გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210017001673600
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3-----------------

№2/689-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.12.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ზ------ ლ--–--ე

წარმომადგენლები: ჟ--- ჩ-------ი, დ----- ჭ-----–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს "ე-–-----------–-----–----------------------------–ი"

წარმომადგენლები: თამთა დევდარიანი, დ----- ჭ-----–---–ი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება;

დავის საგანი (შეგებებული სარჩელის): ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ის“ 2016 წლის 22 ნოემბრის N3-- ბრძანება ზ------ ლ--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. მოსარჩელე ზ------ ლ--–--ე აღდგენილ იქნას შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ის“ ინტერვენციონისტის თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ნოემბრიდან, ყოველთვიურად 3042 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4. მოპასუხე შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება 4000 ლარის ოდენობით და აღნიშნულ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა, მიუღებელი ხელფასის ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

1.5. დაეკისროს ზ------ ლ--–--ეს შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ის“ სასარგებლოდ 4500 ლარის გადახდა.

 

თავდაპირველი სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,ელიზაბეტ ბელქველის ჰოსპიტალთან“ 2014 წლიდან. მხარეთა შორის იდებოდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით. 2016 წლის 01 ნოემბერს, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე. კონკრეტულად მოსარჩელეს ჩატარებული თითოეული კორონოროგრაფიიდან ერიცხებოდა 125 ლარი, ხოლო სტენტირებიდან 250 ლარი. მოსარჩელე მუშაობდა ინტერვენციონისტად. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება ნიშნავდა მოსარჩელის არა მუდმივად ყოველდღიურ ყოფნას კლინიკაში, არამედ მის გამოძახებას საჭიროებისამებრ. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაქმებულს ჰქონდა უფლებამოსილება მოეძიებინა შემცვლელი ექიმი, თუ იგი ვერ ახერხებდა კორონოროგრაფიის ან სტენტირების ჩატარებას. 2017 წლის 07 დეკემბერს, მოსარჩელეს საავადმყოფოს იურისტის ნინო გზირიშვილის მიერ ელ. ფოსტით გამოეგზავნა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ პაციენტისადმი გულგრილი დამოკიდებულება და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა ასევე ოქტომბრის თვის ხელფასი 4000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია.

 

თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას და შეუფერებელ ყოფაქცევას, რაც წარმოადგენს გათავისუფლების გონივრულ საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვდა ხელშეკრულების პირობების უმკაცრეს დაცვას, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაო დაკავშირებული იყო სიცოცხლის მოსპობის მაღალ რისკთან. მოსარჩელემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულების მუხლები, გულგრილად მოეკიდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თვითონ არ გააკეთა საოპერაციო მანიპულაცია და იგი შეასრულებინა არაუფლებამოსილ პირს, რაც წარმოადგენს საექიმო კანონმდებლობის დარღვევას, მისი ასეთი საქმიანობით ჩატარებული კვლევით ვერ იქნა დადგენილი პაციენტის მძიმე მდგომარეობა, მხოლოდ შემდგომი კვლევებით დადგინდა პაციენტის გადაყვანის და ოპერაციის გადაუდებელი ჩატარების აუცილებლობა სხვა კლინიკაში, რითაც საშიშროება შეექმნა პაციენტის ჯანმრთელობას და ზიანი მიადგა მოპასუხე კლინიკას, მის იმიჯსა და ავტორიტეტს და კლინიკამ განიცადა ფინანსური ზარალი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერი და დასაბუთებულია. რაც შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, მოპასუხე მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, დასაქმებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული თავად უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი ინტერვენციონისტს, მისი ანაზღაურება კი გამოკლებული იქნება დასაქმებულის ხელფასის ოდენობიდან. შესაბამისად, 2016 წლის ოქტომბრის თვეში გამოძახებული ექიმი ინტერვენციონისტი, რომლის მიერ ჩატარებულ იქნა 7 სტენტირება და 5 კორონოროგრაფია, რის გამოც მოსარჩელის ანაზღაურებას უნდა გამოაკლდეს გამოძახებული ექიმის მიერ ჩატარებული ანაზღაურების ოდენობა და შესაბამისად, ჯამში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1625 ლარს. მოპასუხემ ხელფასის 1625 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო მთავარ სხდომაზე.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 12 ნოემბერს 21:05 საათზე, კლინიკაში რუსთავიდან შემოყვანილ იქნა პაციენტი ელევაციებით, რაც ნიშნავდა იმას, რომ შესაძლოა ჰქონოდა მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი, რის გამოც პაციენტს სასწრაფოდ უნდა ჩატარებოდა კორონოროგრაფია. პაციენტის მოყვანამდე 19:33 საათზე მორიგე ექიმ კარდიოლოგი მორიგე ექთნის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ექიმ ინტერვენციონისტ ზ------ ლ--–--ეს, რომელიც გაფრთხილებულ იქნა და მოსვლაზე თანხმობა განაცხადა. შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გამოძახებიდან 30 წუთის განმავლობაში პირადად გამოცხადდეს კლინიკაში, თუმცა ზ------ ლ--–--ე 22:50 საათზე, ანუ 3 საათის დაგვიანებით გამოცხადდა კლინიკაში. არ შევიდა საოპერაციოში და კორონოროგრაფია ჩაატარებინა არაუფლებამოსილ არალიცენზირებულ დამხმარე უმცროს ექიმს, თვითონ კი თვალყურს ადევნებდა საოპერატორო ოთახიდან. დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება ზ------ ლ--–--ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან მანიპულაციის ჩატარება მოხდა არალიცენზირებული ექიმის მიერ, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს, კლინიკა იძულებული გახდა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 დეკემბრის ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის განსაზღვრის შესახებ“ 218-ე დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებაში მოსათხოვი თანხა დადგენილი ტარიფის მიხედვით, პაციენტზე გაწეული კორონოროგრაფიისათვის 900 ლარის ოდენობით, არ იქნა მოთხოვნილი, რითიც კლინიკას მიადგა მატერიალური ზიანი 900 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ზიანისთვის, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის ქმედების შედეგად მიადგა, ზიანის ხუთმაგი ოდენობით 4500 ლარის დაკისრებას.

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ არ არსებობს ზიანის მისთვის დაკისრების საფუძველი. ვინაიდან კლინიკას სახელმწიფო დაზღვევით აუნაზღაურდებოდა პაციენტისთვის გაწეული ხარჯი, ვინაიდან პაციენტს ეკუთვნოდა სახელმწიფოსგან ჩატარებული პროცედურის 100%-იანი დაფინანსება. შესაბამისად, გაუგებარია კლინიკამ რატომ გადაწყვიტა თავად და ერთპიროვნულად, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსისთვის ეცნობებინა, რომ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების საფასურის მოთხოვნა გაეუქმებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,ელიზაბეტ ბლექველი ჰოსპიტალთან“ 2014 წლიდან. მხარეთა შორის იდებოდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით. 2016 წლის 01 ნოემბერს, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე. კონკრეტულად მოსარჩელეს ჩატარებული თითოეული კორონოროგრაფიიდან დაერიცხებოდა 125 ლარი, ხოლო სტენტირებიდან 250 ლარი. მოსარჩელე მუშაობდა ინტერვენციონისტად.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება;

- 2013 წლის 03 ივნისის შრომითი ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.2. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება ნიშნავდა მოსარჩელის არა მუდმივად ყოველდღიურ ყოფნას კლინიკაში, არამედ მის გამოძახებას საჭიროებისამებრ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.3. 2016 წლის 12 ნოემბერს 21:05 საათზე, კლინიკაში რუსთავიდან შემოყვანილ იქნა პაციენტი, რომელსაც უნდა ჩატარებოდა კორონოროგრაფია. პაციენტის მოყვანამდე 19:33 საათზე მორიგე ექიმ კარდიოლოგი მორიგე ექთნის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ექიმ ინტერვენციონისტ ზ------ ლ--–--ეს, რომელიც გაფრთხილებულ იქნა. მოსარჩელე კლინიკაში მოსვლაზე თანხმობა განაცხადა. ზ------ ლ--–--ე კლინიკაში გამოცხადდა დაგვიანებით. კორონოროგრაფია ჩატარებულ იქნა დამხმარე უმცროსი ექიმის მიერ, თავად ზ------ ლ--–--ე თვალყურს ადევნებდა საოპერატორო ოთახიდან.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.4. მოსარჩელე ზ------ ლ--–--ე მოპასუხის შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ის“ 2016 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 22 ნოემბრის ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.5. მოპასუხე შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–მა“ არ მოსთხოვა სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება საყოველთაო დაზღვევის საფუძველზე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

 

- შეგებებული სარჩელი;

- შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე;

- 2017 წლის 20 იანვრის წერილი საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, ჩაიდინა თუ არა სამსახურებრივი გადაცდომა მოსარჩელემ და იყო თუ არა აღნიშნული სამსახურებრივი გადაცდომა უხეში დარღვევა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ვალდებულების უხეში დარღვევა, ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა მის მიერ სამსახურში გამოძახების შემდეგ დაგვიანებით გამოცხადებაში და მანიპულაციის პირადად არ ჩატარებაში.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია არანაირი დარღვევა და მოპასუხეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

 

უდავოდ დგინდება, რომ 2016 წლის 12 ნოემბერს 21:05 საათზე, კლინიკაში რუსთავიდან შემოყვანილ იქნა პაციენტი, რომელსაც უნდა ჩატარებოდა კორონოროგრაფია. პაციენტის მოყვანამდე 19:33 საათზე მორიგე ექიმ კარდიოლოგი მორიგე ექთნის ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ექიმ ინტერვენციონისტ ზ------ ლ--–--ეს, რომელიც გაფრთხილებულ იქნა. მოსარჩელემ კლინიკაში მოსვლაზე თანხმობა განაცხადა. ზ------ ლ--–--ე კლინიკაში გამოცხადდა დაგვიანებით. კორონოროგრაფია ჩატარებულ იქნა დამხმარე უმცროსი ექიმის მიერ, თავად ზ------ ლ--–--ე მითითებლი მანიპულაციის მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა საოპერატორო ოთახიდან (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გამოძახებიდან (კლინიკის წარმომადგენლის ტელეფონით დაკავშირება) 30 წთ-ის განმავლობაში პირადად გამოცხადდეს კლინიკაში, რათა აღმოუჩინოს პაციენტს შესაბამისი დახმარება. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში დასაქმებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული თავად უზრუნველყოფს კლინიკას შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი ინტერვენციონისტით, მისი ანაზღაურება გამოკლებული იქნება დასაქმებულის ხელფასის ოდენობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა დროულად სამსახურში. ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ კორონოროგრაფია ჩატარებულ იქნა არა უშუალოდ მოსარჩელის ან სხვა ექიმ ინტერვენციონისტის მიერ, არამედ ისეთი პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი სტატუსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. რაც შეეხება დარღვევის ხარისხის შეფასებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხდება ავადმყოფ პირთა მკურნალობა. შესაბამისად, მოპასუხე ორგანიზაციის სტატუსიდან და ასევე, მოსარჩელის როგორც ექიმის სტატუსიდან გამომდინარე, დასაქმებული ვალდებულია ზედმიწევნით და გულდასმით შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც მასზეა დაკისრებული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს შემხებლობა სამედიცინო სფეროსთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დგინდება, მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი. გამომდინარე აქედან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება 1625 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არ გადაუხდია მისთვის ოქტომბრის თვის ხელფასი 4000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში გამოძახებულ იქნა სხვა ექიმ ინტერვენციონისტი, რომლის მიერ ჩატარებულ იქნა 7 სტენტირება და 5 კორონოროგრაფია, რის გამოც, მოსარჩელის ანაზღაურებას უნდა გამოაკლდეს გამოძახებული ექიმის მიერ ჩატარებული ანაზღაურების ოდენობა და შესაბამისად, ჯამში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1625 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 20 იანვრის ცნობა, რომელიც გაცემულია მოპასუხის მთავარი ბუღალტრის მიერ. აღნიშნული ცნობით დგინდება, რომ ლაშა ჟორჟოლიანი მუშაობს შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–ში“ და მისი 2016 წლის ოქტომბრის თვის დარიცხული ხელფასი შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეადგენს 2675 ლარს.

 

მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, დასაქმებულის გამოუცხადებლობისას, დასაქმებული თავად უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი ინტერვენციონისტის გამოცხადებას კლინიკაში, მისი ანაზღაურება გამოკლებული იქნება დასაქმებულის ხელფასის ოდენობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, 2375 ლარის სამუშაო შეასრულა მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირმა, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის შრომით ანაზღაურებას. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება 1625 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანება კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1625 ლარისა და პირგასამტეხლოს 0.07%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა დაარღვია გარკვეული ეთიკის ნორმები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უხეშ დარღვევას (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება 1625 ლარის ოდენობით (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების 1625 ლარის ანაზღაურება

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს აუნაზღაურებელი ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2016 წლის 1 ნოემბრიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენამდე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი 1625 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხეს არ გაუხდია სადაოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის ათვლის თარიღი 2016 წლის 1 ნოემბერი.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებაზე 1625 ლარზე პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა, მიუღებელი ხელფასის ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.4. მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ზიანისთვის, რომელიც დამსაქმებელს მიადგება დასაქმებულის ქმედებითა და დაუდევრობით, დასაქმებულს დაეკისრება ნივთის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ზ------ ლ--–--ის ქმედებით და დაუდევრობით მას მიადგათ ზიანი 900 ლარის ოდენობით, რომელიც არ იქნა ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ კლინიკისათვის.

 

უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხე შპს ,,ე-–-----------–-----–-------------–მა“ არ მოსთხოვა სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება საყოველთაო დაზღვევის საფუძველზე (იხ. 3.1.5. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა ზ------ ლ--–--ისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან კლინიკამ გადაწყვიტა, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსისთვის ეცნობებინა, რომ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების საფასურის მოთხოვნა გაეუქმებინა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უარი პაციენტისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე, რაც ცალსახად გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხის მიერ, შეგებებულ საჩელზე - 135 ლარი.

 

რადგან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ხელფასის 1625 ლარის დაკისრების ნაწილში და, ამასთან, მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე, მოპასუხეს დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა დაეკისროს, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოს, ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ნახევრის - 24.37 ლარის გადახდა. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელეს, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სარჩელი მოთხოვნების დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოსარჩელე ხელფასისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. ასევე, რადგან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ.ბაჟი 135 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ------ ლ--–--ის სარჩელი შპს "ე-–-----------–-----–------------–ის" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, სახელფასო დავალიანების, იძულებით განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ე-–-----------–-----–-------------–ს" ზ------ ლ--–--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1625 ლარის გადახდა და 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებაზე 1625 ლარზე პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდა, მიუღებელი ხელფასის ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

3. არ დაკმაყოფილდეს შპს "ე-–-----------–-----–------------–ის" შეგებებული სარჩელი ზ------ ლ--–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

 

4. დაეკისროს შპს "ე-–-----------–-----–-------------–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 24.37 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე

თეა ბერაია