გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17668-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სასამართლოს დასახელება მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი სხდომის მდივანი - თამარ აკობია მოსარჩელე - გ-----------------ე წარმომადგენელი - ბ-----------–--- მოპასუხე - ვ----------------–---ი წარმომადგენელი - ი-------------–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლები: (ს.ფ.1-15) 1.1.1. 2013 წლის 27 სექტემბერს მასსა და მოპასუხე ვ----------------–---ის წარმომადგენელს, თ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან მოპასუხისგან ისესხა 23 000 აშშ დოლარი; 1.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ-------ი, მ------–-–---–---------------–-------------; 1.1.3. თ-----------–---–ი, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, წარმოადგენდა შუამავალს მასსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, იგი ანგარიშსწორებას ახორციელებდა თ-----------–---–თან, არ იცნობდა და შეხება არ ჰქონია მოპასუხესთან და უცნობი იყო მასსა და თ-----------–---–ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ; 1.1.4. მისთვის ასევე უცნობი იყო ის გარემოება, რომ 2013 წლის ნოემბერში მოპასუხის მიერ თ-----------–---–--გან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაზე ადრე იქნა მოთხოვნილი სესხის თანხის დაბრუნება; 1.1.5. თ-----------–---–მა მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და 2013 წლის 15 ნოემბერს დაუბრუნა მთლიანი თანხა - 23 000 აშშ დოლარი; 1.1.6. 2013 წლის 15 ნოემბრის ხელწერილში მოპასუხემ მიუთითა, რომ მან მიიღო გ-----------------ესთან გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთლიანი თანხა და მას არანაირი სახის პრეტენზია აღარ გააჩნდა; 1.1.7. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს თ-----------–---–--გან უკვე მიღებული ჰქონდა თანხა, მან ისარგებლა იმ მდგომარეობით რომ თ-----------–---–ი გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საპატიმროში და მოსარჩელეს მოსთხოვა სესხის მთლიანი თანხის -23 000 აშშ დოლარის დაბრუნება. ამასთან, ვინაიდან გაუქმებული არ იყო იპოთეკის ხელშეკრულება, მოპასუხე დაემუქრა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით; 1.1.8. მასსა და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მან მოპასუხეს ჩაურიცხა სესხის ძირი თანხა - 3 000 აშშ დოლარი; 1.1.9. მისთვის ასევე მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის 03 სექტემბერს მოპასუხემ ს-------------–---–თან - თ-----------–---–-- მეუღლესთან, დადო მოთხოვნის დათმობის - ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ თავისი მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა მის მიმართ, სრულად, 23 000 აშშ დოლარის ფარგლებში, დაუთმო ს-------------–---–ს. აღნიშნული ვალის, 23 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მან გადასცა უძრავი ქონება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ს-------------–---–ს. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო მისგან 3 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 43-52) 2.1.1. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან - 23 000 აშშ დოლარიდან მას ეკუთვნოდა მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი, რომელიც მინდობილობასთან ერთად გადასცა თ-----------–---–ს. შესაბამისად, მან მოსარჩელეს მოსთხოვა კუთვნილი 3 000 აშშ დოლარის დაბრუნება; 2.1.2. მოსარჩელემ მას 2015 წლის 02 ივლისს გადასცა 3 000 აშშ დოლარი, როგორც იპოთეკარს, შესაბამისად, მოსარჩელეს არავითარი ვალდებულება ახალი იპოთეკარის მიმართ აღნიშნული თანხის გადახდაზე არ აქვს და მას სრული უფლება აქვს მოსთხოვოს ახალ იპოთეკარს ცვლილებების შეტანა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში; 2.1.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 27 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია. შესაბამისად, მას შეეძლო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა მან არ მიმართა აღნიშნულ საშუალებას, ვინაიდან მთლიანი თანხიდან ეკუთვნოდა მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი; 2.1.4. წარმოდგენილ 2013 წლის 15 ნოემბრის ხელწერილს არ აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან თ-----------–---–ს იგი არ წარუდგენია მესაკუთრისთვის, რათა დაერეგისტრირებინა თავისი თავი იპოთეკარად; 2.1.5. 2015 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული მინდობილობით მან მართლაც დაუთმო მოთხოვნის უფლება ს-------------–---–ს და მიანიჭა 2013 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება, რადგან მან განუმარტა ს-------------–---–ს, რომ მესაკუთრისგან უკვე მიღებული ჰქონდა 3 000 აშშ დოლარი; 2.1.6. წარმოდგენილი 2013 წლის 15 ნოემბრის ხელწერილი მართალია ხელმოწერილია მის მიერ, მაგრამ მასში გადმოცემული შინაარსი არ ასახავს რეალობას. აღნიშნული ხელწერილი ფაქტობრივად შედგენილია თ-----------–---–-- კარნახით მ------------–---ის მიერ, რომელსაც გ-----------------ეზე ნასესხები 23 000 აშშ დოლარიდან თ-----------–---–მა გაუსტუმრა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ხელწერილის შინაარსის შესახებ მას განუმარტა, რომ რადგან ის იყო იპოთეკარი, იურიდიულად აუცილებელი იყო მსგავსი შინაარსის ხელწერილის შედგენა; 2.1.7. სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს არ აქვს მისთვის გადახდილი 3 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 27 სექტემბერს თ-----------–---–ს, როგორც ვ----------------–---ის წარმომადგენელს და მოსარჩელე გ-----------------ეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1--------).
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, 2013 წლის 27 სექტემბერს ვ----------------–---მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში წოდებულია როგორც ,,იპოთეკარი’’, გ-----------------ეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში წოდებულია როგორც ,,მესაკუთრე’’, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ვ----------------–---მა (თ-----------–---–-- წარმომადგენლობით) ასესხა 23 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ორი პროცენტის დარიცხვით და გადახდით.
ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, სესხი უნდა დაბრუნდეს სამი თვის ვადაში - 2013 წლის 27 დეკემბერს.
ამავე ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი ქ-------ი, ქუჩა მ------–-–---–--–---------------- (ს/კ: 0-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, ამონაწერი (ს.ფ.16-20; 53-54)
3.1.2. 2013 წლის 25 ნოემბერს მოპასუხე ვ----------------–---ის მიერ ხელმოწერილ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: ,,მე, ვ----------------–---მა, მივიღე გ-----------------ესთან გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან მთლიანი თანხა. აღნიშნული თანხიდან არანაირი პრეტენზია არ მაქვს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 21)
3.1.3. მოპასუხე ვ----------------–---ის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 02 ივლისს მოსარჩელე გ-----------------ის მიერ საბანკო ანგარიშსწორების გზით მოპასუხე ვ----------------–---ის ანგარიშზე ჩარიცხულია 3 000 აშშ დოლარი. გადახდის დანიშნულებად მითითებულია: ,,№1-------- სესხის საფუძველზე, ძირი თანხის ნაწილი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 26)
3.1.4. 2015 წლის 25 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის №1--------) ს-------------–---–ს, როგორც ვ----------------–---ის წარმომადგენელს და პირადად ს-------------–---–ს შორის, 2015 წლის 03 სექტემბერს სანოტარო წესით დაიდო მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1--------).
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ვ----------------–---ი, შემდგომში ,,მოთხოვნის დამთმობი’’, თავის მოთხოვნას, რომელიც მას გააჩნია მოვალის გ-----------------ის მიმართ, სრულად უთმობს ს-------------–---–ს - შემდგომში ,,მოთხოვნის მიმღები’’.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია 23 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რომელიც მოთხოვნის დამთმობს გააჩნია მოვალის მიმართ. აღნიშნული მოთხოვნის უფლება წარმოშობილია 2013 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. ქ-------ი, ქუჩა მ------–-–---–--–---------------- (ს/კ:0-----------).
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით მოთხოვნის დამთმობი მოთხოვნის მიმღებს, გადასცემს ფულადი თანხის მოთხოვნას 23 000 აშშ დოლარის ოდენობით და ყველა იმ უფლებას, რაც მას აქვს მოვალის მიმართ. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის მიმღები იკავებს მოთხოვნის დამთმობის ადგილს 2013 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში გადაცემული მოთხოვნის პროპორციულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, მინდობილობა (ს.ფ. 21-25; 55-57)
3.1.5. 2016 წლის 07 ივნისს გ-----------------ეს და ს-------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ გადაცემის შესახებ.
ხელშეკრულების თანახმად: მხარეებს, გ-----------------ესა და ს-------------–---–ს შორის 2013 წლის 27 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაკეთდა ცესია - მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების დამოწმება. ს-------------–---–ის მიერ გაცემული სესხის ოდენობა შეადგენს 23 000 აშშ დოლარს, იპოთეკის საგანია უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ქ-------ი, ქუჩა მ------–-–---–--–---------------- (ს/კ:0-----------). მსესხებლის მიერ არ არის ვალდებულება შესრულებული.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მესაკუთრე გ-----------------ე თანახმაა იპოთეკის საგანი, ქალაქი ქ-------ი, ქუჩა მ------–-–---–--–---------------- (ს/კ:0-----------) ვალის სანაცვლოდ - 23 000 აშშ დოლარში გადასცეს ს-------------–---–ს წინამდებარე ხელშეკრულებით.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ს-------------–---–ი აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქ-------ი, ქუჩა მ------–-–---–--–---------------- (ს/კ:0-----------) მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, ამონაწერი (ს.ფ. 99; 84-85)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 3 000 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
უდავოა, რომ 2013 წლის 27 სექტემბერს თ-----------–---–ს, როგორც ვ----------------–---ის წარმომადგენელს და მოსარჩელე გ-----------------ეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1--------).
ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ვ----------------–---მა (თ-----------–---–-- წარმომადგენლობით) ასესხა მოსარჩელეს 23 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ორი პროცენტის დარიცხვით და გადახდით. მოპასუხეც ეთანხმება და შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ----------------–---ის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 02 ივლისს, მოსარჩელე გ-----------------ის მიერ საბანკო ანგარიშსწორების გზით ვ----------------–---ის ანგარიშზე ჩარიცხულია 3 000 აშშ დოლარი. გადახდის დანიშნულებად მითითებულია: ,,№1-------- სესხის საფუძველზე, ძირი თანხის ნაწილი’’. სწორედ აღნიშნული თანხის მოპასუხის მიერ მიღებას მიიჩნევს მის უსაფუძვლო გამდიდრებად მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით, რამდენადაც ვ----------------–---ის მიერ ს-------------–---–ისათვის სრულად მოხდა 23 000 აშშ დოლარზე მოთხოვნის დათმობა და სწორედ 23 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადასცა მან ს-------------–---–ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვამდე, კერძოდ, 2013 წლის 25 ნოემბერს მოპასუხე ვ----------------–---ის მიერ ხელმოწერილ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: ,,მე, ვ----------------–---მა, მივიღე გ-----------------ესთან გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან მთლიანი თანხა. აღნიშნული თანხიდან არანაირი პრეტენზია არ მაქვს’’.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული ხელწერილის (ს.ფ. 21) პარალელურად, ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების - თ-----------–---–-- და ს-------------–---–ის ჩვენებებზე. თ-----------–---–-- განმარტებით, რომელიც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ მოხდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-----------------ის არსებული ვალის გასტუმრება, ვინაიდან ჯერ არ იყო კრედიტორისათვის მოთხოვნის შესრულების ვადა დამდგარი და იგი არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა. მოწმის განმარტებით, სწორედ მის მიერ გ-----------------ის შესასრულებელი ვალდებულების - 2013 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სრულად გადახდის შემდგომ შედგა მოპასუხის მიერ აღნიშნულ ხელწერილზე ხელის მოწერა. ამასთან, მოწმეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თ-----------–---–-- მიერ შესრულდა ვალდებულება სრულად, არ მომხდარა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მხარეთა შორის (მათსა და მოპასუხეს შორის) არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე და მოპასუხე კვლავ დარჩა ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს 2013 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა ჯერ კიდევ 2013 წლის 15 ნოემბერს თ-----------–---–--გან. მოპასუხე აღიარებს ხელწერილზე მითითებული მისი ხელმოწერის ნამდვილობას. ამასთან, სასამართლო მოპასუხე მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის პარალელურად, ვერ გაიზიარებს მხოლოდ მის ზეპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო ხელწერილის შინაარსი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავება წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების საპირისპიროდ არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის სათანადო მტკიცებულებებს. მესამე პირის - მ------------–---ის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას (ს.ფ.68-70) კი სასამართლო ვერ მიანიჭებს მტკიცებულებათა ძალას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსი მარტივი ფორმით წარმოდგენილი განცხადებით შეუძლებელია მისი შემდგენი პირის იდენტიფიცირება სასამართლოს მიერ. ამასთან, თუ მოპასუხეს სურდა აღნიშნული პირის მიერ მითითებული პოზიციისთვის მტკიცებულების ძალის მინიჭება, მას შეეძლო ესარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და დაეყენებინა სასამართლოს წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე.
ფაქტის დადგენის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მას ეკუთვნოდა სესხის და ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხიდან მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი და მისი მიღების სრული უფლებამოსილება ჰქონდა, გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ მას ს-------------–---–თან ცესიის - მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დადებული აქვს მთლიან თანხაზე - 23 000 აშშ დოლარზე, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი თავისთავად უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ევალებოდა მისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 000 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ თუ ვ----------------–---ს გააჩნდა მოთხოვნა გ-----------------ის მიმართ მხოლოდ 3 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც მან მიიღო 2015 წლის 02 ივლისს, ამის შემდეგ ბუნებრივია იგი აღარ იყო უფლებამოსილი დაეთმო მოთხოვნა ს-------------–---–ისათვის არც 23 000 აშშ დოლარზე და რა თქმა უნდა არც უკვე მიღებულ 3 000 აშშ დოლარზე.
ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს მიღებული ჰქონდა 2013 წლის 27 სექტემბრის სესის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა ჯერ კიდევ 2013 წლის 15 ნოემბერს და ესეც რომ არ იყოს გათვალისწინებული, 02.07.2015 წელს 3 000 აშშ დოლარი მიიღო მოსარჩელისაგან, რასაც იგი არც უარყოფს და დადასტურებულია შესაბამისი თანხის ჩარიცხვით მის ანგარიშზე, მის მიერ მაინც სრულად განხორციელდა მოთხოვნის დათმობა ს-------------–---–ისათვის, რომელმაც თავის მხრივ 23 000 აშშ დოლარის ფარგლებში არსებული ვალის სანაცვლოდ მიიღო მოსარჩელისაგან შესაბამისი უძრავი ქონება. ამ მოცემულობაში მოპასუხე უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე, ამასთან ვერ მიუთითებს სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც იგი უფლებამოსილია უარი განუცხადოს მოსარჩელეს მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებაზე, მის მიერ მითითებული გარემოებები კი ვერ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ გააჩნია ჩარიცხული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ღირსი სამართლებრივი საფუძველი და მის მიერ მოსარჩელისთვის თანხის დაუბრუნებლობა იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 3 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას’’ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილი: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.
უდავოა, რომ გ-----------------ესა და ვ----------------–---ს შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა 23 000 აშშ დოლარსზე ვ----------------–---მა სრულად დაუთმო ს-------------–---–ს 03.09.2015 წელს, მაშინ როდესაც მანამდე, 2015 წლის 02 ივლისს მას გ-----------------ისგან უკვე მიღებული ჰქონდა 3 000 აშშ დოლარი. ასევე ისიც უდავოა, რომ შესაბამისი ვალის, 23 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გ-----------------ემ ს-------------–---–ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს მოპასუხისთვის 3 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 271 ლარის ოდენობით (ს.ფ. 32). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 271 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ს.ფ. 35-38) გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-----------------ის სარჩელი ვ----------------–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ვ----------------–---ს მოსარჩელე გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;
3. მოპასუხე ვ----------------–---ს მოსარჩელე გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ბ-----------–---ს მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 271 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი