გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018002650346
№2-4038/2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე თა---- ქო----–--
მოპასუხე ზვ---- ჩა-----
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
თა---- ქო----–-- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ზვ---- ჩა-----სთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყდეს განქორწინებით;
- ზვ---- ჩა-----ს, მცირეწლოვანი შვილების - ნი--- და ნო----- ჩა-----ების რჩენისათვის, მათ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, თითოეული ბავშვისათვის 200 ლარის ოდენობით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
- თა---- ქო----–--მ და ზვ---- ჩა-----მ იქორწინეს 2003 წლის 29 აპრილს. მათ ჰყავთ ორი შვილი - ნო----- ჩა-----, დაბადებული 2010 წლის 21 მაისს და ნი--- ჩა-----, დაბადებული 2003 წლის 15 ივნისს. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ ისინი ფაქტიურად ერთმანეთს დაცილდნენ და ზვ---- ჩა-----მ შექმნა ახალი ოჯახი და შესაბამისად მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინებას.
- მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მოპასუხეს სოფელ ჩიბაათში, სადაც მისი დედ-მამა ცხოვრობს, აქვს მეურნეობა, პირუტყვი, ფრინველი, მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც ასევე გააჩნია გარკვეული შემოსავალი.
- მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბავშვები მასთან იმყოფებიან და მოპასუხე საერთოდ არ ზრუნავს შვილებზე, შვილი ნი--- ჩა----- სწავლობს შპს ,,ნე-----ში“, მე-10 კლასშია და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 130 ლარს, ხოლო ნო----- ჩა----- სწავლობს ასევე შპს ,,ნე-----ში“ და მისი თვიური გადასახადი შეადგენს 120 ლარს.
- მოსარჩელიმ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ მოპასუხე ძირითადში ბათუმში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ხელოსანია და მუშაობს მშენებლობაზე, მისი თვიური საშუალო შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება არის გონივრული ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ განქორწინების ნაწილში ეთანხმება, ხოლო ალიმენტის ნაწილში ეთანხმება ნაწილობრივ. იქედან გამომდინარე, რომ არის უმუშევარი, ჯანმრთელობაც ხელს არ უწყობს ფიზიკური მუშაობისთვის, იგი ვერ გადაიხდის 400 ლარს, რადგან შემოსავლის სახით მხოლოდ დედის პენსია აქვს. აგრეთვე, მისი განმარტებით არის საოპერაციო და სამკურნალო, მაგრამ ფინანსების არარსებობის გამო ვერ იტარებს სამედიცინო დახმარებას. აქედან გამომდინარე, მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს 200 ლარი, თითოეული ბავშვისათვის 100-100 ლარი.
- მოპასუხე შესაგებელში უარყოფს, რომ თითქოს მეორე ოჯახი ჰყავს და უთითებს, რომ ეს მოსარჩელის ტყუილია, რაც გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს სასამართლოს თითქოს მას კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხე იმყოფება სოფელ ჩიბაათში, არის ავად და ვერ მუშაობს.
(იხ. სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თა---- ქო----–--მ და ზვ---- ჩა-----მ იქორწინეს 2003 წლის 29 აპრილს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. თა---- ქო----–--სა და ზვ---- ჩა-----ს ჰყავთ ორი შვილი - ნი--- ჩა-----, დაბადებული 2003 წლის 15 ივნისს და ნო----- ჩა-----, დაბადებული 2010 წლის 21 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები.
3.1.3 მხარეთა შვილები - ნი--- ჩა----- და ნო----- ჩა----- სწავლობენ შპს ,,ნე-----ი“-ში, ნი--- ჩა----- სწავლობს მე-10 კლასში, ნო----- ჩა----- - მე-3 კლასში, სადაც ნი---სთვის ყოველთვიური გადასახადი არის 130 ლარი, ხოლო ნო-----ისთვის - 120 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ნე-----ის" მიერ გაცემული ცნობა;
3.1.4. თა---- ქო----–-- და ზვ---- ჩა----- ერთმანეთს ფაქტიურად დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებიან დედასთან - მოსარჩელე თა---- ქო----–--სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ზვ---- ჩა----- არის ავად, ესაჭიროება სამედიცინო ოპერაცია თიაქარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.6. მოსარჩელე დასაქმებულია სააფთიაქო ქსელში, ,,იმპექს ფარმის" ხე-–---------ს ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობაა 600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა შემოსავლების მხრივ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალია დაახლოებით 1000 ლარი, მოპასუხე კი ამტკიცებს, რომ ის არის ავად, ვერ მუშაობს და არავითარი შემოსავალი არ გააჩნია. თუმცა თანახმაა, გადაიხადოს ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის 100-100 ლარის ოდენობით.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს რაიმე სახის შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდება, მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირი სახით განმარტებისა, არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი ალიმენტისა თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
- საქართველოს კონსტიტუცია
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა იქორწინეს 2003 წლის 29 აპრილს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო 1122-ე მუხლის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით.
განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.
სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4 სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩიონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვნებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - ნო----- ჩა----- და ნი--- ჩა-----, რომლებიც ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ ზვ---- ჩა----- არ ცხოვრობს თა---- ქო----–--სთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას, თა---- ქო----–--ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასაამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის გადახდაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 200 ლარით თითოეულისთვის, ჯამში 400 ლარი. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 400 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს მხოლოდ თითოეულისთვის 100 ლარით, რადგანაც არის ავად, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს და ვერ მუშაობს და შემოსავალი არ აქვს. შესაბამისად ვერ შეძლებს ალიმენტის სახით მეტის გადახდას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. ზვ---- ჩა----- არ მუშაობს და რაიმე სახის შემოსავალი არ უდგინდება, შესაბამისად მისთვის ალიმენტის გადახდა დაწესების მომენტიდანვე რთულია, მაგრამ ეს სირთულე მას არ ათავისუფლებს საალიმენტო ვალდებულებისაგან.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 100 ლარი არაა საკმარისი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილების შესაბამის წრეებში შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100 ლარი დიდი ალბათობით არ ეყოფა), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში შვილის რჩენისათვის 170 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის უნდა დაეკისროს თვეში 170 ლარის გადახდა თითოეულისთვის, ჯამში 340 ლარი.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2018 წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ზვ---- ჩა----ისათვის ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზვ---- ჩა-----ს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 340 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 61.20 ლარს. განქორწინების ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თა---- ქო----–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე თა---- ქო----–--სა და მოპასუხე ზვ---- ჩა-----ს შორის 2003 წლის 29 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №000655-) შეწყდეს განქორწინებით.
3. მოპასუხე ზვ---- ჩა-----ს მოსარჩელის თა---- ქო----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - ნო----- ჩა----ის (დაბ. 2010 წლის 21 მაისი, პ/ნ 26250000---) და ნი--- ჩა----ის (დაბ. 2003 წლის 15 ივნისი, პ/ნ 26001037---) რჩენისთვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 340 ლარის ოდენობით, აქედან ნო----- ჩა----ის რჩენისათვის 170 ლარის ოდენობით, ნი--- ჩა----ის რჩენისათვის 170 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვნებამდე, ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე. ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
4. თა---- ქო----–--ს სარჩელი ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე ზვ---- ჩა-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 61.20 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასაამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასააამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასაამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასაამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე