გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2564632-2/609-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახ--––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - გი-------------აძე
წარმომადგენელი - თე-------------------ძე, თა-------–----ვა
მოპასუხე - ნა-------------ძე
წარმომადგენელი - იო------------–---–ი
მესამე პირი - ს-------–---–-------------------------------------–------------------–---–---------------------------------–-------
წარმომადგენელი - დი------------ძე
დავის საგანი: მამის და შვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
გი-------------აძეს განესაზღვროს შვილთან - ნი----–-----------------ან ურთიერთობის უფლება შემდეგი წესით:
-მოსარჩელე გი-------------აძეს მიეცეს 2--------- წელს დაბადებული ნი----–-------------ის ნახვის და თავისთან წაყვანის უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათ და პარასკევ დღეს 17:00 საათზე საბავშვო ბაღიდან და იმავე დღეს 20:00 საათამდე, ხოლო ნი----–-------------ის 6 წლის ასაკს მიღწევის - 2019 წლის 2--------- შემდეგ თავისთან წაყვანის უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს 16:00 საათზე საბავშვო ბაღიდან და იმავე დღეს 20:00 საათამდე, ყოველ პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე წაყვანის და დარჩენის უფლებით;
- გი-------------აძეს ნება დაერთოს მისმა შვილმა ნი----–-------------ემ ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პირველ ნახევარი გაატაროს მამასთან.
მოსარჩელე თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ნა-------------ძესთან მოსარჩელე გი-------------აძე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში 2012 წლიდან, რა დროსაც მათ შეეძინათ არასრულწლოვანი, 2--------- წელს დაბადებული, ნი----–-------------ე. მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ 2013 წლის ბოლოს. მოსარჩელეს არასრულწლოვანი ნი----–-------------ის რჩენა-აღზრდისთვის დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა. ნი----–-------------ე არის 5-–-–--- იგი ცხოვრობს დედის მშობლების ოჯახში, დედა გათხოვდა სხვა მამაკაცზე და ბავშვს ამჟამად ზრდის ბებია, მოსარჩელის ყოფილი მეუღლის დედა. ყოფილი მეუღლე მოსარჩელეს არ აძლევს საშუალებას შვილთან იქონიოს სრულფასოვანი მამაშვილური ურთიერთობა. წინა დავის დროს არ განსაზღვრულა ბავშვისა და მამის ურთიერთობის წესი, შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს ხან აძლევს ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას, ხან არ აძლევს. უმეტესად მოსარჩელის განმარტებით იგი მამას არ აძლევს უფლებას წაიყვანოს თავის სახლში. ნი----–-------------ე ამჟამად არის ისეთი ასაკის, რა დროსაც ფსიქოლოგების მითითებით მიზანშეწონილი არის ის მამამ წაიყვანოს სახლში დარჩენითაც. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში, მამა თანახმაა იგი ატაროს საბავშვო ბაღში და ასევე სკოლაშიც, როდესაც იგი მიაღწევს სკოლის ასაკს. მოსარჩელის ოჯახს ბავშვისთვის გამოყოფილი აქვთ ოთახი ყველა საჭირო ნივთებით, მოწყობილი აქვთ სათამაშო და სამეცადინო კუთხე. თუკი ბავშვი კვირის შვიდი დღიდან სამ დღეს გაატარებს მამის ოჯახში, ეს ხელს შეუწყობს ბავშვის უპირატესი უფლებების განხორციელებას, ვინაიდან ბავშვი არ უნდა დაშორდეს მამას დიდი ხნით, მასთან უნდა იქონიოს სრულფასოვანი ურთიერთობა. მოსარჩელის ოჯახი მთლიანად ორიენტირებულია რომ მოსარჩელეს აღმოუჩინონ ყოველმხრივი მხარდაჭერა ბავშვთან სრულფასოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე და მოსარჩელე მხარე - გი-------------აძე 2012 წლის ნოემბრის თვეში დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება ფაქტობრივად 2013 წლის მარტის თვეში შეწყდა, რაც იურიდიულად 2----–-–---------------- თარიღით გაფორმდა. 2----–-–------------ კი შეეძინათ საერთო შვილი ნი----–-------------ე. იმის გათვალისწინებით რომ მოსარჩლე მხარე თავისი შვილის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდა, 2013 წელსვე სასამართლოს მიმართა ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელე მხარის მოთხოვნის მიუხედავად რომ იგი 50 ლარზე მეტს ვერ გადაიხდიდა, სასამართლომ მას 180 ლარი დააკისრა. მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა გი-------------აძე ჯიუტად თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, შესაბამისად მას ბავშვის ნახვის სურვილიც არ გააჩნდა. მან მანამდე არ დაიწყო ალიმენტის გადახდა, სანამ სააღსრულებლოს ბიუროს არ მიმართა მოპასუხემ. ნი----–-------------ე ცხოვრობს დედასთან და მის მეუღლესთან ერთად, შესაბამისად ნი----–-------------ეს ზრდიან ისინი და არა მოპასუხის მშობლები. ნი----–--ზი ყოველდღიურად მოპასუხის მეუღლეს მიჰყავს საბავშვო ბაღში და საბავშვო ბაღიდან უმეტესად (სამსახურის გრაფიკის გათვალისწინებით) მოპასუხეს გამოჰყავს. ნი----–-------------ის დაბადებიდან, მოსარჩელეს ძალიან იშვიათად თუ მიუმართავს ბავშვის ნახვის თაობაზე. ბავშვის ნახვას იგი მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ითხოვდა (ნი----–--ზის დაბადების დღე, ახალი წელი, აღდგომის დღესასწაული), რაზეც დედის მხრიდან მას უარი არასდროს მიუღია. ბავშვის ყველა წაყვანის თხოვნაზე დადებითი პასუხი ჰქონდა, შესაბამისად მას ბავშვი შეეძლო წაეყვანა მაშინ როცა დაურეკავდა და ამას სთხოვდა. უარყოფითი პასუხი ბავშვის ნახვაზე არასდროს უთქვამს, უფრო მეტიც, მოპასუხეს ბავშვი მამასთან სანახავად გაუტანებია გი-------------აძის დედისთვის (დაახლოებით სამჯერ სთხოვა მთელი 5 წლის განმავლობაში) და მისი ძმისათვისაც, ბავშვისთვის არასდროს შეუზღუდავს მამის ოჯახთან ურთიერთობა, თუმცა ბავშვის ნახვის სურვილი მამას და მამის ოჯახს სარჩელის შემოტანის დღემდე თავადვე არ გააჩნდათ. ბავშვს მამასთან დაბადებიდან ერთი დღე ან ღამეც კი არ გაუტარებია, იგი არ იცნობს ნორმალურად მამას და მის ოჯახის არცერთ წევრს. იმის გათვალისწინებით, რომ ნი----–--ზი ემოციური ბავშვია და კარგ საკითხზეც და ცუდზეც ერთნაირად მძიმედ რეაგირებს, ბავშვის მამის ოჯახში ღამის გათენებამ და სწავლის დღეების მამის ოჯახში გატარებამ შესაძლოა ბავშვზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე და ზოგადად ბავშვის მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ნი----–--ზი მამის ოჯახიდან დაბრუნების შემდეგ, ყოველთვის ეუბნებოდა დედას რომ მოსარჩელე მხარემ მას დაალევინა ღვინო/ლუდი, ასწავლა „შეგინება“, „ცუდი სიტყვები“, ასევე ბავშვი ეუბნება, რომ მას გი-------------აძე აძლევს ტელეფონს და აყურებინებს ე.წ. „ჩხუბებს“- ძალადობის ამსახველ თამაშებს, რომლის ბავშვის ფსიქიკისათვის დამანგრეველია. ნი----–--ზს თავის ქალაზე გადაღებული აქვს კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრამა, რომლის პასუხებითაც ნათლად აისახა ნი----–--ზის ნერვიული აშლილობა და ყველა საკითხის მიმართ მძიმე ემოციური გამოხატულება, რომლის შედეგადაც ნი----–--ზი დღეის მდგომარეობითაც იღებს ფსიქოტროპულ წამალს.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. ს-------–---–-------------------------------------------------------–------------–---- წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმისათვის, რომ არასრულწლოვანი ბავშვი, ნი----–-------------ე გაიზარდოს და აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს, როგორც დედამ ასევე მამამ. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან. თუმცა ამ ეტაპზე მამასა და შვილს შორის არ არის ისეთი მიჯაჭვულობა, რომ ბავშვი ღამით დარჩეს მამასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გი-------------აძეს და მოპასუხე ნა-------------ძეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნი----–-------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ.16);
3.1.2. მხარეები, გი-------------აძე და ნა-------------ძე 2013 წლის მარტის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ნი----–-------------ე ცხოვრობს დედასთან ნა-------------ძესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. ნი----–-------------ე არი მგრძნობიარე, მას აქვს ჰიპერემოციურობის სინდრომი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.159);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელია, ის სისტემატიურად საჭიროებს ნევროპათოლოგის კონსულტაციას. ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაზე დაყრდნობით, ბავშვს ესაჭიროება მშვიდი სტაბილური გარემო.
4.2.2. ფსიქოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის თანახმად, ნი----–-------------ის ქცევაზე დაკვირვების პროცესში გამოიხატა, რომ მამაზე საუბრისგან ნი----–--ზი თავს იკავებს, იძაბება და ემატება შფოთვა, ასევე ემოციური მდგომარების შეფასების კუთხით ნი----–-------------ეს გამოუვლინდა შფოთვის პოტენციურად მაღალი დონე, როდესაც მამაზე საუბრობს ცდილობს მოკლე პასუხის გაცემას. მამის და ნი----–--ზის შეხვედრის დროს ბავშვი იყო დაძაბული და შებოჭილი, მამის თხოვნაზე მისულიყო მამასთან არ მივიდა, ერიდებოდა მამასთან თვალებით კონტაქტს, თავდახრილი იჯდა დედასთან ერთად. გამოკვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ნი----–--ზს აღენიშნებოდა შფოთვის ნიშნები, მამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისაგან თავს იკავებდა, ბავშვი საჭიროებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. ჩანს, რომ სჭირდება მამის მხრიდან მეტი სითბო, ყურადღება და ასევე დედის მხრიდან მხარდაჭერა მამასთან ურთიერთობის პროცესში. ბავშვი არის პიროვნულად და ემოციურად გაორებულ მდგომარეობაში, „მამას“ ეძახის ორ ადამიანს, ბიოლოგიურს და მამობილს. ნი----–--ზის ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაძაბულობის მოსახსნელად, შფოთვის შესამცირებლად, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯის გადადგმა ურთიერთთანამშრომლობისთვის, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევისათვის.
4.2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დამატებით წარმოდგენილი ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნი----–--ზ ვიზიტის დროს განემარტა, რომ მამას აქვს სურვილი მასთან ჰქონდეს ურთიერთობა და შეხვდეს დედის გარეშე, რაზეც ნი----–--ზი პასუხობს, რომ „დედის გარეშე არ უნდა, არა დედიკოს გარეშე არ მინდა, იმიტო რო მაგინებს, არ მეფერება, კარგი მამები რაღაცას უყიდიან, თავის სამსახურს აჩვენებენ, ფეხბურთზე წაიყვანენ, და სათამაშოს ან შოკოლადს უყიდიან“. შესაბამისად ბავშვზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ნი----–--ზს აქვს ნეგატიური გრძნობების გამოხატვის მზადყოფნა, როდესაც კითხვა ეხება მამას.
3.2.2. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მისთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობლის მხრიდან აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობისთვის ნაბიჯის გადადგმა, ასევე გასათვალისწინებელია მამის მხრიდან ის გარემოებაც, რომ ბავშვი იმ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას რაც აკლია მისი მხრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ გი-------------აძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე გი-------------აძეს და მოპასუხე ნა-------------ძეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნი----–-------------ე. მხარეები, გი-------------აძე და ნა-------------ძე 2013 წლის მარტის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ს-------–---–-------------------------------------–------------------–---–---------------------------------–-------ს მიერ მომზადებული დასკვნით, დადგენილია, რო, არასრულწლოვანი ნი----–-------------ე ქ. ა----------, დედასთან მოპასუხე ნა-------------ძესთან და მამობილთან გი----------------თან ერთად ცხოვრობს. დედა და მამინაცვალი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა კარგია. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი და საწოლი. დამაკმაყოფილებელია მცირეწლოვანის ძირითადი საჭიროებები, უზრუნველყოფილია ასაკის განვითარებისათვის შესაბამისი სათამაშოებით, უზრუნველყოფილია ადეკვატური კვებით. დაცულია ძალადობისგან და უგულებელყოფისგან. ოჯახში არ ხდება რაიმე სახის კონფლიქტი, რომელიც ცუდად აისახება ბავშვის ფსიქო ემოციურ მდგომარეობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მათ აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვების მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მათ ზრდა-განვითარებაში და ორივე მათგანმა თანაბრად აიღოს საკუთარ შვილებზე პასუხისმგებლობა.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
,,ბავშვთა უფლებების კონვენციის’’ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ იმ ურთიერთობის მოწესრიგებისას, რომელიც ეხება არასრულწლოვან ბავშვს, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლომ კონკრეტული პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას - გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა მიანიჭოს.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას განმარტავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი იზრდება დედასთან ერთად, არის მამისაგან მოშორებული; აღნიშნულის გათვალისწინებით გი-------------აძეს უნდა ჰქონდეს საშუალება იქონიოს კავშირი საკუთარ შვილთან, წაიყვანოს იგი თავისთან. ამასთან გასათვალისწინებელია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მამასა და შვილს შორის არ არსებობს მყარი მიჯაჭვულობის განცდა, რის გარეშეც ხანგრძლივი პერიოდით დედის გარეშე ურთიერთობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ გაჩნდეს მომატებული შფოთვითი რეაქციები. მიზანშეწონილია, რომ მამასა და შვილს შორის ურთიერთობა მივიდეს გარკვეულ დონემდე, რომ ემოციური თვალსაზრისით დამყარდება მამის გარშემო სრული უსაფრთხოების და კომფორტის განცდა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნაში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ ერთერთი შეხვედრის დროს მოსარჩელის თხოვნაზე ნი----–--ზი მისულიყო, რათა მოფერებოდა და საჩუქარი გადაეცა ბავშვმა უარი უთხრა მამას, მამამ უთხრა: „რაღაც მოგიტანე“ ნი----–--ზი პასუხობს „არ მინდა მე მამის სათამაშო, მე დედის მინდა“. მამას განმეორებით თხოვნაზე მოფერებოდა და ეკოცნა ნი----–--ზი პასუხობს „აქედან წავიდეთ, შენ მაგინებდი, გ-------- ჯ-------–--, ის კეთილია“. იკვეთება, რომ ბავშვს მამის მიმართ არ გააჩნია უსაფრთხოების განცდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია არასრულწლოვანის ინტერესები, ვინაიდან აღნიშნულის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკაზე. შესაბამისად, ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, თავდაპირველად მამასა და შვილს შორის უნდა გამყარდეს ურთიერთობა, მიჯაჭვულობა და მხოლოდ შემდეგ უნდა მიეცეს მამას ბავშვის თავისთან წაყვანის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე ფსიქოლოგის რეკომენდაციის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მშობელთა დაშორების შემდეგ - ბავშვი იზრდება დედასთან და მამას ბავშვთან ინტენსიური ურთიერთობა არ ჰქონია; არასრულწლოვანი ნი----–-------------ე არის 5-–-–--- ბავშვი განიცდის დედასთან მიჯაჭვულობას, როგორც ბიოლოგიური ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ამ ეტაპზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პერიოდი არასრულწლოვანის ურთიერთობა მოსარჩელესთან მოხდეს წაყვანის გარეშე, დედის ნა-------------ძის ან მისი უფლებამოსილი პირის, რომელსაც დედა საჭიროდ მიიჩნევს, თანდასწრებით, ხოლო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გი-------------აძეს უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა ნი----–-----------------ან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანუ ბავშვისათვის ნაცნობ და ოჯახურ გარემოში მისი უპირატესი ინტერესის უზრუნველსაყოფად, რათა მამა-შვილს შორის ურთიერთობა მივიდეს გარკევულ დონემდე, გაღრმავდეს მათ შორის კომუნიკაცია. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტაციით სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად თავიდანვე ბავშვის წაყვანა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ამიტომ ნა-------------ძეს უნდა დაეკისროს გი-------------აძის სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა,ამასთან, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული განჩინებით განსაზღვრული დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-------------აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. გი-------------აძეს არასრულწლოვან შვილთან ნი----–-----------------ან (დაბადებული 2----–-–------------) ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგი სახით:
1.2. გი-------------აძემ შვილი ნი----–-------------ე თავდაპირველად ერთი თვის განმავლობაში ნახოს ყოველი კვირის ოთხშაბათ დღის 17:00 საათიდან დღის 20:00 საათამდე და პარასკევს დღის 17:00 საათიდან დღის 20:00 საათამდე დედის ნა-------------ძის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით სკვერის, პარკის, ტაძრის, საბავშვო გასართობ ცენტრში, სუპერმარკეტის (იგულისხმება ქ. ა---------- არსებული სუპერმარკეტები), ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით, მათ შორის საბავშვო ბაღიდან გაყვანისას.
1.3. ექვსი თვის შემდეგ მამა-შვილების ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ყოველი კვირის ოთხშაბათ დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე მამას, გი-------------აძეს მიეცეს ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან შვილთან ნი----–-----------------ან ამავე გადაწყვეტილების 1.2. პუნქტით მითითებულ ადგილას ან მხარეთა შეთანხმებით არჩეულ ადგილას ნახოს დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. გი-------------აძეს შვილთან ურთიერთობისას ასევე მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი ნი----–-------------ე ყოველი კვირის შაბათი დღის 13:00 საათიდან წაიყვანოს და დააბრუნოს იმავე დღის 20:00 საათამდე დედის, ნა-------------ძის საცხოვრებელ ადგილას;
2.გი-------------აძის სარჩელი ნი----–-------------ის 2019 წლის 25 ივნისიდან ყოველი კვირის პარასკევს დღეს წაყვანის და კვირას დაბრუნების, ასევე არდადეგების ნახევრის მამასთან გატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს სამოქალაქო საქმეზე, 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4.მოპასუხე ნა-------------ძეს მოსარჩელე გი-------------აძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახ--––---ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე