩელის მეუღლეს და ჩააყენა საქმის კურსში. როცა ჩავიდა ქვემოთ, დაინახა რომ დერეფანში იდგნენ მოსარჩელე, ნ-----------------ე, ც---–--ე, პ-------–---–ი. მოწმემ იკითხა იყო თუ არა მშვიდობა რაზეც მოსარჩელემ უპასუხა მშვიდობააო. ნ-----------------ემ მოწმეს უთხრა ჩვენ თვითონ მოვუვლით სიტუაციასო. მოწმე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ჩვეულებრივად დადიოდა თუმცა ზუსტად ვერ იტყვის იყო თუ არა იგი ნასვამი. მოწმემ განაცხადა, რომ იგი მეგობრობდა როგორც სააგენტოს უფროსთან, ასევე მოსარჩელის მეუღლესთან. ზ------ ყ------ს ხშირად არ ხვდებოდა და ყურმოკვრით გაუგია სააგენტოს უფროსისაგან მისი სიმთვრალის შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებისა და 2016 წლის 18 აგვისტოს, ს-------------------------------–------------ს დასკვნის საფუძველზე ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო ნასვამ მდგომარეობაში და ამასთან სამსახურში მივიდა დაგვიანებით, ძაღლთან ერთად, იგი იქცეოდა არაადეკვატურად, რაც მოწმეთა ჩვენებებით შესამჩნევი იყო იუსტიციის სახლში მყოფი უამრავი მოქალაქისათვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მომსახურების სივრცეში ძაღლის გაშვებამ გამოიწვია მოქალაქეების შეშფოთება და უკმაყოფილება. სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტიც, რომ ყველა მოწმემ დაადასტურა მოსარჩელის ალკოჰოლური ზომოქმედების ქვეშ ყოფნა და ამასთან, თავად მოსარჩელის მოწმემაც მიუხედავად იმისა რომ არ დაადასტურა, არც უარყო მოსარჩელის ნასვამობის შესახებ ფაქტი. გარდა ამისა, მითითებულმა მოწმემ აღნიშნა, რომ ყურმოკვრით სმენია მოსარჩელის მიერ სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადების ფაქტების თაობაზე, რაც ამყარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ნამდვილად არღვევა შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რაც შეეხება, დარღვევის ხარისხს, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე არაერთხელ გამოცხადებულა სამსახურში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ბოლო შემთხვევა მოხდა უამრავი მოქალაქის თანდასწრებით, რა დროსა მან მომსახურების სივრცეში ძაღლის გაშვებითა და არაადეკავტური ქცევით მიიპყრო მოქალაქეების ყურადღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის ძირითად დოკუმენტს წარმოადგენდა შრომითი შინაგანაწესი, რომელიც განსაზღვრავდა მოსარჩელის ვალდებულებებს. გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ შინაგანაწესით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა და მას მოეთხოვებოდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით დაცვა. შესაბამისად ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები (იხ. 3.2.1. სავადო ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა პირად ანგარიშსწორებას, რაც საფუძველი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისთვის, როგორც შემდგომში ცნობილი გახდა, ს-------------------------------–------------ს თავმჯდომარე ავიწროებდა და ამცირებდა მოსარჩელის მეუღლეს, რომელიც მუშაობდა ს-------------------------------–-----------ში და სწორედ მოსარჩელის მეუღლის მიერ სააგენტოს თავმჯდომარის მიმართ შეტანილი საჩივარი გახდა მოსარჩელესთან პირადი ანგარიშსწორების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებიდან, კერძოდ სახალხო დამცველის 2017 წლის 03 მაისის რეკომენდაციიდან ირკვევა, მოსარჩელის მეუღლემ სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა 2016 წლის 29 აგვისტოს, ხოლო მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა მანამდე, სანამ მისი მეუღლე მიმართავდა განცხადებით სახალხო დამცველს, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება პირად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, ასევე სახეზე არ არის ანაზღაურების ან ანგარიშსწორების დაყოვნება, მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ზ------ ყ------ის სარჩელი სსიპ ს-------------------------------–------------ს მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 22 აგვისტოს #3----- ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია