გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.02.2019
საქმის ნომერი
330310018002742425
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7506-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - ი-–-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან (მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან) გათანაბრების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 22.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:08:27).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 19 სექტემბერს შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის სახელზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია (№-------).

 

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1----–-–-----------ის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 51).

 

3.1.2. საქმეზე დადგენილია, რომ 2004 წელს, შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაიცა დიპლომი №---------- (-------------–------) მასზედ, რომ 2004 წელს ი-–-----------–-–---–მა დაამთავრდა შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის ი-----------–------------------------–-----ის სრული კურსი სა--------–-–----------------------ის (ი---------------------ის) სპეციალობით და სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიის 2004 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ი----------------------------------------ის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიპლომი №---------- (ს------------–-----) (ს.ფ. 49).

 

3.1.3. 2018 წლის 27 სექტემბერს ი-–-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე 2004 წელს გაცემული უმაღლესი განათლების №---------- (-------------–------) დიპლომის ნადვილობის დადასტურება და მისი მაგისტრის დიპლომთან გათანაბრება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 42-47).

 

3.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით დაადასტურა უმაღლესი განათლების №---------- (-------------–------) დიპლომის ნადვილობა. ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ ი-–------------–-–---–ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა მხოლოდ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-58).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-–-----------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნების თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდატებს.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელწიფო დოკუმენტი-დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს ი-–-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე 2004 წელს გაცემული უმაღლესი განათლების №---------- (-------------–------) დიპლომის ნადვილობისა და მისი მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების დადასტურება.

 

,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით დადასტურდა უმაღლესი განათლების №---------- დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებით ცენტრმა მიიჩნია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუქტიდან გამომდინარე, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. ამდენად, ი-–-----------–-–---–ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

6.5. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაიცა №---------- დიპლომი მასზედ, რომ 2004 წელს ი-–-----------–-–---–მა დაამთავრა შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის ი-----------–------------------------–-----ის სრული კურსი სა--------–-–----------------------ის (ი---------------------ის) სპეციალობით და სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიის 2004 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ი----------------------------------------ის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილების იმ შინაარსზე, რომლის თანახმადაც, „ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ი წარმოადგენდა საქართველოში აღიარებული უმაღლესი განათლების №---------- დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადგენდა ი-–-----------–-–---–ის სწავლის პერიოდის სახელმწიფო აღიარების გამომრიცხველ გარემოებას.“ მიუხედავად აღნიშნული მსჯელობისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. ამდენად, ი-–-----------–-–---–ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.“ ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხემ დაადგინა, რომ აღნიშნული დიპლომის საფუძველზე, ი-–-----------–-–---–ს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ადასტურებს ი-–-----------–-–---–ის სწავლის პერიოდის სახელმწიფო აღიარების გამომრიცხველი გარემოების არ არსებობას, ასევე სწავლის უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში გაგრძელების შესაძლებლობას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება, რომ ი-–-----------–-–---–მა დაასრულა ხუთწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლში (მე-8 პუნქტი) ცვლილება შესულია 2005 წლის 13 მაისს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ 2004 წლის 13 ივლისს გაცემულ დიპლომზე, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–-----------–-–---–მა დაამთავრა თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ი და მის სახელზე გაიცა №---------- დიპლომი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „გ“ პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ძირათად მიზანს წარმოადგენს პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. ამდენად, უმაღლესი განათლების მიზანი - კვალიფიკაცია - მოსარჩელესთან მიმართებაში დადასტურებულია, მის მიერ წარმატებითაა დაძლეული შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებისათვის დადგენილი პროგრამა, რაც სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღშნულიდან გამომდინარე, სასამართლო №---------- დიპლომის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი-–-----------–-–---–მა დაასრულა ხუთწლიანი (1--------წ.) საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების №---------- დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-----------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირვი აქტი, შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ 2004 წელს ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან (მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან) გათანაბრდების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-–-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შპს თ---–-----------------------–---–----------------------------------------------ის მიერ 2004 წელს ი-–-----------–-–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი №---------- დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის დიპლომს (მაგისტრის აკადემიურ ხარისხს);

 

4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს, ი-–-----------–-–---–ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე