გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
050210118002408562
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 050210118002408562

N2/411-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2019წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი: მაკა გუჯაბიძე

თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელეები -ალექსანდრე კუტლიმეტოვი, რაისა კირილოვა, ანდრეი კირილოვი, ბორის კუტლიმეტოვი, ლიუდმილა მამიი

ლუდმილა მამიის წარმომადგენელი-ალექსანდრე კუტლიმეტოვი

ბორის კუტლიმეტოვის, ანდრეი კირილოვის, ალექსანდრ კუტლიმეტოვის წარმომადგენელი-სვეტლანა შკრიაბაი,მოპასუხე- ნინო ჩანჩიბაძე,წარმომადგენელი-ემზარ ურუშაძე

თარჯიმანი-ზურაბ კვირკელია

დავის საგანი: მინდობილობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე-ნინო ჩანჩიბაძე

წარმომადგენელი-ემზარ ურუშაძე

მოპასუხე-ალექსანდრ კუტლიმეტოვი, რაისა კირილოვა,წარმომადგენელი-სვეტლანა შკრიაბაი,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მარია კუტლიმეტოვასა და ნინო ჩანჩიბაძეს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული გარიგება (მინდობილობა) სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N161307603.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ოზურგეთი, დაბა ურეკი, მიწის ს/კ 26.28.12.103 და ასევე ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ოზურგეთი, დაბა ურეკი, მიწის ს/კ 26.28.14.327.

 

1.3. მარია კუტლიმეტოვას დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობილ იქნან მისი პირველი რიგის მემკვიდრეები-შვილები, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეები- ალექსანდრე კუტლიმეტოვი, რაისა კირილოვა, ანდრეი კირილოვი, ბორის კუტლიმეტოვი, ლიუდმილა მამიი. სამკვიდრო მდებარე ოზურგეთი, დაბა ურეკი მიწის ს/კ 26.28.14.327 და ს/კ 26.28.12.103.

 

თავდაპირველი მოსარჩელეების წარმომადგენლის სვეტლანა შკრიაბაიას განმარტებით მისი მარწმუნებლების დედა აწ გარაცვლილი - მარია კუტილმეტოვა გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს. აწ გარაცვლილ -მარია კუტლიმეტოვას საკუთრებაში გააჩნდა ხუთი უძრავი ქონება მდებარე- ოზურგეთი, დაბა ურეკი, დედის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა გადაწყვიტეს დედის სამკვიდრო ქონების მიღება.

2018 წლის 02 თებერვალს მემკვირეებმა: ალექსანდრე კუტლიმეტოვმა, ბორისი კუტლიმეტოვმა, რაისა კირილოვამ, ანდრეი კირილოვმა და ლიუდმილა მამიიმ განცახდებით მიმართეს ქ. ფოთის, სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს გახსნა. ასევე აწ გარდაცვლილმა - მარია კუტლიმეტოვამ 2000 წელს შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელი მისი უძრავი ქონება უანდერძა შვილებს. ვინაიდან, სანოტარო ბიუროში წარსადგენი იყო სჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდებოდა აწ. გარდაცვლილი მარია კუტილემოტოვას სახელეზე რიცხული ქონება, ალექსანდრე კუტლიმეტოვმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს და მოითხოვა დედის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერები, თუმცა მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენდა ნინო ჩანჩიბაძის საკუთრებას. სვეტლანა შკრიაბაის განმარტებით ნინო ჩანჩიბაძე არის გარცვლილი მარია კუტლიმეტოვას შვილიშვილი. 2016 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრით- N 161307603, დარეგისტრირდა მინდობილობა, რომლის საფუძველზე აწ გარდაცვლილი მარია კუტლიმეტოვა აძლევდა უფლებას ნინო ჩანჩიბაძეს შეეტანა ნებისმიერი სახის ცვლილება მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მონაცემებში, რაც გულისხმობდა მართვას, განკარგვას და ასევე გაფორმებას საკუთარ თავზე. მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მინდობილობა მარია კუტლიმეტოვას დაადებინეს მოტყუებით, ვინაიდან იგი მოტყუების გარეშე არ გააფორმებდა მინდობილობას. მინდობილობის გაფორმების მეორე დღესვე, ნინო ჩანჩიბაძემ დაირეგისტრირა მის სახელზე ორი უძრავი ქონება. 2018 წლის 27 თებერვალს კი ნინო ჩანჩიბაძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მინდობილობის საფუძველზე მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა რეგისტრირებული მონაცემების შესწავლის შედეგად აღნიშნული რეგისტრაცია შეჩერდა, ვინაიდან აწ გარდაცვლილი მარია კუტლიმეტოვას სახელზე გაფორმებულ მინდობილობას გასული ჰქონდა ვადა. სვეტლანა შკრიაბაის განმარტებით მარია კუტლიმეტოვას ჰყავს ხუთი პირველი რიგის მემკვიდრეები- შვილები და ჩუქების ხელშეკრულების არსებობა უშლით მათ ხელს მიიღონ სამკვიდროდან კუთვნილი წილი და მათი კანონიერი უფლებები აღნიშნული გარიგებით დარღვეულია. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით მის მარწმუნებლებს მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ სანოტარო ბიუროს და თავიანთი წილის კვალობაზე მიიღონ აწ გარდაცვლილი მარია კუტლიმეტოვას ქონება. ასევე აღასრულონ აწ გარდაცვლილის მიერ შედგენილი ანდერძი, რომელიც აქტიურია.

 

სვეტლანა შკრიაბაის ეთანხმებიან მისი მარწმუნებლები.

რაისა კრილოვას განმარტებით იგი დედის გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში. მისი ჩამოსვლის მერე, ნინოს არც ბებიის მოვლაში მიუღია მონაწილეობა და არც სახლის დალაგებაში. ავადმყოფი იყო მოუვლელი და არც წამლები ქონდა. მისმა დედამ დატოვა იმდენი თანხა, რომლითაც შესაძლებელი იყო დაკრაძალვის ხარჯების დაფარვა.

 

თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის -ნინო ჩანჩიბაძის წარმომადგენლის ემზარ ურუშაძის განმარტებით მის მარწმუნებელს ნინო ჩანჩიბაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით- 26.28.14. 327, რომელიც მოპასუხეებს აქვთ დაკავებული, მისი მარწმუნებლის ნების საწინააღმდეგოდ. მისი მარწმუნებლის არა ერთი მიმართვისა მოპასუხეები წინააღმედგენი არიან გამოანთავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ფართი, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. მამკვიდრებელ მარია კუტლიმეტოვას გარდაცვალების დროისთვის მისი მარწმუნებლის სახელზე ირიცხებოდა არა 5 უძრავი ქონება, არამედ სამკვიდრო გახსნის დროისთვის -სამი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 26.28.14.049, ს/კ 26.28.15.010 და 26.28.15.014, რასაც თანაბარი უფლებით სარგებლობენ პირველი რიგის მემკვიდრეები. ემზარ ურუშაძის განმარტებით მოწინააღმდეგე მხარე არასწორედ მიუთითებს თითქოს დღეის მდგომარეობით არსებობს აქტიური ანდერძი, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე როდესაც ანდერძის დაწერის შემედეგ, მოანდერძე თავის სიცოცხლეში განკარგავს მას და მამკვიდრებელის გარდაცვალების მომენტისთვის- სამკვიდროს გახსნის დროისთვის, ნაანდერძევი სამკვიდრო ქონება არ წარმოადგენს მამკვიდრებელის დანაშთ ქონებას, ასეთი საანდერძო დანაწესი ბათილია. ემზარ ურუშაძე ასევე განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული მოთხოვნა მინდობილობის ბათილობაზე, როგორც თითქოსდა მოტყუებით დადებულ გარიგებაზე, რადგან მარია კუტლიმეტოვამ ნინო ჩანჩიბაძეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაუფორმა მინდობილობა და მისცა უფლება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის გაეფორმებინა საკუთარ თავზეც, რითაც მან გამოხატა თავისი ნება. ემზარ ურუშაძის განმარტებით მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება მხარეს აქვს ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ იმ პირს, ვინც მოატყუეს. მინდობილობა გაცემულია 2016 წლის 14 ნოემბერს, ხოლო მინდობილობის გამცემი-მარია კუტლიმეტოვა გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს და აღნიშნულ პერიოდში მარია კუტლიმეტოვას ეჭვქვეშაც არ დაუყენებია მინდობილობის კანონიერება. მისი განმარტებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენეი არ აფიქსირებს, რაში გამოიხატა მარია კუტლიმეტოვას მოტყუება და რა გარიგების დადება სურდა მას. ემზარ ურუშაძე ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2016 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლები და ასევე მოსარჩელეთა მესამე მოთხოვნასაც- მარია კუტლიმეტოვას დანაშთ ქონებაზე - ს/კ 26.28.12.103, 26.28.14. 327, მისი შვილები იქნან ცნობილი მესაკუთრეებად, მიიჩნევს უსაფუძვლოდ, რადგანაც მარია კუტლიმეტოვას გარდაცვალების დროისთვის ზემოთ აღნიშნული ქონებები არ წარმოადგენდა მის დანაშთ ქონებას. აღნიშნული ქონებები თავისი სურვილით ბებიამ-მარია კუტლიმეტოვამ აჩუქა შვილიშვილს-ნინო ჩანჩიბაძეს. ამასთან გარდა ალექსანდრე კუტლიმეტოვისა, სხვა მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღებასტან დაკავშირებით და არც მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლოლობით მიღებაა დადგენილი. რაც შეეხება მოსარჩელეთა მხრიდან აპელირებას იმ ფაქტთთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელეები არიან როგორც კანონისმიერი, ისე ანდერძისმიერი მემკვირეები, ემზარ ურუშაძე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1404-ე მუხლს, რომლის თანახმად- ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველეზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.

 

ემზარ ურუშაძეს ეთანხმება მისი მარწმუნებელი-ნინო ჩანჩიბაძე. მისი განმარტებით იგი ბავშვობიდან იზრდებოდა ბებიასთან. გათხოვების შემდგომაც ხშირად ნახულობდა ბებიას და ავადმყოფობს დროს უვლიდა მას. ასევე მისი და და დედაც უვლიდნენ ბებიას. პირადად მან დაურეკა დეიდას-რაისა კირილოვას 20 დღით ადრე ბებიის გარდაცვალებამდე და შეატყობინა მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა. 40 დღე არ იყო გასული ბებიის გარდაცვალებიდან ბოქლომი დაადეს ჭიშკარზე და არ უშვებდნენ სახლში. მას ბებიამ თხოვა მის სიცოცხლეში გადაეფორმებინა ქონება, საჯარო რეესტრში უთხრეს, ვინაიდან ბებიაა არ სეეძლო ქართულად ხელის მოწერა დოკუმენტებზე, უნდა მიემართათ ნოტარიუსისათვის მინდობილობის გასაფორმებლად. მოწმეებისა და თარჯიმნის მონაწილეობით გაუფორმა ნოტარიუსმა მინდობილობა, კანონის სრული დაცვით. ბებიის გარდაცვალების შემდგომ მისი საფლავის გაკეთებაც არ უცდიათ მის შვილებს. მისი გასაკეთებელია ყველაფერი. მისმა ბებიამ ნის შვილს-ალექსანდრეს უარი უთხრა მიწის გადაფორმებაზე, იმ მოტივით, რომ ქონებას ყავდა პატრონი, რის გამოც ალექსანდრე წავიდა რუსეთში და არ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.

 

2.შეგებეული სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. აეკრძალოთ მოპასუხეებს-ალექსანდრე კურლიმეტოვსა და რაისა კირილოვას ნინო ჩანჩიბაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობა, რომლის ს/კ 26.28.14.327 და საცხოვრებელი სახლით სარგებლობა, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაბა ურეკი და გამოსახლებულ იქნან აღნიშნული ფართიდან.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელის -ნინო ჩანჩიბაძის წარმომადგენლის ემზარ ურუშაძის განმარტებით მის მარწმუნებელს ნინო ჩანჩიბაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში გააჩნია საცხოვრებელი სახლი და სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდზე 26.28.14.327, რომელიც მოპასუხეებს დაკავებული აქვთ მისი მარწმუნებლის ნების საწინააღმდეგოდ. მისი მარწმუნებლის არა ერთი მიმართვისა მოპასუხეები წინააღმედგენი არიან გამოანთავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ფართი რის გამოც იძულებული გახდა მისი მარწმუნებული მიემართა სასამართლოსთვის.

 

ემაზარ ურუშაძეს ეთანხმება მისი მარწმენებლი.

 

2.2. შეგებეული სარჩელის მოპასუხეების-ალექსანდრე კუტლიმეტოვის, რაისა კირილოვას, ანდრეი კირილოვის, ბორის კუტლიმეტოვის, ლიუდმილა მამიის წარმომადგენელი -სვეტლანა შკრიაბაი არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ ნინო ჩანჩიბაძემ უკანონოდ დაირეგისტრირა ბებიის სამკვიდრო ქონება, რაც უნდა გაუქმდეს. მის მარწმუნებლებს-ალექსანდრე კუტლიმეტოვს და რაისა კირილოვას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და მათი გამოსახლება სადაო ფართიდან არ უნდა მოხდეს.

 

სვეტლანა შკრიაბაის ეთანხმებიან მისი მარწმუნებელები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი აგრემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მარია კუტლიმეტოვა გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გარდაცვალების მოწმობა N51187000463 (იხ.ტ.1. ს.ფ. 17).

 

3.2.2. საქმეშია მარია კუტლიმეტოვას 2000 წლის 3 ოქტომბრის ანდერძი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ანდერძი (იხ. ტ.1. ს.ფ. 24-25).

 

3.2.3 საქმეშია მარია კუტლიმეტოვას 2016 წლის 14 ნოემბრის მიდობილობა ნინო ჩანჩიბაძისადმი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მინდობილობა (იხ. ტ.1. ს.ფ. 27-28).

 

3.2.4 საქმეშია 2018 წლის 2 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 26.28.14.327 და ს/კ 26.28.12.103, რომელთა მესაკუთრეა ნინო ჩანჩიბაძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 30, 33-34).

 

3.2.5.საქმეშია 2016 წლის 15 ნოემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება (იხ. ტ.1. ს.ფ. 31-32)

 

3.2.6. მოწმე თამარა ლოშმანოვას ჩვენებით დიდი ხანია იცნობდა მარია კუტლიმეტოვას. ბოლო დროს იგი შორს ვერ ხედავდა, სმენაც დაქვეითებული ქონდა. ბოლოს ნახა გარდაცველებამდე ერთი თვით ადრე და ორი საათი ისაუბრეს. თხოვა საშასთვის დაერეკა, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროსო. ბოლო ოთახს მივცემ საშას, წინა ოთახში მე ვიცხოვრებო. მე სანამ ვიქნები აქ იქნება და როცა მოვკვდები, მას დარჩება ქონებაო. იცის, რომ დაკრძალვის ფული ქონდა მარიას, ეტყობოდა, რომ მოვლა აკლდა. ახსოვს მარიამ უთხრა- ნინოს შვილს-ემილის მივეცი რაც მინდოდაო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თამარა ლოშმანოვას ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. მოწმე რიტა შპაკოვას ჩვენებით იგი არის მარია კუტლიმეტოვას მეზობელი. 200-300 მეტრით მოშორებით ცოვრობს, პრალელურ ქუჩაზე. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხედავდა ხოლმე. იცის, რომ მარია კუტლიმეტოვას სმენა დაქვეითებული ქონდა და მხედველობაც არ უვარგოდა. ასევე იცის, რომ ფული ქონდა შენახული და დაკრძალვის ხარჯებისთვის გამოადგებოდათ. ვინ დაკრძალა მისთვის უცნობია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

რიტა შპაკოვას ჩვენება (იხ. საამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.8. მოწმე სერგეი მერკულოვის ჩვენებით არის მხარეების შორეული მეზობელი და ალექსანდრე კუტლიმეტოვის მეგობარი. ნინო ჩანჩიბაძეს იცნობს შორიდან. იცის, რომ აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმტოვას სმენა დაქვეიტებული ქონდა და ხმამაღლა ესაუბრებოდა ხოლმე. ალექსანდრე კუტლიმეტოვს სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს. იცის, რომ დედამისს სურდა ალექსანდრეს მასთან რომ ეცხოვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სერგეი მერკულოვის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.9. მოწმე რუსუდან შარაშიძის ჩვენებით არის მხარეების კედლის მეზობელი. იგი ხშირად შედიოდა მარია კუტლიმეტოვასთან. შვილები ზაფხულობით ჩამოდიოდნენ მასთან რუსეთიდან. ნინო ჩანჩიბაძეს ზრდიდა ბებია. ნინო, მისი და, და დედამისი უვლიდნენ მარია კუტლიმეტოვას ავადმყოფობის დროს. მარიას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა რაისა რუსეთიდან, ხოლო ალექსანდრე ერთი დღით ადრე. გარდაცვალებამდე დაახლოებით წლინახევრით ადრე მარიამ მას სთხოვა ნინოსთვის ქონების ჩუქებების თაობაზე გაყოლოდა მოწმედ ნოტარიუსთან და ასევე თხოვა აღნიშნული ფაქტის საიდუმლოდ შენახვა. იცის, რომ ნინოსთვის უნდოდა ყველაფერი. ნოტარიუსის მიერ გამოძახებულ იქნა თარჯიმანი, რომელმაც უთარგმნა მინდობილობა, შემდეგ მან და თარჯიმანმა მოაწერეს ხელი მინდობილობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

რუსუდან შარაშიძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.10. მოწმე ნინო მურვანიძის ჩვენებით არის ახლო მეზობელი, ნათესავი. ნინო ჩანჩიბაძე და მისი დედა უვლიდნენ და პატრონობდნენ აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმეტოვას. იცის, რომ ნინო ცხოვრობდა ბებოსთან და იქ ათევდა ღამეს. მისთვის ცნობილი იყო, რომ მარია ნინოს უტოვებდა ქონებას, მაგრამ აღნიშულის გახმაურება არ სურდა. მისთვის ხშირად უთქვავს მარიას, რომ ნინოსთვის და ნინოს ქალიშვილისთვის-ემილისთვის უნდა დაეტოვენინა ყველაფერი. მარიას სმენა დაქვეითებული ქონდა, მაგრამ აზროვნებდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ნინო მურვანიძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.11. მოწმე მაყვალა ანჯაფარიძის ჩვენებით არის მხარეების ახლო მეობელი. იცის, რომ ნინო გაზარდა ბებიამ, რომელიც ძალიან უყვარდა. იგი მუშაობდა ფოსტის განყოფილების უფროსად და იცოდა, რომ მარია კუტლიმეტოვას სურვილი იყო ნინოსთვის დაეტოვებინა ქონება. ქუჩაში რომ გაივლიდა, დაუძახებდა სასაუბროდ. გზიდან ახლოს იჯდა მის ეზოში და შეეძლო თავიუფლად დაენახა ქუჩაში მიმავალი ხალხი. ბოლოს მარია ნახა გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მაყვალა ანჯაფარიძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ გაანალიზა რა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, მოწმეებს, მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სარჩელი უსაფუძვლობის გამო და უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 50-ე, 54-ე, 68-ე, 81-82-ე, 69-70-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე, 168-ე მულები

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ემუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ ან ვერ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრილების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ავტორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიზანშეწონილი იქნებოდა მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სადავო უძრავ ქონებაზე პირველი რიგის მემკვიდრეების საკუთრების უფლების აღდგენა.

 

საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად: გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მარავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.

 

ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად: გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.....

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრით- N 161307603, დარეგისტრირდა მინდობილობა, რომლის საფუძველზე აწ გარდაცვლილი მარია კუტლიმეტოვა აძლევდა უფლებას ნინო ჩანჩიბაძეს შეეტანა ნებისმიერი სახის ცვლილება მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მონაცემებში, რაც გულისხმობდა მართვას, განკარგვას და ასევე გაფორმებას საკუთარ თავზე და სხვა (იხ. პუნქტი 3.2.3.).

 

მარია კუტლიმეტოვა გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

ნინო ჩანჩიბაძე არის აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმეტოვას შვილიშვილი.

 

თავდაპირველი მოსარჩელეები--ალექსანდრე კუტლიმეტოვი, რაისა კირილოვა, ანდრეი კირილოვი, ბორის კუტლიმეტოვი, ლიუდმილა მამიი არიან აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმეტოვას შვილები, რომელთა პირველი სასარჩელო მოთხოვნაა- 2016 წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირებული N 161307603 მინდობილობის ბათილობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგებისა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარეს თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის პოზიციას სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად მის მოტყუებით დადებაზე მითითების შესახებ.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

 

მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარების დ აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (საქმე №ას-182-171-2014, 20.01.2016წ. საქმე N№ას-1117-1051-2015).

 

მოცმულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ აწ გარდაცვლილი მარია კუტლიმეტოვა მოატყუეს, მაგრამ რაში გამოიხატა აღნიშნული მოტყუება და სხვა რა სახის გარიგების დადება სურდა მარია კუტლიმეტოვას, როდესაც მარია კუტლიმეტოვა თავად გაჰყვა ნინო ჩანჩიბაძეს ჯერ საჯარო რეესტრში, ხოლო შემდეგ ნოტარიუსთან, მხარემ ვერ დაასაბუთა.

 

საქართველოს სკ-ის 69-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად:

გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით.

გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარის ხელმოწერა.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად: იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერაკითხვის უცოდინრობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

 

სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მინდობილობა აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმეტოვას მიერ ნინო ჩანჩიბაძისადმი დაიდო სკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა წარმომადგენლის პოზიციას, რომ აღნიშნულ მინდობილობას ხელს არ აწერს მარია კუტლიმეტოვა, რაც ასევე მის ბათილობის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან აღნიშნულ მინდობილობაში დაფიქსირებულია, რომ ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო მარია კუტლიმეტოვა ვერ ახერხებს სანოტარო აქტზე ხელმოწერის შესრულებას, რი სგამოც თავის ნაცვლად მინდობილობაზე ხელმოწერის შესრულება მიანდო თინათინ ჭელიძეს, რომლის ხელოწერაც არის დაფიქსირებული მინდობილობაზე (ტ.1.ს.ფ.27-28). მინდობილობას ასევე ხელს აწერს თარჯიმანი და მოწმე რუსუდან შარაშიძე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა აწ გარდაცვლილ მარია კუტლიმეტოვას სურვილი თავისი ქონების ნინო ჩანჩიბაძისადმი გადაცემასთან დაკავშირებით, აღნიშნული ასევე დადასტურებულ იქნა მოწმეების-ნინო მურვანიძის და მაყვალა ანჯაფარიძის მიერ (იხ. პუნქტი 3.2.9-3.2.11).

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლები მოსარჩელეებმა ვერც მიუთითეს და ვერც სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურეს.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა პირველი მოთხოვნა-2016 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრით- N 161307603, დარეგისტრირებული მინდობილობის ბათილობის მოთხოვნა, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს თავდაპირველი მოსარჩელეების მეორე და მესამე მოთხოვნებიც.

 

6.2. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს- მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას და ალექსანდრე კუტლიმტოვისა და რაისა კირილოვას გამოსახლების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:

 

ტ.1. ს.ფ. 30, 33-34 -ზე განთავსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 26.28.14.327 და ს/კ 26.28.12.103, მესაკუთრეა ნინო ჩანჩიბაძე, ხოლო შეგებეული სარჩელის მოპასუხემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რაც მოპასუხეების-ალექსანდრე კუტლიმეტოვისა და რაისა კირილოვას მიერ ნივთის ფლობის უფლებას დაადასტურებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მესაკუთრემ-შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ შეძლო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება სსკ მე-4, 102-ე, 103-ე ად 105-ე მუხლების თანახმად, ხოლო მოპასუხეებმა-რაისა კირილოვამ და ალექსანდრე კუტლიმეტოვმა საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცების ტვირთვის რეალიზება ვერ მოახდინეს.

 

საქართველოს სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. N6833/74, სტრასბურგი, 1979წლის 13 ივნისი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით უნდა გადაწყდეს სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა. სადაო ქონების მესაკუთრე საჯარო რეესტრის ამონაწერით არის შეგებეული სარჩელის მოსარჩელე-ნინო ჩანჩიბაძე, სადაო ქონებას დაუფლებული არიან მოპასუხეები-ალექსანდრე კუტლიმეტოვი და რაისა კირილოვა და მათ კანონიერი უფლება არ აქვთ აღნიშნული ქონების მფლობელობის.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო და უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეთა მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

ვინაიდან დაკმაყოფილდა შეგებეული სარჩელი, შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს -ალექსანდრე კუტლიმეტოვსა და რაისა კირილოვას ნინო ჩანჩიბაძის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა -100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელეების-ალექსანდრე კუტლიმეტოვის, რაისა კირილოვას, ანდრეი კირილოვის, ბორის კუტლიმეტოვის, ლიუდმილა მამიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის-ნინო ჩანჩიბაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2.1. აეკრძალოს მოპასუხეებს -ალექსანდრე კუტლიმეტოვსა და რაისა კირილოვას ნინო ჩანჩიბაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობა, რომლის საკადასტრო კოდია 26.28.14.327, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი-770 კვ.მ და საცხოვრებელი სახლის სარგებლობა მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაბა ურეკში და გამოსახლებულ იქნან აღნიშნული ფართიდან.

 

3. თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

3.1. დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს--ალექსანდრე კუტლიმეტოვსა და რაისა კირილოვას ნინო ჩანჩიბაძის სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე