განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100117001775274
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2---17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-------–-------ვა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ-------------------–---ძე (დაბადებული - 19---–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------------2----------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 20---–-–-ს 05--------ს, ქ.თბილისში, ჯა-------------------–- მდებარე საბანკეტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ--- წ----ემ ურთიერთშელაპარაკების დროს გი------ ფა-–---ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, თავი დაარტყა ცხვირის არეში და შემდგომ ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რის შედეგადაც გი------ ფა-–---ამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მო--წილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ჯ--- წ----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მო--წილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ--- წ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულ გი------ ფა-–---ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით უცნობია მისი ადგილსამყოფელი), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მუშაობდა ქ. თბილისში, ჯა-------------------–- მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–-ას“ დამხმარედ, კერძოდ, ევალებოდა პროდუქტებით მომარაგება. 2014 წლის თებერვლის თვეში, აღნიშნული საბანკეტო დარბაზის პირველ სართულზე არსებული პურის საცხობი იქირავა ჯ--- წ----ემ და მას ამუშავებდა ივლისის თვემდე, ხოლო ივლისიდან მან შეწყვიტა მისი ფუნქციონირება და დაკეტა თონე. ვინაიდან ჯ--- წ----ე აღარ ამუშავებდა თონეს, დარბაზის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თვითონ აემუშავებინა იგი, რის გამოც, ისინი უკავშირდებოდნენ ჯ--- წ----ეს და სთხოვდნენ, რომ გაეღო თონე და წაეღო თავის ინვენტარი, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, იგი არ მიდიოდა მათთან და არ მიჰქონდა თავისი ინვენტარი. აღნიშნულის გამო, ნოემბრის თვეში, მათ თავიანთი ძალებით გააღეს თონის კარები, კერძოდ, გადაჭრეს მასზე დადებული ბოქლომი და ჯ--- წ----ის კუთვნილი ინვენტარი შესანახად გადაიტანეს სამსახურის მარანში. 20---–-–-ს 05--------ს, დაახლოებით 13:00 საათზე, იგი იმყოფებოდა საბანკეტო დარბაზში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მენეჯერთან - ნო-- ს------–--ესთან მივიდნენ ჯ--- წ----ის დედა და ძმა და ითხოვდნენ თავიანთი სასწორის წაღებას, მაგრამ ვინაიდან მარანის გასაღები ჰქონდა მათ თანამშრომელ - გი------ ჯა------ეს, მენეჯერმა ისინი სხვა დროისთვის დაიბარა, ასევე, ნო-- ს------–--ემ ჯ--- წ----ის ოჯახის წევრები მასთან (გი------ ფა-–---ასთან) ერთად ჩაიყვანა თონეში, სადაც მათ ვერ იპოვეს სასწორი. გი------ ფა-–---ას განმარტებით, მენეჯერსა და ჯ--- წ----ის ოჯახის წევრებს შორის საუბარი იყო მშვიდი და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ, ის და ნო-- ს------–--ე ავიდნენ მეორე სართულზე, რა დროსაც ნო-- ს------–--ის სამუშაო ოთახში შესვლისას მოესმა კიბეზე ჩქარი ნაბიჯების ხმა, რაზეც მოტრიალდა და დაინახა ჯ--- წ----ე, რომელმაც მოულოდნელად, ყოველგვარი საუბრის გარეშე, სახეში გაშლილი ხელი გაარტყა ნო-- ს------–--ეს, რაზეც იგი აღშფოთდა და უთხრა, თუ როგორ ბედავდა ქალბატონის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რის შემდეგაც ჯ--- წ----ემ მასზეც გაიწია და ჯერ თავი ჩაარტყა ცხვირში, ხოლო შემდეგ მუშტი დაარტყა სახის არეში. მათი გაშველების მიზნით, ნო-- ს------–--ემ იგი (გი------ ფა-–---ა) შეიყვანა თავის ოთახში და ჩაკეტა კარები, ხოლო ჯ--- წ----ე მისი ოჯახის წევრებმა ჩაიყვანეს დაბლა, თუმცა, იგი კვლავ ავიდა მათთან და კარებს რამდენჯერმე დარტყა ძლიერად. ამის შემდეგ, ნო-- ს------–--ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გი------ ფა-–---ას გამოქვეყნებული ჩვენებით ირკვევა, რომ როდესაც ჯ--- წ----ემ ცხვირის არეში ჩაარტყა თავი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და იგრძნო ძლიერი ტკივილი. ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა ასევე, დაუსვარა პერანგი.

3.2. თ----- ფა-–---ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გი------ ფა-–---ა არის მისი ძმა. არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის არსებული უთანხმოების გამო, გი------ ფა-–---ასთან ურთიერთობა არა აქვთ, შესაბამისად, მისთვის უცნობია მისი ძმის ადგილსამყოფელი.

3.3. ნო-- ს------–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ჯა-------------------–- მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–-ას“ მენეჯერის პოზიციაზე. ჯ--- წ----ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაქირავები ჰქონდა აღნიშნული საბანკეტო დარბაზის პირველ სართულზე განთავსებული პურის საცხობი თონე, რომელიც მუშაობის პერიოდში კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს და არავითარი დარღვევა არ ჰქონია, თუმცა, შემდეგ დაკეტა აღნიშნული საცხობი და ბოქლომი დაადო კარებს. ვინაიდან ჯ--- წ----ე აღარ ამუშავებდა თონეს, მათ გადაწყვიტეს თვითონ ემუშავებინათ პურის საცხობი, რის გამოც ისინი უკავშირდებოდნენ ჯ--- წ----ეს და სთხოვდნენ თავის ინვენტარის წაღებას, თუმცა, მას არ მიჰქონდა თავისი ინვენტარი. აღნიშნულის გამო, მათ თავიანთი ძალებით გააღეს თონის კარები. კერძოდ, გადაჭრეს მასზე დადებული ბოქლომი და ჯ--- წ----ის კუთვნილი ინვენტარი შესანახად გადაიტანეს სამსახურის მარანში. მოგვიანებით ჯ--- წ----ის კუთვნილი ინვენტარი წაიღეს ჯ--- წ----ის დედამ და ძმამ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დარჩათ სასწორი, რომლის წასაღებადაც 20---–-–-ს 5--------ს მასთან მივიდნენ ჯ--- წ----ის დედა და ძმა. რამდენადაც მარანის გასაღები ჰქონდა თანამშრომელს, რომელიც იმ დროს სამსახურში არ იყო, მან ჯ--- წ----ის დედას და ძმას უთხრა, რომ სხვა დროს მისულიყვნენ. ამასთან, გი------ ფა-–---ასთან ერთად, რომელიც მუშაობდა მათი ობიექტის უკან, ასევე მათი სამსახურის კუთვნილ მშენებლობაზე და ხშირად მიდიოდა მათთან, ისინი ჩაიყვანა პირველ სართულზე განთავსებულ თონეში, სადაც არ აღმოჩნდა არც მათი კუთვნილი სასწორი და არც სხვა ნივთი. აღნიშნულის შემდეგ, ის და გი------ ფა-–---ა ავიდნენ მეორე სართულზე, რა დროსაც უკან მიჰყებოდა გაღიზიანებული ჯ--- წ----ე, რომელმაც მას სახის არეში გაარტყა ხელი. აღნიშნულის დანახვაზე, გი------ ფა-–---ამ ჰკითხა „ქალს რატო დაარტი ხელიო“ და ჯ--- წ----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მათ შორის მოხდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, ჯ--- წ----ეს გი------ ფა-–---ასთვის ხელი არ დაურტყამს, არამედ ერთმანეთში ჩხუბისა და ძიძგილაობის დროს ჯ--- წ----ემ შუბლი ჩაარტყა გი------ ფა-–---ას თავის არეში, ხოლო იმის გამო, რომ გი------ ფა-–---ა იყო ნასვამი, მან თავი ვერ შეიკავა, შემთხვევით შეეჯახა კედელს და ცხვირი მიარტყა. ამასთან, გი------ ფა-–---ა დაავადებულია „С“ ჰეპატიტით, რის გამოც მას მარტივად წამოუვიდა სისხლი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საბანკეტო დარბაზის დირექტორი - რ----- ს--–----ე, ჯ--- წ----ესა და გი------ ფა-–---ას შორის არსებულ კონფლიქტს არ შესწრებია, ვინაიდან აღნიშნული ინციდენტის დროს იგი იყო თავის კაბინეტში. შემდეგ, ის და გი------ ფა-–---აც შევიდნენ დირექტორის კაბინეტში და ჩაკეტა კარები, რათა კონფლიქტი არ გამწვავებულიყო. მან ასევე, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

3.4. რ----- ს--–----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ქ.თბილისში, ჯა-------------------–- მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–-ას“ დირექტორი. მოწმის განმარტებით, ჯ--- წ----ეს ნაქირავები ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული პურის საცხობი თონე და გარკვეული პერიოდი ამუშავებდა მას. იგი ასევე, იცნობს გი------ ფა-–---ას, რომელიც მათთან ხშირად მიდიოდა. 20---–-–-ს 5--------ს, ის იმყოფებოდა სამსახურში, თავის კაბინეტში, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა და დააპირა გარეთ გასვლა, თუმცა იქ მყოფმა ქალბატონებმა არ მისცეს გარეთ გასვლის საშუალება, რათა კონფლიქტში ისიც არ ჩართულიყო. მოწმის განმარტებით, ჯ--- წ----ესა და გი------ ფა-–---ას შორის ჩხუბს თავად არ შესწრებია. შემდეგ მივიდა საპატრულო პოლიციაც. მოგვიანებით ნო-- ს------–--ისაგან შეიტყო, რომ ჯ--- წ----ესა და გი------ ფა-–---ას შორის მომხადრი ჩხუბის დროს გი------ ფა-–---ას დაუზიანდა ცხვირი და სდიოდა სისხლი.

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე - ბ------ წ----ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

3.6. თ---------- გ--–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის, ს-------ის მიმართულების მ--- ოცეულში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 20---–-–-ს 5--------ს, მეწყვილე - მ------------------–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ ,,ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ჯა-------------------–- ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს, რის შემდეგაც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ მამაკაცი, რომელსაც სახის, კერძოდ, ცხვირის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი. ამავდროულად, იქ მყოფმა ქალბატონმა მათ განუცხადათ, რომ დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჯ--- წ----ემ. ანალოგიური უთხრა დაზარალებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯ. წ----ესთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოცემული შემთხვევის დროს ბრალდებული სავარაუდოდ იყო ნასვამი და გამოირჩეოდა აგრესიულობით, კერძოდ, როგორც მათ, ისე დაზარალებულს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ მიერ ჯ--- წ----ე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. ასევე, ვინაიდან ბრალდებულის ქმედებაში იყო დანაშაულის ნიშნები, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

3.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-ს 20 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე გი------ ფა-–---ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 20---–-–-ს 05--------ს.

3.8. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ბე-----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

3.9. 20---–-–-ს 05 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, გი------ ფა-–---ასგან ამოღებულ იქნა რუხი ფერის, გრძელსახელოებიანი, ღილებით შესაკრავი პერანგი, რომელსაც წინა მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ასევე, მარცხენა მკლავზე აღენიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 20---–-–-ს 08 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #2------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი გი------ ფა-–---ას პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება ღილის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

3.11. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა - რო------ ტ-------მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 20---–-–-ს 16 იანვრის ბიოლოგიური ექსპერტიზის #6---- დასკვნის თანახმად: 1) გი------ ფა-–---ას სისხლი მიეკუთვნება A----/ ჯგუფს. 2) გი------ ფა-–---ას პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----/ ჯგუფს. 3) შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----/ ჯგუფს. 4) გი------ ფა-–---ას სისხლი და გი------ ფა-–---ას პერანგზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება A----/ ჯგუფს.

3.13. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა - ნა---------–- ე---–----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

3.14. ბა---- კ-----–---–იამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ს----------–----–--------------–-------–-–----------------------------------- სამსახურში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გი------ ფა-–---ას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სხვა საგამოძიებო მოქმედებებში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მას მო--წილეობა არ მიუღია.

3.15. ო----- ს------–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა ს----------–----–--------------–-------–-–----------------------------------- სამსახურში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. ბა---- კ-----–---–იას და ვ-–----------–-----ას წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე მოგვიანებით გამოსაძიებლად გადაეწერა მას, რის შემდეგაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი პირის ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბრალდებულს და ასევე, გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. მოწმის სახით ასევე, გამოკითხა დაზარალებულის და, რომელმაც მას დაკითხვისას განუცხადა, რომ დაახლოებით წელიწადი-წელიწადნახევარია, რაც თავის ძმასთან არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ და არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი.

3.16. გი------ გ-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.-----–---------------------------–----------------------ოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. 20---–-–-ს 6 მარტს, ამავე სამსახურის გამომძიებელ ვ-–----------–-----ასგან გადაეწერა სისხლის სამართლის საქმე ჯ--- წ----ის მიმართ, რის შემდეგაც მოწმის სახით დაკითხა რ----- ს--–----ე, ასევე, მის მიერ პენიტენციური დეპარტამენტიდან, პრობაციის ბიუროდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ იქნა ჯ--- წ----ის ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

3.17. ბრალდებულმა ჯ--- წ----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2014 წლის თებერვლის თვეში სს „თ---–-ას“ დირექტორისგან - რ----- ს--–----ისგან იჯარით აიღო პურის საცხობი ფართი. შემდეგ ქირა გაუძვირეს, რის გამოც იგი გადავიდა სხვა ობიექტზე და გადაიტანა თავისი კუთვნილი ინვენტარიც, რომელთა შორის არ აღმოჩნდა სასწორი. 20---–-–-ს 5--------ს, ვინაიდან თავად არ ეცალა, აღნიშნული სასწორის წამოსაღებად გააგზავნა დედა და მისი უმცროსი ძმა. მოგვიანებით მობილური ტელეფონის საშუალებით მას დაუკავშირდა ძმა და უთხრა, რომ სასწორს არ ატანდნენ და მისთვის უცნობი პირები (მისი ძმა ნო-- გ--–---–---- და რ----- ს--–----ეს იცნობდა და ამდენად საუბარი იყო მათ გარდა სხვა, მისთვის უცნობ პირზე) დედამისს კი, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან იყო ნასვამი, იგი მაშინვე გაემართა მითითებულ ადგილზე და ნახა, რომ გი------ ფა-–---ა აგრესიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ელაპარაკებოდა დედამისს. აღნიშნულზე მან გი------ ფა-–---ას ჰკითხა: „შენ ვიღა ხარო?“, რის შემდეგაც, ისე, რომ მათ შორის არ ყოფილა არავითარი საუბარი, გი------ ფა-–---ამ, რომელიც იყო ძალიან მთვრალი, ჩაავლო მას ხელი, დაქაჩა და როგორც თვითონ აღიქვა, გი------ ფა-–---ას უნდოდა მისთვის სახეში თავის ჩარტყმა, თუმცა, ვერ მიწვდა და მკერდში ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, დაზუსტებით იმის თქმა, გი------ ფა-–---ას თავის დარტყმა უნდოდა, თუ თავით შემთხვევით დაეჯახა, არ შეუძლია. ბრალდებულის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები გი------ ფა-–---ამ მიიღო სწორედ აღნიშნული შეჯახების შედეგად. ამასთას, მან კატეგორიულად გამორიცხა მისი მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

3.18. 20---–-–-ს 05 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ჯა-------------------–- მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–-ას“ მენეჯერის სამუშაო ოთახში. აღნიშნული ოთახი მდებარეობს ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, კიბეების მოპირდაპირე მხარეს, რომელსაც აქვს ერთფრთიანი შესასვლელი ხის კარი, რომელსაც ზემოთა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის დაზიანებები. ოთახში შესასვლელიდან ხელმარცხნივ, ლამინატის იატაკზე აღმოჩენილ იქნა სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ სპეციალური ბიოლოგიური ჩხირებით. ექსპერტების მიერ მოხდა აგრეთვე შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.

 

4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (მცირე სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი და სხვა), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. ობიექტური მხრივ კი ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს და ასევე, პირმა სუბიექტურად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.

 

4.13. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, თუკი არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. წ----ის მიერ გი------ ფა-–---ას ცემის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მტკიცებულება - გი------ ფა-–---ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 20---–-–-ს 05--------ს, ჯ--- წ----ემ გაშლილი ხელი გაარტყა სახეში ნო-- ს------–--ეს, რაზეც იგი აღშფოთდა და უთხრა, თუ როგორ ბედავდა ქალბატონის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რის შემდეგაც ჯ--- წ----ემ მასზეც გაიწია და ჯერ თავი ჩაარტყა ცხვირში, ხოლო შემდეგ მუშტი დაარტყა სახის არეში. ამავე ჩვენებით ირკვევა, რომ როდესაც ჯ--- წ----ემ ცხვირის არეში ჩაარტყა თავი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და იგრძნო ძლიერი ტკივილი. ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა მას ასევე, დაუსვარა პერანგი.

 

4.15. სასამართლო დაზარალებულ გი------ ფა-–---ას გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწვეტილებებით და საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარეტებზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ ამავე, მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები - დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

4.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები no. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118).

 

4.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა.“ ამავე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს“.

 

4.18. ზემოაღნიშნული ნორმა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს ფუნქციას, თავად განსაზღვრონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია მოწმეების გამოძახება (რუმიანა ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Rumyana Ivanova v. Bulgaria), განაცხადი no. 36207/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 42). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი ბრალდებულს არ აღჭურავს განუსაზღვრელი უფლებით, მოითხოვოს მოწმეთა გამოცხადება სასამართლოში და ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია, არის თუ არა აუცილებელი და მიზანშეწონილი ამა თუ იმ მოწმის დაკითხვა (აიგნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Aigner v. Austria), განაცხადი no. 28328/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი 36).

 

4.19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელიცაა. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27):

 

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი;

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო ამ მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).

 

4.20. იმ შემთხვევაში კი, თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05, 22228/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

4.21. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს (1) იყო თუ არა მოწმის - გი------ ფა-–---ას სასამართლო პროცესზე არ გამოცხადება საპატიო; (2) არის თუ არა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ:

 

4.21.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმის - გი------ ფა-–---ას - სასამართლო პროცესზე წარმოუდგენლობა, როგორც ეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციითა და დოკუმენტებით დასტურდება, გამოწვეული იყო მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ყველა შესაძლო მართლზომიერი ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ აღნიშნული მოწმე წარმოედგინა სასამართლოში, თუმცა, იმის გამო, რომ ვერ დადგინდა გი------ ფა-–---ას ადგილსამყოფელი, ვერ მოხერხდა მისი წარმოდგენა სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა საპატიო მიზეზი.

 

4.21.2. რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ, არის თუ არა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას ჯ--- წ----ის ბრალდების დასადასტურებლად, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველი დანაშაულის კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის გამოწვევას, შესაბამისად, იმის დასადგენად, ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ობიექტურ კრიტერიუმთან ერთად, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ კრიტერიუმს - დაზარალებულის ჩვენებას - მის სუბიექტურ აღქმას ტკივილთან მიმართებაში.

4.22. ამასთან, მართალია საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-ს 20 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოქალაქე გი------ ფა-–---ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რომლის სისწორე სასამართლო სხომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ბე-----–---–მა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მოქალაქე გი------ ფა-–---ას ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით, თუმცა, აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა გი------ ფა-–---ას აღნიშნული დაზიანებები და დადებით შემთხვევაში, ამ კონკრეტულმა დაზიანებამ გამოიწვია თუ არა ფიზიკური ტკივილი, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანებები გი------ ფა-–---ას მიაყენა ჯ--- წ----ემ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

 

4.23. მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული თვითმხილველი მოწმე და ბრალდებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გი------ ფა-–---ას დაზიანებებთან მიმართებაში, ბრალდების მხარის საწინააღმდეგო ვერსიას ავითარებენ, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, 20---–-–-ს 5--------ს, გი------ ფა-–---ასთან მომხდარი ინციდენტის დროს მას არავისთვის, მათ შორის, გი------ ფა-–---ასთვის ხელი არ დაურტყამს/ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო გი------ ფა-–---ამ დაზიანებები მიიღო მის მკერდზე თავის შეგნებულად ჩარტყმის ან შემთხვევით შეჯახების შედეგად. თვითმხილველმა მოწმე ნო-- ს------–--ემ სასამართლო სხდომაზე ასევე, კატეგორიულად უარყო ჯ--- წ----ის მხრიდან ხელის დარტყმისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ვინაიდან გი------ ფა-–---ა იყო ძალიან მთვრალი, კონფლიქტის დროს თავი ვერ შეიმაგრა და შემთხვევით შეეჯახა კედელს, რა დროსაც მიარტყა ცხვირი და ვინაიდან დაავადებულია “C” ჰეპატიტით, მარტივად წამოუვიდა სისხლი.

 

4.24. რაც შეეხება მოწმე რ----- ს--–----ეს, მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იგი კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია და მოგვიანებით ნო-- ს------–--ისგან შეიტყო, რომ გი------ ფა-–---ამ ცხვირზე დაზიანება მიიღო ჯ--- წ----ესთან კონფლიქტის დროს.

 

4.25. რაც შეეხება მოწმეების - თ---------- გ--–--ის, ო----- ს------–--ის, ბა---- კ-----–---–იასა და გი------ გ-----–---–ის ჩვენებებს, აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების/ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების მიმართ, წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ირიბი ჩვენება კი ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წო--. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20---–-–-ს 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

 

4.26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

4.27. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გი------ ფა-–---ას გამოძიებაში მიცემული ჩვენება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების სრული დაცვით, თუმცა, იმის გამო, რომ ჯ--- წ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამავე მუხლის ზემოაღნიშნული ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად - ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება“, ჯ--- წ----ე სწორედ ამიტომ, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.28. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ჯ--- წ----ის მიერ ჩადენილია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4.29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ--- წ----ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - გი------ ფა-–---ას პერანგი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს გი------ ფა-–---ას;

 

- სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ--- წ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

2. გამართლებულ - ჯ--- წ----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- გი------ ფა-–---ას პერანგი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს გი------ ფა-–---ას;

 

- სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე