გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310018002585757
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5098-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - თ------------–-ა

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ-----------ა

მესამე პირი - უ--------------–-----------------–-------------------------–---------–---–-------–---–------------------ი

წარმომადგენელი - ზ----------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ------------–-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - ა---------–-----------------–-------------------------–---------–---–--------–---–------------------ის წარმომადგენელი დაეთანმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--- განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ---“-სა და ა---------–-----------–--–--------------------------------ებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი.

 

დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი.

 

ა------------------------–-----------------ის პრეზიდენტის ჰ---------------ის 2005 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, ლ-------–-------------–---------------–------------------------- საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა 2005 წლის ივნისის კრებაზე, რათა აკრედიტაცია მიენიჭათ თბილისში (საქართველო) ა------------------------–-----------------ისთვის, 2005 წლის 1 ივლისიდან. აკრედიტაციის ვადა შეადგენს 10 წელს, თვითსწავლებისა და გუნდური ვიზიტი უნდა შედგეს წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, მოხსენება, რომლის საგანიც აღწერილია ქვემოთ, სავალდებულო იქნება აკრედიტაციის მინიჭებიდან ორ წელიწადში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის განკარგულება N3--- - ს/ფ 42;

- დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება - ს/ფ 33;

- ა------------------------–-----------------ის პრეზიდენტის ჰ---------------ის 2005 წლის 24 ივნისის წერილი - ს/ფ 39-40.

 

4.1.2. 2000 წლის 17 მაისს, ა–– ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის ადმინისტრატორსა და ნ-----------------ას (თ------------–-ას დედა) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც გაიწერა მხარეთა უფლება მოვალეობები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა–– ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის 2000 წლის 17 მაისის ხელშეკრულება - ს/ფ 154;

- სააპლიკაციო ფორმა - ს/ფ 153;

 

4.1.3. ა---------–-----------------ის სასწავლო საბჭომ, თ------------–-ას სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, თ------------–-ამ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა---------–-----------------ის სასწავლო საბჭოს მიერ გაცემული დიპლომი - ს/ფ 23-25.

- ოფიციალური ნიშნების ფურცელი - ს/ფ 26-32.

 

4.1.4. 2018 წლის 18 ივნისს, თ------------–-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თ------------–-ას 2018 წლის 18 ივნისის განცხადება - ს/ფ 77-79.

 

4.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 20 ივნისს, MES 5------------ წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულის ცენტრის რეესტრის სამმართველოს და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია ა---------–-----------------ის სენატი, ა---------–-----------–--–------------------–-----ში (ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი) საგანმანათლებლო სტატუსის შესახებ.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 17 ივლისის MES 0------------ სამსახურებრივი ბარათით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს ეცნობა, რომ ა---------–-----------------ის სენატი, ა---------–-----------–--–------------------–-----ში ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის სახელწოდებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 20 ივნისის MES 5------------ წერილი - ს/ფ 86.

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 17 ივლისის MES 0------------ სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 91.

 

4.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 20 ივნისს, MES 4------------ წერილით მიმართა განმცხადებელ თ------------–-ას და აცნობა, რომ მისი 2018 წლის 18 ივნისის განცხადებით წარდგენილ იქნა ა---------–-----------------ის სასწავლო საბჭო, ა---------–-----------–--–------------------–-----ის (ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი) მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუმცა აღნიშნულ დიპლომში არ ფიქსირდებოდა დიპლომის გაცემის ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------------–-ას დაევალა წარედგინა ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში (ქალაქში) იღებდა განათლებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 28 ივნისს, თ------------–-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და აცნობა, რომ განათლება მიიღო საქართველოში, კერძოდ თბილისში. სწავლობდა ჰ----------------–----------------–--------–---------–---–ში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 20 ივნისის MES 4------------ წერილი - ს/ფ 92;

- თ------------–-ას 2018 წლის 28 ივნისის განცხადება - ს/ფ 94.

-

4.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 29 ივნისს, MES 0------------ წერილით მიმართა ა---------–-----------------–-------------------------–---------–---–------–---–------------------ის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელს და თ------------–-ას მიერ ა---------–-----------------ის საბჭო, ა---------–-----------–--–------------------–-----ში (ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი) 2000-2004 წლებში განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე განცხადების განხილვის მიზნით, სთხოვა წარედგინა ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თ------------–-ას ჩარიცხვის საფუძვლის, ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულების შესახებ ბრძანებების, კვალიფიკაციის მინიჭების ოქმის, საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის დამოწმებული ასლები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ივნისის MES 0------------ წერილი - ს/ფ 98.

 

4.1.8. ა---------–-----------------–-------------------------–---------–---–------–---–------------------ის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის 2018 წლის 17 ივლისის N4 წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ზ----------–--ე 1995-2005 წლებში ნამდვილად იყო ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, შეუძლია დაადასტუროს, რომ 2000-2004 წლებში თ------------–-ა ნამდვილად სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის სრული საბაკალავრო კურსი სამართალსა და დიპლომატიაში დაასრულა 2004 წლის ივნისში და მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია, რის საფუძველზეც, სათაო უნივერსიტეტის მიერ გადაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი (No G-------). ვინაიდან ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი წარმოადგენდა ა---------–-----------------ის ფილიალს საქართველოში, რომელიც ახორციელებდა სათაო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ/შემუშავებულ საბაკალავრო პროგრამებს და სწავლების დასრულების მერეც დიპლომით თვითონ უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულს, არანაირი სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება ფილიალში არ ხორციელდებოდა - ყოველ წელს ჩამოდიოდა შტატებიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ეწყობოდა დიპლომების საზეიმო ვითარებაში გადაცემა, რაც არაერთხელ გაშუქებულა ტელევიზიის სხვადასხვა არხის მიერ. რაც შეეხება ოქმს/ბრძანებას - უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები არ დაარქივებულა, თუმცა ხელმისაწვდომია თ------------–-ას (ისევე, როგორც ყველა მაშინ არსებული სტუდენტის) პირადი საქმეები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა---------–-----------------–-------------------------–---------–---–------–---–------------------ის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის 2018 წლის 17 ივლისის N4 წერილი - ს/ფ 104.

 

4.1.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილებით, თ------------–-ას უარი ეთქვა ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში 2000-2004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია, კერძოდ, ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, თ------------–-ასათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 110-112

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ------------–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - პაატა მარგიშვილის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს მისი კანონშესაბამისობა ფორმალური და მატერიალური კანონიერების გათვალისწინებით.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გ---რთლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------–-----------------ის სასწავლო საბჭომ, თ------------–-ას სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, თ------------–-ამ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.

 

7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებას“, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. კერძოდ, მითითებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს, თ------------–-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შესახებ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილებით, თ------------–-ას უარი ეთქვა ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში 2000-20004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია, კერძოდ, ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, თ------------–-ასათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა თ------------–-ას კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11).

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--- განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ---“-სა და ა---------–-----------–--–--------------------------------ებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი. დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით. ამასთან, მნიშვნელოვანია პირის ნდობა უნივერსიტეტისადმი, რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და შეუფერხებლად წარმართავს სასწავლო პროცესს. მითუმეტს, რომ მოცემული დავის ფარგლებში თავად მესამე პირმა დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--- განკარგულებისადმი ნდობა გააჩნდა თავად უნივერსიტეტს, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებით უნივერსიტეტი მოქმედებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში და ამ პროცესში, მხოლოდ 2005 წელს მიიღო მითითება საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობის თაობაზე, რაც მყისიერად შესრულდა უნივერსიტეტის მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს უნივერსიტეტის საქმიანობაში ლიცენზირების გამომრიცხავი ფაქტორები არ დაუდგენია, ლიცენზია გაიცა დაუბრკოლებლად (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სტუდენტისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საწავლო პროცესის წარმათვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის პრინციპზე.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ------------–-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7------------ გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ------------–-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

 

3. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელე თ------------–-ას სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი